თავი 17
ალმას სწამს აბინადის სიტყვების და იწერს მათ. აბინადი კვდება ცეცხლით. ის თავის მკვლელებზე სნეულებითა და ცეცხლით სიკვდილს წინასწარმეტყველებს. დაახლოებით 148 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა, ეს იყო ასე, რომ როდესაც აბინადიმ დაასრულა ეს სიტყვები, მეფემ მღვდლებს უბრძანა, წაეყვანათ ის და ისე ექნათ, რომ იგი მომკვდარიყო.
2 მაგრამ მათ შორის იყო ერთი, რომელსაც ერქვა სახელად ალმა, ის ასევე იყო ნეფის შთამომავალი. და ის იყო ახალგაზრდა კაცი და მან იწამა სიტყვები, რომლებიც აბინადიმ ილაპარაკა, რადგან მან იცოდა იმ ურჯულოების შესახებ, რომელზედაც აბინადი მოწმობდა მათ წინააღმდეგ; ამიტომ, მან დაუწყო მეფეს ხვეწნა, რომ ის არ განრისხებულიყო აბინადიზე, არამედ ნება მიეცა, მშვიდობით წასულიყო.
3 მაგრამ მეფე უფრო მეტად განრისხდა და ბრძანა, რომ ალმა გაეძევებინათ თავიანთი გარემოცვიდან და უკან მსახურები გააყოლა, რათა ის მოეკლათ.
4 მაგრამ იგი მათ გაექცა და დაიმალა, რათა ვერ ეპოვათ. და მიმალული იყო რა მრავალი დღის განმავლობაში, ჩაიწერა აბინადის ყოველი სიტყვა, რაც მან ილაპარაკა.
5 და იყო ასე, რომ მეფემ უბრძანა თავის მცველებს, რომ ალყაში მოექციათ აბინადი და შეეპყროთ იგი; და მათ ის შებოჭეს და საპყრობილეში ჩააგდეს.
6 და სამი დღის შემდეგ, თავის მღვდლებთან თათბირის შემდეგ, მან ბრძანა, რომ იგი კვლავ მოეყვანათ მასთან.
7 და მიმართა მას: აბინადი, ჩვენ მოვძებნეთ შენ წინააღმდეგ ბრალდება და შენ ხარ სიკვდილის ღირსი.
8 რადგან შენ თქვი, რომ თავად ღმერთი ჩამოვა ადამიანთა შვილებს შორის; და აი ამის გამო შენ მიეცემი სიკვდილს, თუ არ წაიღებ უკან ყოველ სიტყვას, რომელიც შენ ბოროტად წარმოთქვი ჩემზე და ჩემს ხალხზე.
9 ახლა აბინადიმ მას უთხრა: მე გეუბნებით, უკან არ წავიღებ ჩემს სიტყვებს, რომლებიც გითხარით ამ ხალხზე, რადგან ისინი ჭეშმარიტია; და იმისთვის, რომ გაგეგოთ მათი ჭეშმარიტების შესახებ, მე დავუშვი, რომ ჩავვარდნილიყავი თქვენს ხელში.
10 დიახ, მე სიკვდილამდეც კი გავძლებ და არ წავიღებ ჩემს სიტყვებს უკან; და ისინი იქნება, როგორც დამოწმება თქვენ წინააღმდეგ. და თუ თქვენ მე მომკლავთ, თქვენ დაღვრით უდანაშაულო სისხლს და ესეც ასევე იქნება, როგორც დამოწმება თქვენ წინააღმდეგ, უკანასკნელ დღეს.
11 და ახლა, მეფე ნოემ ლამის გაუშვა იგი, რადგან შეეშინდა მისი სიტყვების; რადგან შეეშინდა, რომ ღვთის სასჯელი მასზე მოვიდოდა.
12 მაგრამ მღვდლებმა აღიმაღლეს ხმა მის წინააღმდეგ და დაიწყეს მისი დადანაშაულება, სიტყვებით: მან შეურაცხყო მეფე. ამიტომ მეფის წყრომა გაღვივდა მის წინააღმდეგ და მან გადასცა იგი მოსაკლავად.
13 და იყო ასე, რომ მათ ის წაიყვანეს და შებოჭეს და გაროზგეს მისი კანი ფიჩხის კონებით, დიახ, სიკვდილამდეც კი.
14 და ახლა, როდესაც ცეცხლმა დაიწყო მისი შთანთქვა, მან შეჰღაღადა მათ სიტყვებით:
15 აჰა, ისე, როგორც თქვენ მე მომექეცით, იქნება ისე, რომ თქვენი შთამომავლებიც მრავალთ ისეთსავე ტკივილს მიაყენებენ, რომელსაც მე ვიტან, ცეცხლისაგან სიკვდილის ტკივილსაც კი; და ეს იმის გამო, რომ ისინი, უფლით, თავიანთი ღმერთით, ხსნას იწამებენ.
16 და იქნება ასე, რომ თქვენი ურჯულოების გამო, ყველანაირი სნულებებით იქნებით ტანჯულნი.
17 დიახ, თქვენ ყველა მხრიდან იქნებით ნაცემნი, განდევნილნი და გაფანტულნი აქეთ-იქეთ, როგორც ველურ ფარას დევნიან ველური და სასტიკი მხეცები.
18 და იმ დღეს თქვენზე ინადირებენ და ხელში იქნებით აყვანილნი თქვენი მტრების მიერ და მაშინ თქვენც ისე დაიტანჯებით, როგორც მე ვიტანჯები ცეცხლისაგან სიკვდილის ტკივილით.
19 ასეთნაირად ღმერთი აღასრულებს შურისგებას მათზედ, რომლებიც ანადგურებენ მის ხალხს. ღმერთო, მიიღე ჩემი სული.
20 და ახლა, როდესაც აბინადიმ თქვა ეს სიტყვები, ის დაეცა ცეცხლისაგან სიკვდილით; დიახ, მოკლეს, რადგან არ უარყო ღმერთის მცნებები, თავისი სიკვდილით ჩაბეჭდა საკუთარი სიტყვების ჭეშმარიტება.