ამბავი ალმასა და უფლის ხალხზე, რომელნიც განდევნილნი იყვნენ უდაბნოში მეფე ნოეს მიერ.
მოიცავს 23-ე და 24-ე თავებს.
თავი 23
ალმა უარს ამბობს მეფობაზე. ის მსახურობს, როგორც მღვდელმთავარი. უფალი განკიცხავს თავის ხალხს, ლამანიელები კი იპყრობენ ჰელამის მიწას. ამულონი, ნოეს ბოროტი მღვდლების წინამძღვარი, მმართველობს, ემსახურება რა ლამანიელთა მეფეს ქვეშემდგომობით. დაახლოებით 145–121 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 ახლა, ალმა იყო რა უფლისგან გაფრთხილებული, რომ მეფე ნოეს ჯარები თავს დაესხმებოდნენ, გააფრთხილა თავისი ხალხი ამის შესახებ, ამიტომ მათ შეკრიბეს საკუთარი ფარები, აიღეს თავიანთი ხორბლის ნაწილი და მეფე ნოეს ჯარებისგან წავიდნენ უდაბნოში.
2 და უფალმა ისინი განამტკიცა იმდენად, რომ მეფე ნოეს ხალხი მათ ვერ დაეწია, რომ გაენადგურებინათ.
3 და ისინი რვა დღის განმავლობაში გარბოდნენ უდაბნოში.
4 და ისინი მოვიდნენ მიწაზე, დიახ, მიწაზე ძალზედ მშვენიერსა და კარგზე, მიწაზე სუფთა წყაროთი.
5 და მათ გაშალეს თავიანთი კარვები და დაიწყეს მიწის დამუშავება; და დაიწყეს შენობების აგება, დიახ, ისინი იყვნენ შრომისმოყვარენი და ბევრს შრომობდნენ.
6 და ხალხმა ისურვა, რომ ალმა მათი მეფე გამხდარიყო, რადგან ხალხს იგი უყვარდა.
7 მაგრამ მან უთხრა მათ: აჰა, არ არის მიზანშეწონილი, რომ ჩვენ მეფე გვყავდეს, რადგან ასე ამბობს უფალი: არ განადიდებთ ერთ ხორციელს მეორეზედ ანუ ერთმა კაცმა არ უნდა დააყენოს საკუთარი თავი მეორეზე მაღლა; ამიტომ, მე გეუბნებით, რომ არ არის მიზანშეწონილი თქვენთვის მეფის ყოლა.
8 მიუხედავად ამისა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მეფეებად ყოველთვის სამართლიანი ადამიანები გყოლოდათ, მაშინ კარგი იქნებოდა მეფის ყოლა.
9 მაგრამ, გახსოვდეთ მეფე ნოესა და მისი მღვდლების ურჯულოება; და მე თვითონაც მახეში ვიყავი გაბმული და ვაკეთებდი ბევრ ისეთ რამეს, რაც უფლის თვალში იყო სიბილწე, რამაც მწარე მონანიებისაკენ მიბიძგა;
10 ამისდა მიუხედავად, ამდენი ტანჯვის შემდეგ, უფალმა შეისმინა ჩემი ღაღადი და უპასუხა ჩემს ლოცვებს; და თავის ხელში იარაღად მაქცია, მრავალი თქვენგანის ჭეშმარიტების ცოდნისაკენ მოსაყვანად.
11 ამისდა მიუხედავად, ამით მე არ ვამაყობ, რადგან არ ვარ ღირსეული, ვიამაყო საკუთარი თავით.
12 და ახლა, გეუბნებით, თქვენ ჩაგრულნი იყავით მეფე ნოეს მიერ, მისსა და მისივე მღვდლების მონობაში იყავით და მათ მიერ იყავით ურჯულოებაში ჩათრეული; ამიტომ შებოჭილნი იყავით ურჯულოების ბორკილებით.
13 და ახლა, რადგან ხართ გამოხსნილნი ამ ბორკილებიდან ღმერთის ძალით; დიახ, მეფე ნოესა და მისი ხალხის ხელიდანაც კი და ასევე ურჯულოების ბორკილებიდან, მე მსურს, რომ მყარად იდგეთ ამ თავისუფლებაში, რომლის მეშვეობითაც თქვენ განთავისუფლდით და არ ანდოთ არცერთ ადამიანს თქვენზედ მეფობა.
14 და ასევე, არ ანდოთ არცერთ ადამიანს, რომ იყოს თქვენი მასწავლებელი ან მოძღვარი, გარდა ღმერთის კაცისა, მისი გზებით მოსიარულესი და მისი მცნებების დამცველისა.
15 ასე ასწავლიდა ალმა თავის ხალხს, რომ ყოველ ადამიანს ჰყვარებოდა თავისი მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, რომ არ ყოფილიყო განხეთქილება მათ შორის.
16 და ახლა, ალმა იყო მათი მღვდელმთავარი, იყო რა მათი ეკლესიის დამაარსებელი.
17 და იყო ასე, რომ არავინ არ მიიღებდა ქადაგებისა ან სწავლების უფლებამოსილებას, გარდა ღმერთისგან, მისი მეშვეობით. ამიტომ, მან აკურთხა მათი ყველა მღვდელი და მათი ყველა მასწავლებელი; და არავის არ აკურთხებდა, პატიოსანი ადამიანების გარდა.
18 ამიტომ, ისინი მეთვალყურეობდნენ თავიანთ ხალხს და კვებავდნენ მათ იმით, რაც სამართლიანობას ეხებოდა.
19 და იყო ასე, რომ მათ დაიწყეს ძალზედ აყვავება ამ მიწაზე; და მათ მიწას უწოდეს ჰელამი.
20 და იყო ასე, რომ ისინი ძალზედ გამრავლდნენ და აყვავდნენ ჰელამის მიწაზე; და მათ ააშენეს ქალაქი, რომელსაც უწოდეს ჰელამის ქალაქი.
21 მიუხედავად ამისა, უფალი თვლის შესაფერისად თავისი ხალხის განკიცხვას; დიახ, ის ცდის მათ მოთმინებასა და რწმენას.
22 ამისდა მიუხედავად, ვინც მას ანდობს თავის სასოებას, იგი ამაღლდება უკანასკნელ დღეს. დიახ, და ასე იყო ეს ხალხიც.
23 რადგან, აჰა, მე დაგანახებთ, რომ მათ დაიმონებენ და ვერავინ ვერ გამოიხსნის მათ უფლის, მათი ღმერთის, გარდა, დიახ, ღმერთის აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა.
24 და იყო ასე, რომ მან ისინი გამოიხსნა და მათ დაანახა თავისი ძლევამოსილი ძალა; და დიდი იყო მათი სიხარული.
25 რადგან, აჰა, იყო ასე, რომ როდესაც იყვნენ ჰელამის მიწაზე, დიახ, ქალაქ ჰელამში, როდესაც ამუშავებდნენ მის გარშემო მიწას, აჰა, ლამანიელთა ჯარი გამოჩნდა მიწის საზღვრებში.
26 და ახლა, იყო ასე, რომ ალმას ძმები გამოიქცნენ მინდვრებიდან და ერთად შეიკრიბნენ ქალაქ ჰელამში და ძალზედ შეშინებულნი იყვნენ ლამანიელთა გამოჩენით.
27 მაგრამ ალმა გამოვიდა და მათ შორის დადგა და მოუწოდა, რომ არ შეშინებოდათ, არამედ ხსომებოდათ უფალი, თავიანთი ღმერთი, და ის მათ გამოიხსნიდა.
28 ამიტომ, მათ დაიოკეს შიში და დაიწყეს უფლისადმი ღაღადი, რომ მას მოელბო ლამანიელთა გულები, რათა მათ დაენდოთ ისინი და მათი ცოლები და შვილები.
29 და იყო ასე, რომ უფალმა მოულბო გული ლამანიელებს. და ალმა და მისი ძმები წინ წავიდნენ და მათ ხელში ჩაბარდნენ; და ლამანიელები დაეუფლნენ ჰელამის მიწას.
30 ახლა, ლამანიელთა ჯარები, რომლებიც მიჰყვებოდნენ მეფე ლიმხის ხალხს, დაკარგულნი იყვნენ უდაბნოში მრავალი დღის განმავლობაში.
31 და აჰა, მათ იპოვეს მეფე ნოეს მღვდლები და ადგილი, რომელსაც ისინი უწოდებდნენ ამულონს; და მათ დაიწყეს ამულონის მიწის დაუფლება და მიწის დამუშავება.
32 ახლა, იმ მღვდელთა წინამძღვრის სახელი იყო ამულონი.
33 და იყო ასე, რომ ამულონიც შეევედრა ლამანიელებს; და მან ასევე წინ გაუშვა მათი ცოლები, რომლებიც იყვნენ ლამანიელთა ქალიშვილები, რათა შევედრებოდნენ თავიანთ ძმებს, რომ არ გაენადგურებინათ მათი ქმრები.
34 და ლამანიელებმა იქონიეს სიბრალული ამულონზე და მის ძმებზე და არ გაანადგურეს ისინი მათი ცოლების გამო.
35 და ამულონი და მისი ძმები შეუერთდნენ ლამანიელებს და ისინი მოგზაურობდნენ უდაბნოში ნეფის მიწის ძებნისას, როდესაც აღმოაჩინეს ჰელამის მიწა, რომელიც ალმასა და მისი ძმების მფლობელობაში იყო.
36 და იყო ასე, რომ ლამანიელები ალმასა და მის ძმებს დაპირდნენ, რომ თუ ისინი მათ უჩვენებდნენ გზას ნეფის მიწისაკენ, ისინი მათ სიცოცხლესა და თავისუფლებას აჩუქებდნენ.
37 მაგრამ, მას შემდეგ, რაც ალმამ აჩვენა გზა ნეფის მიწისაკენ, ლამანიელებმა არ შეასრულეს თავიანთი დანაპირები, არამედ მათ დააყენეს მცველები ჰელამის მიწის გარშემო, ალმასა და მის ძმებზე.
38 და დანარჩენნი წავიდნენ ნეფის მიწაზე; და მათი ნაწილი დაბრუნდა ჰელამის მიწაზე და თან მოიყვანეს იმ მიწაზე დატოვებული მცველების ცოლები და შვილები.
39 და ლამანიელთა მეფემ ნება დართო ამულონს, რომ ყოფილიყო მეფე და მმართველი თავის ხალხზე, რომელიც ცხოვრობდა ჰელამის მიწაზე; მიუხედავად ამისა, მას არ ჰქონდა ძალაუფლება, გაეკეთებინა რამე ლამანიელთა მეფის ნების საწინააღმდეგოდ.