წმინდა წერილი
მოსია 15


თავი 15

როგორ არის ქრისტე მამაც და ძეც. ის უწევს შუამდგომლობას და იტვირთავს თავისი ხალხის შეცოდებებს. ისინი და ყველა წმინდა წინასწარმეტყველი არიან მისი შთამომავლები. ის ახორციელებს აღდგომას. პატარა ბავშვებს მარადიული სიცოცხლე აქვთ. დაახლოებით 148 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, აბინადიმ მათ უთხრა: მე მინდა თქვენ გაიგოთ, რომ ღმერთი თავად ჩამოვა ადამიანთა შვილებს შორის და გამოისყიდის თავის ხალხს.

2 და იმის გამო, რომ იქნება ხორციელი, ის წოდებული იქნება ღმერთის ძედ; და რადგან მამის ნებას დაუმორჩილებს ხორცს, არის რა მამაც და ძეც –

3 მამა, რადგან ჩასახულ იქნა ღვთის ძალით; და ძე, ხორცის გამო; ამგვარად, ის გახდა მამაც და ძეც –

4 და ისინი არიან ერთი ღმერთი, დიახ, მარადიული მამა ზეცისა და დედამიწის.

5 ამგვარად, ხორცი სულს ემორჩილება ანუ ძე – მამას, არის რა ღმერთი ერთი, იტანს ცდუნებას და არ უთმობს იმ ცდუნებას, მაგრამ იტანს თავის დაცინვას, მათრახით ცემას და თავის ხალხისაგან გაძევებასა და უარყოფას.

6 და ყოველივე ამის შემდეგ და ადამიანთა შვილებს შორის ამდენი დიდი სასწაულის მოხდენის შემდეგ, მას წაიყვანენ, დიახ, ისე, როგორც თქვა ესაიამ, როგორც ცხვარს, დადუმებულს მპარსველის წინაშე, ასევე მას არ გაუხსნია ბაგე.

7 დიახ, ასეც წაიყვანენ, ჯვარს აცვამენ და მოკლავენ, ხორცი სიკვდილს დაემორჩილება, ძის ნებას კი მამის ნება შთანთქავს.

8 ამგვარად, ღმერთი ამსხვრევს სიკვდილის ბორკილებს, იმარჯვებს რა სიკვდილზე; ძალას აძლევს ძეს, რათა გაუწიოს შუამდგომლობა ადამიანთა შვილებს –

9 ზეცაში ამაღლებული, აქვს რა წყალობის წიაღი; აღვსილია სიბრალულით ადამიანთა შვილების მიმართ; დგას მათსა და სამართალს შუა; დაამსხვრია რა სიკვდილის ბორკილები, აიღო თავის თავზე მათი ურჯულოება და შეცოდებანი, გამოისყიდა რა ისინი და დააკმაყოფილა სამართლის მოთხოვნილებანი.

10 და ახლა, მე გეუბნებით, ვინ აუწყებს მისი მოდგმის შესახებ? აჰა, მე გეუბნებით, რომ როდესაც მისი სული ცოდვის მსხვერპლად შეიწირება, ის იხილავს თავის შთამომავლობას. და ახლა, თქვენ რას იტყვით? და ვინ იქნება მისი შთამომავალი?

11 აჰა, მე თქვენ გეუბნებით: ყოველმა, ვინც მოისმინა წინასწარმეტყველების სიტყვები, დიახ, ყველა წმინდა წინასწარმეტყველის, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ უფლის მოსვლაზე, მე გეუბნებით, რომ ყველამ, ვინც ყური დაუგდო მათ სიტყვებს და იწამა, რომ უფალი გამოისყიდიდა თავის ხალხს და მოელოდნენ იმ დღეს თავიანთი ცოდვების მიტევებისათვის, გეუბნებით, რომ ესენი არიან მისი შთამომავლები ანუ ისინი არიან ღვთის სასუფევლის მემკვიდრენი.

12 რადგან ესენი არიან, ვისი ცოდვებიც მან იტვირთა; ესენი არიან, რომლებისთვისაც ის მოკვდა, რათა გამოესყიდა ისინი თავიანთი შეცოდებებისაგან. და ახლა, ნუთუ არ არიან ისინი მისი შთამომავლები?

13 დიახ, ნუთუ არ არიან წინასწარმეტყველნი მისი შთამომავლები, ყველა, ვინც გახსნეს ბაგე, რათა ეწინასწარმეტყველებინათ, ვინც არ ჩავარდა შეცოდებაში, მე ვგულისხმობ ყველა წმინდა წინასწარმეტყველს ქვეყნის დასაბამიდან? მე გეუბნებით, რომ ისინი არიან მისი შთამომავლები.

14 და ესენი არიან, რომლებმაც აუწყეს მშვიდობა, რომლებმაც მოიტანეს კეთილი ამბები, რომლებმაც აუწყეს ხსნა; და უთხრეს სიონს: მეფობს შენი ღმერთი!

15 და რა მშვენიერი იყო მთებზე მათი ფეხი!

16 და კვლავ, რა მშვენიერია მთებზე მათი ფეხი, რომლებიც ჯერ კიდევ აუწყებენ მშვიდობას!

17 და კვლავ, რა მშვენიერია მთებზე მათი ფეხი, რომლებიც მომავალშიც აუწყებენ მშვიდობას, დიახ, ამიერიდან სამარადისოდ!

18 და აჰა, მე გეუბნებით, ეს არ არის ყველაფერი, რადგან რა მშვენიერია მთებზე მისი ფეხი, რომელსაც მოაქვს კეთილი ამბები, რომელიც არის მშვიდობის მქმნელი, დიახ, თვით უფალი, რომელმაც გამოისყიდა თავისი ხალხი; დიახ, იგი, რომელმაც თავის ხალხს ხსნა აჩუქა.

19 რადგან, რომ არა გამოსყიდვა, რომელიც მან თავისი ხალხისთვის ჩაიდინა, რომელიც მომზადებული იყო ქვეყნის დასაბამიდან, მე გეუბნებით: ეს რომ არა, მთელი კაცობრიობა უნდა დაღუპულიყო.

20 მაგრამ, აჰა, სიკვდილის ბორკილები იქნება დამსხვრეული და ძე მეფობს და აქვს ძალა მკვდრებზედ; ამიტომ, ის ახდენს მკვდართა აღდგომას.

21 და მოდის აღდგომა, პირველი აღდგომა; დიახ, მათი აღდგომა, რომლებიც იყვნენ, არიან და იქნებიან, ქრისტეს აღდგომამდე, რადგან ასე ერქმევა მას.

22 და ახლა, ყველა წინასწარმეტყველთა აღდგომა და ყველასი, ვინც იწამა მათი სიტყვები ანუ ყველანი, რომლებიც იცავდნენ ღვთის მცნებებს, გამოვლენ პირველ აღდგომაში; ამიტომ, ისინი არიან პირველი აღდგომა.

23 ისინი აღდგებიან, რომ იცხოვრონ ღმერთთან, რომელმაც ისინი გამოისყიდა; ამგვარად, მათ აქვთ მარადიული სიცოცხლე ქრისტეს მეშვეობით, რომელმაც დაამსხვრია სიკვდილის ბორკილები.

24 და ესენი არიან, ვინც მონაწილეობენ პირველ აღდგომაში; და ესენი არიან, რომლებიც გარდაიცვალნენ ქრისტეს მოსვლამდე, თავიანთ უმეცრებაში, რომლებსაც არ ეუწყათ ხსნის შესახებ. და ამგვარად, უფალი ახდენს მათ აღდგენას და ისინი მონაწილეობენ პირველ აღდგომაში ანუ აქვთ მარადიული სიცოცხლე, არიან რა უფლისგან გამოსყიდულნი.

25 და პატარა ბავშვებსაც აქვთ მარადიული სიცოცხლე.

26 მაგრამ, აჰა, გეშინოდეთ და კანკალებდეთ ღმერთის წინაშე, რადგან უნდა გაკანკალებდეთ; რადგან უფალი არ გამოისყიდის მათ, რომლებიც მის წინააღმდეგ ჯანყდებიან და კვდებიან თავიანთ ცოდვებში; დიახ, ყველანი, რომლებიც დაიღუპნენ თავიანთ ცოდვებში ქვეყნის დასაბამიდან, რომლებიც შეგნებულად აჯანყდნენ ღმერთის წინააღმდეგ, რომლებმაც იცოდნენ ღმერთის მცნებები და არ იცავდნენ მათ, ესენი არიან, რომლებიც არ მონაწილეობენ პირველ აღდგომაში.

27 ამიტომ, ნუთუ არ უნდა გაკანკალებდეთ? რადგან არცერთი მათგანისთვის ხსნა არ მოდის; რადგან არცერთი ასეთი უფალს არ გამოუსყიდია; დიახ, და არც შეუძლია უფალს გამოისყიდოს ასეთი; რადგან არ შეუძლია უარყოს საკუთარი თავი; რადგან არ შეუძლია უარყოს სამართალი, როდესაც იგი თავისას ითხოვს.

28 და ახლა, მე გეუბნებით, რომ დრო დადგება, როდესაც უფლის ხსნა გამოეცხადება ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს.

29 დიახ, უფალო, შენი გუშაგები აიმაღლებენ ხმას; ერთად იმღერებენ; რადგან თავისი თვალით დაინახავენ, როდესაც უფალი კვლავ აღადგენს სიონს.

30 მხიარულად შემოსძახეთ, ერთად იმღერეთ, თქვენ, იერუსალიმის გაპარტახებულო ადგილებო; რადგან უფალმა ანუგეშა თავისი ხალხი, მან იერუსალიმი გამოისყიდა.

31 გაიშიშვლა უფალმა წმინდა მკლავი ყველა ერის თვალწინ და დედამიწის ყველა კიდე იხილავს ჩვენი ღმერთის ხსნას.