თავი 4
მეფე ბენიამინი აგრძელებს თავის მიმართვას. ხსნა მოდის გამოსყიდვის შედეგად. იწამეთ ღმერთი, რათა გადარჩეთ. ერთგულებით შეინარჩუნეთ ცოდვების მიტევება. უწილადეთ თქვენი ქონება ღარიბებს. გააკეთეთ ყველაფერი სიბრძნითა და წესისამებრ. დაახლოებით 124 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც მეფე ბენიამინმა დაასრულა თავისი სიტყვების თქმა, რომლებიც მას უფლის ანგელოზმა მიუტანა, მან შეკრებილთ თვალი მიმოავლო და აჰა, ისინი მიწაზედ დაეცნენ, რადგან მათ უფლისადმი შიში მოეფინათ.
2 და მათ იხილეს თავიანთი თავი ხორციელ მდგომარეობაში, მიწის მტვერზე ნაკლებიც კი. და მათ ყველამ ერთხმად ხმამაღლა შესტირეს, სიტყვებით: შეგვიწყალე და გამოიყენე ქრისტეს გამომსყიდველი სისხლი, რათა მივიღოთ ცოდვების მიტევება და ჩვენი გული განიწმინდოს; რადგან ჩვენ გვწამს იესო ქრისტე, ძე ღვთისა, რომელმაც შექმნა ზეცა და მიწა და ყველაფერი; რომელიც ჩამოვა ადამიანთა შვილებს შორის.
3 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მათ თქვეს ეს სიტყვები, მათზედ მოეფინა უფლის სული და ისინი აღივსნენ სიხარულით, მიიღეს რა თავიანთი ცოდვების მიტევება და დამშვიდებული სინდისი, ჰქონდათ რა ღრმა რწმენა იესო ქრისტესი, რომელიც უნდა მოვიდეს იმ სიტყვებისამებრ, რომლებიც მეფე ბენიამინმა მათ უთხრა.
4 და მეფე ბენიამინმა კვლავ გახსნა ბაგე და დაიწყო მათთან საუბარი სიტყვებით: ჩემო მეგობრებო და ჩემო ძმებო, ჩემო ნათესავებო და ჩემო ხალხო, მე მინდა კვლავ გავამახვილო თქვენი ყურადღება, რათა მოისმინოთ და გაიგოთ ჩემი დანარჩენი სიტყვები, რომლებსაც გეტყვით.
5 რადგან, აჰა, თუ ღვთის სიკეთის ცოდნამ ამჟამად გააღვიძა თქვენში თქვენი არარაობის გრძნობა და თქვენი უვარგისი და დაცემული მდგომარეობა –
6 მე გეუბნებით, თუ თქვენ ღვთის სიკეთის ცოდნასთან მოხვედით და მის უბადლო ძალისკენ და მის სიბრძნისკენ და მის მოთმინებისკენ და ადამიანთა შვილებისათვის სულგრძელობისკენ; და ასევე გამოსყიდვისაკენ, რომელიც მომზადებული იყო ამაქვეყნის დასაბამიდან, რათა მისი მეშვეობით ხსნა მოვიდეს მასთან, ვინც უფალს მიანდობს თავის სასოებას და იქნება ბეჯითი მისი მცნებების დაცვაში და თავის ცხოვრებას ბოლომდე გააგრძელებს რწმენით, მე ვგულისხმობ მოკვდავი სხეულის ცხოვრებას –
7 მე ვამბობ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მიიღებს ხსნას გამოსყიდვის მეშვეობით, რომელიც მომზადებული იყო ამაქვეყნის დასაბამიდან მთელი კაცობრიობისათვის, რომელიც ოდესმე ყოფილა ადამის დაცემის შემდეგ, ან ამჟამად არსებობს, ან ოდესმე იარსებებს, ამა ქვეყნის დასასრულამდე.
8 და ეს არის ის, რითიც მოდის ხსნა. და არ არსებობს არანაირი სხვა ხსნა, გარდა იმისა, რომლის შესახებაც ითქვა; და არც არის სხვა არანაირი პირობები, რომლებითაც ადამიანი გადარჩება, გარდა იმ პირობებისა, რომლებიც მე გითხარით.
9 იწამეთ ღმერთი; გწამდეთ, რომ ის არის და მან შექმნა ყველაფერი ზეცაშიც და დედამიწაზეც; გწამდეთ, რომ ის ფლობს სრულ სიბრძნესა და სრულ ძალას ზეცაშიც და დედამიწაზეც; იწამეთ, რომ ადამიანისათვის ყველაფერი, რასაც უფალი ჩასწვდება, მისაწვდომი არ არის.
10 და კვლავ, იწამეთ, რომ თქვენი ცოდვები უნდა მოინანიოთ და მიატოვოთ ისინი და თავი დაიმდაბლოთ ღმერთის წინაშე; და წრფელი გულით სთხოვოთ, რომ გაპატიოთ; და ახლა, თუ თქვენ ეს ყველაფერი გწამთ, მაშინ ეს შეასრულეთ.
11 და კვლავ, მე გეუბნებით, როგორც ადრე გეუბნებოდით, რომ თუ მიხვედით ღმერთის დიდების ცოდნისკენ ან თუ შეიცანით მისი სიკეთე და იგემეთ მისი სიყვარული და მიიღეთ საკუთარი ცოდვების მიტევება, რაც იწვევს ასეთ დიდ სიხარულს თქვენს სულებში, ამიტომ მე მსურს, რომ გახსოვდეთ და მუდამ გქონდეთ მეხსიერებაში ღმერთის სიდიადე და თქვენი არარაობა, მისი სიკეთე და სულგრძელობა თქვენ მიმართ, უღირსო არსებებო, და დაიმდაბლეთ თავი, ღრმა თავმდაბლობით, ყოველდღიურად უფლის სახელის ხსენებით, მტკიცე რწმენით იმაში, რაც მოხდება, რაც ითქვა ანგელოზის პირით.
12 და აჰა, მე გეუბნებით, რომ თუ ამას გააკეთებთ, ყოველთვის გაიხარებთ და სავსენი იქნებით ღვთის სიყვარულით და ყოველთვის შეინარჩუნებთ ცოდვების მიტევებას; და თქვენ გაიზრდებით მისი დიდების ცოდნაში, რომელმაც შეგქმნათ ანუ იმის ცოდნაში, რაც მართალია და ჭეშმარიტი.
13 და ერთმანეთისათვის ზიანის მიყენება კი არა, არამედ მშვიდობიანად ცხოვრება გექნებათ ჩაფიქრებული და ყოველი ადამიანისთვის იმის მიგება, რაც მას შეესაბამება.
14 და თქვენ არ დაუშვებთ, რომ თქვენი შვილები დადიოდნენ მშიერნი ან შიშველნი; არც იმას დაუშვებთ, რომ მათ დაარღვიონ ღმერთის კანონები, იჩხუბონ და იდავონ ერთმანეთში და ემსახურონ ეშმაკს, რომელიც არის ცოდვის ოსტატი ანუ ბოროტი სული, რომელზეც ლაპარაკობდნენ ჩვენი მამები, არის რა ყოველი სამართლის მტერი.
15 მაგრამ თქვენ მათ ასწავლით, იარონ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების გზით; დიახ, თქვენ მათ ასწავლით ერთმანეთის სიყვარულსა და სამსახურს.
16 და ასევე, თქვენ თვითონ დაეხმარებით მათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება; თქვენ უწილადებთ თქვენი ქონებიდან მათ, ვინც გაჭირვებაშია; და არ დაუშვებთ, რომ მათხოვარი ამაოდ გთხოვდეთ სათხოვარს და არ გააგდებთ დასაღუპად.
17 შეიძლება თქვათ: ამ ადამიანმა თვითონ მოავლინა საკუთარ თავზე უბედურება, ამიტომ შევაკავებ საკუთარ ხელს და არ მივცემ ჩემი საკვებიდან, არც ჩემი ქონებიდან არ ვუწილადებ, რათა აღარ დაიტანჯოს, რადგან მისი სასჯელი არის სამართლიანი –
18 მაგრამ მე გეუბნები, ადამიანო: მას, ვინც ასე იქცევა, აქვს მოსანანიებლად ძალზედ მნიშვნელოვანი მიზეზი და თუ არ მოინანიებს იმას, რაც გააკეთა, სამარადისოდ დაიღუპება და არ აქვს მას წილი ღვთის სასუფეველში.
19 რადგან, აჰა, განა ყველანი მათხოვრები არ ვართ? განა არ ვართ ყველანი დამოკიდებულნი ერთსა და იმავე არსებაზე, ღმერთზე, ყველანაირი ქონებისთვის, რაც გაგვაჩნია, საკვებისა და სამოსისთვის და ოქროსა და ვერცხლისთვის; და ყველანაირი სიმდიდრისათვის, რაც გაგვაჩნია?
20 და აჰა, ამ დროსაც კი, თქვენ ახსენებდით მის სახელს და ევედრებოდით თქვენი ცოდვების მიტევებას და ნუთუ დაუშვა მან, რომ ამაოდ ევედრებოდით? არა; მან გადმოღვარა თავისი სული თქვენზედ და მოახდინა ისე, რომ თქვენი გული ავსებულიყო სიხარულით და გააკეთა ისე, რომ თქვენი ბაგენი დადუმდეს, რათა სიტყვები ვერ იპოვოთ, ასე ძალზედ დიდი იყო თქვენი სიხარული.
21 და ახლა, თუ ღმერთი, რომელმაც შეგქმნათ და რომელზედაც დამოკიდებულია თქვენი სიცოცხლე და ყველაფერი, რაც გაქვთ და ვინც ხართ, გიბოძებთ ყველაფერს, რასაც სთხოვთ, რაც სწორია, რწმენით, გწამთ რა, რომ მას მიიღებთ, მაშინ როგორ არ უნდა უწილადებდეთ ერთმანეთს ქონებას, რომელიც გაქვთ!
22 და თუ განსჯით კაცს, რომელიც თქვენი ქონებიდან სათხოვარს გთხოვდეთ, რათა არ დაიღუპოს და თქვენ მას განსჯით, რამდენად სამართლიანი იქნება განსჯა თქვენი იმისათვის, რომ უარი უთხარით თქვენი ქონებიდან, რომელიც თქვენ კი არ გეკუთვნით, არამედ ღმერთს, რომელსაც ასევე ეკუთვნის თქვენი სიცოცხლე; მაგრამ სათხოვარს არ სთხოვთ, არც ინანიებთ იმას, რაც ჩაიდინეთ.
23 მე გეუბნებით: ვარამი ასეთ ადამიანს, რადგან მისი ქონება დაიღუპება მასთან ერთად; და ახლა, მე ვეუბნები ამას მათ, ვინც მდიდარია ამქვეყნიური საგნებით.
24 და კვლავ, მე ვეუბნები ღარიბთ, თქვენ, რომლებსაც არ გაქვთ და მაინც გაქვთ საკმარისი, საარსებო დღიდან დღემდე; მე ვგულისხმობ ყოველ თქვენგანს, რომლებიც უარყოფთ მათხოვარს, რადგან არ გაქვთ; მინდა, რომ ასე თქვათ გულში: მე არ გავცემ იმიტომ, რომ არ მაქვს, მაგრამ რომ მქონოდა – გავცემდი.
25 და ახლა, თუ ამას იტყვით გულში, თქვენ დარჩებით უდანაშაულონი, სხვაგვარად, თქვენ ხართ განსჯილნი; და თქვენი სასჯელი იქნება მართალი, რადგან გსურთ ის, რაც არ მიიღეთ.
26 და ახლა, ამ ყველაფრისთვის, რაც მე გითხარით ანუ თქვენი ცოდვების მიტევების შენარჩუნებისათვის, დღიდან დღემდე, რათა იაროთ უდანაშაულოდ ღმერთის წინაშე, მინდა, რომ ღარიბებს უწილადოთ თქვენი ქონებიდან, ყოველმა ადამიანმა იმის მიხედვით, რაც აქვს: მშიერთა დაპურება, შიშველთა შემოსვა, ავადმყოფთა მონახულება და შვების მიცემა სულიერად და მატერიალურად, მათი მოთხოვნების მიხედვით.
27 და იყავით ყურადღებით, რათა ყოველივე ეს კეთდებოდეს სიბრძნითა და წესისამებრ, რადგან არ არის საჭირო, რომ ადამიანი გარბოდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე მას შესწევს ძალა. და კვლავ, საჭიროა, რომ იყოს ბეჯითი, რათა ამგვარად მიიღოს ჯილდო, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს წესისამებრ.
28 და მე მსურს, გახსოვდეთ, რომ ყოველი თქვენგანი, რომელიც სესხულობს თავის მოყვასისგან, უნდა დააბრუნოს ის, რაც ისესხა, იმისდა მიხედვით, როგორც მოელაპარაკა, თორემ სჩადიხარ ცოდვას და შეიძლება მოყვასსაც ასევე უბიძგო ცოდვის ჩადენისაკენ.
29 და ბოლოს, მე არ შემიძლია გითხრათ ყველაფერი იმის შესახებ, რითაც შეგიძლიათ ცოდვის ჩადენა; რადგან არსებობს მრავალგვარი გზა და საშუალება, იმდენად ბევრი, რომ არ შემიძლია მათი ჩამოთვლა.
30 მაგრამ შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ თუ არ მიხედავთ საკუთარ თავს და საკუთარ ფიქრებს და საკუთარ სიტყვებს და საკუთარ ქმედებებს და არ დაიცავთ ღმერთის მცნებებს და არ გააგრძელებთ იმის რწმენით, რაც მოისმინეთ ჩვენი უფლის მოსვლის შესახებ, თქვენი ცხოვრების ბოლომდე, მაშინ უნდა დაიღუპოთ; და ახლა, ადამიანო, გახსოვდეს და არ დაიღუპო.