თავი 9
იაკობი განმარტავს, რომ იუდეველები შეკრებილნი იქნებიან თავიანთ ყოველ აღთქმულ მიწაზე. გამოსყიდვა ადამიანს გამოისყიდის დაცემისაგან. გარდაცვლილთა სხეულები აღდგება საფლავებიდან, მათი სულები კი – ჯოჯოხეთიდან და სამოთხიდან. ისინი იქნებიან განკითხულნი. გამოსყიდვა გადაარჩენს სიკვდილის, ჯოჯოხეთის, ეშმაკისა და უსასრულო წამებისგან. მართალნი გადარჩებიან ღვთის სასუფეველში. ცოდვებისათვის დანიშნულია სასჯელი. ისრაელის წმინდა არის კარიბჭის მცველი. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო, მე წავიკითხე ეს ყველაფერი, რათა თქვენ იცოდეთ უფლის აღთქმების შესახებ, რომელნიც მან აღუთქვა ისრაელის სახლს.
2 რომლებზედაც ის ეუბნებოდა იუდეველებს, მისი წმინდა წინასწარმეტყველების პირით, დიახ, დასაბამიდანვე და შემდეგ თაობიდან თაობამდე, სანამ არ მოვიდოდა დრო, როდესაც ისინი აღდგენილნი იქნებოდნენ ჭეშმარიტ ეკლესიაში და ღვთის ფარაში; როდესაც შეიკრიბებიან სახლში მათი მემკვიდრეობის მიწებზე და დამკვიდრდებიან თავიანთ ყოველ აღთქმულ მიწაზე.
3 აჰა, ჩემო საყვარელო ძმებო, მე გეუბნებით ამას, რათა გაიხაროთ, აიმაღლეთ თავი სამარადისოდ, იმ კურთხევების გამო, რომლებსაც უფალი ღმერთი უბოძებს თქვენს შვილებს.
4 რადგან მე ვიცი, რომ მრავალმა თქვენგანმა ბევრი იკვლია, რათა გაგეგოთ მომავლის შესახებ; ამიტომ, მე ვიცი, რომ თქვენ იცით – ჩვენი ხორცი უნდა გამოიფიტოს და მოკვდეს; მიუხედავად ამისა, ჩვენ სხეულში ვიხილავთ ღმერთს.
5 დიახ, მე ვიცი, რომ თქვენ იცით, რომ ის სხეულით გამოეცხადება მათ, ვინც არიან იერუსალიმთან, საიდანაც მოვედით; რადგან აუცილებელია, რომ ეს მოხდეს მათ შორის; ვინაიდან დიადი შემოქმედისთვის აუცილებელია, ნება მისცეს საკუთარ თავს მორჩილებდეს ხორციელ ადამიანს და მოკვდეს ყოველი ადამიანისათვის, რათა ყოველი ადამიანი მორჩილებდეს მას.
6 ვინაიდან სიკვდილი ერგო ყოველ ადამიანს; რათა აღსრულდეს დიადი შემოქმედის მოწყალე გეგმა, აუცილებელია იყოს აღდგომის ძალა და აუცილებელია აღდგომა მივიდეს ადამიანთან დაცემის შედეგად; დაცემა კი მოვიდა შეცოდების შედეგად; და რადგან ადამიანი დაეცა, ის მოკვეთილ იქნა უფლის გარემოცვიდან.
7 ამიტომ, აუცილებელია იყოს უსაზღვრო გამოსყიდვა; რომ არა უსაზღვრო გამოსყიდვა, ვერ შეიმოსებოდა ეს ხრწნადი უხრწნელობით. ამიტომ, პირველი სასჯელი, რომელიც ადამიანს მიეზღო, აუცილებლად უნდა დარჩენილიყო უსასრულოდ. და თუ ასე იქნებოდა, ეს ხორცი უნდა ჩაწოლილიყო ლპობისთვის და მშობელ მიწაში მტვრად ქცევისთვის, რომ მეტად აღარ აღმდგარიყო.
8 ო, ღვთის სიბრძნე, მისი წყალობა და მადლი! რადგან, აჰა, ხორცი რომ აღარასდროს აღმსდგარიყო, ჩვენი სული უნდა ყოფილიყო იმ ანგელოზის ძალაუფლების ქვეშ, რომელიც დაეცა მარადიული ღვთის გარემოცვიდან და იქცა ეშმაკად, რომ აღარ აღმსდგარიყო.
9 და ჩვენი სულები უნდა გამხდარიყო მისნაირი და ვიქცეოდით ეშმაკებად, ეშმაკის ანგელოზებად, რათა არ ვყოფილიყავით დაშვებულნი ჩვენი ღმერთის გარემოცვაში და დავრჩენილიყავით ტყუილების მამასთან უბედურებაში, როგორც ის თვითონაა; დიახ, იმ არსებასთან, რომელმაც შეაცდინა ჩვენი პირველი მშობლები, რომელიც გარდაისახება თითქმის სინათლის ანგელოზად და უბიძგებს ადამიანთა შვილებს საიდუმლო შეთქმულებების მკვლელობებისა და ბნელეთის ყოველგვარი საიდუმლო საქმეებისაკენ.
10 რაოდენ დიდია ჩვენი ღვთის სიკეთე, რომელიც გვიმზადებს გამოხსნის გზას ამ საზარელი ურჩხულის ხელიდან; დიახ, იმ ურჩხულისაგან, სიკვდილისა და ჯოჯოხეთისგან, რომელსაც მე ვუწოდებ სხეულის სიკვდილს და ასევე სულის სიკვდილს.
11 და ჩვენი ღვთის, ისრაელის წმინდის გამოხსნის გზის შედეგად, ეს სიკვდილი, რომელზედაც მე ვლაპარაკობდი, რომელიც არის მიწიერი, გამოიხსნის მის მკვდრებს; ეს სიკვდილი კი არის საფლავი.
12 და ეს სიკვდილი, რომელზეც მე ვლაპარაკობდი, რომელიც არის სულიერი სიკვდილი, გამოიხსნის მის მკვდრებს; ეს სულიერი სიკვდილი არის ჯოჯოხეთი; ამიტომ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა უნდა გამოიხსნან თავიანთი მკვდრები, ჯოჯოხეთმაც უნდა გამოიხსნას თავისი დატყვევებული სულები და საფლავმა უნდა გამოიხსნას თავისი დატყვევებული სხეულები და ადამიანების ეს სხეულები და სულები ერთმანეთისთვის აღდგებიან; და ეს მოხდება ისრაელის წმინდის აღდგომის ძალით.
13 ო, რაოდენ დიადია ღვთის გეგმა! ვინაიდან მეორე მხრივ, ღვთის სამოთხემ უნდა გამოიხსნას მართალთა სულები და საფლავმა გამოიხსნას მართალთა სხეულები; და სული და სხეული კვლავ აღდგებიან ერთმანეთისთვის; და ყველა ადამიანი გახდება უხრწნელი და უკვდავი; და იქნებიან ცოცხალი სულები, ექნებათ სრულყოფილი ცოდნა, როგორც ჩვენ, ხორციელთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენი ცოდნა იქნება სრულყოფილი.
14 ამიტომ, ჩვენ გვექნება სრულყოფილი ცოდნა ყველა ჩვენი დანაშაულის, უწმინდურობისა და სიშიშვლის შესახებ; და მართლებს ექნებათ სრულყოფილი ცოდნა თავიანთი ტკბობის და სიმართლის შესახებ, იქნებიან რა სიწმინდით შემოსილნი, დიახ, სამართლიანობის სამოსელითაც.
15 და იქნება ასე: როდესაც ყოველი ადამიანი გადავა ამ პირველი სიკვდილიდან სიცოცხლეში, რამდენადაც გახდებიან უკვდავნი, ისინი უნდა წარსდგნენ ისრაელის წმინდის სამსჯავროზე: და შემდეგ მოვა განკითხვა და ისინი განიკითხებიან ღვთის წმინდა სამართლის შესაბამისად.
16 და უეჭველად, ისე, როგორც ცოცხალია უფალი, რადგან ეს თქვა უფალმა ღმერთმა და ეს არის მისი მარადიული სიტყვა, რომელიც ვერ გადავა, რომ ისინი, რომლებიც არიან მართალნი, კვლავ იქნებიან მართლები და ისინი, რომლებიც არიან ბინძურნი, კვლავ იქნებიან ბინძურნი; ამიტომ, ისინი, რომლებიც არიან ბინძურნი, არიან ეშმაკი და მისი ანგელოზები; და ისინი წავლენ მათთვის მომზადებულ მარადიულ ცეცხლში; და წამება მათი არის როგორც ცეცხლისა და გოგირდის ტბა, რომლის ალი ადის მაღლა უკუნითი უკუნისამდე და არის უსასრულო.
17 ო, ჩვენი ღმერთის სიდიადევ და სამართალო! რადგან ის აღასრულებს თავის ყოველ სიტყვას და მისი პირიდან გამოვიდა ეს სიტყვები და უნდა აღსრულდეს მისი კანონი.
18 მაგრამ, აჰა, მართალნი, წმინდანები ისრაელის წმინდისა, ისინი, ვინც იწამეს ისრაელის წმინდა, ისინი, ვინც გაუძლო ამა ქვეყნის ჯვარს და სძულს მისგან სირცხვილი, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ ღვთის სასუფეველს, რომელიც ამაქვეყნის დასაბამიდან იყო მათთვის მომზადებული და მათი სიხარული იქნება სავსე სამარადისოდ.
19 ჩვენი ღვთის, ისრაელის წმინდის წყალობა! რადგან ის გამოიხსნის მის წმინდანებს იმ საზარელი ურჩხულის, ეშმაკისა და სიკვდილისაგან და ჯოჯოხეთისგან და იმ ცეცხლისა და გოგირდის ტბისგან, რომელიც არის უსასრულო წამება.
20 ო, როგორი დიადია სიწმინდე ჩვენი ღვთისა! რადგან მან იცის ყველაფერი და არ არსებობს რაიმე ისეთი, რაც მან არ იცის.
21 და ის მოდის ამქვეყნად, რათა შეძლოს ყოველი ადამიანის გადარჩენა, თუ ისინი მის ხმას დაუგდებენ ყურს; რადგან, აჰა, ის იტანს ყოველი ადამიანის ტკივილს, დიახ, ყოველი ცოცხალი არსების ტკივილს, როგორც კაცების, ასევე ქალებისა და ბავშვების, რომლებიც მიეკუთვნებიან ადამის ოჯახს.
22 და ის იტანს ამას, რათა ყოველ ადამიანთან მივიდეს აღდგომა, რომ ყველა წარსდგეს მის წინაშე დიდსა და განკითხვის დღეს.
23 და ის უბრძანებს ყოველ ადამიანს, მოინანიოს და მოინათლოს მისი სახელით, იქონიოს სრულყოფილი რწმენა ისრაელის წმინდაში, სხვაგვარად ისინი ვერ გადარჩებიან ღვთის სასუფეველში.
24 და თუ არ მოინანიებენ და არ იწამებენ მის სახელს და არ მოინათლებიან მისი სახელით და არ გაძლებენ ბოლომდე, იქნებიან განწირულნი, რადგან უფალმა ღმერთმა, ისრაელის წმინდამ, ასე თქვა.
25 ამიტომ, მან მოგვცა რჯული; და იქ, სადაც არ არის მოცემული რჯული, არ იქნება სასჯელი; და იქ, სადაც არ არის სასჯელი, არ იქნება განაჩენი; და იქ, სადაც არ არის განაჩენი, ისრაელის წმინდის მოწყალება მოეფინება მათ გამოსყიდვის გამო; რადგან ისინი გამოხსნილნი არიან მისი ძალით.
26 რადგან გამოსყიდვა აკმაყოფილებს მისი სამართალის მოთხოვნას ყოველი მათგანის მიმართ, ვისაც არ მიეცა რჯული, ასე რომ, ისინი გამოხსნილნი არიან იმ საზარელი ურჩხულის, სიკვდილისა და ჯოჯოხეთისგან და ეშმაკისაგან და ცეცხლისა და გოგირდის ტბისგან, რომელიც არის უსასრულო წამება; და ისინი დაბრუნებულნი არიან იმ ღმერთთან, რომელმაც მათ სუნთქვა აჩუქა, რომელიც არის ისრაელის წმინდა.
27 მაგრამ ვარამი მას, ვისაც მიეცა რჯული, დიახ, რომელსაც აქვს ღმერთის ყველა მცნება, როგორც ჩვენ, ვინც არღვევენ მათ და ფლანგავენ მისი გამოცდის დღეებს, რადგან საშინელია მისი მდგომარეობა.
28 ო, იმ ბოროტის ცბიერი გეგმა! ადამიანების ამაოება, სისუსტენი და უგუნურება! როდესაც არიან სწავლულნი ფიქრობენ, რომ არიან ბრძენნი და ყურს არ უგდებენ ღმერთის რჩევას, რადგან მას გვერდზე გადადებენ, ჰგონიათ რა, რომ თვითონ იციან. ამიტომ, მათი სიბრძნე არის უგუნურება და მას არ მოაქვს მათთვის სარგებელი. და ისინი დაიღუპებიან.
29 მაგრამ კარგია იყო სწავლული, თუ ყურს დაუგდებ ღვთის რჩევებს.
30 მაგრამ ვარამი მდიდრებს, რომლებიც არიან მდიდარნი მიწიერი კეთილდღეობის გაგებით. ვინაიდან თავიანთი სიმდიდრის გამო მათ სძულთ ღარიბნი და დევნიან თვინიერთ; და მათი გულები მათ საგანძურებშია; ამიტომ, მათი საგანძურები არის მათი ღმერთი. და აჰა, მათი საგანძურიც დაიღუპება მათთან ერთად.
31 და ვარამი დაყრუებულთ, რომლებსაც არ სურთ მოსმენა; რადგან ისინი დაიღუპებიან.
32 ვარამი ბრმებს, რომლებსაც არ სურთ დანახვა, რადგან ისინიც დაიღუპებიან.
33 ვარამი გულით წინდაუცვეთლებს, რადგან მათი ურჯულოების ცოდნა დაღუპავს მათ უკანასკნელ დღეს.
34 ვარამი ტყუილის მთქმელს, რადგან ის ჩაგდებული იქნება ჯოჯოხეთში.
35 ვარამი მკვლელს, რომელიც კლავს წინასწარ განზრახვით, რადგან იგი მოკვდება.
36 ვარამი მათ, ვინც მრუშობს, რადგან ისინი ჩაგდებულნი იქნებიან ჯოჯოხეთში.
37 დიახ, ვარამი მათ, ვინც კერპებს ეთაყვანება, რადგან ყველა ეშმაკთა ეშმაკი ხარობს მათში.
38 და ბოლოს, ვარამი მათ ყველას, რომელნიც კვდებიან თავიანთ ცოდვებში, რადგან ისინი დაბრუნდებიან თავიანთ ღმერთთან და იხილავენ მის სახეს და დარჩებიან თავიანთ ცოდვებში.
39 ჩემო საყვარელო ძმებო, გახსოვდეთ, როგორი საშინელია წმინდა ღმერთის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა და ასევე როგორი საშინელია იმ ცბიერის ცდუნების დაყოლა. გახსოვდეთ, ხორციელი აზროვნება არის სიკვდილი, სულიერი აზროვნება არის მარადიული სიცოცხლე.
40 ჩემო საყვარელო ძმებო, დაუგდეთ ყური ჩემს სიტყვას. გახსოვდეთ ისრაელის წმინდის სიდიადე. ნუ იტყვით, რომ მე ვთქვი მძიმე სიტყვები თქვენ წინააღმდეგ; რადგან, თუ ასე მოიქცევით, თქვენ გალანძღავთ ჭეშმარიტებას; რადგან მე ვთქვი თქვენი შემქმნელის სიტყვები. მე ვიცი, რომ ჭეშმარიტების სიტყვები არის მძიმე ყოველგვარი უწმინდურობისთვის, მაგრამ მართლებს არ ეშინიათ მათი, რადგან უყვართ ჭეშმარიტება და არიან უდრეკნი.
41 მაშინ, ჩემო საყვარელო ძმებო, მოდით უფალთან, წმინდასთან. გახსოვდეთ, რომ მისი გზა არის მართალი. აჰა, გზა ადამიანისთვის არის ვიწრო, მაგრამ ის სწორად მიემართება მის წინ და ისრაელის წმინდა არის კარიბჭის მცველი; და არ ჰყავს იქ დაქირავებული მსახური და არ არსებობს სხვა გზა, გარდა ამ კარიბჭისა; რადგან ის ვერ მოტყუვდება, ვინაიდან უფალი ღმერთია მისი სახელი.
42 და ვინც დააკაკუნებს, იგი გაუღებს; და ბრძენნი, სწავლულნი და ისინი, რომლებიც არიან მდიდარნი, ვინც არიან გაყოყოჩებულნი საკუთარი სწავლულობის, სიბრძნისა და სიმდიდრისგან, დიახ, ესენი არიან, ვინც მას სძულს; და თუ არ ჩამოიშორებენ ამ ყველაფერს და არ სცნობენ თავიანთ თავს ღვთის წინაშე უცოდინრებად და არ მოიყრიან მუხლს ღრმა თავმდაბლობით, ის მათ არ გაუღებს.
43 მაგრამ რაც არის ბრძენთა და წინდახედულთათვის, ის დაფარული იქნება მათთვის სამუდამოდ; დიახ, ის ბედნიერება, რაც მომზადებულია წმინდანთათვის.
44 ჩემო საყვარელო ძმებო, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. აჰა, მე ვიხდი სამოსს და ვფერთხავ თქვენ წინაშე; მე ვლოცულობ ჩემი ხსნის ღმერთისადმი, რათა შემომხედოს თავის ყოვლისმხილველი თვალით; ამიტომ, მაშინ, როდესაც ყველა ადამიანი განიკითხება თავისი საქმეებისთვის უკანასკნელ დღეს, თქვენ გაიგებთ, რომ ისრაელის ღმერთი იყო მოწმე იმისა, რომ მე ჩამოვფერთხე თქვენი ურჯულოება ჩემი სულიდან და რომ ვდგავარ მის წინაშე გაბრწყინებული და თქვენი სისხლისაგან განწმენდილი.
45 ჩემო საყვარელო ძმებო, ზურგი აქციეთ ცოდვებს; ჩამოიყარეთ იმის ჯაჭვები, ვისაც სურს, ძლიერ შეგბოჭოთ; მოდით იმ ღმერთთან, რომელიც არის კლდე თქვენი ხსნისა.
46 მოიმზადეთ სული იმ დიდებული დღისთვის, როდესაც სამართალი მიეზღვებათ მართლებს, განკითხვის დღეს რომ არ შეძრწუნდნენ საშინელი შიშით; რომ არ გახსოვდეთ თქვენი საშინელი დანაშაული სრულად და არ მოგიწიოთ წამოძახება: წმინდაა, წმინდა შენი სასჯელი, უფალო ღმერთო ყოვლადძლიერო, მაგრამ ვიცი ჩემი დანაშაული; დავარღვიე შენი კანონი და მეკუთვნის ჩემი შეცოდებანი; და დამეუფლა ეშმაკი და ვარ მისი საშინელი უბედურების მსხვერპლი.
47 მაგრამ, აჰა, ჩემო ძმებო, ნუთუ არის საჭირო გაგაღვიძოთ ამ ყველაფრის საშინელი სინამდვილისთვის? ნუთუ ავაფორიაქებდი თქვენს სულებს, თქვენი გონება რომ წმინდა ყოფილიყო? ნუთუ ვიქნებოდი პირდაპირი თქვენ მიმართ, ამ ჭეშმარიტების სინათლის შესაბამისად, თქვენ ცოდვისგან თავისუფლები რომ ყოფილიყავით?
48 აჰა, თქვენ რომ ყოფილიყავით წმინდანები, მე დაგელაპარაკებოდით სიწმინდეზე; მაგრამ, რადგან არ ხართ წმინდანები და მიყურებთ როგორც მასწავლებელს, მაშინ აუცილებლად საჭიროა გასწავლოთ ცოდვის შედეგების შესახებ.
49 აჰა, ჩემს სულს ეზიზღება ცოდვა და გული ჩემი ხარობს სამართლიანობაში; და მე ვაქებ ჩემი ღვთის წმინდა სახელს.
50 მოდით, ჩემო ძმებო, ყოველო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით და შეიძინეთ და ჭამეთ. დიახ, მოდით და შეიძინეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.
51 ამიტომ, ნუ დახარჯავთ ფულს იმაზე, რაც არაფრად ღირებულია; ნურც თქვენს შრომას იმაზე, რაც ვერ დაგაკმაყოფილებთ. ბეჯითად დამიგდეთ ყური და დაიმახსოვრეთ სიტყვები, რომლებიც მე ვთქვი; და მოდით ისრაელის წმინდასთან და გამართეთ ნადიმი იმით, რაც არ გაფუჭდება და არც გაიხრწნება; და მოილხინოს თქვენმა სულმა სიმსუყეში.
52 აჰა, ჩემო საყვარელო ძმებო, გახსოვდეთ თქვენი ღმერთის სიტყვები, განუწყვეტლივ ილოცეთ მისადმი დღისით და მიაგეთ მადლი ღამით მის წმინდა სახელს. დაე, გაიხარონ თქვენმა გულებმა.
53 და აჰა, რაოდენ დიადია უფლის აღთქმები და რაოდენ დიდია მისი შემწყნარებლობა ადამიანთა შვილებისადმი; და მისი სიდიადის, მადლისა და წყალობის გამო ის დაგვპირდა, რომ ჩვენი შთამომავლობა არ იქნება მთლიანად განადგურებული შესაბამისად ხორციელისა, მაგრამ ის გადაარჩენს მათ და მომავალ თაობებში ისინი გახდებიან ისრაელის სახლის სამართლიანი ყლორტი.
54 და ახლა, ჩემო ძმებო, მე მსურს უფრო მეტი გელაპარაკოთ, მაგრამ დანარჩენ ჩემს სიტყვებს გამოგიცხადებთ ხვალ. ამინ.