წმინდა წერილი
მოსია 19


თავი 19

გიდეონი ცდილობს მეფე ნოეს მოკვლას. ლამანიელები შემოესევიან მიწას. მეფე ნოე ცეცხლით კვდება. ლიმხი მმართველობს მოხარკე მეფესავით. დაახლოებით 145–121 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ მეფის ჯარი უფლის ხალხის ამაოდ ძებნის შემდეგ უკან დაბრუნდა.

2 და ახლა, აჰა, მეფის ჯარი იყო მცირერიცხოვანი, რადგან იყო შემცირებული და დარჩენილ ხალხს შორის დაიწყო განხეთქილება.

3 და მცირე ნაწილმა, მეფის წინააღმდეგ დაიწყო მუქარის გადმოფრქვევა და მათ შორის დაიწყო დიდი განხეთქილება.

4 და ახლა, მათ შორის იყო ადამიანი, რომელსაც ერქვა გიდეონი და ის იყო ძლიერი ადამიანი და მეფის მტერი, ამიტომ, ამოიღო თავისი მახვილი და მრისხანებაში დაიფიცა, რომ მეფეს მოკლავდა.

5 და იყო ასე, რომ ის შეებრძოლა მეფეს; და როდესაც მეფემ იხილა, რომ ის თითქმის დაძლეულ იქნა, იგი გაიქცა და ავიდა ტაძართან ახლოს მდებარე კოშკში.

6 და გიდეონი უკან გამოედევნა და თითქმის ავიდა კოშკში მეფის მოსაკლავად და მეფემ თვალი მიაპყრო შემლონის მიწას და აჰა, ლამანიელთა ჯარი უკვე მიწის საზღვრებში იყო.

7 და ახლა, მეფემ თავისი სულის ტანჯვაში, წამოიძახა: გიდეონ, შემინდე, რადგან ლამანიელები მოდიან ჩვენზედ და ისინი გაგვანადგურებენ; დიახ, გაანადგურებენ ჩემს ხალხს.

8 და მეფე იმდენად არ ზრუნავდა თავის ხალხზე, როგორც საკუთარ სიცოცხლეზე; მიუხედავად ამისა, გიდეონმა დაინდო მისი სიცოცხლე.

9 და მეფემ უბრძანა ხალხს, რომ ლამანიელებისაგან გაქცეულიყვნენ, თვითონ მათ წინ წავიდა და ისინი გაიქცნენ უდაბნოში, თავიანთი ქალებითა და ბავშვებით.

10 და იყო ასე, რომ ლამანიელები მათ გამოედევნენ და დაეწივნენ და დაიწყეს მათი ხოცვა.

11 ახლა, იყო ასე, რომ მეფემ უბრძანა მათ, რომ ყოველ კაცს მიეტოვებინა ცოლი და შვილები და გაქცეულიყვნენ ლამანიელთაგან.

12 ახლა, იყვნენ ბევრნი, რომლებმაც არ მიატოვეს ისინი, არამედ არჩიეს დარჩენილიყვნენ და მათთან ერთად დაღუპულიყვნენ. და დანარჩენებმა მიატოვეს თავიანთი ცოლები და შვილები და გაიქცნენ.

13 და იყო ასე, რომ მათ, ვინც დარჩნენ თავიანთ ცოლებთან და შვილებთან, მოახდინეს ისე, რომ მათი ლამაზი ქალიშვილები წინ დადგნენ და შეევედრნენ ლამანიელებს, რომ მათ არ დაეხოცათ ისინი.

14 და იყო ასე, რომ ლამანიელებმა იქონიეს სიბრალული მათზედ, რადგან მოიხიბლნენ მათ ქალთა სილამაზით.

15 ამიტომ, ლამანიელებმა შეინდეს მათი სიცოცხლე, ტყვედ აიყვანეს და უკან ნეფის მიწაზე წაიყვანეს და ნება დართეს, დაუფლებოდნენ იმ მიწას, იმ პირობით, რომ ლამანიელთა ხელში ჩააბარებდნენ მეფე ნოეს და მისცემდნენ თავიანთ ქონებას, ყველაფრის ნახევარსაც კი, რაც მათ ჰქონდათ, თავიანთი ოქროსა და ვერცხლის და მათი ყველა ძვირფასი ნივთების ნახევარს; და ამგვარად, მათ უნდა ეხადათ ლამანიელთა მეფისთვის ხარკი, წლიდან წლამდე.

16 და ახლა, დატყვევებულთა შორის იყო მეფის ერთი შვილი, რომელსაც ერქვა ლიმხი.

17 და ახლა, ლიმხის სურდა, რომ მამამისი არ განადგურებულიყო; მიუხედავად ამისა, ლიმხიმ იცოდა მამამისის ურჯულოების შესახებ, თავად კი პატიოსანი კაცი იყო.

18 და იყო ასე, რომ გიდეონმა ფარულად გაუშვა კაცები უდაბნოში, რომ მოეძებნათ მეფე და ისინი, ვინც მასთან იყვნენ. და იყო ასე, რომ ისინი უდაბნოში წააწყდნენ ხალხს, ყველას, გარდა მეფისა და მისი მღვდლების.

19 ახლა, მათ გულში დაიფიცეს, რომ დაბრუნდებოდნენ ნეფის მიწაზე და თუ მათი ცოლები და შვილები და ისინი, ვინც მათთან ერთად დარჩნენ, იქნებოდნენ დახოცილნი, მაშინ შურს იძიებდნენ და მათთან ერთად დაიღუპებოდნენ.

20 და მეფემ უბრძანა მათ, რომ არ დაბრუნებულიყვნენ; და ისინი გაბრაზდნენ მეფეზე და აწამეს, თვით ცეცხლით სიკვდილითაც კი.

21 და ისინი მზად იყვნენ, რომ მღვდლებიც ასევე აეყვანათ და დაეხოცათ და ისინი გაექცნენ მათ.

22 და იყო ასე, რომ ისინი მზად იყვნენ უკან ნეფის მიწაზე დასაბრუნებლად და შეხვდნენ გიდეონის კაცებს. და გიდეონის კაცებმა მათ უთხრეს ყველაფერი, რაც მოუვიდათ მათ ცოლებსა და შვილებს, რომ ლამანიელებმა ნება დართეს, დაუფლებოდნენ იმ მიწას ლამანიელთათვის ხარკის საფასურად, მათი ქონების ყველაფრის ნახევრის გადახდით.

23 და ხალხმა გიდეონის კაცებს უთხრა, რომ მათ მეფე მოკლეს და მისი მღვდლები უდაბნოში უფრო შორს გაიქცნენ.

24 და იყო ასე, რომ როდესაც მათ დაასრულეს ცერემონია, ისინი დაბრუნდნენ ნეფის მიწაზე სიხარულით, რომ მათი ცოლები და შვილები არ იყვნენ დახოცილნი; და მათ გიდეონს მოუყვნენ, თუ რა უქნეს მეფეს.

25 და იყო ასე, რომ ლამანიელთა მეფემ მათთან ფიცი დადო, რომ მისი ხალხი არ დახოცავდა მათ.

26 და ასევე ლიმხი, იყო რა მეფის ძე და ჰქონდა რა მეფობა ხალხის მიერ არჩეული, ფიცი დაუდო ლამანიელთა მეფეს, რომ თავისი ხალხი მას გადაუხდიდა ხარკს, ყველაფრის ნახევარსაც კი, რაც მათ გააჩნდათ.

27 და იყო ასე, რომ ლიმხიმ დაიწყო სამეფოს ჩამოყალიბება და მშვიდობის დამყარება საკუთარ ხალხში.

28 და ლამანიელთა მეფემ დააყენა მცველები მიწის გარშემო, რომ დაეკავებინათ ლიმხის ხალხი იმ მიწაზე, რათა ვერ წასულიყვნენ უდაბნოში და თავის მცველებს ინახავდა იმ ხარკით, რომელსაც იღებდა ნეფიელებისგან.

29 და ახლა, მეფე ლიმხის თავის სამეფოში ჰქონდა უწყვეტი მშვიდობა ორი წლის განმავლობაში, როდესაც ლამანიელები არ აწუხებდნენ მათ და არ ცდილობდნენ მათ განადგურებას.