წმინდა წერილი
მოსია 20


თავი 20

ლამანიელთა ზოგიერთ ქალიშვილს იტაცებენ ნოეს მღვდლები. ლამანიელები ეომებიან ლიმხისა და მის ხალხს. ლამანიელთა ჯარები არიან უკუგდებულნი და დაშოშმინებულნი. დაახლოებით 145–123 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, შემლონში იყო ადგილი, სადაც ლამანიელთა ქალიშვილები იკრიბებოდნენ სიმღერის, ცეკვისა და მხიარულებისთვის.

2 და იყო ასე, რომ ერთ დღეს რამდენიმე მათგანი ერთად შეიკრიბა, რათა ემღერათ და ეცეკვათ.

3 და ახლა, მეფე ნოეს მღვდლებს, რცხვენოდათ რა ნეფის ქალაქში დაბრუნება, დიახ, და ასევე ეშინოდათ, რომ ხალხი მათ დახოცავდა, ამიტომ ვერ ბედავდნენ უკან დაბრუნებას თავიანთ ცოლებთან და შვილებთან.

4 და დარჩნენ რა უდაბნოში და აღმოაჩინეს რა ლამანიელთა ქალიშვილები, ისინი ჩაწვნენ და დაუწყეს მათ თვალთვალი;

5 და როდესაც იქ სულ რამდენიმე საცეკვაოდ შეკრებილი იყო, ისინი გამოვიდნენ თავიანთი სამალავიდან და შეიპყრეს ისინი და წაიყვანეს უდაბნოში; დიახ, ლამანიელთა ოცდაოთხი ქალიშვილი მათ უდაბნოში წაიყვანეს.

6 და იყო ასე, როდესაც ლამანიელებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ქალიშვილები დაკარგულიყვნენ, ისინი განრისხდნენ ლიმხის ხალხზე, რადგან იფიქრეს, რომ ეს ლიმხის ხალხის ჩადენილი იყო.

7 ამიტომ, მათ გამოაგზავნეს თავიანთი ჯარები, დიახ, თავად მეფეც კი მიდიოდა თავისი ხალხის წინ; და ისინი წავიდნენ ნეფის მიწაზე, რათა გაენადგურებინათ ლიმხის ხალხი.

8 და ახლა, ლიმხიმ კოშკიდან შენიშნა ისინი, მან მათი ომისთვის მზადებაც კი შენიშნა, ამიტომ, ერთად შეკრიბა თავისი ხალხი და ჩაუსაფრდა მათ მინდვრებსა და ტყეებში.

9 და იყო ასე, რომ როდესაც მოვიდნენ ლამანიელები, ლიმხის ხალხი თავს დაესხა მათ თავიანთი სამალავებიდან და დაუწყეს მათ ხოცვა.

10 და იყო ასე, რომ ბრძოლა გახდა მეტისმეტად სასტიკი, რადგან ისინი ისე იბრძოდნენ, როგორც ლომები თავიანთი ნადავლისათვის.

11 და იყო ასე, რომ ლიმხის ხალხმა დაიწყო ლამანიელთა წინ გარეკვა; თუმცა ისინი რაოდენობრივად ლამანიელთა ნახევარიც კი არ იყვნენ. მაგრამ იბრძოდნენ თავიანთი სიცოცხლისათვის და თავიანთი ცოლებისა და შვილებისათვის; ამიტომ, აღზევდნენ და ურჩხულებივით იბრძოდნენ.

12 და იყო ასე, რომ მათ იპოვეს ლამანიელთა მეფე თავიანთ დახოცილთა შორის; მაგრამ იგი არ იყო მკვდარი, ეგდო დაჭრილი მიწაზე და მიტოვებული. ასეთი სწრაფი იყო მისი ხალხის უკან დახევა.

13 და მათ აიყვანეს იგი და შეუხვიეს ჭრილობები და მოუყვანეს ლიმხის და თქვეს: აჰა, ეს არის ლამანიელთა მეფე; იყო რა დაჭრილი და მათ დახოცილთა შორის დაგდებული და მათ მიატოვეს იგი; და აჰა, ჩვენ ის მოგიყვანეთ; და ახლა მოდით მოვკლათ იგი.

14 მაგრამ ლიმხიმ მათ უთხრა: თქვენ მას არ მოკლავთ, არამედ აქ მოიყვანთ, რათა ვიხილო იგი. და მათ ის მოიყვანეს. და ლიმხიმ მას უთხრა: რა გაიძულებთ, რომ მოდიხართ ჩემი ხალხის წინააღმდეგ საომრად? აჰა, ჩემს ხალხს არ დაურღვევია ფიცი, რომელიც მე თქვენ მოგეცით; მაშინ, რატომ დაარღვიეთ ფიცი, რომელიც ჩემს ხალხს მიეცით?

15 და ახლა, მეფემ მიუგო: მე ფიცი დავარღვიე, რადგან შენმა ხალხმა გაიტაცა ჩემი ხალხის ქალიშვილები, ამიტომ, რისხვისას ვბრძანე, რომ ჩემი ხალხი მოსულიყო შენი ხალხის წინააღმდეგ საომრად.

16 და ახლა, ლიმხის არაფერი სმენია ამის შესახებ, ამიტომ მან თქვა: მე დავიწყებ ჩემს ხალხს შორის ძებნას და ვინც ეს ჩაიდინა – დაიღუპება. ამიტომ, მან ბრძანა, რომ მის ხალხს შორის ძებნა დაწყებულიყო.

17 ახლა, როდესაც ეს ყველაფერი მოისმინა გიდეონმა, იყო რა მეფის მთავარსარდალი, წინ გამოვიდა და მეფეს უთხრა: მე გთხოვ, თავი შეიკავო და არ ეძებო ამ ხალხს შორის და არ წაუყენო მათ ყოველივე ამის ბრალი.

18 რადგან, ნუთუ არ გახსოვს მამაშენის მღვდლები, რომელთა განადგურებასაც ცდილობდა ეს ხალხი? განა ისინი უდაბნოში არ არიან? და განა მათ არ მოიტაცეს ლამანიელთა ქალიშვილები?

19 და ახლა, აჰა, უთხარი მეფეს ეს ყველაფერი, რომ მან უთხრას თავის ხალხს, რომ ისინი დაშოშმინდნენ ჩვენს მიმართ; რადგან, აჰა, ისინი უკვე ემზადებიან ჩვენს წინააღმდეგ გამოსასვლელად; და აჰა, ჩვენ სულ ცოტანი ვართ.

20 და აჰა, ისინი მოდიან თავიანთი ურიცხვი ლაშქარით და მეფე თუ არ დააშოშმინებს მათ ჩვენ მიმართ, ჩვენ აუცილებლად დავიღუპებით.

21 რადგან, ნუთუ არ ახდა აბინადის სიტყვები, რომელიც ჩვენ საწინააღმდეგოდ წინასწარმეტყველებდა – და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ გვინდოდა ყური დაგვეგდო უფლის სიტყვებისათვის და ზურგი გვექცია ჩვენი ურჯულოებისთვის.

22 და ახლა, მოდით, დავაშოშმინოთ მეფე და შევასრულოთ ფიცი, რომელიც მას მივეცით, რადგან ჩვენი სიცოცხლის დაკარგვას სჯობია მონობაში ვიყოთ; ამიტომ, მოდით ბოლო მოვუღოთ ამდენ სისხლისღვრას.

23 და ახლა, ლიმხიმ უთხრა მეფეს ყველაფერი მისი მამის შესახებ და მღვდლებზე, რომლებიც უდაბნოში გაიქცნენ და მათ დასდო ბრალი მათი ქალიშვილების გატაცებაში.

24 და იყო ასე, რომ მეფე დაშოშმინდა მისი ხალხის მიმართ და მათ უთხრა: მოდით, უიარაღოდ წავიდეთ ჩემი ხალხის შესახვედრად; და საფიცარით ვფიცავ თქვენ წინაშე, რომ ჩემი ხალხი აღარ დახოცავს შენს ხალხს.

25 და იყო ასე, რომ ისინი მეფეს გაჰყვნენ და უიარაღოდ გამოვიდნენ ლამანიელთა შესახვედრად. და იყო ასე, რომ ისინი შეხვდნენ ლამანიელებს და ლამანიელთა მეფემ ქედი მოიხარა მათ წინაშე და შეევედრა, შეეწყალებინა ლიმხის ხალხი.

26 და როდესაც ლამანიელებმა იხილეს, რომ ლიმხის ხალხი იყო იარაღის გარეშე, შეიბრალეს ისინი და მათ მიმართ დაშოშმინდნენ და თავიანთ მეფესთან ერთად მშვიდობით დაბრუნდნენ საკუთარ მიწაზე.