თავი 5
სარია შესჩივის ლეხის. ორივეს უხარიათ თავიანთი შვილების დაბრუნება. ისინი შეწირავენ მსხვერპლშესაწირს. სპილენძის ფირფიტები შეიცავს მოსესა და წინასწარმეტყველების ჩანაწერებს. ფირფიტები მიუთითებს, რომ ლეხი არის იოსების შთამომავალი. ლეხი წინასწარმეტყველებს თავის შთამომავლებისა და ფირფიტების შენახვის შესახებ. დაახლოებით 600–592 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ჩამოვედით უდაბნოში მამაჩვენთან, აჰა, ის აღივსო სიხარულით, ასევე დედაჩვენიც, სარია, განსაკუთრებულად იყო გახარებული, რადგან ის ნამდვილად გლოვობდა ჩვენზე.
2 რადგან მას ეგონა, რომ ჩვენ უდაბნოში დავიღუპეთ და შესჩიოდა მამაჩვენს, ეუბნებოდა, რომ ის იყო ხილვების მქონე კაცი, სიტყვებით: აჰა, შენ გამოგვიყვანე ჩვენი მემკვიდრეობის მიწიდან და აღარ არიან უკვე ჩემი შვილები და ჩვენც ვიღუპებით უდაბნოში.
3 და ასეთი სიტყვებით შესჩიოდა დედაჩემი მამაჩემს.
4 და იყო ასე, რომ მამაჩემმა მიმართა მას სიტყვებით: მე ვიცი, რომ ვარ ხილვების მქონე კაცი, რადგან მე რომ ხილვაში არ მენახა ღვთის საქმენი, არა თუ ვერ შევიცნობდი ღვთის სიკეთეს, არამედ დავრჩებოდი იერუსალიმთან და დავიღუპებოდი ჩემს ძმებთან ერთად.
5 მაგრამ, აჰა, მე მივიღე აღთქმული მიწა, რაც მე მიხარია, დიახ, მე ვიცი, რომ უფალი გამოიხსნის ჩემს შვილებს ლაბანის ხელიდან და კვლავ ჩამოიყვანს აქ, ჩვენთან, უდაბნოში.
6 და ასეთი სიტყვებით მამაჩემი, ლეხი, ანუგეშებდა დედაჩემს, სარიას, ჩვენს შესახებ, იმ დროს, როდესაც ჩვენ მივდიოდით უდაბნოში, იერუსალიმის მიწისაკენ, იუდეველთა ჩანაწერების ასაღებად.
7 და როდესაც ჩვენ დავბრუნდით მამაჩემის კარავში, აჰა, აღივსნენ ისინი სიხარულით და დედაჩემი დამშვიდდა.
8 და დედაჩემმა თქვა ეს სიტყვები: ახლა მე ნამდვილად ვიცი, რომ უფალმა უბრძანა ჩემს ქმარს უდაბნოში გაქცევა, დიახ, მე ასევე ნამდვილად ვიცი, რომ უფალმა დაიცვა ჩემი შვილები და გამოიხსნა ლაბანის ხელიდან და მისცა ძალა, რომლითაც შეეძლოთ იმის გაკეთება, რაც მათ უფალმა უბრძანა. და ასეთი იყო მისი ნათქვამი სიტყვები.
9 და იყო ასე, რომ მათ ძალზედ გაუხარდათ და შეწირეს უფალს მსხვერპლშესაწირი და სრულად დასაწველი და მიუზღეს მათ ისრაელის ღმერთს სამადლობელი.
10 და მას შემდეგ, რაც მათ მიუზღეს სამადლობელი ისრაელის ღმერთს, მამაჩემმა, ლეხიმ, აიღო სპილენძის ფირფიტებზე ამოტვიფრული ჩანაწერები და შეისწავლა ისინი დასაწყისიდან.
11 და აჰა, მან დაინახა, რომ ისინი მოიცავდა მოსეს ხუთ წიგნს, რომლებშიც იყო აღწერილი ამა ქვეყნის შექმნისა და ასევე ადამის და ევას ამბავი, რომლებიც ჩვენი პირველი მშობლები იყვნენ;
12 და ასევე იუდეველთა ჩანაწერებს, დასაბამიდან, იუდას მეფის, ციდკიაჰუს, გამეფებამდე;
13 ასევე წმინდა წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებებს, დასაბამიდან ციდკიაჰუს გამეფებამდე; და ასევე იერემიას პირით გაჟღერებულ მრავალ წინასწარმეტყველებას.
14 და იყო ასე, რომ მამაჩემმა, ლეხიმ, სპილენძის ფირფიტებზე ასევე იპოვა თავისი მამების გვარტომობის აღწერა; და ამიტომაც მან გაიგო, რომ იყო იოსების შთამომავალი, დიახ, იმ იოსების, რომელიც იყო იაკობის შვილი, რომელიც გაყიდეს ეგვიპტეში და რომელიც გადარჩა უფლის ხელით, რათა მას გადაერჩინა მამამისი, იაკობი; და მთელი მისი ოჯახი, შიმშილით დაღუპვისაგან.
15 და ისინი ასევე ტყვეობიდან გამოყვანილ იქნენ ეგვიპტის მიწიდან იმავე ღვთის მიერ, რომელმაც ისინი გადაარჩინა.
16 და ამგვარად მამაჩემმა, ლეხიმ, აღმოაჩინა თავისი მამების გვარტომობის აღწერა. და ლაბანიც ასევე იოსების შთამომავალი იყო, ამიტომაც ის და მისი მამები ინახავდნენ ამ ჩანაწერებს.
17 და ახლა, როდესაც მამაჩემმა დაინახა ეს ყველაფერი, ის აღივსო სულით და დაიწყო წინასწარმეტყველება მის შთამომავლობაზე –
18 რომ ეს სპილენძის ფირფიტები გავრცელდება ყოველ ერში, ტომში, ენაში და ხალხში, რომლებიც მისი შთამომავლობის იყვნენ.
19 ამიტომაც, მან თქვა, რომ ეს სპილენძის ფირფიტები არასდროს არ გაფუჭდება; არც დროისაგან გაცვდება. და ბევრი რამ იწინასწარმეტყველა მან მისი შთამომავლობის შესახებ.
20 და იყო ასე, რომ ამ დრომდე მე და მამაჩემი ვასრულებდით იმ ბრძანებებს, რომლებიც უფალმა მოგვცა.
21 და ჩვენ მივიღეთ ჩანაწერები, რომლების აღებაც უფალმა გვიბრძანა და შევისწავლეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ისინი იყო ნანატრი; დიახ, ჩვენთვის ძალიან ძვირფასიც, რამეთუ შეგვეძლო ჩვენი შვილებისთვის უფლის მცნებების შენარჩუნება.
22 ამიტომაც, უფლის სიბრძნე იყო იმაში, რომ ჩვენ ისინი თან გვეტარებინა უდაბნოში აღთქმული მიწისაკენ მოგზაურობისას.