თავი 10
მეფე ლამანი კვდება. მისი ხალხი არის ველური, სასტიკი და სწამთ ცრუ ჩვეულებები. ზენიფი და მისი ხალხი მათ ამარცხებენ. დაახლოებით 187–160 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და იყო ასე, რომ ჩვენ კვლავ დავიწყეთ სამეფოს ჩამოყალიბება და კვლავ ვფლობდით იმ მიწას მშვიდობიანობაში. და მე ვბრძანე, რომ დამზადებულიყო ყველანაირი საომარი იარაღი, რათა ამგვარად, ჩემი ხალხისთვის მქონოდა იარაღი იმ დროისათვის, როდესაც ლამანიელები კვლავ მოვიდოდნენ ჩემი ხალხის წინააღმდეგ საომრად.
2 და მე დავაყენე მცველები მიწის გარშემო, რათა ლამანიელებს ვერ შეძლებოდათ კვლავ მოულოდნელად თავდასხმა და ჩვენი განადგურება; და ამგვარად, მე ვიცავდი ჩემს ხალხსა და ფარებს და ვუფრთხილდებოდი, რომ არ ჩავარდნილიყვნენ მტრის ხელში.
3 და იყო ასე, რომ ჩვენ ვფლობდით მამების მიწას მრავალი წლის განმავლობაში, დიახ, ოცდაორი წლის განმავლობაში.
4 და მე ვბრძანე, რომ კაცებს მიწა დაემუშავებინათ და მოეყვანათ ყველანაირი მარცვლეული და ყველანაირი ხილი, ყოველი სახეობისა.
5 და მე ვბრძანე, რომ ქალებს დაერთოთ ნართი და ეშრომათ და ემუშავათ და დაემზადებინათ ყველანაირი დახვეწილი თეთრეული, დიახ, და ყველანაირი სამოსი, რათა დაგვეფარა ჩვენი სიშიშვლე. და ასეთნაირად ვყვაოდით ამ მიწაზე, ასეთნაირად გვქონდა უწყვეტი მშვიდობა იმ მიწაზე ოცდაორი წლის განმავლობაში.
6 და იყო ასე, რომ მეფე ლამანი მოკვდა და მისმა შვილმა დაიწყო მის მაგივრად მმართველობა. და მან დაიწყო თავისი ხალხის აღრევა, რათა ისინი აჯანყებულიყვნენ ჩემი ხალხის წინააღმდეგ; ამიტომ, მათ დაიწყეს ომისათვის მზადება და იმისათვის, რომ წამოსულიყვნენ ჩემი ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად.
7 მაგრამ მე გავაგზავნე ჩემი მზვერავები შემლონის მიწის გარშემო, რათა შემძლებოდა შემეტყო მათი მზადების შესახებ, რომ დაცული ვყოფილიყავი მათ წინააღმდეგ, რომ ჩემს ხალხს თავს არ დასხმოდნენ და არ გაენადგურებინათ ისინი.
8 და იყო ასე, რომ ისინი წამოვიდნენ ჩრდილოეთით, შილომის მიწიდან, თავიანთი უამრავი მხედრებით, მეომრებით, მშვილდებითა და ისრებით შეიარაღებულნი, ხმლებითა და მახვილებით, ქვებითა და შურდულებით; და თავები მთლიანად გადაპარსული ჰქონდათ და ტყავის სარტყელი თეძოზე ჰქონდათ შემოხვეული.
9 და იყო ასე: ვბრძანე, რომ ჩემი ხალხის ქალები და ბავშვები გადაემალათ უდაბნოში; და ასევე ვბრძანე, რომ ყველა ჩემი მოხუცი კაცი, რომელიც შეძლებდა იარაღის ტარებას, ასევე ყველა ჩემი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შეძლებდა იარაღის ტარებას, ერთად შეკრებილიყვნენ, რათა ერთად წასულიყვნენ ლამანიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად; და მე ჩავამწკრივე ისინი რიგებად, ყოველი კაცი თავის წლოვანების შესაბამისად.
10 და იყო ასე, რომ ჩვენ წავედით ლამანიელების წინააღმდეგ საბრძოლველად; და მე, მეც კი, ჩემს ხნიერ ასაკში, ლამანიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად წავედი. და იყო ასე, რომ უფლის ძალით წავედით საბრძოლველად.
11 ახლა, ლამანიელებმა არაფერი იცოდნენ უფლის შესახებ, არც უფლის ძალაზე, ამიტომ ეყრდნობოდნენ მხოლოდ საკუთარ ძალას. და მაინც, ადამიანური ძალის მიხედვით, ისინი ძლიერი ხალხი იყვნენ.
12 ისინი იყვნენ ველურნი და სასტიკნი და სისხლს მოწყურებული ხალხი, სწამდათ რა თავიანთი მამების ჩვეულებების ანუ იმის, რომ განდევნეს იერუსალიმის მიწიდან თავიანთი მამების ურჯულოების გამო და რომ უდაბნოში ძმები მათ უსამართლოდ მოექცნენ და ასევე უსამართლოდ მოექცნენ მათ ზღვის გადაკვეთისას;
13 და კიდევ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ, როდესაც იმყოფებოდნენ თავიანთი პირველი მემკვიდრეობის მიწაზე, მას შემდეგ, რაც ზღვა გადმოკვეთეს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ნეფი უფრო ერთგული იყო უფლის მცნებების დაცვაში, ამიტომ იგი იყო უფლისგან მადლით მოსილი, რადგან უფალმა შეისმინა მისი ლოცვები და უპასუხა მათ და წინ გაუძღვა მათ უდაბნოში მოგზაურობისას.
14 და ძმები განრისხებულნი იყვნენ მასზე, რადგან არ ესმოდათ უფლის საქმენი; ასევე იყვნენ მასზე განრისხებულნი წყლებზე, რადგან მათ გაიქვავეს გული უფლის წინააღმდეგ.
15 და კიდევ, ისინი იყვნენ მასზე განრისხებულნი, როდესაც მოვიდნენ აღთქმულ მიწაზე, რადგან ამბობდნენ, რომ მან ხელიდან გამოსტაცა მათ ხალხზე მმართველობა; და ცდილობდნენ მის მოკვლას.
16 და კიდევ, ისინი იყვნენ განრისხებულნი მასზე, რადგან ის წავიდა უდაბნოში, როგორც უფალმა უბრძანა მას და წაიღო ჩანაწერები, რომლებიც ამოტვიფრული იყო სპილენძის ფირფიტებზე და ამბობდნენ, რომ მან ისინი გაძარცვა.
17 და ასეთნაირად ასწავლიდნენ ისინი თავიანთ შვილებს, რომ სძულდეთ ისინი და დახოცონ და რომ უნდა ძარცვონ და აპარტახონ ისინი და აკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, მათ გასანადგურებლად; ამიტომ, მათ ნეფის შვილებისადმი აქვთ მარადიული სიძულვილი.
18 ზუსტად ამ მიზნის გამო, მეფე ლამანმა, თავისი მზაკვრობით, ვერაგობითა და ლამაზი დაპირებებით მომატყუა, რომ მომეყვანა ეს ჩემი ხალხი ამ მიწაზე, რომ შეეძლოთ მათი განადგურება; დიახ, ამ მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვიტანჯებოდით ამ მიწაზე.
19 და ახლა, მე, ზენიფი, მას შემდეგ, რაც ვუთხარი ეს ყველაფერი ჩემს ხალხს ლამანიელთა შესახებ, მოვუწოდე მათ, რომ წასულიყვნენ საბრძოლველად თავიანთი ძალით, უფლისადმი სასოების ნდობით; ამიტომ, ჩვენ შევებრძოლეთ მათ, პირისპირ.
20 და იყო ასე, რომ ჩვენ კვლავ განვდევნეთ ისინი ჩვენი მიწიდან; და იმდენი მათგანი დავხოცეთ დიდ ხოცვა-ჟლეტაში, რომ აღარ დავთვალეთ.
21 და იყო ასე, რომ ჩვენ კვლავ დავბრუნდით ჩვენს საკუთარ მიწაზე და ჩემმა ხალხმა კვლავ დაიწყო საკუთარი ფარების მწყემსვა და მიწის დამუშავება.
22 და ახლა, ვარ რა მოხუცი, გადავეცი სამეფო ჩემს ერთ-ერთ შვილს, ამიტომ, მე მეტს აღარაფერს ვიტყვი. დაე, უფალმა აკურთხოს ჩემი ხალხი. ამინ.