წმინდა წერილი
მოსია 14


თავი 14

ესაია საუბრობს მესიის შესახებ. მოიხსენიება მესიის დამცირება და ტანჯვა. მსხვერპლად შეწირავს საკუთარ სულს ცოდვებისათვის და გაუწევს შუამდგომლობას დამნაშავეებს. შეადარეთ ესაია 53. დაახლოებით 148 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 დიახ, ნუთუ არ ამბობს ესაიაც: ვინ ირწმუნა ჩვენს მიერ გაგონილი და ვის გამოეცხადა უფლის მკლავი?

2 რადგან ამოიზრდება როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყავი მიწიდან; არც ტანადობა აქვს მას, არც სილამაზე; და როდესაც ვიხილავთ მას, არც მშვენებით იქნება მიმზიდველი.

3 შესაზიზღია ის და კაცთაგან გაკიცხული; კაცი დადარდიანებული და დამწუხარებას ნაზიარები; და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით.

4 ნამდვილად, მან იტვირთა ჩვენი მწუხარება და ზიდა ჩვენი დარდი; ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღვთის მიერ ნაცემი და ტანჯული.

5 მაგრამ ის ჩვენი შეცოდებებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის დალეწილი; მას დააწვა სასჯელი ჩვენი მშვიდობისათვის; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.

6 ჩვენ ყველა, ცხვრებივით ავცდით გზას; თითოეული ჩვენგანი საკუთარ გზას დაადგა და უფალმა მას დააკისრა ყოველი ჩვენგანის ურჯულოება.

7 შევიწროებული იყო და გაჭირვებული, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; როგორც კრავი, მიჰყავთ იგი დასაკლავად და როგორც მპარსველის წინაშე დადუმებულ ცხვარს, მასაც არ გაუხსნია ბაგე.

8 საპყრობილიდან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი; და ვინ აუწყებს მისი მოდგმის შესახებ? რადგან მოკვეთილ იქნა ცოცხალთა მიწიდან; ჩემი ხალხის შეცოდებების გამო იგი განიგმირა.

9 მან ბოროტთა შორის ჰპოვა სამარე და მდიდართა გვერდით იყო თავის სიკვდილში; რადგან ბოროტება არ ჩაუდენია და არც სიცრუე ყოფილა მის ბაგეში.

10 მაგრამ უფალს სურდა მისი დალეწვა; წამებაში ჩააგდო; როდესაც მისი სული შეეწირება ცოდვის მსხვერპლად, იგი იხილავს თავის შთამომავლობას, მას გაუხანგრძლივდება დღეები და უფლის ნება მისი ხელით მიაღწევს წარმატებას.

11 იგი იხილავს თავისი სულის წამებას და დაკმაყოფილდება; მისი ცოდნით, ჩემი მართალი მსახური ბევრს გაამართლებს; რადგან მათ ურჯულოებას იტვირთავს.

12 ამიტომ, მივცემ მას წილს დიადთა შორის; და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს; რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული; და დამნაშავეთა შორის აღირიცხა; და მრავალთა ცოდვები იტვირთა და დამნაშავეთ გაუწია შუამდგომლობა.