თავი 11
ნეფი ხედავს უფლის სულს და ხილვაში მას აჩვენებენ სიცოცხლის ხეს; ის ხედავს ღვთის ძის დედას და შეიცნობს ღვთის შემწყნარებლობას; ის ხედავს ღვთის კრავის ნათლობას, მსახურებას და ჯვარცმას. ის ასევე ხედავს ღვთის კრავის თორმეტი მოციქულის მოწოდებასა და მსახურებას. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 ვინაიდან, იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მოვისურვე ჩავწვდომოდი იმას, თუ რა იხილა მამაჩემმა და მწამდა რა, რომ უფალს შეეძლო ამის ჩემთვისაც განდობა, ვიჯექი და გულში ვმსჯელობდი ამაზე, როდესაც ამიტაცა უფლის სულმა; დიახ, განსაკუთრებით მაღალ მთაზე, რომელიც მანამდე არასოდეს მენახა და რომელზედაც არასოდეს დამედგა ფეხი.
2 და სულმა მითხრა: აჰა, რას ისურვებ შენ?
3 და ვუთხარი: მსურს ვიხილო ის, რაც იხილა მამაჩემმა.
4 და სულმა მითხრა: გწამს, რომ მამაშენმა იხილა ის ხე, რომლის შესახებ გესაუბრათ?
5 და ვუთხარი: დიახ, შენ იცი, რომ მწამს მამაჩემის ყოველი სიტყვა.
6 და როდესაც ვუთხარი ეს სიტყვები, სულმა დიდი ხმით შესძახა: ოსანა უფალს, უზენაეს ღმერთს; რადგან ის არის ღმერთი მთელ დედამიწაზე, დიახ, ყველასა და ყველაზედ მაღალი და კურთხეული ხარ შენ, ნეფი, ვინაიდან გწამს უზენაესი ღმერთის ძე, ამიტომაც იხილავ იმას, რაც მოისურვე.
7 და აჰა, ეს მოგეცემა შენ, როგორც ნიშანი, რომ მას შემდეგ, რაც იხილავ იმ ხეს, რომელიც ისხამს იმ ნაყოფს, რომელიც მამაშენმა იგემა, შენ ასევე იხილავ ზეციდან ჩამომავალ კაცს და იქნები მისი თვითმხილველი; და მას შემდეგ, რაც გახდები მისი თვითმხილველი, დაამოწმებ, რომ ეს არის ძე ღვთისა.
8 და იყო ასე, რომ სულმა მითხრა: შეხედე! და შევხედე და დავინახე ხე; და ის იყო ისეთი, როგორიც იხილა მამაჩემმა; და რომლის სილამაზე ბევრად აღემატებოდა, დიახ, აჭარბებდა ყოველ სილამაზეს და მისი სიქათქათე აღემატებოდა მოფარფატე ფიფქების სისპეტაკეს.
9 და იყო ასე, მას შემდეგ, რაც ვიხილე ეს ხე, ვუთხარი სულს: ვხედავ, რომ შენ მაჩვენე ის ხე, რომელიც არის ყველაზე ძვირფასი.
10 და მან მითხრა: რა გსურს?
11 და მე ვუთხარი: ჩავწვდე მის აზრს. აჰა, ვესაუბრებოდი მას, როგორც ადამიანს, რადგან დავინახე, რომ იყო ადამიანის გარეგნობით; მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიცოდი, რომ ის იყო უფლის სული და მესაუბრებოდა ისე, როგორც ადამიანი.
12 და იყო ასე, რომ მან მითხრა: შეხედე! და შევხედე, რათა მეხილა იგი, მაგრამ ვერ დავინახე, რადგან ის გაუჩინარდა ჩემგან.
13 და იყო ასე, რომ შევხედე და დავინახე იერუსალიმის დიდი ქალაქი და ასევე სხვა ქალაქებიც; და დავინახე ქალაქი ნაზარეთი; და ქალაქ ნაზარეთში დავინახე ქალწული და ის იყო ძალზედ ლამაზი და თეთრი.
14 და იყო ასე, რომ დავინახე, როგორ გაიხსნა ზეცა; და დაეშვა ანგელოზი და დადგა ჩემ წინ; და მითხრა: ნეფი, რას ხედავ?
15 და ვუთხარი მას: ქალწულს – ყველაზე ლამაზს და მშვენიერს სხვა ქალწულებს შორის.
16 და მან მითხრა: იცი, რა არის ღვთის შემწყნარებლობა?
17 და ვუთხარი მას: ვიცი, რომ მას უყვარს თავისი შვილები; მიუხედავად ამისა, მე არ ვიცი ყველაფრის არსი.
18 და მან მითხრა: აჰა, ქალწული, რომელსაც შენ ხედავ, არის ღვთის ძის ხორციელი დედა.
19 და იყო ასე, რომ დავინახე: იგი აიტაცა სულმა; და მას შემდეგ, რაც სულმა იგი აიტაცა რაღაც დროით, ანგელოზმა მომმართა: შეხედე!
20 და შევხედე და კვლავ დავინახე ქალწული, ბავშვით ხელში.
21 და ანგელოზმა მითხრა: აჰა, შეხედე, ღვთის კრავი, დიახ, თვით მარადიული მამის ძე! იცი შენ არსი იმ ხის, რომელიც მამაშენმა იხილა?
22 და ვუპასუხე სიტყვებით: დიახ, ეს არის ღვთის სიყვარული, რომელიც ყველგან ეფინება ადამიანთა შვილების გულებს; ამიტომაც, ის არის ყველაზე მეტად სანატრელი.
23 და მან მომმართა სიტყვებით: დიახ, ასევე ყველაზე სასიხარულო სულისათვის.
24 მას შემდეგ, რაც თქვა ეს სიტყვები, მან მითხრა: შეხედე! და შევხედე და დავინახე ძე ღვთისა, ადამიანთა შვილებს შორის მიმავალი; და დავინახე მრავალი ადამიანი ეცემოდა მის ფერხთით, რომლებიც თაყვანს სცემდნენ მას.
25 და იყო ასე, რომ მივხვდი: რკინის მოაჯირი, რომელიც მამაჩემმა იხილა, იყო ღვთის სიტყვა, რომელიც მიუძღვოდა ცოცხალი წყლის წყაროსაკენ ანუ სიცოცხლის ხესთან; ეს წყლები კი წარმოადგენს ღვთის სიყვარულს; და ასევე მივხვდი, რომ სიცოცხლის ხე წარმოადგენდა ღვთის სიყვარულს.
26 და ანგელოზმა კვლავ მითხრა: შეხედე და იხილე ღვთის შემწყნარებლობა!
27 და შევხედე და დავინახე ამა ქვეყნის გამომსყიდველი, რომელზედაც მამაჩემი საუბრობდა; ასევე დავინახე წინასწარმეტყველი, რომელსაც უნდა განემზადებინა მისთვის გზა. და ღვთის კრავი მივიდა და მის მიერ მოინათლა; და მას შემდეგ, რაც ის მოინათლა დავინახე, როგორ გაიხსნა ზეცა; და სულიწმინდა, მტრედის სახით გარდმომავალი, მასზედ დაეშვა ზეციდან.
28 და დავინახე, რომ იგი წავიდა და ემსახურებოდა ხალხს ძალითა და დიადი დიდებულებით; და მრავალნი შეიკრიბნენ ერთად, რათა მისთვის მოესმინათ; და დავინახე, რომ მათ განდევნეს იგი თავიანთი გარემოცვიდან.
29 და ასევე დავინახე სხვა თორმეტნი, რომლებიც მას მიჰყვებოდნენ; და იყო ასე, რომ ისინი აიტაცა სულმა ჩემ თვალწინ და მეტად ისინი აღარ მინახავს.
30 და იყო ასე, რომ ანგელოზმა კვლავ მომმართა სიტყვით: შეხედე! და შევხედე და დავინახე: კვლავ გაიხსნა ზეცა და დავინახე, ანგელოზები ეშვებოდნენ ადამიანთა შვილებთან და ისინი ემსახურებოდნენ მათ.
31 და მან კვლავ მომმართა სიტყვებით: შეხედე! და შევხედე და დავინახე ღვთის კრავი ადამიანთა შვილებს შორის მიმავალი. და დავინახე მრავალი ადამიანი, რომლებიც ავადმყოფობდნენ და იტანჯებოდნენ ყოველგვარი სენით და ეშმაკებით და უწმიდური სულებით; და ანგელოზი მესაუბრა და დამანახა ეს ყველაფერი. და ისინი განიკურნენ ღვთის კრავის ძალით; და ეშმაკები და უწმიდური სულები იქნენ გაძევებულნი.
32 და იყო ასე, რომ ანგელოზმა კვლავ მომმართა, სიტყვით: შეხედე! და შევხედე და დავინახე ღვთის კრავი, რომ ის იყო ადამიანების მიერ შეპყრობილი; დიახ, მარადიული ღვთის ძე, განკითხულ იქნა ამა ქვეყნის მიერ და მე ეს დავინახე და ვმოწმობ ამას.
33 და მე, ნეფიმ, ვიხილე, რომ ის აღმართეს ჯვარზედ და მოკლეს ამა ქვეყნის ცოდვებისათვის.
34 და მას შემდეგ, რაც იგი მოკლეს, ვიხილე მრავალი მიწიერი, რომელნიც ერთად იყვნენ შეკრებილნი, რათა ებრძოლათ კრავის მოციქულთა წინააღმდეგ; ვინაიდან ასე ეწოდათ იმ თორმეტს, უფლის ანგელოზის მიერ.
35 და მრავალი მიწიერი შეიკრიბა ერთად; და დავინახე, რომ ისინი იყვნენ დიდ და ფართო შენობაში, რომელიც ჰგავდა იმ შენობას, რომელიც მამაჩემმა ნახა; და უფლის ანგელოზმა კვლავ მომმართა სიტყვებით: შეხედე ქვეყანას და სიბრძნეს ამა ქვეყნისა; დიახ, აჰა, ისრაელის სახლი შეიკრიბა ერთად, რათა იბრძოლოს კრავის თორმეტი მოციქულის წინააღმდეგ.
36 და იყო ასე, რომ ვიხილე და ვმოწმობ, რომ ის დიდი და ფართო შენობა იყო ამა ქვეყნის ამპარტავნობა; და ის დაეცა და მისი დაცემა იყო ძალზედ ძლიერი; და უფლის ანგელოზმა კვლავ მომმართა სიტყვებით: ასეთი იქნება განადგურება ყველა ერის, ტომის, ენის და ხალხისა, რომელიც იბრძოლებს კრავის თორმეტი მოციქულის წინააღმდეგ.