გენერალური კონფერენცია
გადაიტანეთ ერთი დღე ქრისტეში
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


გადაიტანეთ ერთი დღე ქრისტეში

იესო ქრისტე შესაძლებელს ხდის ჩვენთვის, „[გადავიტანოთ ის დღე]“.

ეს იყო მნიშვნელოვანი და პირდაპირი იგავებით, რთული კითხვებითა და ღრმა დოქტრინით სავსე დღე. მას შემდეგ, რაც იესომ მკაცრად განკიცხა ისინი, ვინც „შეთეთრებულ სამარხებს [ჰგავდნენ], რომლებიც გარედან ლამაზები ჩან[დნენ], შიგნით კი სავსე[ნი] მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით“,1 მან სულიერი მზადებისა და მოწაფეობის შესახებ სამი იგავი მოყვა. ერთ-ერთი იგავი ათი ქალწულის შესახებ იყო.

„მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად.

ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი – გონიერი.

უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან.

ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით.

ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა.

მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: ‘აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად.

მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები.

უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: „გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება“.

მიუგეს გონივრებმა და უთხრეს: ‘რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.

„როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა.

„შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე!2

„ხოლო მან მიუგო და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ“3

„ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე“.4

პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა ნეფეს მოსვლასთან დაკავშირებით შემდეგი დამაფიქრებელი კითხვები დასვა:5 „რა იქნებოდა, მისი მოსვლის დღე ხვალ რომ ყოფილიყო? რომ გვცოდნოდა, უფალს ხვალ შევხვდებოდით - ნაადრევი სიკვდილის ან მისი მოულოდნელი მოსვლის გამო - დღეს რას მოვიმოქმედებდით“?6

მე პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ უფლის მოსვლისთვის სულიერი მზადება სიმშვიდისა და ბედნიერების პოვნის არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ ერთადერთი გზაა.

შემოდგომის ნათელი დღე იყო, როცა პირველად გავიგე სიტყვები „თქვენ კიბო გაქვთ“. მე და ჩემი მეუღლე გავოგნდით. შინ მანქანით, სრულ სიჩუმეში ვბრუნდებოდით, ვცდილობდით „გადაგვეხარშა“ ახალი ამბავი. გული ჩვენი სამი ვაჟისკენ მიმიწევდა.

გონებაში ვეკითხებოდი მამაზეციერს: „მოვკვდები“?

სულიწმინდამ ჩამჩურჩულა: „ყველაფერი კარგად იქნება“.

შემდეგ დავსვი კითხვა: „ვიცოცხლებ“?

და კვლავ მივიღე პასუხი: „ყველაფერი კარგად იქნება“.

დავიბენი. რატომ მივიღე იგივე პასუხი ორ საპირისპირო კითხვაზე?

შემდეგ უცებ ჩემი არსების ყოველი უჯრედი აბსოლუტური სიმშვიდით აივსო, თითქოს გამახსენეს: არ გვეჩქარება სახლში იმის გამო, რომ შვილებს ლოცვა უნდა ვასწავლოთ. მათ იციან, როგორ მიიღონ ლოცვაში პასუხები და ნუგეში. არ გვეჩქარება სახლში, რათა წმინდა წერილი და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვები ვასწავლოთ. ეს სიტყვები მათთვის უკვე ისედაც ძალისა და წვდომის წყარო იყო. არ ვჩქარობდით სახლში, რათა მონანიებაზე, აღდგომაზე და აღდგენაზე, ხსნის გეგმაზე, მარადიულ ოჯახებზე და უშუალოდ ქრისტეს სწავლებაზე გვესაუბრა.

იმ მომენტში ყოველი გაკვეთილი ოჯახურ საღამოზე, წმინდა წერილის შესწავლის დრო, რწმენით სავსე ლოცვა, კურთხევა, გაზიარებული დამოწმება, დადებული და დაცული აღთქმა, უფლის სახლში შესვლა და წმინდად დაცული კვირადღე - ყოველივე ეს ახლა ისეთი მნიშვნელოვანი რამ იყო! ძალიან გვიანი იყო ლამპებში ზეთის ჩასხმა. ჩვენ ყოველი წვეთი გვჭირდებოდა, თანაც იმწუთას!

თუ მოვკვდებოდი, იესო ქრისტესი და მისი აღდგენილი სახარების წყალობით ჩემი ოჯახი ნუგეშსა და ძალას მიიღებდა და ერთ დღესაც ამას შეეგუებოდა. თუ ცოცხალი დავრჩებოდი - მექნებოდა ყველაზე დიდი ძალა დედამიწაზე, რომელიც დამეხმარებოდა, მხარში დამიდგებოდა და განმკურნავდა. საბოლოო ჯამში ხომ იესო ქრისტეს გამო ყველაფერი კარგად იქნება.

მოძღვრება და აღთქმების სიღრმისეული შესწავლისას ჩვენ შევიტყობთ, რომ „კარგად“ ნიშნავს:

„და იმ დღეს, როდესაც მოვალ ჩემი სიდიადით, აღსრულდება ჩემ მიერ მოყოლილი იგავი ათი ქალწულის შესახებ.

„ვინაიდან, რომლებიც არიან ბრძენნი და მიიღეს ჭეშმარიტება, სულიწმინდა მიიღეს თავიანთ მეგზურად და არ შეცდნენ – ჭეშმარიტად გეუბნებით, არ იქნებიან მოკვეთილნი და ცეცხლში ჩაყრილნი, არამედ გადაიტანენ იმ დღეს“.7

იესო ქრისტე შესაძლებელს ხდის ჩვენთვის, „[გადავიტანოთ ის დღე]“. „გადავიტანოთ ის დღე“ არ ნიშნავს, გრძელ აუცილებელი საქმეების სიას დაამატო კიდევ ერთი პუნქტი. გაიხსენეთ გამადიდებელი შუშა. მისი დანიშნულებაა საგნების გადიდება. მას აგრეთვე შეუძლია, გააძლიეროს სინათლე მისი შეკრებითა და ფოკუსირებით. ჩვენ უნდა გავამარტივოთ, მოვახდინოთ ძალისხმევის ფოკუსირება და გავხდეთ იესო ქრისტეს სინათლის შემკრებნი. ჩვენ გვჭირდება მეტი წმინდა და გამოცხადებასთან დაკავშირებული გამოცდილება.

ისრაელის ჩრდილო-დასავლეთის მხარეს ულამაზესი მთებია, რომლებსაც ხშირად „მარადმწვანე მთებს“ უწოდებენ. კარმელის მთა8 მთელი წლის განმავლობაში მწვანეა, მეტწილად ნამის მცირე რაოდენობის გამო. ანუ ხდება ყოველდღიური კვება. როცა ჩვენ, კარმელის მთის ნამის მსგავსად,9 ვეძიებთ სულის გამოკვებას „იმით, რაც სამართლიანობას ეხებ[ა]“,10 „პატარა და უბრალო საქმეებით“,11 ჩვენი დამოწმებები და ჩვენი შვილების დამოწმებები იცოცხლებს!

ალბათ ახლა ფიქრობთ: „და რაით, თქვენ ჩემს ოჯახს არ იცნობთ. ჩვენ ძალიან გვიჭირს და ასე არ გამოვიყურებით. მართალი ხართ. მე არ ვიცნობ თქვენს ოჯახს. მაგრამ ღმერთი უსაზღვრო სიყვარულით, წყალობით, ცოდნითა და დიდებით გიცნობთ.

თქვენ მიერ დასმული კითხვები ალბათ გულიდან მოდის, სულის სიღრმეში დამალული ტკივილიდან. ასეთივე შეკითხვები წმინდა წერილშიც გვაქვს:

„მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ [ჩემი ოჯახი იღუპება]“?12

„და სადაა ჩემი სასოება“?13

„რა [გავაკეთო], რომ ეს ბნელეთის ღრუბელი, რომელიც [მომეფინა], გაიფანტოს?14

„სად იპოვება სიბრძნე? და სად არის გონების ადგილი“?15

„როგორ შეიძლება, რომ ჩა[ვეჭიდო] ყოველივეს, რაც არის კეთილი“?16

„რა გსურს, უფალო, რომ გავაკეთო“?17

და შემდეგ ასე ტკბილად მოდის პასუხები:

„გწამს შენ ქრისტეს ძალა ხსნისათვის“?18

„აჰა, ნუთუ უბრძანებს უფალი ვინმეს, რომ მათ არ უნდა იგემონ მისი სიკეთე“?19

„გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?“20

„წინასწარმეტყველთა თუ გწამს“?21

„ავლენთ თუ არა რწმენას თქვენი შემქმნელის გამოსყიდვაში?22

„მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა არ გააჩინოს სამართალი?“23

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ზეთს ვერავის ვერ გავუზიარებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაზიაროთ უფლის სინათლე. ზეთი ჩვენს ლამპებში არა მხოლოდ დაგვეხმარება „[იმ დღის გადატანაში], არამედ გაგვინათებს გზას, რომელსაც ჩვენი საყვარელი ადამიანები უფლისკენ მიჰყავს, რომელიც „ხელგაშლილი დგას“ მათ მისაღებად.24

თქვა უფალმა: „შეიკავე ხმა ტირილისაგან და თვალები ცრემლისაგან: რადგან საზღაური აქვს შენს ნაშრომს,“ … და დაბრუნდებიან ისინი მტრის ქვეყნიდან.

გქონდეს იმედი შენი მომავლისა, თქვა უფალმა, დაუბრუნდებიან შენი ძენი თავიანთ საზღვრებს“!25

იესო ქრისტე არის „იმედი მომავლისა“. ყოველივე, რაც გაკეთდა ან არ გაკეთდა, მისი უსაზღვრო და მარადიული მსხვერპლის ფარგლებშია. მის გამო ჩვენს ამბავს დასასრული არ აქვს.26 ამიტომ, „წინ უნდა მიისწრაფოდეთ, სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სრულყოფილი ნათელით და ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით. ასე რომ, თუ ჩვენ წინ მივისწრაფვით, ქრისტეს სიტყვით ვნადიმობთ და ბოლომდე გავძლებთ, აჰა, ამას ამბობს მამა: [ვიქონიებთ] მარადიულ ცხოვრებას“.27

მარადიული ცხოვრება მარადიული სიხარულია. სიხარული ამ ცხოვრებაში, ამჟამად- არა მიუხედავად დღევანდელი დღის სირთულეებისა, არამედ რადგან უფალი გვეხმარება, ვისწავლოთ სირთულეებზე და საბოლოოდ გადავლახოთ ისინიდა მივიღოთ განუზომელი სიხარული მომავალ ცხოვრებაში. ცრემლები შეშრება, გატეხილი გულები განიკურნება, დაკარგულს იპოვიან, მწუხარება მოგვარდება, ოჯახები აღდგება და ყოველივე, რაც მამას გააჩნია - ჩვენი გახდება.28

უცქირეთ ქრისტეს და ასე იცხოვრეთ.29 ეს არის ჩემი დამოწმება. ჩვენი სულების საყვარელი „მწყემსისა და ეპისკოპოსის“, იესო ქრისტეს სახელით,30 ამინ.

შენიშვნები

  1. მათე 23:27.

  2. მათე 25:1-11.

  3. Joseph Smith Translation, Matthew 25:11 (in Matthew 25:12, footnote a).

  4. მათე 25:13.

  5. უხუცესი ჯეიმს ე. ტალმიჯი გვასწავლიდა: „ნეფე არის უფალი იესო ქრისტე; ქორწილის ნადიმი არის მისი დიდებით მოსვლის სიმბოლო, როცა უნდა მიიღოს ეკლესია დედამიწაზე, როგორც მისმა ნეფემ. ქალწულები განასახიერებენ მათ, ვინც აღიარებს ქრისტეს რწმენას და, შესაბამისად, დარწმუნებით ელიან, რომ მიიღებენ დღესასწაულზე კურთხეულ მონაწილეთა შორის. ანთებული ლამპა, რომელსაც თითოეული ქალწული ატარებდა, არის ქრისტიანული რწმენისა და პრაქტიკის სიმბოლო; და გონიერთა ზეთის მარაგში შეგვიძლია დავინახოთ სულიერი ძალა და სიუხვე, რომელიც მხოლოდ ღვთის მსახურებაში მონდომებითაა და ერთგულებით მოიპოვება“ (Jesus the Christ [1916], 578).

  6. Dallin H. Oaks, “Preparation for the Second Coming,” Liahona, May 2004, 9.

  7. მოძღვრება და აღთქმები 45:56-57;

  8. „ნამი უზრუნველყოფს შეზღუდული რაოდენობით ტენიანობას მშრალ ზაფხულშიც კი და მნიშვნელოვანია საზაფხულო კულტურებისთვის, როგორიცაა საზამთრო. რაც უფრო ახლოს არის ეს ტერიტორია ზღვასთან, მით უკეთსია ნამის შექმნის პირობები უქარო ღამეებში, როდესაც ნიადაგი უფრო ცივია, ვიდრე ჰაერი, რომელიც ეხება მის ზედაპირს. ზოგადად, სანაპიროს დაბლობში მეტი ნამია, ვიდრე შიდა რეგიონებში; ყველაზე მდიდარია მთა კარმელი, რომელსაც წელიწადში საშუალოდ 250 ღამე ნამი აქვს“.(Efraim Orni and Elisha Efrat, Geography of Israel, 3rd rev. ed. [1971], 147).

  9. მოძღვრება და აღთქმები 128:19.

  10. მოსია 23:18.

  11. ალმა 37:6.

  12. მარკოზი 4:38.

  13. იობი 17:15.

  14. ჰელამანი 5:40.

  15. იობი 28:12

  16. მორონი 7:20.

  17. საქმეები 9:6.

  18. ალმა 15:6.

  19. 2 ნეფი 26:28.

  20. მათე 9:28.

  21. საქმეები 26:27.

  22. ალმა 5:15

  23. დაბადება 18:25.

  24. მორმონი 6:17.

  25. იერემია 31:16-17;

  26. იხ. კამილ ნ.ჯონსონი, „მოიწვიეთ ქრისტე, გახდეს თქვენი ისტორიის ავტორი“, ლიახონა, ნოემბერი 2021, გვ.82: „დაე, გასაჭირი და ტანჯვა, რაც ყოველი კარგი ისტორიის ნაწილია, იყოს ის, რაც დაგაახლოვებთ და უფრო მეტად დაგამსგავსებთ იესო ქრისტეს“.

  27. 2 ნეფი 31:20.

  28. იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:38.

  29. იხ. ალმა 37:47.

  30. 1 პეტრე 2:25.

ამობეჭდვა