წმინდა წერილი
მოსია 2


თავი 2

მეფე ბენიამინი მიმართავს თავის ხალხს. ის მოუთხრობს თავისი მმართველობის მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და სულიერების შესახებ. ის ურჩევს მათ, ემსახურონ თავიანთ ზეციურ მეფეს. ისინი, რომლებიც აჯანყდებიან ღმერთის წინააღმდეგ, იწვნევენ ტანჯვას, ვითარცა უქრობი ცეცხლი. დაახლოებით 124 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ მას შემდეგ, რაც მოსიამ გააკეთა ისე, როგორც მამამისმა უბრძანა და მთელს მიწაზე გამოაცხადა, რომ ხალხი შეკრებილიყო მთელ მიწაზე, რათა მისულიყვნენ ტაძართან, რომ მოესმინათ სიტყვები, რომლებსაც მეფე ბენიამინი ეტყოდა.

2 და იყვნენ დიდი რაოდენობით, იმდენად ბევრნი, რომ არ დათვალეს, რადგან ისინი ძალზედ გამრავლდნენ და იმ მიწაზე მრავალრიცხოვანნი იყვნენ.

3 ასევე მათ მოიყვანეს ნახირების პირმშოთაგან, რათა შეეწირათ მსხვერპლშესაწირი და სრულად დასაწველი მოსეს რჯულის შესაბამისად;

4 და ასევე, რათა მიეგოთ სამადლობელი უფლისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, რომელმაც გამოიყვანა ისინი იერუსალიმის მიწიდან, რომელმაც გამოიხსნა ისინი თავიანთი მტრის ხელიდან და დაუნიშნა მასწავლებლად მართალი კაცნი, ასევე მართალი კაცი, რათა ყოფილიყო მათი მეფე, რომელმაც დაამყარა მშვიდობა ზარაჰემლას მიწაზე და რომელმაც ასწავლა ღვთის მცნებების დაცვა, რათა მათ გაეხარათ და აღვსილიყვნენ სიყვარულით ღმერთისა და ყოველი ადამიანის მიმართ.

5 და იყო ასე, რომ, როდესაც ისინი ტაძართან მივიდნენ, მის გარშემო კარვები გაშალეს, ყოველმა კაცმა თავისი ოჯახისამებრ, შემდგარი ცოლითა და ვაჟიშვილებით და ქალიშვილებით და მათი ვაჟიშვილებითა და ქალიშვილებით, უფროსიდან უმცროსამდე; და ყოველი ოჯახი განცალკევებული იყო ერთმანეთისგან.

6 და მათ გაშალეს თავიანთი კარვები ტაძრის გარშემო, ყოველმა კაცმა კარავი გაშალა შესასვლელით ტაძრისაკენ, რათა ამგვარად შეძლებოდათ კარავში დარჩენილიყვნენ და მოესმინათ სიტყვები, რომლებსაც მეფე ბენიამინი მათ ეტყოდა.

7 ვინაიდან, იმდენად დიდი იყო შეკრებილთა რაოდენობა, რომ მეფე ბენიამინმა ვერ შეძლო ყველასთვის ესწავლებინა ტაძრის კედლებში, ამიტომ მან ბრძანა, აეშენებინათ კოშკი, რათა ამგვარად მის ხალხს შეძლებოდა სიტყვების მოსმენა, რომლებსაც ის მათ ეტყოდა.

8 და იყო ასე, რომ მან დაიწყო მიმართვა თავისი ხალხისადმი კოშკიდან; და ყველას არ შეეძლო მისი სიტყვების გაგონება შეკრებილთა სიმრავლის გამო, ამიტომ მან ბრძანა, რომ სიტყვები, რომლებსაც იტყოდა, ჩაწერილიყო და გავრცელებულიყო მათ შორის, რომლებთანაც ვერ აღწევდა მისი ხმა, რომ მათაც მიეღოთ მისი სიტყვები.

9 და ეს არის სიტყვები, რომლებიც მან თქვა და ბრძანა, რომ ჩაეწერათ, ამბობდა რა: ჩემო ძმებო, თქვენ, ყველა ერთად შეკრებილნო, რომლებსაც გესმით ჩემი სიტყვები, რომლებსაც გეტყვით ამ დღეს; რადგან მე გიბრძანეთ აქ მოსვლა არა იმისთვის, რომ უმნიშვნელოდ ჩათვალოთ სიტყვები, რომლებსაც მე ვილაპარაკებ, არამედ იმისთვის, რომ ყური დამიგდოთ და გაიხსნათ ყურები, რომ გაიგოთ და გულები – რათა მიხვდეთ და გონება – რათა ღმერთის საიდუმლოებანი გაიხსნას თქვენ თვალწინ.

10 და მე გიბრძანეთ აქ მოსულიყავით არა იმისათვის, რომ ჩემი გეშინოდეთ, ან იფიქროთ, რომ მე ვარ მოკვდავ კაცზე მეტი.

11 მაგრამ მე ვარ ისეთი, როგორიც თქვენ, სხეულისა და გონების ყოველგვარი უძლურებანის გავლენის ქვეშ; მიუხედავად ამისა, ამ ხალხმა ამირჩია და კურთხევა მივიღე მამისგან და უფლის ხელით ვიყავი დაშვებული, ვიყო მმართველი და მეფე ამ ხალხისა; და ვარ დაცული და გადარჩენილი მისი უბადლო ძალით, რომ თქვენ გემსახუროთ, მთელი ძალით, გონებითა და სიძლიერით, რომელიც უფალმა მიბოძა.

12 მე გეუბნებით, მქონდა რა მოცემული ნება თქვენს სამსახურში გამეტარებინა ჩემი დღეები, დღევანდელ დღემდეც კი; და თქვენგან არ ვითხოვდი არც ოქროსა და არც ვერცხლს და არც არანაირ სიმდიდრეს;

13 და არ ვუშვებდი, რომ თქვენ დილეგებში ჩაეყარეთ, ან ერთს მეორე დაემონებინა, არც ერთმანეთი დაგეხოცათ ან გაგეძარცვათ ან მოგეპარათ, ან გემრუშათ; არც ის დამიშვია, რომ რაიმე სიბოროტე ჩაგედინათ და გასწავლიდით უფლის მცნებების დაცვას ყველაფერში, რაც მან გიბრძანათ –

14 და მე თვითონაც კი ვშრომობდი ჩემი ხელით, რათა თქვენთვის მემსახურა და თქვენ რომ არ დამძიმებულიყავით გადასახადებით და რომ არაფერი არ მოგსვლოდათ, რაც მძიმე იქნებოდა ასატანად; და ყოველივე ამის, რაც ვთქვი, თქვენ თვითონ ხართ დღეს მოწმენი.

15 მაინც, ჩემო ძმებო, არ ვაკეთებდი ყოველივე ამას დასაკვეხნად, არც იმიტომ გეუბნებით, რომ ამით ბრალი დაგდოთ, არამედ გეუბნებით ამას, რათა იცოდეთ, რომ მე შემიძლია სუფთა სინდისით პასუხი ვაგო დღეს ღმერთის წინაშე.

16 აჰა, მე გეუბნებით: რადგან ვთქვი, რომ მე გავატარე ჩემი დღეები თქვენს სამსახურში, არ მაქვს სურვილი დავიკვეხო, რადგან მხოლოდ ღმერთის სამსახურში ვიყავი.

17 და აჰა, ყოველივე ამას გეუბნებით, რომ თქვენ ჩაწვდეთ სიბრძნეს, რათა შეიცნოთ, რომ როდესაც ემსახურებით მოყვასს, თქვენ ემსახურებით მხოლოდ თქვენს ღმერთს.

18 აჰა, თქვენ თქვენს მეფედ მიწოდეთ; და თუ მე, რომელსაც მიწოდებთ თქვენს მეფეს, ვშრომობ, რათა თქვენ გემსახუროთ, ნუთუ არ უნდა შრომობდეთ თქვენ, ერთმანეთის სამსახურში?

19 და აჰა, თუ მე, რომელსაც თქვენ მიწოდებთ თქვენს მეფეს, რომელმაც გავატარე ჩემი დღეები თქვენს სამსახურში, ამისდა მიუხედავად, ვემსახურებოდი რა ღმერთს, ვარ თუ არა ღირსი თქვენგან რაიმე მადლობის, ოჰ, როგორ უნდა გადაუხადოთ მადლობა თქვენს ზეციურ მეფეს!

20 მე გეუბნებით, ჩემო ძმებო, თქვენ რომ მიგეზღათ ყველა მადლიერება და ქება, მთელი თქვენი სულის ძალით, იმ ღმერთისთვის, რომელმაც შეგქმნათ, დაგიცვათ და გადაგარჩინათ და მოახდინა ისე, რომ იხაროთ და ნება გიბოძათ შეგეძლოთ მშვიდობიანად გეცხოვრათ ერთმანეთის გვერდით –

21 მე გეუბნებით, თქვენ რომ ემსახურებოდეთ მას, ვინც შეგქმნათ დასაბამიდან და გინახავთ დღიდან დღემდე, გასუნთქებთ, რომ იცოცხლოთ, იმოძრაოთ და იმოქმედოთ თქვენი საკუთარი სურვილის შესაბამისად და მხარშიც გიდგებათ ერთი მეყიდან მეორემდე – მე ვამბობ: თქვენ რომ ემსახურებოდეთ მას, მთელი თქვენი სულით, მაინც უხეირო მსახურნი იქნებოდით.

22 და აჰა, ყველაფერს, რასაც ის ითხოვს თქვენგან, ეს არის მისი მცნებების დაცვა; და იგი დაგპირდათ, რომ თუ დაიცავთ მის მცნებებს, აყვავდებით ამ მიწაზე; და ის არასდროს არ გადათქვამს თავის ნათქვამს; ამიტომ, თუ თქვენ იცავთ მის მცნებებს, ის გაკურთხებთ და აგაყვავებთ.

23 და ახლა, პირველ რიგში, მან შეგქმნათ და სიცოცხლე გაჩუქათ, რომლითაც ვალში ხართ მის წინაშე.

24 და მეორე რიგში, ის მოითხოვს, რომ აკეთოთ ისე, როგორც გიბრძანათ, და რომ თუ ასე მოიქცევით, ის დაუყოვნებლივ გაკურთხებთ; ამიტომ, მან უკვე აგინაზღაურათ. და თქვენ კვლავ ვალში ხართ მის წინაშე და ხართ და იქნებით უკუნითი უკუნისამდე, ამიტომ რითი უნდა დაიკვეხნოთ?

25 და ახლა მე გეკითხებით: შეგიძლიათ თქვენი თავისთვის თქვათ რაიმე? გიპასუხებთ: არა. თქვენ ვერ იტყვით იმასაც კი, რომ ხართ მიწის მტვრის თანაბარნი; თუმცა მიწის მტვრისგან ხართ შექმნილნი; მაგრამ, აჰა, ის ეკუთვნის მას, ვინც შეგქმნათ.

26 და მე თვითონაც კი, ვისაც თქვენ მეფეს მიწოდებთ, არ ვარ თქვენზე უკეთესი; რადგან მეც მტვრისგან ვარ და თქვენ ხედავთ, რომ ვარ მოხუცი და ახლოს ვარ, მივცე ეს მოკვდავი სხეული მშობელ მიწას.

27 ამიტომ, როგორც მე გითხარით, რომ გემსახურებოდით, დავდიოდი რა ღვთის წინაშე სუფთა სინდისით, აი ამიტომ, მე ვბრძანე, ახლა ერთად შეკრებილიყავით, რათა მე მცნონ უმწიკვლოდ, რომ თქვენი სისხლი არ გადმოვიდეს ჩემზე იმ დროს, როდესაც მე წარვსდგები ღმერთის წინაშე, რომ განვიკითხო იმისათვის, რაც მან მიბრძანა თქვენს შესახებ.

28 მე გეუბნებით, რომ ვბრძანე ერთად შეკრებილიყავით, რათა განვიწმინდო სამოსელი თქვენი სისხლისაგან, ახლა, როდესაც ახლოს ვარ იმასთან, რომ ჩავიდე სამარეში, რომ მშვიდობით ჩავიდე და ჩემი უკვდავი სული შეუერთდეს მაღლა მგალობელთა გუნდს, მართალი ღმერთის სადიდებელ გალობაში.

29 და ამის გარდა, გეუბნებით, რომ ვბრძანე, ერთად შეკრებილიყავით, რათა გაუწყოთ, რომ მე ვეღარ ვიქნები ვერც თქვენი მასწავლებელი, ვერც თქვენი მეფე;

30 რადგან ამ დროსაც კი, ძალზედ მიკანკალებს სხეული, როდესაც ვცდილობ თქვენ წინაშე ვილაპარაკო; მაგრამ უფალი ღმერთი მხარს მიჭერს და ნება დამრთო, ვილაპარაკო თქვენ წინაშე და მიბრძანა, ამ დღეს გაუწყოთ, რომ ჩემი შვილი, მოსია, თქვენზედ არის მეფე და მმართველი.

31 და ახლა, ჩემო ძმებო, მე მსურს, რომ თქვენ ასე მოიქცეთ, როგორც აქამდე იქცეოდით. ისე, როგორც იცავდით ჩემს ბრძანებებს, ასევე მამაჩემის ბრძანებებს და იყავით აყვავებულნი და დაცულნი, რათა არ ჩავარდნილიყავით მტრის ხელში; ზუსტად ასე, თუ დაიცავთ ჩემი შვილის ბრძანებებს ან ღვთის ბრძანებებს, რომლებიც მოგეცემათ მისი მეშვეობით, მაშინ თქვენ აყვავდებით ამ მიწაზე და მტერს არ ექნება ძალა თქვენზედ.

32 მაგრამ, ჩემო ხალხო, ფრთხილად იყავით, რომ არ გაჩნდეს თქვენ შორის განხეთქილება და არ მოისურვოთ ბოროტი სულისადმი დამორჩილება, რომელზეც მამაჩემი, მოსია, ლაპარაკობდა.

33 რადგან, აჰა, ვარამია ნათქვამი მასზე, რომელიც ისურვებს იმ სულისადმი დამორჩილებას, რადგან ის, რომელიც მოისურვებს მისადმი დამორჩილებას, თავის ცოდვებში რჩება და კვდება; იგი სვამს საკუთარი სულის წყევლას; რადგან იღებს როგორც საზღაურს, მარადიულ სასჯელს, ღმერთის კანონის დარღვევის გამო, თავისი ცოდნის საპირისპიროდ.

34 მე გეუბნებით, რომ თქვენ შორის არ არის არავინ, გარდა თქვენი პატარა ბავშვებისა, რომლებსაც ეს არ ასწავლეს, რომლებმაც არ იციან ეს, რომ ხართ მარადიულად ვალში თქვენი მამაზეციერის წინაშე, რომ მიუძღვნათ მას ყველაფერი, რაც გაქვთ და რაც ხართ; ასევე ის, ვინც არ არის განსწავლული ჩანაწერების შესახებ, რომლებიც მოიცავს წინასწარმეტყველებებს, რომლებზეც ლაპარაკობდნენ წმინდა წინასწარმეტყველები, იმ დრომდეც კი, როდესაც მამაჩვენმა, ლეხიმ, დატოვა იერუსალიმი.

35 და ასევე, ყველაფერი ის, რაც აქამდე ითქვა ჩვენი მამების მიერ. და აჰა, ისინიც ლაპარაკობდნენ იმას, რაც უფლისგან ჰქონდათ ნაბრძანები; ამიტომ, ისინი არიან მართალი და ჭეშმარიტი.

36 და ახლა, მე გეუბნებით, ჩემო ძმებო, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ ეს გაიგეთ და ისწავლეთ ეს ყველაფერი, თუ კვლავ ჩაიდენთ დანაშაულს და წახვალთ იმის წინააღმდეგ, რაც ითქვა, ისე, რომ თქვენ უფლის სულს განუდგებით და მისი ადგილი არ იქნება თქვენში, რათა გაგიძღვეთ სიბრძნის ბილიკებზე, რათა იყოთ კურთხეულნი, აყვავებულნი და გადარჩენილნი.

37 მე გეუბნებით, რომ ის ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს, ღიად უჯანყდება ღმერთს, ამიტომ სურს ბოროტი სულისადმი დამორჩილება და ხდება ყოველი სამართალის მტერი; ამიტომ, უფლის ადგილი არ არის მასში, რადგან ის არ იმყოფება უწმინდურ ტაძრებში.

38 ამიტომ, თუ ასეთი ადამიანი არ ინანიებს, ღმერთის მტრად რჩება და კვდება, ღვთიური სამართალის მოთხოვნა უბიძგებს მის უკვდავ სულს მისი დანაშაულის მკვეთრად შეგრძნებისაკენ, რაც აიძულებს უფლის გარემოცვიდან მოიკუნტოს და მკერდი გაუვსოს დანაშაულის გრძნობით, ტკივილითა და ტანჯვით, ვითარცა უქრობი ცეცხლი, რომლის ალი ადის მაღლა, უკუნითი უკუნისამდე.

39 და ახლა, მე გეუბნებით, რომ წყალობა ვერ მოითხოვს თავისას ასეთ კაცზე, ამიტომ, მისი საბოლოო განაჩენია უსასრულო წამების გაძლება.

40 თქვენ, მოხუცებულნო, ასევე ახალგაზრდებო და თქვენ, პატარა ბავშვებო, რომლებსაც შეგიძლიათ ჩემი სიტყვის გაგება, რადგან მე გელაპარაკებოდით ნათლად, რათა გაგეგოთ; მე ვლოცულობ, რომ გაიღვიძოთ მათი საშინელი მდგომარეობის გახსენებით, რომელნიც შეცოდებაში ჩაცვივდნენ.

41 ამის გარდა, მე მსურს, რომ იფიქროთ მათ კურთხეულ და ბედნიერ მდგომარეობაზე, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს. რადგან, აჰა, ისინი კურთხეულნი არიან ყველაფერში – ხორციელშიც და სულიერშიც; და თუ ისინი დარჩებიან ერთგულნი ბოლომდე, მათ მიიღებენ ზეცაში, რათა ამგვარად იყვნენ ღმერთთან, მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში. გახსოვდეთ, გახსოვდეთ, რომ ეს სიტყვები არის ჭეშმარიტი, რადგან უფალმა ღმერთმა წარმოთქვა ისინი.