წმინდა წერილი
მოსია 24


თავი 24

ამულონი დევნის ალმასა და მის ხალხს. თუ ილოცებენ, მათ სიკვდილით დასჯიან. უფალი მოახდენს ისე, რომ მათ ტვირთი მსუბუქად მოეჩვენებათ. იგი მათ მონობიდან გამოიხსნის და ისინი დაბრუნდებიან ზარაჰემლას მიწაზე. დაახლოებით 145–120 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ამულონმა ლამანიელთა მეფის თვალში კეთილგანწყობა მოიპოვა და ამიტომ, ლამანიელთა მეფემ ნება დართო მას და მის ძმებს, რომ მასწავლებლებად დანიშნულიყვნენ მის ხალხზედ, დიახ, იმ ხალხზედ, რომელიც იყო შემლონის მიწაზე, შილომის მიწაზე და ამულონის მიწაზე.

2 რადგან ლამანიელები დაეუფლნენ ყველა ამ მიწას; ამის გამო ლამანიელთა მეფემ დანიშნა ყოველ ამ მიწაზე მეფე.

3 და ახლა, ლამანიელთა მეფის სახელი იყო ლამანი, ეწოდა რა თავისი მამის სახელი და ამიტომ, მას ეწოდა მეფე ლამანი; და ის იყო უთვალავი ხალხის მეფე.

4 და მან დანიშნა მასწავლებლები ამულონის ძმათაგან ყოველ მიწაზე, რომელიც იყო მისი ხალხის მფლობელობაში; და ამგვარად, ნეფის ენის სწავლება დაიწყეს ლამანიელთა მთელს ხალხს შორის.

5 და ისინი ერთმანეთის მიმართ იყვნენ მეგობრულად განწყობილი ხალხი; მიუხედავად ამისა, ისინი არ სცნობდნენ ღმერთს; დიახ, ამულონის ძმები მათ არაფერს არ ასწავლიდნენ, რაც ეხებოდა უფალს, მათ ღმერთს, არც მოსეს რჯულს, არც აბინადის სიტყვებს არ ასწავლიდნენ;

6 მაგრამ ასწავლიდნენ, რომ თავიანთი ჩანაწერები შეენახათ, რათა ერთმანეთისთვის მიეწერათ.

7 და ამგვარად, ლამანიელებმა დაიწყეს სიმდიდრის დაგროვება და დაიწყეს ერთმანეთში ვაჭრობა და გაძლიერება; და დაიწყეს მზაკვარ და ბრძენ ხალხად ქცევა, ამა ქვეყნის სიბრძნის მიხედვით, დიახ, მზაკვარი, ცბიერი ხალხი, ტკბებოდნენ რა ყოველგვარი სიბოროტითა და ძარცვით, მხოლოდ არა თავიანთ ძმებს შორის.

8 და ახლა, იყო ასე, რომ ამულონმა დაიწყო თავისი უფლებამოსილების გამოყენება ალმაზე და მის ძმებზე; და დაიწყო მისი დევნა და გამოიწვია ის, რომ მისი შვილები დევნიდნენ მათ შვილებს.

9 რადგან ამულონი იცნობდა ალმას, რომ ის იყო მეფის ერთ-ერთი მღვდელთაგანი და იყო ის, ვინც აბინადის სიტყვები იწამა და განდევნილ იქნა მეფის მიერ; ამიტომ, ის განრისხებული იყო მასზე, რადგან თავად ემორჩილებოდა მეფე ლამანს, მაგრამ მაინც, ის იყენებდა მათზე უფლებამოსილებას და ავალებდა სამუშაოებს და ზედამხედველებს აყენებდა მათზედ.

10 და იყო ასე, რომ მათი გაჭირვება იმდენად დიდი იყო, რომ დაიწყეს ღმერთისადმი ძლიერად ღაღადი.

11 და ამულონმა უბრძანა, რომ უნდა შეეწყვიტათ ღაღადი; და მათ დაუყენა მცველები, რომ ეთვალთვალათ მათთვის, რომ მოეკლათ ნებისმიერი, ვისაც ღმერთისადმი ღაღადში შენიშნავდნენ.

12 ალმამ და მისმა ხალხმა არ აღიმაღლეს ხმა უფლისადმი, მაგრამ გულს უღვრიდნენ მას და მან იცოდა მათი გულის ფიქრები.

13 და იყო ასე, რომ უფლის ხმა მოევლინათ მათ თავიანთ გაჭირვებისას, სიტყვებით: აწიეთ თავი და დამშვიდდით, რადგან მე ვიცი იმ აღთქმის შესახებ, რომელიც თქვენ ჩემთან დადეთ; და მე დავდებ ჩემს ხალხთან აღთქმას და მონობიდან გამოვიხსნი მათ.

14 და მე ასევე შეგიმსუბუქებთ ტვირთს, რომელიც მხრებზე გაწევთ, რომ თქვენ ვერც იგრძნობთ მას მხრებზე, მაშინაც კი, როდესაც მონობაში ხართ; და ამას გავაკეთებ, რომ ამიერიდან იყოთ ჩემი მოწმენი და რათა ნამდვილად იცოდეთ, რომ მე, უფალი ღმერთი, ვეწვევი ჩემს ხალხს მათი გაჭირვების ჟამს.

15 და ახლა, ეს იყო ასე, რომ ტვირთი, რომლითაც იყო დამძიმებული ალმა და მისი ძმები, შემსუბუქდა, დიახ, უფალმა ისინი ძლიერები გახადა, რომ მათ ადვილად ეტარებინათ თავიანთი ტვირთი და ისინი სიხარულით და მოთმინებით დაემორჩილნენ უფლის სრულ ნებას.

16 და იყო ასე, რომ იმდენად დიდი იყო მათი რწმენა და მოთმინება, რომ უფლის ხმა კვლავ მოევლინათ სიტყვებით: დამშვიდდით, რადგან ხვალ მონობიდან გამოგიხსნით.

17 და მან უთხრა ალმას: შენ წახვალ ამ ხალხის წინ და მე შენთან ერთად წამოვალ და ამ ხალხს მონობიდან გამოვიხსნი.

18 ახლა, იყო ასე, რომ ალმამ და მისმა ხალხმა, ღამის ჟამს, შეაგროვეს თავიანთი ფარები ერთად და ასევე თავიანთი ხორბალი; დიახ, მთელი ღამე აგროვებდნენ თავიანთ ფარებს.

19 და დილით უფალმა ღრმა ძილი მოჰგვარა ლამანიელებს; დიახ, და ყველა მათი ზედამხედველი იყო ღრმა ძილში.

20 და ალმა და მისი ხალხი წავიდნენ უდაბნოში; და როდესაც იმოგზაურეს მთელი დღე, გაშალეს კარვები ველზე და უწოდეს ამ ველს ალმა, რადგან იგი მიუძღვოდა მათ წინ უდაბნოში.

21 დიახ, და ველზე მათ გადმოაფრქვიეს თავიანთი მადლობები ღმერთისადმი, რადგან ის იყო მოწყალე მათ მიმართ და შეუმსუბუქა ტვირთი და მონობიდან გამოიხსნა, ვინაიდან ისინი იყვნენ მონობაში და ვერავინ ვერ გამოიხსნიდა მათ უფლის, მათი ღმერთის გარდა.

22 და მათ მადლობა შესწირეს ღმერთს, დიახ, მათმა ყველა კაცმა და მათმა ყველა ქალმა და მათმა ყველა ბავშვმა, რომლებსაც ლაპარაკი შეეძლოთ, აღიმაღლეს ხმა თავიანთი ღმერთის სადიდებლად.

23 და ახლა უფალმა უთხრა ალმას: იჩქარე და ამ ხალხთან ერთად გამოდი ამ მიწიდან, რადგან ლამანიელებმა გამოიღვიძეს და უკან მოგდევენ; ამიტომ, გადი ამ მიწიდან და მე გავაჩერებ ლამანიელებს ამ ველზე, რომ ისინი მეტს ვეღარ ივლიან ამ ხალხის უკან მისადევნად.

24 და იყო ასე, რომ ისინი გამოვიდნენ ველიდან და გაემართნენ უდაბნოსკენ.

25 და მას შემდეგ, რაც უდაბნოში გაატარეს თორმეტი დღე, მათ მიაღწიეს ზარაჰემლას მიწას; და მეფე მოსიამ ისინი სიხარულით მიიღო.