წმინდა წერილი
მოსია 25


თავი 25

მულეკის შთამომავლები ზარაჰემლაში გახდებიან ნეფიელები. ისინი შეიტყობენ ალმასა და ზენიფის ხალხის შესახებ. ალმა ნათლავს ლიმხის და მთელს მის ხალხს. მოსია აძლევს ალმას უფლებამოსილებას, რომ ჩამოაყალიბოს ღმერთის ეკლესია. დაახლოებით 120 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, მეფე მოსიამ ბრძანა, რომ ყველა ადამიანი ერთად შეკრებილიყო.

2 ახლა, არ იყვნენ იმდენნი ნეფის შვილები, არც ისინი, რომლებიც იყვნენ ნეფის შთამომავლები, რამდენიც იყო ზარაჰემლას ხალხი, რომელიც მულეკის შთამომავალი იყო, ასევე მათი, რომლებიც მასთან ერთად მოვიდნენ უდაბნოში.

3 და ისინი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ნეფის ხალხს და ზარაჰემლას ხალხს, არ იყვნენ იმდენნი, რამდენნიც ლამანიელები იყვნენ; დიახ, ისინი ნახევარიც კი არ იყვნენ მათი რაოდენობისა.

4 და ახლა, მთელი ნეფის ხალხი ერთად იყო შეკრებილი, ასევე მთელი ზარაჰემლას ხალხი და ისინი შეკრებილნი იყვნენ ორ ჯგუფად.

5 და იყო ასე, რომ მოსიამ წაიკითხა და ბრძანა, რომ მისი ხალხისთვის წაეკითხათ ზენიფის ჩანაწერები; დიახ, მან წაიკითხა ზენიფის ხალხის ჩანაწერები იმ დროიდან, როდესაც მათ დატოვეს ზარაჰემლას მიწა, იმ დრომდე, როდესაც ისინი კვლავ უკან დაბრუნდნენ.

6 და იგი ასევე კითხულობდა ჩანაწერებს ალმასა და მის ძმებზე, ასევე მათ გაჭირვებაზე, იმ დროიდან, როდესაც მათ დატოვეს ზარაჰემლას მიწა, იმ დრომდე, როდესაც ისინი უკან დაბრუნდნენ.

7 და ახლა, როდესაც მოსიამ დაასრულა ამ ჩანაწერების კითხვა, მისი ხალხი, რომელიც ამ მიწაზე დარჩა, შეძრწუნებული იყო გაკვირვებისა და გაოცების გამო.

8 რადგან მათ არ იცოდნენ, რა ეფიქრათ; რამეთუ როდესაც მათ იხილეს ისინი, რომლებიც მონობიდან იქნენ გამოხსნილნი, ისინი აღივსნენ ძალზედ დიდი სიხარულით.

9 და კიდევ, როდესაც ისინი დაფიქრდნენ თავიანთ ძმებზე, რომლებიც მოკლულნი იქნენ ლამანიელთა მიერ, ისინი აღივსნენ მწუხარებით და მრავალი მწუხარების ცრემლიც კი დაღვარეს.

10 და კვლავ, როდესაც ისინი დაფიქრდნენ ღვთის უშუალო სიკეთის შესახებ და მის ძალაზე ალმასა და მისი ძმების ლამანიელთა ხელიდან და მონობიდან გამოხსნისას, მათ აღიმაღლეს ხმები და ღმერთს მადლობა გადაუხადეს.

11 და ასევე, როდესაც მათ იფიქრეს ლამანიელთა შესახებ, რომლებიც მათი ძმები იყვნენ, მათ ცოდვილ და დაბინძურებულ მდგომარეობაზე, ისინი აღივსნენ ტკივილითა და ტანჯვით მათი სულების კეთილდღეობისათვის.

12 და იყო ასე, რომ ისინი, რომლებიც იყვნენ ამულონისა და მისი ძმების შვილები, რომლებმაც ცოლებად მოიყვანეს ლამანიელთა ქალიშვილები, უკმაყოფილონი იყვნენ თავიანთი მამების ქცევით და აღარ სურდათ თავიანთი მამების სახელის ტარება, ამიტომ, მათ აიღეს თავის თავზე ნეფის სახელი, რათა მათ რქმეოდათ ნეფის შვილები და ჩათვლილ იყვნენ მათ შორის, რომლებსაც ერქვათ ნეფიელები.

13 და ახლა, მთელი ზარაჰემლას ხალხი აღრიცხულ იქნა ნეფიელებთან და ეს იმიტომ, რომ მეფობა არავისზე არ მტკიცდებოდა მათ გარდა, ვინც იყვნენ ნეფის შთამომავლები.

14 და ახლა, იყო ასე, რომ როდესაც მოსიამ დაასრულა თავისი გამოსვლა და ხალხისათვის კითხვა, მან მოისურვა, რომ ალმასაც მიემართა ხალხისათვის.

15 და ალმამ მათ მიმართა, როდესაც ისინი ერთად, დიდ ჯგუფებად იყვნენ შეკრებილნი და ის მიდიოდა ერთი ჯგუფიდან მეორესთან, უქადაგებდა რა ხალხს მონანიებასა და უფალში რწმენას.

16 და მან მოუწოდა ლიმხის ხალხსა და თავის ძმებს, ყველას, რომლებიც მონობიდან იქნენ გამოხსნილნი, რათა მათ ხსომებოდათ, რომ ეს იყო უფალი, რომელმაც ისინი გამოიხსნა.

17 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც ალმამ ასწავლა ხალხს ბევრი რამ და დაასრულა თავისი სიტყვა მათ მიმართ, მეფე ლიმხიმ მოისურვა, რომ მონათლულიყო და მთელმა მისმა ხალხმა ასევე მოისურვა მონათვლა.

18 ამიტომ, ალმა ჩავიდა წყალში და მონათლა ისინი; დიახ, მან ისინი მონათლა იმ წესით, რომლითაც ნათლავდა თავის ძმებს მორმონის წყლებში; დიახ, რამდენიც მან მონათლა, მიეკუთვნებოდნენ ღმერთის ეკლესიას; და ეს იყო მათი ალმას სიტყვებისადმი რწმენის გამო.

19 და იყო ასე, რომ მეფე მოსიამ ალმას ნება უბოძა, რომ ეკლესიები ჩამოეყალიბებინა ზარაჰემლას მთელ მიწაზე; და მისცა მას უფლებამოსილება, რომ ყოველ ეკლესიაში ეკურთხებინა მღვდლად და მასწავლებლად.

20 და ახლა, ეს შესრულდა იმის გამო, რომ იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ ერთი მასწავლებელი ვერ უხელმძღვანელებდა მათ ყველას; ასევე ყველა ვერ მოისმენდა ღვთის სიტყვას ერთი შეკრებით;

21 ამიტომ, ისინი შეიკრიბნენ ერთად სხვადასხვა ჯგუფებში, ეწოდებოდათ რა ეკლესიები; ყოველ ეკლესიას ჰყავდა საკუთარი მღვდლები და მასწავლებლები და ყოველი მღვდელი ქადაგებდა სიტყვას იმის მიხედვით, თუ როგორ გადაეცა ის ალმას პირით.

22 ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი ეკლესია, ისინი ყველა ერთი ეკლესია იყვნენ, დიახ, ღმერთის ეკლესია; რადგან ყოველ ამ ეკლესიაში მონანიებისა და ღმერთში რწმენის გარდა არ იქადაგებოდა სხვა არაფერი.

23 და ახლა, ზარაჰემლას მიწაზე შვიდი ეკლესია იყო; და იყო ასე, რომ ყველას, ვისაც თავის თავზე უნდოდა ქრისტეს ანუ ღმერთის სახელის აღება, ისინი უერთდებოდნენ ღმერთის ეკლესიებს.

24 და მათ ეწოდათ ღვთის ხალხი. და უფალმა გადმოღვარა თავისი სული მათზე და ისინი იყვნენ კურთხეულნი და აყვავდნენ იმ მიწაზე.