წმინდა წერილი
მოსია 11


თავი 11

მეფე ნოე მმართველობს სიბოროტით. ის ტკბება თავაშვებული ცხოვრებით ცოლებთან და ხარჭებთან. აბინადი წინასწარმეტყველებს იმაზე, რომ ხალხი მონობაში ჩავარდება. მეფე ნოე ცდილობს მისი სიცოცხლის მოსწრაფებას. დაახლოებით 160–150 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ ზენიფმა გადასცა მეფობა თავის ერთ-ერთ შვილს, ნოეს; ამიტომ, ნოემ დაიწყო მის მაგივრად მმართველობა; და იგი არ მიჰყვებოდა მამამისის გზებს.

2 რადგან, აჰა, ის არ იცავდა ღმერთის მცნებებს, მაგრამ მისდევდა საკუთარი გულის სურვილებს. და მას ჰყავდა მრავალი ცოლი და ხარჭა და დასაშვებს ხდიდა, რომ თავის ხალხს ცოდვა ჩაედინა და გაეკეთებინა ის, რაც ბილწი იყო უფლის თვალში. დიახ, ისინი სჩადიოდნენ მრუშობასა და ყოველგვარ სიბოროტეს.

3 და მან ბეგარა დაადო მთელი მათი ქონების ერთ მეხუთედს: მათი ოქროსი და ვერცხლის ერთ მეხუთედს, ზიფისა და თითბირის ერთ მეხუთედსა და მათი სპილენძისა და რკინის; და ნასუქი საქონლის ერთ მეხუთედსა და ასევე მათი ხორბლის ერთ მეხუთედს.

4 და ამ ყველაფერს იღებდა, რათა ერჩინა საკუთარი თავი და ცოლები და ხარჭები; და ასევე თავისი მღვდლები და მათი ცოლები და ხარჭები; ასეთნაირად მან შეცვალა სამეფოს საქმენი.

5 რადგან მან გაყარა მამამისის მიერ ნაკურთხი ყველა მღვდელი და მათ ნაცვლად ახლები აკურთხა, რომლებიც აღზევებულნი იყვნენ გულის ამპარტავნობით.

6 დიახ, ამგვარად, მათ უზრუნველყოფდნენ თავიანთ სიზარმაცეში და კერპთაყვანისმცემლობაში და მრუშობაში ბეგარით, რომელიც მეფე ნოემ დაუწესა თავის ხალხს; ამგვარად, ხალხი მეტისმეტად ბევრს შრომობდა, რათა ურჯულოება ერჩინა.

7 დიახ, ისინი ასევე გახდნენ კერპთაყვანისმცემლები, რადგან მოტყუებულ იქნენ მეფისა და მღვდელთა ამაო და პირფერული სიტყვებით; რადგან ისინი ეუბნებოდნენ მათ პირფერულ სიტყვებს.

8 და იყო ასე, რომ მეფე ნოემ ააშენა მრავალი ლამაზი და ფართო შენობა; და მოაპირკეთა ისინი ლამაზი ხის ნაკეთობებით და ყველანაირი ძვირფასი ნივთებით, ოქროსა და ვერცხლის, რკინისა და სპილენძის და ზიფისა და თითბრისგან;

9 და მან ასევე აიშენა ფართო სასახლე და მის შუაგულში – ტახტი; და ეს ყველაფერი იყო ძვირფასი ხისგან და მოპირკეთებული იყო ოქროთი და ვერცხლით და ძვირფასი ნივთებით.

10 და მან ბრძანა, რომ მის ხელოსნებს დაემზადებინათ ყველანაირი ლამაზი ნაკეთობები ტაძრის კედლებში, ძვირფასი ხის და თითბრისა და სპილენძისგან.

11 და სკამები, რომლებიც გამოყოფილი იყო მღვდელმთავრებისთვის, რომლებიც ყველა დანარჩენ სკამებზე მაღალი იყო, მან მოაპირკეთა სუფთა ოქროთი; და ბრძანა, რომ გაეკეთებინათ მათ წინ მოაჯირი, რათა მოესვენებინათ მასზედ ტანი და ხელები, ადამიანებისთვის ცრუ და ამაო სიტყვების თქმისას.

12 და იყო ასე, რომ მან ააგო კოშკი ტაძართან ახლოს; დიახ, ძალზედ მაღალი კოშკი, იმდენად მაღალი, რომ მას შეეძლო მის წვერზე დამდგარიყო და ზემოდან ეცქირა შილომის მიწისათვის და ასევე შემლონის მიწისათვის, რომელსაც ფლობდნენ ლამანიელები; და ასევე შეეძლო ეცქირა გარშემო მთელი მიწისთვის.

13 და იყო ასე, რომ მან ბრძანა, აეშენებინათ მრავალი შენობა შილომის მიწაზე; და ბრძანა, რომ დიდი კოშკი აშენებულიყო გორაკზე, შილომიდან ჩრდილოეთით, რომელიც იყო თავშესაფარი ნეფის შვილებისათვის იმ დროს, როდესაც ისინი მიწიდან გაიქცნენ; და ამგვარად ექცეოდა იგი იმ სიმდიდრეებს, რომელთაც თავისი ხალხის გადასახადებიდან იღებდა.

14 და იყო ასე, რომ მან საკუთარი გული გადააფარა თავის სიმდიდრეს და ატარებდა დროს თავაშვებულ ცხოვრებაში, თავის ცოლებსა და ხარჭებთან, ასევე მღვდლებიც ატარებდნენ დროს მეძავებთან.

15 და იყო ასე, რომ მან დარგო ვენახი მიწის გარშემო და ააშენა ღვინის საწურები და გააკეთა ბევრი ღვინო; და ამიტომ გახდა ის ღვინის მსმელი და ასევე მისი ხალხიც.

16 და იყო ასე, რომ ლამანიელებმა დაიწყეს მის ხალხზე თავდასხმები, პატარა ჯგუფებზე და ხოცავდნენ მათ მინდვრებში იმ დროს, როდესაც ისინი მწყემსავდნენ ფარებს.

17 და მეფე ნოემ გააგზავნა მცველები მიწის გარშემო, რათა არ მოეშვათ ისინი; მაგრამ არ გააგზავნა საკმარისი რაოდენობა და ლამანიელები დაესხნენ მათ თავს და დახოცეს ისინი და მიწიდან წაიყვანეს მათი მრავალი ნახირი; ამგვარად, ლამანიელებმა დაიწყეს მათი განადგურება და თავიანთი სიძულვილის გამოვლენა მათზედ.

18 და იყო ასე, რომ მეფე ნოემ გააგზავნა თავისი ჯარები მათ წინააღმდეგ და ისინი უკუგდებულ იქნენ ანუ ისინი რაღაც დროით უკუგდებულნი იყვნენ; ამიტომ, ისინი უკან დაბრუნდნენ, თავიანთი ნადავლით გახარებულნი.

19 და ახლა, ამ დიდი გამარჯვების გამო, ისინი თავიანთი გულების ამპარტავნობით აღზევდნენ; ტრაბახობდნენ საკუთარი ძალით, ამბობდნენ რა, რომ ორმოცდაათ მათგანს შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ათასობით ლამანიელთათვის; ამგვარად ტრაბახობდნენ და ტკბებოდნენ სისხლით და თავიანთი ძმების სისხლისღვრით და ეს იყო მათი მეფისა და მღვდლების სიბოროტის გამო.

20 და იყო ასე, რომ მათ შორის იყო კაცი, რომელსაც ერქვა აბინადი; და იგი დადიოდა მათ შორის და დაიწყო წინასწარმეტყველება სიტყვებით: აჰა, ასე ამბობს უფალი და ასე მიბრძანა სიტყვებით: წადით და ამ ხალხს უთხარით: ასე ამბობს უფალი – ვარამი ამ ხალხს, რადგან მე ვიხილე მათი სისაძაგლე და მათი სიბოროტე და მრუშობა; და თუ არ მოინანიებენ, მოვევლინები მათ ჩემი რისხვით.

21 და თუ არ მოინანიებენ და არ მიუბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს, აჰა, მე მათ ჩავაგდებ მტრის ხელში; დიახ, ჩააგდებენ მონობაში; და დაიტანჯებიან მტრის ხელით.

22 და ასე იქნება, ისინი შეიცნობენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი და ვარ შურისმგებელი ღმერთი, ჩემი ხალხის ურჯულოების დამსჯელი.

23 და იქნება ასე, რომ თუ ეს ხალხი არ მოინანიებს და არ მიუბრუნდება უფალს, თავიანთ ღმერთს, მას მონობაში ჩააგდებენ და არავინ არ გამოიხსნის, უფლის, ყოვლადძლიერი ღმერთის გარდა.

24 დიახ, იქნება ასე, რომ როდესაც შემომღაღადებენ, მე არ ვიჩქარებ მათი ღაღადის მოსმენას; დიახ, დავუშვებ, რომ ნაცემნი იყვნენ მტრის მიერ.

25 და თუ არ მოინანიებენ, ძაძებში და ნაცარში, და არ შეჰღაღადებენ მხურვალედ უფალს, თავიანთ ღმერთს, მე არ მოვისმენ მათ ლოცვებს და არც გამოვიხსნი მათ გაჭირვებიდან; და ასე ამბობს უფალი და ასე მიბრძანა მე.

26 ახლა იყო ასე, როდესაც აბინადიმ უთხრა ეს სიტყვები, ისინი განრისხდნენ მასზე და შეეცადნენ მისი სიცოცხლის მოსწრაფებას; მაგრამ უფალმა გამოიხსნა იგი მათი ხელიდან.

27 და ახლა, როდესაც მეფე ნოემ გაიგო იმ სიტყვების შესახებ, რომლებიც აბინადიმ უთხრა ხალხს, ისიც განრისხდა და თქვა: ვინ არის აბინადი, რომ მე და ჩემს ხალხს გვსჯის, ან ვინ არის უფალი, რომელიც ჩემს ხალხზე მოავლენს ასეთ დიდ გაჭირვებას?

28 მე გიბრძანებთ: მოიყვანოთ აქ აბინადი, რათა მოვკლა, რადგან მან თქვა ეს ყველაფერი, რომ ჩემს ხალხში გააღვივოს წყრომა ერთმანეთის მიმართ და გამოიწვიოს განხეთქილება ჩემს ხალხში; ამის გამო მე მას მოვკლავ.

29 ახლა, ამ ხალხის თვალები დაბრმავებულ იქნა; ამიტომ, მათ გაიქვავეს გული აბინადის სიტყვების მიმართ და მას შემდეგ ცდილობდნენ მის შეპყრობას. და მეფე ნოემ გაიქვავა გული უფლის სიტყვების მიმართ და არ მოინანია თავისი ბოროტი საქმენი.