წმინდა წერილი
მოსია 12


თავი 12

აბინადი დაპატიმრებულია იმისათვის, რომ წინასწარმეტყველებდა ხალხის განადგურებასა და მეფე ნოეს სიკვდილის შესახებ. ცრუ მღვდლებს მოჰყავთ სიტყვები წმინდა წერილებიდან და თავი მოაქვთ, თითქოს მოსეს რჯულს იცავენ. აბინადი იწყებს მათთვის ათი მცნების სწავლებას. დაახლოებით 148 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ორი წლის შემდეგ აბინადი გამოჩნდა მათ შორის შენიღბული, ისე რომ მათ ის ვერ იცნეს და მან დაიწყო მათ შორის წინასწარმეტყველება, სიტყვებით: ასე მიბრძანა მე უფალმა, სიტყვებით: აბინადი, წადი და უწინასწარმეტყველე ამ ჩემს ხალხს, რადგან მათ გაიქვავეს გული ჩემი სიტყვების მიმართ; მათ არ მოინანიეს თავიანთი ბოროტი საქმენი; ამიტომ, მე მათ მოვევლინები რისხვით, დიახ, საშინელი რისხვით მოვევლინები მათ მათსავე ურჯულოებასა და სისაძაგლეში.

2 დიახ, ვარამი ამ თაობას! და უფალმა მითხრა: გაუწოდე ხელი და უწინასწარმეტყველე სიტყვებით: ასე ამბობს უფალი, იქნება ასე, რომ ამ თაობას, საკუთარი ურჯულოების გამო, ჩააგდებენ მონობაში და სახეში სცემენ, დიახ, იქნება ადამიანების მიერ დევნილი და მოკლული; დიახ, ცის ორბები და ძაღლები, დიახ გარეული მხეცები შეჭამენ მათ ხორცს.

3 და იქნება ასე, რომ მეფე ნოეს სიცოცხლის ფასი გაუტოლდება სამოსელს გავარვარებულ ღუმელში; რადგან ის გაიგებს, რომ მე ვარ უფალი.

4 და იქნება ასე, რომ მე განვგმირავ ამ ხალხს მწარე გაჭირვებით, დიახ, შიმშილითა და ჭირით; და ვაიძულებ, რომ იკვნესონ მთელი დღე.

5 დიახ, მე ისე მოვახდენ, რომ მათ ზურგზე ტვირთი ექნებათ მიბმული და მათ გარეკავენ, როგორც უტყვ სახედარს.

6 და იქნება ასე, რომ მე სეტყვას მოვავლენ მათზედ და ის მათ განგმირავს; ასევე მათ განგმირავს აღმოსავლეთის ქარი; და მწერები დაფარავენ მათ მიწას და შეჭამენ მათ ხორბალს.

7 და მოედება მათ დიდი ჭირი. და ამ ყველაფერს გავაკეთებ მათი ურჯულოებისა და სისაძაგლის გამო.

8 და იქნება ასე, რომ თუ არ მოინანიებენ, მე მათ მთლიანად გავანადგურებ დედამიწის ზედაპირიდან; მაგრამ ისინი მაინც დატოვებენ ჩანაწერებს და მე მათ შევინახავ სხვა ერებისათვის, რომლებიც მიწას დაეუფლებიან; დიახ, ამას მე ვიზამ, რათა სხვა ერებს ვაცნობო ამ ხალხის სისაძაგლენი. და მრავალი რამ იწინასწარმეტყველა აბინადიმ ამ ხალხის საწინააღმდეგოდ.

9 და იყო ასე, რომ ისინი მასზე განრისხდნენ; და შეიპყრეს იგი და წარადგინეს მეფის წინაშე შებოჭილი და მეფეს უთხრეს: აჰა, ჩვენ მოგგვარეთ ადამიანი, რომელმაც ცუდი იწინასწარმეტყველა შენს ხალხზე და ამბობს, რომ ღმერთი მათ გაანადგურებს.

10 და იგი ასევე ცუდს წინასწარმეტყველებს შენს სიცოცხლეზე და ამბობს, რომ შენი სიცოცხლე იქნება, როგორც სამოსელი ცეცხლის ღუმელში.

11 და კიდევ, იგი ამბობს, რომ იქნები ღეროსავით, მინდვრის გამხმარი ღეროსავითაც კი, რომელზეც მხეცები გადაირბენენ და ფეხქვეშ გათელავენ.

12 და კიდევ, იგი ამბობს, რომ იქნები, როგორც ბრტყელეკალას ყვავილი, რომელიც, როდესაც ბოლომდე მწიფდება, ქარი დაუბერავს და მიმოიფანტება მიწის პირზე. და იგი თავს ისე აჩვენებს, თითქოს ეს უფალმა თქვა. და იგი ამბობს, რომ ეს ყველაფერი შენზედ მოვა, თუ არ მოინანიებ და ეს შენი ურჯულოების გამო იქნება.

13 და ახლა, მეფეო, განა რა დიდი ბოროტება ჩაიდინე ან რა დიდი ცოდვები ჩაიდინა შენმა ხალხმა, რომ ღმერთის მიერ ვიყოთ მსჯავრდებულნი ან ამ კაცის მიერ განსჯილნი?

14 და ახლა, მეფეო, აჰა, ჩვენ უდანაშაულონი ვართ და შენ, მეფეო, არ შეგიცოდავს; ამიტომ, ეს კაცი ცრუობდა შენზედ და ამაოდ წინასწარმეტყველებდა.

15 და აჰა, ჩვენ ვართ ძლიერნი, ჩვენ მონობაში არ ჩავცვივდებით და არც მტრის მიერ არ ვიქნებით დატყვევებულნი; დიახ, და შენც აყვავდი ამ მიწაზე და კიდევაც აყვავდები.

16 აჰა, აქ არის ეს კაცი, ჩვენ მას გადმოგცემთ; შეგიძლია მოექცე მას, როგორც გენებოს.

17 და იყო ასე, რომ მეფე ნოემ ბრძანა აბინადი საპყრობილეში ჩაეგდოთ და მან ბრძანა, რომ მღვდლები ერთად შეკრებილიყვნენ, რათა მათთან ეთათბირა, თუ რა უნდა ექნათ მისთვის.

18 და იყო ასე, რომ მათ მეფეს უთხრეს: აქ მოიყვანე, რათა მისი დაკითხვა შევძლოთ; და მეფემ ბრძანა, რომ ის მათ წინაშე მოეყვანათ.

19 და მათ დაიწყეს მისი დაკითხვა, რათა ემხილებინათ იგი, რომ ამგვარად რამეში ბრალის დადება შეძლებოდათ; მაგრამ ის მათ პასუხობდა თამამად და უმკლავდებოდა მათ ყოველ შეკითხვას, დიახ, მათ გასაკვირად; რადგან იგი გაუმკლავდა მათ ყოველ შეკითხვას და დაამარცხა მათსავე ყველა სიტყვაში.

20 და იყო ასე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა მას უთხრა: რას ნიშნავს ის სიტყვები, რომლებიც დაწერილია და რასაც ასწავლიდნენ ჩვენი მამები?

21 რა მშვენიერია მთებზე ფეხი იმისა, რომელსაც მოაქვს სასიხარულო ამბები, რომელიც აუწყებს მშვიდობაზე, რომელსაც მოაქვს სასიხარულო ამბები სიკეთისა, რომელიც აუწყებს ხსნას, რომელიც ეუბნება სიონს: მეფობს შენი ღმერთი;

22 შენი გუშაგები აიმაღლებენ ხმას; ერთად იმღერებენ; რადგან თავისი თვალით დაინახავენ, როდესაც უფალი კვლავ აღადგენს სიონს;

23 მხიარულად შემოსძახეთ; ერთად იმღერეთ, თქვენ, იერუსალიმის გაპარტახებულო მოედნებო; რადგან უფალმა ანუგეშა თავისი ხალხი, მან იერუსალიმი გამოისყიდა;

24 გაიშიშვლა უფალმა წმინდა მკლავი ყველა ერის თვალწინ და დედამიწის ყველა კიდე იხილავს ჩვენი ღმერთის ხსნას?

25 და ახლა, აბინადიმ მათ უთხრა: ხართ კი თქვენ მღვდლები, მოგაქვთ თავი, თითქოს ასწავლით ამ ხალხს და გესმით წინასწარმეტყველების სულის და მაინც ჩემგან გსურთ გაიგოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

26 მე გეუბნებით: ვარამი თქვენ იმისათვის, რომ ამრუდებთ უფლის გზებს! ვინაიდან თქვენთვის ეს სიტყვები გასაგებიც რომ ყოფილიყო, თქვენ ისინი არ გისწავლებიათ მათთვის; ამიტომ, თქვენ გაამრუდეთ უფლის გზები.

27 თქვენ არ დაუდეთ გული, რათა გაგეგოთ; ამიტომ, გონიერნი არ იყავით. ამიტომ, რას ასწავლით თქვენ ამ ხალხს?

28 და მათ თქვეს: ჩვენ მოსეს რჯულს ვასწავლით.

29 და კვლავ, მან მათ უთხრა: თუ მოსეს რჯულს ასწავლით, მაშინ რატომ არ იცავთ მას? რატომ მიუძღვენით გული სიმდიდრეს? რატომ მრუშობთ და ხარჯავთ მეძავებთან ძალას, დიახ, და უბიძგებთ ამ ხალხს ცოდვის ჩადენისაკენ, რის გამოც უფალმა მიბრძანა, რომ მეწინასწარმეტყველებინა ამ ხალხის წინააღმდეგ, დიახ, ამ ხალხის წინააღმდეგ დიდ ბოროტებაზეც კი.

30 ნუთუ არ იცით, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ? დიახ, თქვენ იცით, რომ მე სიმართლეს ვლაპარაკობ და თქვენ უნდა იკანკალოთ ღმერთის წინაშე.

31 და იქნება ასე, რომ დაისჯებით თქვენი ურჯულოებისათვის, რადგან თქვენ თქვით, რომ ასწავლით მოსეს რჯულს. და რა იცით მოსეს რჯულის შესახებ? ნუთუ მოდის მოსეს რჯულით ხსნა? რას იტყვით?

32 და მათ უპასუხეს და თქვეს, რომ ხსნა მოსეს რჯულით მოდის.

33 მაგრამ, ახლა, აბინადიმ მათ უთხრა: მე ვიცი, თუ დაიცავთ ღვთის მცნებებს, – გადარჩებით; დიახ, თუ დაიცავთ იმ მცნებებს, რომელნიც უფალმა მისცა მოსეს სინაის მთაზე, სიტყვებით:

34 მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან.

35 არ იყოლიო სხვა ღმერთი ჩემ გარდა.

36 არ შეიქმნა ქანდაკება, არც არანაირი ხატი იმისა, რაც მაღლა ზეცაშია ან რაც დაბლა დედამიწაზეა.

37 ახლა, აბინადიმ მათ უთხრა: შეასრულეთ ეს ყველაფერი? მე თქვენ გეუბნებით – არა, არ შეგისრულებიათ. ასწავლიდით ამ ხალხს, რომ მათ ეს ყველაფერი შეესრულებინათ? მე გეუბნებით – არა, არ გისწავლებიათ.