წმინდა წერილი
მოსია 18


თავი 18

ალმა ქადაგებს ფარულად. იგი განუმარტავს ნათლობის აღთქმას და ნათლავს მორმონის წყლებში. იგი აარსებს ქრისტეს ეკლესიას და ახდენს მღვდელთა ხელდასხმას. ისინი თავადვე უზრუნველყოფენ თავის თავს და ასწავლიან ხალხს. ალმა და მისი ხალხი გაიქცევა მეფე ნოესგან უდაბნოში. დაახლოებით 147–145 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და იყო ასე, რომ ალმამ, რომელიც გაექცა მეფე ნოეს მსახურთ, მოინანია საკუთარი ცოდვები და ურჯულოება და წავიდა ფარულად ხალხთა შორის და დაიწყო აბინადის სიტყვების სწავლება –

2 დიახ, იმაზედ, თუ რა მოხდებოდა და ასევე მკვდართა აღდგომისა და ადამიანთა გამოსყიდვის შესახებ, რაც უნდა განხორციელებულიყო ქრისტეს ძალის, ტანჯვისა და სიკვდილის მეშვეობით; და მისი აღდგომისა და ზეცაში ამაღლებით.

3 და ის ასწავლიდა ყველას, ვინც მოისმენდა მის სიტყვებს. და იგი ასწავლიდა ფარულად, რათა ამის შესახებ არ შეეტყო მეფეს. და მრავალმა იწამა მისი სიტყვები.

4 და იყო ასე, რომ ყველა, ვინც იწამა მისი, მიდიოდა მეფის მიერ მორმონად წოდებულ ადგილზე და იმყოფებოდა მიწის საზღვრებთან, სადაც უხვად, წლების განმავლობაში, ბინადრობდნენ გარეული მხეცები.

5 ახლა, მორმონში იყო სუფთა წყლის წყარო და ალმა იქ აფარებდა თავს; იმ ადგილას, წყალთან ახლოს, იყო პატარა ხეების ტევრი, სადაც დღისით იმალებოდა მეფის მეძებრებისგან.

6 და იყო ასე, რომ ყველა, ვისაც მისი სწამდა, მიდიოდა იქ, რათა მოესმინათ მისი სიტყვები.

7 და იყო ასე, რომ მრავალი დღის შემდეგ, მორმონის ადგილზე, შეიკრიბნენ საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანები, რათა მოესმინათ ალმას სიტყვები. დიახ, ყველა, ვისაც სწამდა მისი სიტყვის, ერთად იკრიბებოდნენ, რომ მისთვის მოესმინათ. და იგი ასწავლიდა და ქადაგებდა მათთვის მონანიებას, გამოსყიდვასა და უფალში რწმენას.

8 და იყო ასე, რომ მან უთხრა: აჰა, აქ არის მორმონის წყლები (რადგან ასე ეწოდებოდათ) და ახლა, თქვენ გსურთ, რომ შეხვიდეთ ღმერთის ფარაში და გეწოდოთ მისი ხალხი და მზად ხართ ატაროთ ერთმანეთის ტვირთი, რათა იგი შემსუბუქდეს;

9 დიახ, ხართ მზად, იგლოვოთ მათთან ერთად, ვინც გლოვობს; დიახ, ანუგეშოთ ისინი, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში და ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ღმერთის მოწმენი იყოთ, სიკვდილამდეც კი, რათა გამოსყიდულ იქნეთ ღმერთის მიერ და ჩაითვალოთ პირველი აღდგომის აღმსდგართა შორის, რათა იქონიოთ მარადიული სიცოცხლე –

10 ახლა მე გეუბნებით: თუ ეს არის თქვენი გულის საწადელი, მაშინ რა გაქვთ უფლის სახელით ნათლობის საწინააღმდეგო, როგორც მოწმობა მის წინაშე იმისა, რომ აღთქმა დადეთ მასთან, რომ იმსახურებთ მისთვის და დაიცავთ მის მცნებებს, რათა მან უფრო უხვად გადმოღვაროს თავისი სული თქვენზედ?

11 და ახლა, როდესაც ხალხმა მოისმინა ეს სიტყვები, მათ სიხარულისგან ტაში შემოჰკრეს და შესძახეს: ეს არის ჩვენი გულის საწადელი.

12 და ახლა, ეს იყო ასე, რომ ალმამ აიყვანა ჰელამი, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, მივიდა და ჩადგა წყალში და შეჰღაღადა სიტყვებით: უფალო, გადმოღვარე შენი სული შენს მსახურზედ, რათა მან გულის სიწმინდით შეძლოს ამ საქმის გაკეთება.

13 და როდესაც მან ეს სიტყვები წარმოთქვა, უფლის სული მოეფინა მასზედ და თქვა: ჰელამ, მე გნათლავ შენ, მაქვს რა უფლებამოსილება ყოვლადძლიერი ღმერთისგან, იმის დასამოწმებლად, რომ დადე აღთქმა, ემსახურო მას შენი მოკვდავი სხეულის სიკვდილამდე; დაე, უფლის სული გადმოიღვაროს შენზე, დაე, გიბოძოს მარადიული სიცოცხლე ქრისტეს გამოსყიდვით, რომელიც მან მოამზადა ამაქვეყნის დასაბამიდან.

14 და მას შემდეგ, რაც ალმამ წარმოთქვა ეს სიტყვები, ორთავე, ალმა და ჰელამი, ჩაწვნენ წყალში და ადგნენ და გახარებულნი ამოვიდნენ წყლიდან, იყვნენ რა სულით აღვსილნი.

15 და კვლავ, ალმამ აიყვანა სხვა და მეორეჯერ ჩავიდა წყალში და მონათლა პირველის მსგავსად, მხოლოდ თვითონ აღარ ჩაწვა წყალში.

16 და ამგვარად, მან მონათლა ყოველი, რომელიც მივიდა მორმონის ადგილზე; და ისინი იყვნენ რაოდენობით დაახლოებით ორას ოთხი სული; დიახ, და ისინი მოინათლნენ მორმონის წყლებში და იყვნენ ღმერთის მადლით აღვსილნი.

17 და იმ დროიდან მათ ეწოდათ ღვთის ეკლესია ანუ ქრისტეს ეკლესია. და იყო ასე, რომ ღმერთის ძალითა და უფლებამოსილებით ყოველი მონათლული დაემატა მის ეკლესიას.

18 და იყო ასე, რომ ალმამ, ჰქონდა რა უფლებამოსილება ღმერთისგან, მოახდინა მღვდელთა კურთხევა – ყოველ ორმოცდაათ მათგანზე ერთი მღვდელი, რათა ექადაგათ მათთვის და ესწავლებინათ მათთვის იმის შესახებ, რაც ღვთის სასუფეველს ეხება.

19 და მან უბრძანა, რომ არ ესწავლებინათ სხვა არაფერი იმის გარდა, რასაც თვითონ ასწავლიდა და რაც ნათქვამი იყო წმინდა წინასწარმეტყველების პირით.

20 დიახ, მან ისიც უბრძანა მათ, რომ არ ექადაგათ სხვა არაფერი მონანიებისა და უფალში რწმენის გარდა, რომელმაც გამოისყიდა თავისი ხალხი.

21 და მან უბრძანა, რომ მათ შორის არ ყოფილიყო უთანხმოება, არამედ საერთო თვალით ეცქირათ წინ, ჰქონოდათ ერთი რწმენა და ერთი ნათლობა, ერთობითა და ერთმანეთისადმი სიყვარულში ურთიერთ გადაჭდობილი გულები.

22 და ამგვარად, მან უბრძანა მათ, რომ ექადაგათ. და ამგვარად, ისინი გახდნენ ღმერთის შვილები.

23 და მან უბრძანა მათ, დაეცვათ შაბათი დღე და წმინდა ეყოთ იგი და ასევე ყოველ დღე მადლობა გადაეხადათ თავიანთი უფალი ღმერთისათვის.

24 და მან ასევე უბრძანა მათ, რომ მღვდლებმა, რომლებიც მან აკურთხა, იშრომონ საკუთარი ხელებით, თავისი თავის უზრუნველსაყოფად.

25 და ყოველ კვირას იყო ერთი დღე, რომელიც გამოყოფილი იყო იმისათვის, რომ ერთად შეკრებილიყვნენ, ხალხისთვის ესწავლებინათ და თაყვანი ეცათ უფლისათვის, თავიანთი ღმერთისათვის. და ასევე, რომ ერთად შეკრებილიყვნენ იმდენჯერ, რისი ძალაც შესწევდათ.

26 და მღვდლები არ უნდა ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი ხალხზე საკუთარი თავის უზრუნველყოფისას; არამედ თავიანთი შრომით უნდა მიეღოთ ღმერთის მადლი, რომ სულით განმტკიცებულიყვნენ ღმერთის შესახებ ცოდნით, რომ შეძლებოდათ ესწავლებინათ ღვთის ძალითა და უფლებამოსილებით.

27 და კვლავ, ალმამ ბრძანა, რომ ეკლესიის წევრებს ეწილადებინათ თავიანთი ქონებიდან, ყოველ მათგანს, იმის მიხედვით, თუ რამდენი ჰქონდა; თუ ვინმეს ჰქონდა უფრო უხვად, მას უნდა ეწილადებინა უფრო უხვად; და მას, რომელსაც ჰქონდა ცოტაოდენი, მხოლოდ ცოტაოდენი მოეთხოვებოდა და ვისაც არ ჰქონდა, მას მიეცემოდა.

28 და ამგვარად, მათ უნდა ეწილადებინათ თავიანთი ქონებიდან, საკუთარი თავისუფალი ნებითა და კეთილი სურვილით ღმერთის მიმართ და იმ მღვდლებისთვის, რომლებიც გაჭირვებაში იმყოფებოდნენ, დიახ, და ყოველი ღატაკი და შიშველი სულისთვის.

29 და მან ეს უთხრა მათ ღმერთის ბრძანებით; და ისინი იყვნენ ღმერთის წინაშე უბიწოდ მავალნი, უწილადებდნენ ერთმანეთს მატერიალურსა და სულიერს, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.

30 და ახლა, იყო ასე, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა მორმონში, დიახ, მორმონის წყლებთან ტყეში, რომელიც მდებარეობდა მორმონის წყლებთან ახლოს; დიახ, ადგილი მორმონი, მორმონის წყლები, ტყე მორმონისა, როგორი მშვენიერება იყო ეს მათი თვალისთვის, რომლებმაც იქ შეიცნეს თავიანთი გამომსყიდველი; დიახ, და რაოდენ კურთხეულნი არიან ისინი, რადგან მარადის იმღერებენ მის სადიდებელს.

31 და ეს ყველაფერი მოხდა იმ მიწის საზღვრებთან, რათა მეფისთვის არ გამხდარიყო ცნობილი.

32 მაგრამ, აჰა, იყო ასე, რომ მეფემ შეამჩნია რა მის ხალხში მოძრაობა, მიაგზავნა თავისი მსახურები, რომ ეთვალთვალათ მათთვის. ამიტომ, იმ დღეს, როდესაც ისინი ერთად იკრიბებოდნენ, რომ მოესმინათ უფლის სიტყვა, მეფემ ისინი ამხილა.

33 და ახლა, მეფემ თქვა, რომ ალმა ხალხს უბიძგებდა მის წინააღმდეგ ჯანყისაკენ; ამიტომ, მან მიაგზავნა თავისი ჯარი მათ გასანადგურებლად.

34 და იყო ასე, რომ ალმასა და უფლის ხალხს შეატყობინეს მეფის ჯარის მოახლოების შესახებ; ამიტომ, მათ აკრიფეს თავიანთი კარვები და ოჯახები და წავიდნენ უდაბნოში.

35 და ისინი იყვნენ რაოდენობით დაახლოებით ოთხას ორმოცდაათი სული.