წმინდა წერილი
მოსია 8


თავი 8

ამონი ასწავლის ლიმხის ხალხს. ის შეიტყობს იარედიელთა ოცდაოთხი ფირფიტის შესახებ. წინასწარმჭვრეტელებს შეუძლიათ უძველესი ჩანაწერების თარგმნა. არ არსებობს წინასწარმჭვრეტელობაზე უფრო დიდი ძღვენი. დაახლოებით 121 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მეფე ლიმხიმ დაამთავრა თავისი ხალხისადმი მიმართვა, რადგან ის მათ ბევრ რამეზე ელაპარაკა და მე მხოლოდ ცოტაოდენი ჩავწერე ამ წიგნში, მან უთხრა თავის ხალხს ყველაფერი თავიანთი ძმების შესახებ, რომლებიც იყვნენ ზარაჰემლას მიწაზე.

2 და მან ბრძანა, რომ ამონი გამოსულიყო შეკრებილთა წინაშე და კიდევ ერთხელ მოეთხრო მათთვის ყველაფერი, რაც მათ ძმებს თავს გადახდათ მას შემდეგ, რაც ზენიფი წამოვიდა იმ მიწიდან, მანამდე, სანამ ის თვითონ წამოვიდოდა იმ მიწიდან.

3 და მან ასევე გაუმეორა მათ უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც მათ მეფე ბენიამინმა ასწავლა და აუხსნა ისინი მეფე ლიმხის ხალხს, რათა მათ გაეგოთ ყოველი სიტყვა, რომელიც მან ილაპარაკა.

4 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მან ეს ყველაფერი გააკეთა, მეფე ლიმხიმ გაუშვა შეკრებილნი და ბრძანა, რომ ყოველი მათგანი დაბრუნებულიყო საკუთარ სახლში.

5 და იყო ასე: მან ბრძანა, რომ ფირფიტები, რომლებიც მოიცავს თავისი ხალხის ჩანაწერებს, იმ დროიდან, რაც მათ დატოვეს ზარაჰემლას მიწა, უნდა მოეტანათ ამონთან, რათა მას ისინი წაეკითხა.

6 ახლა, როგორც კი ამონმა წაიკითხა ჩანაწერები, მეფემ ჰკითხა, რათა გაეგო, შეეძლო თუ არა მას ენებიდან თარგმნა და ამონმა უთხრა, რომ მას არ შეეძლო.

7 და მეფემ მას უთხრა: ვიყავი რა დამწუხრებული ჩემი ხალხის გაჭირვებით, ვბრძანე, რომ ჩემი ხალხისგან ორმოცდასამი კაცი წასულიყო უდაბნოში სამოგზაუროდ, რათა მათ ამრიგად ეპოვნათ ზარაჰემლას მიწა, რომ თხოვნით მიგვემართა ჩვენი ძმებისათვის, გამოვეხსენით მონობიდან.

8 და ისინი მრავალი დღის განმავლობაში დაკარგულნი იყვნენ უდაბნოში, იყვნენ ბეჯითნი, მაგრამ ვერ იპოვეს ზარაჰემლას მიწა, თუმცა დაბრუნდნენ ამ მიწაზე, იმოგზაურეს რა მიწაზე მრავალ წყლებს შორის, აღმოაჩინეს მიწა, ადამიანთა და მხეცთა ძვლებით დაფარული და ასევე დაფარული ყველანაირი შენობების ნანგრევებით, აღმოაჩინეს მიწა, ოდესღაც ადამიანებით დასახლებული, რომელნიც ისეთივე მრავალრიცხოვანნი იყვნენ, როგორც ისრაელის ლაშქარი.

9 და იმის მოწმობად, რომ მათ მიერ ნათქვამი იყო ჭეშმარიტება, მათ მოიტანეს გრავიურებით დაფარული ოცდაოთხი ფირფიტა და ისინი სუფთა ოქროსია.

10 და აჰა, ასევე მათ მოიტანეს სამკერდულები, რომლებიც დიდებია და სპილენძისა და თითბრისგან არის გამოჭედილი, შესანიშნავ მდგომარეობაში.

11 და ასევე, მათ მოიტანეს ხმლები, რომელთა სახელურები იყო დაკარგული და პირები ჟანგისგან იყო შეჭმული; და ამ მიწაზე არავინ არის ისეთი, ვინც შეძლებდა იმ ენიდან ანუ ფირფიტებზე ამოტვიფრული გრავიურების, გადათარგმნას, ამიტომ გკითხე, შეგიძლია თუ არა თარგმნა?

12 და მე კვლავ გეუბნები: იცი თუ არა ვინმე, ვისაც თარგმნა შეუძლია? რადგან მე მსურს, რომ ეს ჩანაწერები გადაითარგმნოს ჩვენს ენაზე; რადგან, იქნებ მათ მოგვცენ ცოდნა იმ ხალხის ნარჩენის შესახებ, რომელიც განადგურდა, საიდანაც მოვიდა ეს ჩანაწერები; ან, იქნებ, მათ მოგვცენ ცოდნა ზუსტად ამ ხალხის შესახებ, რომელიც განადგურდა და მე მსურს, გავიგო მათი განადგურების მიზეზი.

13 ახლა ამონმა მას უთხრა: მე დანამდვილებით შემიძლია გითხრა, მეფეო, იმ კაცზე, რომელსაც შეუძლია ამ ჩანაწერების თარგმნა; რადგან მას აქვს რაღაც, რაშიც შეუძლია ჩაიხედოს და გადათარგმნოს ყველა უძველესი ჩანაწერი. და ეს არის ძღვენი ღმერთისაგან. და იმ საგნებს ჰქვია სათარგმნი ხელსაწყოები და არავის არ შეუძლია მათში ჩახედვა, თუ მას ეს ნაბრძანები არ აქვს, რათა არ ეძებოს ის, რაც არ არის საჭირო და არ დაიღუპოს. და ვისაც ნაბრძანები აქვს მათში ჩახედვა, ჰქვია წინასწარმჭვრეტელი.

14 და აჰა, იმ ხალხის მეფე, რომელიც არის ზარაჰემლას მიწაზე, არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს ნაბრძანები ამის კეთება და რომელსაც აქვს ეს უმაღლესი ძღვენი ღმერთისაგან.

15 და მეფემ თქვა, რომ წინასწარმჭვრეტელი უფრო დიდია, ვიდრე წინასწარმეტყველი.

16 და ამონმა თქვა, რომ წინასწარმჭვრეტელი ასევე არის გამომცხადებელი და წინასწარმეტყველი; და ამაზე უფრო დიდ ძღვენს ვერ მიიღებს ვერცერთი ადამიანი, თუ მას არ ექნება ღვთის ძალა, რაც შეუძლებელია ადამიანისთვის; თუმცა მაინც, ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ღმერთისგან ნაბოძები დიდი ძალა.

17 მაგრამ წინასწარმჭვრეტელს შეუძლია იცოდეს ის, რაც იყო და ასევე ის, რაც იქნება; და მათი მეშვეობით ყველაფერი ცხადი გახდება ანუ საიდუმლო გამოვლინდება და დაფარული გამოვა სინათლეზე; და რაც უცნობია გახდება ცნობილი მათი მეშვეობით, ასევე მათგან გახდება ცნობილი ის, რისი ცოდნაც სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა.

18 ამგვარად, ღმერთმა მოგვცა საშუალება, ადამიანმა, რწმენის მეშვეობით, შეძლოს ძლევამოსილი სასწაულების მოხდენა; ამიტომ, ის დიდ სიკეთედ მოევლინება თავის მოყვასთ.

19 და ახლა, როდესაც ამონმა დაასრულა ამ სიტყვების წარმოთქმა, მეფეს ძალზედ გაუხარდა და მადლობა შესწირა ღმერთს სიტყვებით: უეჭველად, ამ ფირფიტებში ინახება დიდი საიდუმლო და ეს მთარგმნელი ხელსაწყოები უეჭველად მომზადებული იყო იმისათვის, რომ ადამიანთა შვილებისთვის გაეხსნათ ყველა ასეთი საიდუმლოება.

20 რაოდენ საოცარია უფლის საქმენი და რაოდენ დიდხანს უთმენს ის თავის ხალხს; დიახ, როგორი ბრმა და შეუვალია ადამიანთა შვილების შეგნება; რადგან არ ეძებენ სიბრძნეს და არც სურთ, რომ ის იყოს მათი მმართველი!

21 დიახ, ისინი არიან, როგორც გაველურებული ფარა, რომელიც მწყემსს გაურბის და გაიფანტება და ტყის მხეცების მიერ იდევნება და იჭმევა.