თავი 13
აბინადი დაცულია ღვთიური ძალით. ის ასწავლის ათ მცნებას. მხოლოდ მოსეს რჯულით ხსნა არ მოვა. ღმერთი თავად გაიღებს გამოსასყიდს და გამოისყიდის თავის ხალხს. დაახლოებით 148 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა, როდესაც მეფემ მოისმინა ეს სიტყვები, მან თავის მღვდლებს უთხრა: წაიყვანეთ ეს კაცი და მოკალით იგი; რამეთუ რა გვესაქმება მასთან, ვინაიდან იგი შეშლილია.
2 და ისინი წინ წამოვიდნენ და შეეცადნენ მისთვის ხელი ეტაცათ; მაგრამ ის შეეწინააღმდეგა მათ და უთხრა:
3 ნუ შემეხებით, რადგან ღმერთი დაგხოცავთ, ხელს თუ დამაკარებთ, რადგან მე ჯერ არ გადამიცია გზავნილი, რომლის გადმოსაცემადაც უფალმა გამომაგზავნა; და მე ჯერ არ მითქვამს ის, რასაც თქვენ ითხოვდით, რომ მეთქვა; ამიტომ, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ახლა გამანადგუროთ.
4 მაგრამ მე უნდა შევასრულო ბრძანებანი, რომელნიც ღმერთმა მიბრძანა; და ვინაიდან მე გითხარით სიმართლე, თქვენ ჩემზე განრისხებულნი ხართ. და კვლავ, იმის გამო, რომ მე ვთქვი ღვთის სიტყვა, თქვენ განსაჯეთ, რომ მე შეშლილი ვარ.
5 ახლა, იყო ასე, მას შემდეგ, რაც აბინადიმ თქვა ეს სიტყვები, მეფე ნოეს ადამიანებმა ვერ გაბედეს მასზე ხელის დაკარება, რადგან უფლის სული იყო მასზედ; და მისი სახე ანათებდა კაშკაშა სინათლით, ისე, როგორც მოსე სინაის მთაზე ყოფნისას, უფალთან ლაპარაკის დროს.
6 და ის ლაპარაკობდა ღმერთის ძალითა და უფლებამოსილებით; და აგრძელებდა თავის მიმართვას სიტყვებით:
7 ხედავთ, რომ არ გაქვთ ჩემი მოკვლის ძალა, ამიტომ, მე დავასრულებ ჩემს გზავნილს. დიახ, და მე მესმის, რომ ეს გულში გჭრით, რადგან გეუბნებით სიმართლეს თქვენი ურჯულოების შესახებ.
8 დიახ, ჩემი სიტყვები გავსებთ გაოცებით, გაკვირვებითა და სიბრაზით.
9 მაგრამ მე ვამთავრებ ჩემს გზავნილს; და შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა სად წავალ, თუ იქნება ისე, რომ გადავრჩები.
10 მაგრამ მე ამას გეტყვით: იმას, რასაც თქვენ ამის შემდეგ მიზამთ, იქნება სიმბოლო და აჩრდილი იმისა, რაც მოვა.
11 და ახლა, მე გიკითხავთ ღვთის დანარჩენ მცნებებს, რადგან მესმის, რომ ისინი არ გაქვთ გულზე დაწერილი; მე მესმის, რომ სწავლობდით და ასწავლიდით ურჯულოებას თქვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს.
12 და ახლა, თქვენ გახსოვთ, რაც გითხარით: არ შეიქმნა ქანდაკება, არც არანაირი ხატი იმისა, რაც მაღლა ზეცაშია, ან რაც დაბლა დედამიწაზეა, ან რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
13 და კიდევ: თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ურჯულოებას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას;
14 და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის.
15 არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ; რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს.
16 გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმინდაჰყო იგი.
17 ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე;
18 მაგრამ მეშვიდე დღეს, უფლის, შენი ღმერთის შაბათს, არა საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მსახურმა, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.
19 რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმინდაჰყო იგი.
20 პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
21 არა კლა.
22 არ იმრუშო. არ იქურდო.
23 არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
24 არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.
25 და იყო ასე, რომ როდესაც აბინადიმ დაასრულა ეს სიტყვები, მან მათ უთხრა: ასწავლიდით თუ არა ამ ხალხს, გულმოდგინედ შეესრულებინათ ეს ყველაფერი, რომ დაეცვათ ეს მცნებები?
26 მე გეუბნებით – არა; რადგან თქვენ რომ ეს ყველაფერი გაგეკეთებინათ, უფალი არ იზამდა ისე, რომ მე აქ მოვიდოდი და ცუდს ვიწინასწარმეტყველებდი ამ ხალხზე.
27 და ახლა თქვენ თქვით, რომ ხსნა მოდის მოსეს რჯულით. მე გეუბნებით: საჭიროა, რომ თქვენ ჯერჯერობით დაიცვათ მოსეს რჯული; მაგრამ მოვა დრო, როდესაც აღარ იქნება საჭირო მოსეს რჯულის დაცვა.
28 და ამის გარდა, მე გეუბნებით, რომ ხსნა მოდის არა მხოლოდ რჯულით; და რომ არა გამოსყიდვა, რომელსაც თვით ღმერთი აღასრულებს საკუთარი ხალხის ცოდვებისა და ურჯულოებისთვის, მაშინ უნდა აუცილებლად დაიღუპონ, მოსეს რჯულის მიუხედავად.
29 და ახლა მე გეუბნებით, რომ საჭირო იყო რჯულის მიცემა ისრაელის შვილებისათვის, დიახ, ძალიან მკაცრი რჯულის მიცემაც კი; რადგან ისინი იყვნენ ქედფიცხელი ხალხი, სწრაფნი ურჯულოების ჩადენაში და ზანტნი უფლის, თავიანთი ღმერთის, გახსენებაში.
30 ამიტომ, მათ მიეცათ რჯული, დიახ, რჯული ადათ-წესებისა და წეს-ჩვეულებების, რჯული, რომელიც მათ მკაცრად უნდა დაეცვათ, დღიდან დღემდე, რათა შეინარჩუნონ ხსოვნა ღმერთისა და მის წინაშე მათი ვალის შესახებ.
31 მაგრამ, აჰა, მე გეუბნებით, რომ ეს ყველაფერი იყო სიმბოლოები იმისა, რაც მოვა.
32 და ახლა, ჩაწვდნენ კი ისინი რჯულს? მე გეუბნებით – არა, ისინი ყველანი ვერ ჩაწვდნენ რჯულს და ეს მათი გულქვაობის გამო; რადგან ვერ გაიგეს, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩება ღმერთის გამოსყიდვის გარეშე.
33 რადგან, აჰა, განა არ იწინასწარმეტყველა მოსემ მათთვის მესიის მოსვლის შესახებ, რომ ღმერთი გამოისყიდიდა თავის ხალხს? დიახ, და ყველა წინასწარმეტყველიც კი, რომლებიც ოდესმე წინასწარმეტყველებდნენ ქვეყნის დასაბამიდან, ნუთუ ისინი არ ლაპარაკობდნენ მეტნაკლებად ამის შესახებ?
34 ნუთუ არ ამბობდნენ, რომ ღმერთი თავად ჩამოვა ადამიანთა შვილებს შორის, მიიღებს ადამიანის იერსახეს და ძლევამოსილი ძალით ივლის დედამიწის ზედაპირზე?
35 დიახ, ნუთუ ასევე არ ამბობდნენ ისინი, რომ ის განახორციელებს მკვდრების აღდგომას; და ის თავად იქნება ჩაგრული და ტანჯული?