წმინდა წერილი
მოსია 29


თავი 29

მოსიას შემოაქვს წინადადება, რომ მეფის მაგივრად არჩეულ იქნენ მოსამართლეები. უსამართლო მეფეებს ცოდვაში შეჰყავთ თავიანთი ხალხი. ხალხის ხმით უმცროსი ალმა არჩეულია მთავარ მოსამართლედ. ის ასევე არის ეკლესიის მღვდელმთავარი. უფროსი ალმა და მოსია გარდაიცვალნენ. დაახლოებით 92–91 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, როდესაც მოსიამ ეს გააკეთა, მან გააგზავნა მოწოდება მთელ მიწაზე, მთელი ხალხისთვის, იმის სურვილით, რომ გაეგო მათი ნება იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მათი მეფე.

2 და იყო ასე, რომ მოაღწია ხალხის ხმამ სიტყვებით: ჩვენ გვსურს, რომ აარონი, შენი შვილი, იყოს ჩვენი მეფე და ჩვენი მმართველი.

3 ახლა, აარონი წასული იყო ნეფის მიწაზე, ამიტომ მეფეს არ შეეძლო მასზე მეფობის გადაცემა; არც აარონი დათანხმდებოდა მასზედ მეფობის გადაცემაზე; არც ერთ მოსიას შვილს არ სურდა მეფობის საკუთარ თავზე აღება.

4 ამიტომ, მეფე მოსიამ კვლავ გააგზავნა ხალხში; დიახ, დაწერილი სიტყვაც კი გაუგზავნა ხალხს. და სიტყვები, რომლებიც ეწერა, იუწყებოდა:

5 აჰა, თქვენ, ჩემო ხალხო ანუ ჩემო ძმებო, რადგან ასე გთვლით თქვენ, მსურს, რომ განიხილოთ საქმე, რომელიც მოწოდებულნი ხართ განიხილოთ, რადგან გსურთ, რომ მეფე გყავდეთ.

6 ახლა, მე გიცხადებთ, რომ მან, ვისაც მეფობა კანონით ეკუთვნის, უარი თქვა და არ აიღებს მეფობას თავის თავზე.

7 და ახლა, სხვა თუ დაინიშნა მის მაგივრად, აჰა, მე ვშიშობ, ეს შეიძლება გახდეს თქვენ შორის განხეთქილების მიზეზი. და ვინ იცის, ჩემი შვილი, რომელსაც მეფობა ეკუთვნის, არ გაბრაზდება და თან არ გაიყოლიებს ამ ხალხის ნაწილს, რაც გამოიწვევს ბევრ სისხლისღვრას და უფლის გზის გამრუდებას, დიახ და მრავალი ადამიანის სულის განადგურებას.

8 ახლა, მე გეუბნებით: მოდით ვიყოთ ბრძენნი და განვიხილოთ ეს საქმენი, რადგან არ გვაქვს ჩემი შვილის განადგურების უფლება, არც უნდა გვქონდეს რაიმე უფლება სხვის გასანადგურებლად, თუ დაინიშნება მის მაგივრად.

9 და თუ ჩემი შვილი კვლავ მიუბრუნდა თავის ამპარტავნობას და ამაო საქმეებს, ის უკან წაიღებს ყოველივე იმას, რაც თქვა და მოითხოვდა უფლებას მეფობაზე, რაც აიძულებდა მას და ასევე ამ ხალხს, მრავალი ცოდვის ჩადენას.

10 და ახლა, მოდით ვიყოთ გონიერნი და დაველოდოთ ყოველივე ამას და გავაკეთოთ ის, რაც მშვიდობას მოუტანს ამ ხალხს.

11 ამიტომ, მე ვიქნები თქვენი მეფე ჩემს დანარჩენილ დღეებში; მიუხედავად ამისა, მოდით დავნიშნოთ მოსამართლეები, რომ განსაჯონ ეს ხალხი ჩვენი კანონის შესაბამისად და ჩვენ თავიდან მოვაწყობთ ამ ხალხის საქმეებს, რადგან დავნიშნავთ ბრძენ კაცთ მოსამართლეებად, რომლებიც განსჯიან ამ ხალხს ღმერთის მცნებების შესაბამისად.

12 ახლა, აჯობებს, რომ კაცი განსჯილ იქნას ღმერთის მიერ, ვიდრე კაცისაგან, რადგან ღმერთის სამსჯავრო ყოველთვის სამართლიანია, ხოლო ადამიანის სამსჯავრონი არ არის ყოველთვის სამართლიანი.

13 ამიტომ, თუ იქნებოდა შესაძლებელი, რომ თქვენ გყოლოდათ პატიოსანი კაცნი მეფეებად, რომელნიც დაამყარებდნენ ღმერთის კანონებს და განსჯიდნენ ამ ხალხს მისი მცნებების შესაბამისად, დიახ, თქვენ რომ გყოლოდათ მეფეებად კაცნი, რომელნიც გააკეთებდნენ იგივეს, რასაც აკეთებდა მამაჩემი ბენიამინი ამ ხალხისთვის, მე თქვენ გეუბნებით: ეს რომ ყოველთვის ასე ყოფილიყო, მაშინ თქვენ უნდა ყოველთვის გყოლოდათ მეფენი, რომლებიც იქნებოდნენ თქვენზედ მმართველნი.

14 და მე თვითონაც კი ვშრომობდი მთელი ჩემი ძალით და შესაძლებლობებით, რაც გამაჩნდა, რომ მესწავლებინა თქვენთვის ღმერთის აღთქმები და დამემყარებინა მშვიდობა მთელ მიწაზე, რომ არ ყოფილიყო არც ომები, არც განხეთქილებები, არც ქურდობა, არც ძარცვა, არც მკვლელობები, არც არანაირი ურჯულოება;

15 და ყოველს, ვინც ჩაიდენდა ურჯულოებას, მე დანაშაულის შესაბამისად ვსჯიდი, რომელიც მან ჩაიდინა, იმ რჯულის შესაბამისად, რომელიც მოგვცეს ჩვენმა მამებმა.

16 ახლა, მე გეუბნებით, ვინაიდან ყველა ადამიანი არ არის მართალი, არ არის საჭირო, რომ თქვენ გყავდეთ მეფე ან მეფეები, რომლებიც თქვენზედ იქნებიან მმართველნი.

17 რადგან, აჰა, რამდენ ურჯულოების ჩადენას იწვევს ერთი ბოროტი მეფე, დიახ, და რა დიდ განადგურებას!

18 დიახ, გაიხსენეთ მეფე ნოე, მისი სიბოროტე და სისაძაგლე, ასევე მისი ხალხის ბოროტება და სისაძაგლე. აჰა, რაოდენ დიდი განადგურება მოევლინა მათზედ; და ასევე მათივე ურჯულოების გამო მონობაში ჩაცვივდნენ.

19 და რომ არ ჩარეულიყო ყოვლადბრძენი შემქმნელი, მათი გულწრფელი მონანიების გამო, ისინი აუცილებლად აქამდეც მონობაში დარჩებოდნენ.

20 მაგრამ, აჰა, მან ისინი გამოიხსნა, ვინაიდან მათ დაიმდაბლეს თავი მის წინაშე; და რადგან მას შეჰღაღადეს ძლიერად, მან გამოიხსნა ისინი მონობიდან. და ასე აკეთებს ყველაფერს უფალი თავისი ძალით ადამიანთა შვილებს შორის; უწვდის წყალობის ხელს მათ, რომელნიც მას ანდობენ სასოებას.

21 და აჰა, ახლა მე თქვენ გეუბნებით, თქვენ ვერ შეძლებთ ურჯულო მეფის ჩამოგდებას, მხოლოდ დიდი განხეთქილებითა და დიდი სისხლისღვრით.

22 რადგან, აჰა, მას ჰყავს თავისი მეგობრები ურჯულოებაში და თან ჰყავს მცველები; და მათ კანონებს ანადგურებს, რომელნიც მანამდე სამართალით მართველობდნენ და ფეხქვეშ თელავს ღმერთის მცნებებს.

23 და ის აწესებს კანონებს და აგზავნის მათ საკუთარ ხალხში, დიახ, კანონებს, მისი სიბოროტის შესატყვისად; და ვინც არ ემორჩილება მის კანონებს, იგი ბრძანებს, რომ გაანადგურონ; და რომლებიც აჯანყდებიან მის წინააღმდეგ, ის გააგზავნის თავის ჯარებს მათ წინააღმდეგ საომრად; და თუ შეძლებს, ის მათ გაანადგურებს; და ამგვარად ამრუდებს უსამართლო მეფე ყოველი სამართლიანის გზას.

24 და ახლა, აჰა, მე თქვენ გეუბნებით, არ არის საჭირო, რომ ამგვარი სისაძაგლე თქვენ მოგევლინოთ.

25 ამიტომ, აირჩიეთ ამ ხალხის ხმით, მოსამართლენი, რათა განისაჯოთ იმ კანონების შესაბამისად, რომლებიც ჩვენმა მამებმა მოგცათ, რომელნიც არიან სწორი, რომელნიც მათ უფლის ხელით მიეცათ.

26 ახლა, არ არის ჩვეულებრივი, რომ ხალხის ხმა მოითხოვს იმის საწინააღმდეგოს, რაც არის მართალი; მაგრამ ჩვეულებრივია ხალხის მცირე ნაწილისთვის, რომ ისურვონ ის, რაც არასწორია; ამიტომ, თქვენ ეს უნდა დაიცვათ და აქციოთ თქვენს კანონად – ხალხის ხმით თქვენი საქმის კეთება.

27 და თუ დადგება ისეთი დრო, რომ ხალხის ხმა აირჩევს ურჯულოებას, მაშინ ეს არის დრო, როდესაც ღმერთის სასჯელი მოგევლინებათ; დიახ, ეს არის დრო, როდესაც ის მოგევლინებათ დიდი განადგურებით, ისე, როგორც ის აქამდე ეწვია ამ მიწას.

28 და ახლა, თუ თქვენ გეყოლებათ მოსამართლენი, რომლებიც არ განგსჯიან ამ კანონის შესაბამისად, რომელიც მოგეცათ, მაშინ შეგიძლიათ ისე მოაწყოთ, რომ ისინი განსჯილნი იქნენ ზემდგომი მოსამართლის მიერ.

29 თუ თქვენი ზემდგომი მოსამართლენი არ განსჯიან სამართლიანად, თქვენ ისე უნდა მოაწყოთ, რომ ქვემდგომი მოსამართლეების მცირე რაოდენობა ერთად შეიკრიბოს და განსაჯონ თქვენი ზემდგომი მოსამართლენი, ხალხის ხმის შესაბამისად.

30 და მე გიბრძანებთ, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ უფლისადმი შიშით; და გიბრძანებთ, რომ ასე გააკეთოთ და არ იყოლიოთ მეფე; რადგან თუ ეს ხალხი ცოდვებს და ურჯულოებებს ჩაიდენს, საკუთარ თავზე მიიღებს პასუხს.

31 რადგან, აჰა, მე თქვენ გეუბნებით, მრავალ ადამიანთა ცოდვები გამოწვეული იყო მათი მეფეთა ურჯულოების გამო; ამიტომ, მათი ურჯულოების საზღაური არის მათსავე მეფეთა თავზე.

32 და ახლა, მე მსურს, რომ ეს უთანასწორობა აღარ იყოს ამ მიწაზე, განსაკუთრებით ამ ჩემს ხალხს შორის; ვინაიდან მე მსურს, რომ ეს მიწა იყოს მიწა თავისუფლებისა; და ყოველ ადამიანს შეეძლოს ერთნაირად დატკბეს საკუთარი უფლებებით და უპირატესობით იქამდე, სანამ უფალი ჩათვლის შესაფერისად, რომ ვიცხოვროთ და მემკვიდრეობით მივიღოთ მიწა, დიახ, იქამდე, სანამ რომელიმე ჩვენი შთამომავლობიდან იქნება ამ მიწის პირზე.

33 და კიდევ მრავალი რამ მიწერა მათ მეფე მოსიამ, გაანდო მათ სამართლიანი მეფის ყველა გაჭირვება და საზრუნავი, დიახ, სულის ყველა სატანჯველი მათი ხალხისათვის, ასევე ხალხის ყოველგვარი ჩივილი მათი მეფისადმი; და ეს ყველაფერი მათ აუხსნა.

34 და უთხრა მათ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, არამედ ტვირთი უნდა დააწვეს მთელ ხალხს, რომ ყოველმა კაცმა იწვნიოს საკუთარი წილი.

35 და ასევე გაანდო მათ ყველა ნაკლოვანება, რომელთა ატანაც მათ მოუწევდათ, უსამართლო მეფე რომ ჰყოლოდათ მათზედ მმართველად.

36 დიახ, ყველა მისი ურჯულოება და სისაძაგლე და ყველა ომი და განხეთქილება და სისხლისღვრა, და ქურდობა და ძარცვა, და მრუშობის ჩადენა და ყოველნაირი ურჯულოება, რაც შეუძლებელია ჩამოითვალოს, ეუბნებოდა მათ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი აშკარად ეწინააღმდეგება ღმერთის მცნებებს.

37 და ახლა, იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მეფე მოსიამ ეს ყველაფერი ხალხში გააგზავნა, ისინი დარწმუნდნენ მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში.

38 ამიტომ, მათ უარი თქვეს მეფესთან დაკავშირებით თავიანთ სურვილებზე და გახდნენ ძალზედ მონდომებულნი, რომ ყოველ ადამიანს ჰქონოდა თანაბარი უფლებები მთელს მიწაზე. დიახ, და ყველა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, პასუხი ეგო საკუთარი ცოდვებისთვის.

39 ამიტომ იყო ასე, რომ ისინი ერთად შეიკრიბნენ ჯგუფებად მთელ მიწაზე, რათა ხმა მიეცათ იმათთვის, ვინც უნდა ყოფილიყო მათი მოსამართლენი, რათა განსაჯონ ისინი მათთვის მიცემული კანონის შესაბამისად; და ძალზედ უხაროდათ ის თავისუფლება, რომელიც მათ ებოძათ.

40 და მათი სიყვარული მოსიას მიმართ გაიზარდა; დიახ, ისინი პატივს სცემდნენ მას უფრო მეტად, ვიდრე სხვა რომელიმე კაცს; რადგან მას უყურებდნენ არა როგორც ტირანს, რომელიც სარგებელს ეძებს, დიახ, იმ სარგებელს, რომელიც სულს ხრწნის, რადგან ის არ ართმევდა მათ სიმდიდრეებს, არც სისხლისღვრით ხარობდა, არამედ დაამყარა მშვიდობა მიწაზე და ნება დართო თავის ხალხს, განთავისუფლებულიყო ყოველგვარი მონობისგან; ამიტომ, ისინი პატივს სცემდნენ მას, დიახ, განსაკუთრებულად და უსაზღვროდ.

41 და იყო ასე, რომ მათ დანიშნეს მოსამართლეები, რომ ემართათ მათზედ ან კანონის შესაბამისად განესაჯათ ისინი. და ეს მათ გააკეთეს მთელ მიწაზე.

42 და იყო ასე, რომ ალმა იყო დანიშნული პირველ მთავარ მოსამართლედ, იყო რა ის ასევე მღვდელმთავარი, რადგან მამამისმა დაამტკიცა მასზე ეს წოდება; ასევე დააკისრა მას პასუხისმგებლობა ეკლესიის ყველა საქმეზე.

43 და ახლა, იყო ასე, რომ ალმა დადიოდა უფლის გზებით და იცავდა მის მცნებებს და აღასრულებდა მართალ განაჩენს; და მთელ მიწაზე იყო მუდმივი მშვიდობა.

44 და ასე დაიწყო მოსამართლეთა მმართველობა ზარაჰემლას მთელ მიწაზე, მთელ ხალხს შორის, რომელთაც ეწოდებოდათ ნეფიელები. და ალმა იყო პირველი მთავარი მოსამართლე.

45 და ახლა, იყო ასე, რომ მამამისი გარდაიცვალა, იყო რა ოთხმოცდა ორი წლის და იცხოვრა რა ღმერთის მცნებების დაცვით.

46 და იყო ასე, რომ მოსიაც ასევე გარდაიცვალა, მისი მმართველობის ოცდა მეცამეტე წელს, იყო რა სამოცდა სამი წლის, რაც მთლიანად ხუთას ცხრა წელი გამოდის იმ დროიდან, როდესაც ლეხიმ დატოვა იერუსალიმი.

47 და ასე დამთავრდა მეფეთა მმართველობა ნეფის ხალხზე და ასე დასრულდა ალმას დღეები, რომელიც იყო მათი ეკლესიის ფუძემდებელი.