წმინდა წერილი
მოსია 16


თავი 16

ღმერთი გამოისყიდის ადამიანებს მათი დაკარგული და დაცემული მდგომარეობიდან. ისინი, რომლებიც ხორციელნი არიან, რჩებიან ისე, თითქოს არც ყოფილა გამოსყიდვა. ქრისტე ახორციელებს აღდგომას უსასრულო სიცოცხლის ან უსასრულო წყევლისაკენ. დაახლოებით 148 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც აბინადიმ თქვა ეს სიტყვები, გაიწოდა ხელი და თქვა: დადგება დრო, როდესაც ყველა იხილავს უფლის ხსნას, როდესაც ყოველი ერი, ტომი, ენა და ხალხი იხილავს თავისი თვალით და აღიარებს ღმერთის წინაშე, რომ სასჯელი მისი არის სამართლიანი.

2 და მაშინ ბოროტნი იქნებიან გაძევებულნი და მათ ექნებათ კვნესის, ტირილის, გოდებისა და კბილების ღრჭიალის მიზეზი; და ეს იმის გამო, რომ უფლის ხმას არ უგდებდნენ ყურს; ამიტომ, უფალი მათ არ გამოისყიდის.

3 რადგან ისინი არიან ხორციელნი და ეშმაკისეულნი; და ეშმაკს აქვს ძალა მათზედ; დიახ, იმ ძველ გველს, რომელმაც შეაცდინა ჩვენი პირველი მშობლები, რამაც გამოიწვია მათი დაცემა, რამაც გამოიწვია ის, რომ მთელი კაცობრიობა გახდა ხორციელი, ავხორცი და ეშმაკისეული, კეთილის ბოროტისაგან მცოდნე და ექვემდებარებიან ეშმაკს.

4 ამგვარად დაიკარგა მთელი კაცობრიობა და აჰა, ის იქნებოდა უსასრულოდ დაკარგული, რომ ღმერთს არ გამოესყიდა თავისი ხალხი მათი დაკარგული და დაცემული მდგომარეობიდან.

5 მაგრამ გახსოვდეთ: ის, რომელიც დაჟინებით რჩება თავის ხორციელ ბუნებაში და აგრძელებს ცოდვისა და ღმერთის წინააღმდეგ ჯანყის გზებით სვლას, რჩება საკუთარ დაცემულ მდგომარეობაში და ეშმაკს მასზე აქვს სრული ძალა. ამიტომ, მისთვის თითქოს არც ყოფილა გამოსყიდვა, არის რა ღმერთის მტერი და ასევე ეშმაკიც არის ღმერთის მტერი.

6 და ახლა ქრისტე რომ არ მოსულიყო ამქვეყნად, ვსაუბრობ რა მომავალზე, როგორც უკვე მომხდარზე, არ იქნებოდა გამოსყიდვა.

7 და ქრისტე რომ არ აღმსდგარიყო მკვდრეთით ან არ დაემსხვრია სიკვდილის ბორკილები, რათა საფლავს არ გაემარჯვებინა და სიკვდილს არ ჰქონოდა ნესტარი, მაშინ აღდგომაც ვერ მოხდებოდა.

8 მაგრამ აღდგომა არის, ამიტომ საფლავმა ვერ გაიმარჯვა და ქრისტეში შთაინთქა სიკვდილის ნესტარი.

9 იგი არის ამაქვეყნის სინათლე და სიცოცხლე; დიახ, სინათლე, რომელიც უსასრულოა, რომელიც ვერასდროს ვერ ჩაქრება; დიახ, ასევე სიცოცხლე, რომელიც უსასრულოა, ასე რომ, ვეღარ იქნება სიკვდილი.

10 ეს მოკვდავიც კი შეიმოსება უკვდავებით, ეს ხრწნადი შეიმოსება უხრწნელობით და მიყვანილ იქნება, რათა წარსდგეს ღმერთის სამსჯავროს წინაშე, რომ განკითხულ იქნას მის მიერ, თავიანთი საქმეების შესაბამისად, იყოს ისინი კეთილი თუ ბოროტი –

11 და თუ ისინი იქნება კეთილი – უსასრულო სიცოცხლისა და ბედნიერების აღდგომისაკენ; და თუ ისინი იქნება ბოროტი – უსასრულო წყევლის აღდგომისაკენ და გადაეცემიან ეშმაკს, რომელმაც ისინი დაიმორჩილა, რაც არის წყევლა –

12 რადგან წავიდნენ საკუთარი ხორციელი ნებისა და სურვილების შესაბამისად; არასდროს არ შესთხოვეს უფალს, როდესაც მოწყალების ხელი გაწვდილი იყო მათკენ; რადგან წყალობის ხელი გაწვდილი იყო მათკენ, მაგრამ მათ უარი თქვეს; ისინი გააფრთხილეს თავიანთ ურჯულოებაზე და მაინც არ ისურვეს მათი დათმობა; და მათ ებრძანათ, რომ მოენანიებინათ, მაგრამ მათ არ ისურვეს მონანიება.

13 და ახლა, ნუთუ არ უნდა კანკალებდეთ და ინანიებდეთ თქვენს ცოდვებს და გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ქრისტეში და ქრისტეს მეშვეობით შეგიძლიათ გადარჩენა?

14 ამიტომ, თუ ასწავლით მოსეს რჯულს, ასევე ასწავლეთ, რომ ის არის აჩრდილი იმისა, რაც უნდა მოვიდეს –

15 ასწავლეთ მათ, რომ გამოსყიდვა მოდის უფალი ქრისტეს მეშვეობით, რომელიც არის ჭეშმარიტი მარადიული მამა. ამინ.