წმინდა წერილი
მოსია 27


თავი 27

მოსია კრძალავს დევნას და ბრძანებს, რომ დამყარდეს თანასწორობა. უმცროსი ალმა და მოსიას ოთხი შვილი ცდილობენ ეკლესიის განადგურებას. მოევლინებათ ანგელოზი და უბრძანებს მათ, რომ შეწყვიტონ ბოროტი საქმე. ალმა დამუნჯდება. მთელი კაცობრიობა უნდა ხელახლა იშვას, რათა ხსნა მიიღოს. ალმა და მოსიას შვილები აუწყებენ სასიხარულო ამბებს. დაახლოებით 100–92 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ დევნა, რომელსაც განიცდიდა ეკლესია ურწმუნოთა მხრიდან, იმდენად გაძლიერდა, რომ ეკლესიის წევრებმა დაიწყეს ბუზღუნი და ჩივილი ამის გამო თავიანთ ხელმძღვანელებთან; და ალმასთან იჩივლეს ამის შესახებ. და ალმამ ეს საქმე მეფე მოსიას მოახსენა. და მოსია ეთათბირა თავის მღვდლებს.

2 და იყო ასე, რომ მეფე მოსიამ გაგზავნა მოწოდება მთელი მიწის შემოგარენში, რომ არცერთ ურწმუნოს არ უნდა ედევნა არცერთი მათგანი, ვინც ღმერთის ეკლესიას მიეკუთვნებოდა.

3 და იყო მკაცრი ბრძანება, ყველა ეკლესიაში, რომ არ ყოფილიყო მათ შორის დევნა, რომ ყველა ადამიანთა შორის ყოფილიყო თანასწორობა;

4 რომ არც ამპარტავნობამ და არც სიამაყემ არ დაარღვიოს მათი მშვიდობა; რომ ყოველი ადამიანი პატივს სცემდეს თავის მოყვასს, როგორც საკუთარ თავს, საკუთარი ხელის შრომით უზრუნველყოს თავისი თავი.

5 დიახ, მათ ყველა მღვდელსა და მასწავლებელს, საკუთარი ხელით ეშრომათ თავიანთი თავის უზრუნველსაყოფად, ყველა შემთხვევაში, ავადმყოფობისა და მძიმე სიდუხჭირის გარდა; და ამის დაცვით, ისინი უხვად იღებდნენ ღმერთის მადლს.

6 და მიწაზე კვლავ დამყარდა სრული მშვიდობა; და ხალხმა იწყო ძალზედ გამრავლება და დაიწყო დედამიწის ზედაპირზე გავრცელება, დიახ, ჩრდილოეთსა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთსა და დასავლეთისკენ, აშენებდნენ რა დიდ ქალაქებსა და სოფლებს მიწის ყოველ კიდეში.

7 და უფალი მათ მოევლინათ და ააყვავა ისინი; და ისინი გახდნენ მრავალრიცხოვანი და მდიდარი ხალხი.

8 ახლა, მოსიას შვილები ითვლებოდნენ ურწმუნოთა შორის; ასევე ალმას ერთ-ერთი შვილიც ითვლებოდა მათ შორის და სახელად ერქვა ალმა, თავისი მამის სახელი; მიუხედავად ამისა, ის გახდა ძალზედ ბოროტი და კერპთაყვანისმცემელი ადამიანი. და ის იყო მჭერმეტყველი კაცი და ხალხთან ბევრს პირფერობდა; ამიტომ, მან ხალხთა შორის მრავალს უბიძგა, მის მსგავსად ჩაედინათ ურჯულოება.

9 და ის იქცა დიდ დაბრკოლებად ღმერთის ეკლესიის აყვავებისთვის; იტაცებდა ადამიანთა გულებს; იწვევდა ადამიანებში მრავალ უთანხმოებას; აძლევდა ღმერთის მტერს საშუალებას, გამოევლინა მისი ძალა მათზე.

10 და ახლა, იყო ასე, რომ იმ დროს, როდესაც ის დადიოდა, ცდილობდა რა ღმერთის ეკლესიის განადგურებას, ვინაიდან ის დადიოდა ფარულად, მოსიას შვილებთან ერთად, ცდილობდა რა ეკლესიის განადგურებას და უფლის ხალხის გზიდან აცდენას, ღმერთის ბრძანებების საწინააღმდეგოდ ან თვით მეფისაც კი –

11 და როგორც მე გითხარით, იმ დროს, როდესაც ისინი დადიოდნენ, ჯანყდებოდნენ რა ღმერთის წინააღმდეგ, აჰა, გამოეცხადათ მათ უფლის ანგელოზი; და ის დაეშვა ისე, ვითარცა ღრუბელში ყოფილიყო; და ილაპარაკა, ვითარცა ჭექა-ქუხილის ხმით, რაც აზანზარებდა მიწას, რომელზედაც ისინი იდგნენ.

12 და იმდენად დიდი იყო მათი გაოცება, რომ მიწაზე დაეცნენ და არ ესმოდათ იმ სიტყვების, რომლებსაც ის მათ ეუბნებოდა.

13 ამისდა მიუხედავად, მან კვლავ შესძახა სიტყვებით: ალმა, ადექი და წინ გამოდი, რატომ სდევნი ღმერთის ეკლესიას? რამეთუ უფალმა თქვა: ეს არის ჩემი ეკლესია და მე დავაარსებ მას და ვერაფერი ვერ დაამხობს მას, ჩემი ხალხის შეცოდების გარდა.

14 და კიდევ ანგელოზმა თქვა: აჰა, უფალმა ისმინა თავისი ხალხის ლოცვები და ასევე ლოცვები მისი მსახურის, ალმასი, რომელიც არის მამაშენი; რადგან ის ლოცულობდა შენზე დიდი რწმენით, რათა შენ მიყვანილი ყოფილიყავი ჭეშმარიტების ცოდნისკენ; ამიტომ, ამ მიზნით მოვედი, რათა დაგარწმუნო ღმერთის ძალასა და უფლებამოსილებაში, რომ მისმა მსახურთა ლოცვებმა ჰპოვონ თავიანთი რწმენის შესაბამისი პასუხი.

15 და ახლა, აჰა, ნუთუ შეგიძლიათ ღმერთის ძალასთან დავა? განა არ აზანზარებს ჩემი ხმა მიწას? ნუთუ ვერ მხედავთ თქვენ წინაშე? და მე ღმერთისგან ვარ გამოგზავნილი.

16 ახლა მე გეუბნები: წადი და გახსოვდეს შენი მამების ტყვეობა ჰელამისა და ნეფის მიწაზე; და გახსოვდეს, რა დიადი საქმენი გააკეთა მან მათთვის; რადგან მონობაში იყვნენ და მან ისინი გამოიხსნა. და ახლა მე შენ გეუბნები: ალმა, წადი შენი გზით და ნუღარ ეცდები ეკლესიის განადგურებას, რათა მათ ლოცვებმა პასუხი ჰპოვონ, თუნდაც შენ თვითონ ისურვო, რომ იყო გაძევებული.

17 და ახლა, იყო ასე, რომ ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რაც ანგელოზმა ალმას უთხრა და ის წავიდა.

18 და ახლა, ალმა და ისინი, რომლებიც მასთან იყვნენ, კვლავ მიწაზე დაეცნენ, რადგან დიდი იყო მათი გაოცება; ვინაიდან საკუთარი თვალით იხილეს უფლის ანგელოზი; და მისი ხმა იყო ჭექა-ქუხილის მაგვარი, რომელიც მიწას აზანზარებდა; და მათ იცოდნენ, რომ არ იყო არაფერი, გარდა ღმერთის ძალისა, რასაც შეეძლო მიწა შეეზანზარებინა და შეეძრა ისე, ლამის ნაწილებად დამსკდარიყო.

19 და ახლა, ალმას გაოცება იმდენად დიდი იყო, რომ ის დამუნჯდა, აღარ შეეძლო პირის გაღება; დიახ, ის დასუსტდა ისე, რომ ხელებსაც კი ვეღარ ამოძრავებდა; ამიტომ, ის აიყვანეს მათ, ვინც მასთან იყვნენ და ატარეს უმწეო მანამ, სანამ მამამისის წინ არ დააწვინეს.

20 და ისინი მოუყვნენ მამამისს ყველაფრის შესახებ, რაც შეემთხვათ; და მამამისს გაუხარდა, რადგან იცოდა, რომ ეს იყო ღმერთის ძალა.

21 და მან ბრძანა, რომ მრავალნი შეკრებილიყვნენ ერთად, რომ ყოფილიყვნენ იმის მოწმენი, რა უქნა უფალმა მის შვილს და ასევე მათ, ვინც მასთან იყვნენ.

22 და ბრძანა, რომ მღვდლები ერთად შეკრებილიყვნენ; და დაიწყეს მარხვა და ლოცვა უფლისადმი, მათი ღმერთისადმი, რომ მას ალმასთვის პირი გაეხსნა, რომ შეძლებოდა ლაპარაკი, ასევე, რომ მის კიდურებს ძალა მისცემოდა, რომ ხალხს თვალები გახელოდა, რათა ენახათ და შეეცნოთ ღმერთის სიკეთე და დიდება.

23 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მათ იმარხულეს და ილოცეს ორი დღის და ორი ღამის განმავლობაში, ალმას კიდურებს დაუბრუნდა ძალა, იგი წამოდგა და მიმართა მათ თხოვნით, დამშვიდებულიყვნენ.

24 რადგან, – თქვა მან, მე მოვინანიე ჩემი ცოდვები და გამომისყიდა უფალმა; აჰა, მე სულისაგან ვარ შობილი.

25 და უფალმა მითხრა: ნუ გაოცდები, რომ მთელი კაცობრიობა, დიახ, კაცი და ქალი, ყველა ერი, ტომი, ენა და ხალხი უნდა ხელახლა იშვას; დიახ, იშვას ღვთისგან, შეცვალონ თავიანთი ხორციელი და დაცემული მდგომარეობა სამართლიანით, გამოსყიდულნი რა ღმერთის მიერ, იქცევიან მის ვაჟებად და ასულებად.

26 და ამგვარად, ისინი იქცევიან ახალ ქმნილებებად; და თუ ასე არ მოიქცევიან, ვერანაირად ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

27 მე გეუბნებით: თუ ასე არ იქნება, მაშინ უნდა იყვნენ გაძევებულნი; და ეს მე ვიცი, რადგან მეც თითქმის გაძევებული ვიყავი.

28 ამისდა მიუხედავად, მას შემდეგ, რაც გადავიტანე მრავალი განსაცდელი, ვინანიებდი რა ლამის სიკვდილამდე, უფალმა თავისი წყალობით გადაწყვიტა, გამოეგლიჯა ჩემი თავი მარადიული წვისგან; და ვარ ღვთისგან შობილი.

29 ჩემი სული გამოსყიდულია მწარე ნაღველისგან და ურჯულოების ბორკილებისგან. მე ვიყავი ყველაზე ბნელ უფსკრულში, მაგრამ ახლა ვუცქერ ღმერთის საოცარ სინათლეს. ჩემი სული იყო მარადიული წამებით ნაწამები, მაგრამ მე მან გამომგლიჯა და მეტი აღარ იტანჯება ჩემი სული.

30 მე უარვყოფდი ჩემს გამომსყიდველს და უარს ვამბობდი იმაზე, რაც ჩვენი მამების მიერ ითქვა; მაგრამ ახლა, რათა შეძლონ წინასწარ განჭვრიტონ, რომ ის მოვა და მას ახსოვს მის მიერ შექმნილი ყოველი არსება, იგი ყველას გამოეცხადება.

31 დიახ, ყოველი მუხლი მოიდრიკება და ყოველი ენა იტყვის აღსარებას მის წინაშე. დიახ, უკანასკნელ დღესაც კი, როდესაც ყოველი ადამიანი წარსდგება, რათა განკითხულ იქნას მის მიერ, მაშინ აღიარებენ ისინი, რომ ის არის ღმერთი; მაშინ აღიარებენ ისინი, რომლებიც უღმერთოდ ცხოვრობენ ამქვეყნად, რომ მართალია მათზე მარადიული სასჯელის სამართალი; და აცახცახდებიან და იკანკალებენ და მოიკუნტებიან მისი ყოვლისმხილველი მზერის ქვეშ.

32 და ახლა, იყო ასე, რომ ამ დროიდან ალმამ დაიწყო ხალხის სწავლება, ასევე მათ, რომლებიც ალმასთან ერთად იყვნენ, როდესაც ანგელოზი გამოეცხადათ; და ისინი მოგზაურობდნენ მთელს მიწაზე, აუწყებდნენ მთელს ხალხს იმაზედ, რაც მოისმინეს და იხილეს; და ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას დიდ გაჭირვებაში, იტანდნენ რა სასტიკ დევნას ურწმუნოთაგან და ცემას მრავალი მათგანისგან.

33 მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მათ მოჰქონდათ დიდი ნუგეში ეკლესიის წევრებისათვის, ამტკიცებდნენ რა მათ რწმენას და მოუწოდებდნენ სულგრძელობითა და მძიმე შრომით დაეცვათ ღმერთის მცნებები.

34 და ოთხი მათგანი იყო მოსიას შვილი; და მათი სახელები იყო ამონი და აარონი და ომნერი და ხიმნი. ეს იყო მოსიას შვილების სახელები.

35 და ისინი მოგზაურობდნენ მთელ ზარაჰემლას მიწაზე და ყველა ადამიანს შორის, რომლებიც მეფე მოსიას ქვეშემდგომობაში იყვნენ, გულითადად ცდილობდნენ, აენაზღაურებინათ ყველა ის ზიანი, რაც მათ ეკლესიას მიაყენეს, აღიარებდნენ რა თავიანთ ცოდვებს და აუწყებდნენ ყველაფერს, რაც იხილეს, უხსნიდნენ რა წინასწარმეტყველებებს და წმინდა წერილებს ყველას, ვისაც სურდა მათი მოსმენა.

36 და ამგვარად, ისინი ღმერთის ხელში იყვნენ იარაღი, მრავალთა ჭეშმარიტების ცოდნისაკენ მისაყვანად, დიახ, მათი გამომსყიდველის ცოდნისაკენ.

37 და რაოდენ კურთხეულნი არიან ისინი! რადგან აუწყებდნენ მშვიდობაზე, აუწყებდნენ სასიხარულო ამბებს კეთილზე; და უცხადებდნენ ხალხს, რომ უფალი მეფობს.