წმინდა წერილი
1 ნეფი 3


თავი 3

ლეხის შვილები ბრუნდებიან იერუსალიმში სპილენძის ფირფიტების მისაღებად. ლაბანი არ უთმობს მათ ფირფიტებს. ნეფი აგულიანებს და ამხნევებს თავის ძმებს. ლაბანი მოპარავს მათ ქონებას და შეეცდება მათ დახოცვას. ლამანი და ლემუელი სცემენ ნეფის და სემს და ანგელოზი გაკიცხავს მათ. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ მე, ნეფი, უფალთან საუბრის შემდეგ, დავბრუნდი მამაჩემის კარავში.

2 და იყო ასე, რომ მან მომმართა სიტყვებით: აჰა, დამესიზმრა სიზმარი, სადაც უფალმა მიბრძანა, რომ შენ და შენი ძმები უნდა დაბრუნდეთ იერუსალიმში.

3 რადგან, აჰა, ლაბანს აქვს იუდეველთა ჩანაწერი და ასევე ჩემი წინაპრების გვარტომობის ნუსხა და ისინი ამოტვიფრულია სპილენძის ფირფიტებზე.

4 ამიტომაც, უფალმა მიბრძანა, რომ შენ და შენი ძმები უნდა წახვიდეთ ლაბანის სახლში და მოძებნოთ ეს ჩანაწერები და ჩამოიტანოთ ისინი აქ, უდაბნოში.

5 და ახლა, აჰა, შენი ძმები ბუზღუნებენ, ამბობენ, რომ ძნელი რამ მოვითხოვე მათგან. მაგრამ, აჰა, მე კი არ მოვითხოვე ეს მათგან, არამედ ეს არის უფლის ბრძანება.

6 ამიტომაც მიდი, შვილო, და იქნები მადლით მოსილი უფლისაგან, რადგან არ ბუზღუნებდი.

7 და იყო ასე, რომ მე, ნეფიმ, ვუთხარი მამაჩემს: წავალ და გავაკეთებ იმას, რაც უფალმა ბრძანა, რადგან ვიცი, რომ უფალი არ უბრძანებს ადამიანთა შვილებს რაიმეს, თუ არ მოუმზადებს გზას იმისთვის, რომ შეასრულონ, რასაც ის უბრძანებს.

8 და იყო ასე, რომ როდესაც მამაჩემმა მოისმინა ეს სიტყვები, მას ძალზედ გაუხარდა, რადგან იცოდა, რომ კურთხეული ვიყავი უფლისაგან.

9 და მე, ნეფი, და ჩემი ძმები, გავემართეთ უდაბნოში ჩვენი კარვებით, რათა მივსულიყავით იერუსალიმის მიწაზე.

10 და იყო ასე, რომ როდესაც მივედით იერუსალიმის მიწაზე, მე და ჩემმა ძმებმა ვითათბირეთ.

11 და წილი ვყარეთ, თუ რომელი ჩვენთაგანი წავიდოდა ლაბანის სახლში. და იყო ასე, რომ ლამანს ერგო წილი; და ლამანი შევიდა ლაბანის სახლში, დაჯდა და ესაუბრა ლაბანს მის სახლში.

12 და ის სთხოვდა ლაბანს ჩანაწერებს, რომლებიც სპილენძის ფირფიტებზე იყო ამოტვიფრული, რომლებიც მოიცავდა მამაჩემის წინაპრების გვარტომობას.

13 და აჰა, იყო ასე, რომ ლაბანი განრისხდა და გამოაგდო იგი; და არ დაუთმო ჩანაწერები. ამიტომაც უთხრა მას: აჰა, შენ ხარ მძარცველი და მე შენ მოგკლავ.

14 მაგრამ ლამანმა თავი დააღწია მას და მოგვიყვა, რა გააკეთა ლაბანმა. და ძალიან დავღონდით და ჩემი ძმები უკვე აპირებდნენ უდაბნოში მამასთან დაბრუნებას.

15 მაგრამ, აჰა, მათ ასე ვუთხარი: ისე, როგორც ცოცხალია უფალი და როგორც ცოცხლები ვართ, არ ჩავალთ მამაჩვენთან უდაბნოში, სანამ არ შევასრულებთ იმას, რაც გვიბრძანა უფალმა.

16 ამიტომაც, მოდით ვიყოთ ერთგულნი უფლის ბრძანებების შესრულებაში და ამიტომაც ჩავიდეთ მამის მემკვიდრეობის მიწაზე, რადგან, აჰა, მან დატოვა იქ ოქრო და ვერცხლი და ყველანაირი სიმდიდრე. და ყველაფერი ეს გააკეთა მან უფლის ბრძანებით.

17 რადგან იცოდა, რომ იერუსალიმი უნდა განადგურებულიყო მისი ხალხის სიბოროტის გამო.

18 რადგან, აჰა, მათ უარყვეს წინასწარმეტყველთა სიტყვები. ამიტომაც მამაჩემი რომ დარჩენილიყო ამ მიწაზე მას შემდეგ რაც, უფალმა უბრძანა, რომ გაქცეულიყო მიწიდან, აჰა, ისიც ასევე დაიღუპებოდა. ამიტომაც აუცილებელი იყო, რომ იგი გაქცეულიყო ამ მიწიდან.

19 და აჰა, ღვთის სიბრძნე არის იმაში, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ ეს ჩანაწერები, რათა შევუნარჩუნოთ შვილებს ჩვენი მამების ენა.

20 და ასევე, რომ შევუნარჩუნოთ ის სიტყვები, რომლებიც ნათქვამია ყოველი წმინდა წინასწარმეტყველის პირით და რომლებიც მიეცათ მათ, ღვთის სულითა და ძალით, ქვეყნის დასაბამიდან ჩვენს დრომდე.

21 და იყო ასე, რომ ასეთი სიტყვებით ვარწმუნებდი ჩემს ძმებს, რომ ყოფილიყვნენ ერთგულნი ღვთის ბრძანებების შესრულებაში.

22 და იყო ასე, რომ ჩვენ ჩავედით ჩვენი მემკვიდრეობის მიწაზე, შევაგროვეთ ჩვენი ოქრო და ვერცხლი და ძვირფასი ნივთები.

23 და მას შემდეგ, რაც ერთად შევკრიბეთ ყოველივე ეს, ჩვენ კვლავ მივედით ლაბანის სახლში.

24 და იყო ასე, რომ შევედით ლაბანთან და ვთხოვდით, მოეცა ჩვენთვის სპილენძის ფირფიტებზე ამოტვიფრული ჩანაწერები, რომლებისთვისაც მივცემდით ჩვენს ოქროსა და ვერცხლს და მთელ ჩვენს ძვირფას ნივთებს.

25 და იყო ასე, რომ როდესაც ლაბანმა იხილა ჩვენი ქონება და რომ ის იყო მეტისმეტად დიდი, ისე დახარბდა მას, რომ გაგვყარა გარეთ და ჩვენს მოსაკლავად გამოაგზავნა თავისი მსახურები, რათა დაუფლებოდა ჩვენ ქონებას.

26 და იყო ასე, რომ ჩვენ გავექეცით ლაბანის მსახურებს და იძულებულნი ვიყავით, დაგვეტოვებინა ჩვენი ქონება და ის ლაბანს ჩაუვარდა ხელში.

27 და იყო ასე, რომ ჩვენ გავიქეცით უდაბნოში და ლაბანის მსახურები ვერ დაგვეწივნენ და დავიმალეთ კლდის გამოქვაბულში.

28 და იყო ასე, რომ ლამანი იყო გაბრაზებული ჩემზე და მამაჩემზე, ასევე გაბრაზებული იყო ლემუელი, რადგან ის ყურს უგდებდა ლამანის სიტყვებს. ამიტომაც ლამანმა და ლემუელმა ბევრი უხეში სიტყვა გვითხრეს ჩვენ, მათ უმცროს ძმებს და ჯოხითაც კი გვცემეს.

29 და იყო ასე, როდესაც ისინი გვცემდნენ ჯოხით, აჰა, გამოჩნდა ანგელოზი უფლისა და აღუდგა წინ და მიმართა სიტყვებით: რატომ სცემთ თქვენს უმცროს ძმას ჯოხით? არ იცით, რომ უფალმა ის აირჩია თქვენს მმართველად და ეს ყველაფერი თქვენი ურჯულოებისთვის? აჰა, კვლავ წახვალთ იერუსალიმში და უფალი ლაბანს ჩაგიგდებთ ხელში.

30 და მას შემდეგ, რაც ანგელოზი დაგველაპარაკა, იგი წავიდა.

31 როდესაც ანგელოზი წავიდა, ლამანმა და ლემუელმა კვლავ დაიწყეს ბუზღუნი სიტყვებით: როგორ უნდა იყოს ეს შესაძლებელი, რომ უფალი ლაბანს ჩაგვიგდებს ხელში? აჰა, ის არის ძლევამოსილი კაცი, მას შეუძლია ორმოცდაათს უხელმძღვანელოს, დიახ, მას შეუძლია ორმოცდაათიც მოკლას; და ჩვენ რატომ არა?