გენერალური კონფერენცია
ღმერთი გიცნობთ და თქვენ მას უყვარხართ
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ღმერთი გიცნობთ და თქვენ მას უყვარხართ

ღმერთის ბედნიერების გეგმა თქვენ გეხებათ. თქვენ მისი უძვირფასესი შვილი ხართ.

ექვსი წლის წინ ჩვენს ოჯახს ქ. ოქსფორდის გარეუბანში ღამით მოუწია მოგზაურობა. ბავშვებიც თან გვყავდა, ამიტომ გაჩერება დაგვჭირდა. ჩვენ ბენზინგასამართი სადგური ვიპოვეთ, მაღაზიებისა და რესტორნების ქსელით. ჩვენ ორგანიზებულად გადმოვედით მანქანიდან, შევიარეთ საყიდლებზე და გავაგრძელეთ მოგზაურობა.

თხუთმეტი წუთის შემდეგ ჩვენმა უფროსმა ვაჟმა იკითხა: „ჯასპერი სად არის“? ჯასპერი მარტო ზის ხოლმე მანქანის უკანა სკამზე. ჩვენ გვეგონა, რომ მან დაიძინა ან გვემალებოდა.

როცა მისმა ძმამ კარგად დაათვალიერა მანქანა აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხუთი წლის ვაჟი იქ არ იყო. კინაღამ გული გაგვისკდა. როცა უკან, ბენზინგასამართ სადგურზე ვბრუნდებოდით, ჩვენ ვევედრებოდით მამაზეციერს, რომ ჯასპერი უსაფრთხოდ ყოფილიყო. ჩვენ პოლიციაში დავრეკეთ და მოვახსენეთ მომხდარის შესახებ.

40 წუთზე მეტი დაგვჭირდა ადგილამდე მისვლა. იქ უკვე პოლიციის ორი მანქანა იდგა ანთებული ფარებით. ერთ-ერთ მათგანში ჯასპერი იჯდა და ღილაკების დაჭერით ერთობოდა. არასოდეს დამავიწყდება სიხარული, რომელიც მაშინ განვიცადეთ.

მხსნელის მრავალი იგავი უკავშირდება დაკარგულის ან გზააბნეულის დაბრუნებას, შეკრებას ან პოვნას. მათ შორის იგავი დაკარგულ ცხვარზე, დაკარგულ მონეტაზე და უძღებ შვილზე.1

რადგან ჯასპერთან დაკავშირებული შემთხვევა წლების განმავლობაში არ ამომდიოდა გონებიდან, მე ვფიქრობდი ღმერთის შვილების ღვთაებრივ იდენტურობაზე და მნიშვნელობაზე, იესო ქრისტეს გამომსყიდველ ძალაზე და მამაზეციერის სრულყოფილ სიყვარულზე, მამაზე, რომელიც მიცნობს მეც და თქვენც. იმედი მაქვს, დღეს გაგიზიარებთ დამოწმებას ამ ჭეშმარიტების შესახებ.

I. ღვთის შვილები

ცხოვრება რთულია. მრავალი ადამიანი თავს გადატვირთულად, მარტოდ, იზოლირებულად ან გამოფიტულად გრძნობს. რთულ ვითარებაში ყოფნისას შეიძლება ვიგრძნოთ, რომ უაზროდ დავხეტიალობთ ან უკან დავრჩით. ცოდნა, რომ ყველანი ღვთის შვილები ვართ და მისი მარადიული ოჯახის წევრები, დაგვიბრუნებს კუთვნილებისა და მიზნის გრძნობას.2

პრეზიდენტმა ბალარდმა გაგვიზიარა: „ჩვენ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი იდენტობა, რომელიც აწ და მარადის გვაერთიანებს. … ეს არის ცოდნა იმისა, რომ თქვენ ხართ და ყოველთვის იყავით ღვთის ძე ან ასული. როცა ამ ჭეშმარიტებას გაიაზრებთ - ნამდვილად გაიაზრებთ და მიიღებთ - ის თქვენს ცხოვრებას შეცვლის“.3

არასწორად ნუ გაიგებთ და ნუ დააკნინებთ მამაზეციერისთვის თქვენს მნიშვნელობას. თქვენ არ ხართ ბუნების შემთხვევითი გვერდითი პროდუქტი, კოსმოსური ობოლი ან მატერიის, დროისა და შანსის შედეგი. სადაც ქმნილებაა იქ შემქმნელია.

თქვენს ცხოვრებას მნიშვნელობა და მიზანი აქვს. იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება სინათლეს ჰფენს თქვენს ღვთიურ ბუნებას. გახსოვდეთ, თქვენ ხართ მამაზეციერის საყვარელი შვილი. თქვენ ხართ ყველა იმ იგავისა და სწავლების არსი. ღმერთს იმდენად უყვარხართ, რომ მან თქვენი განკურნების, გადარჩენისა და გამოსყიდვის მიზნით საკუთარი ძე გამოაგზავნა.4

იესო ქრისტე ყოველი ადამიანის ღვთიურ ბუნებასა და მარადიულ ღირებულებას ხედავდა.5 მან აგვიხსნა, რატომ არის ორი დიდი მცნება - გიყვარდეს ღმერთი და შენი მოყვასი, ღვთის ყველა მცნების საფუძველი.6 ჩვენი ერთ-ერთი ღვთიური ვალდებულებაა გასაჭირში მყოფთა ზრუნვა.7 აი რატომ ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეები, „[ვატარებთ] ერთმანეთის ტვირთ[ს], … [ვგლოვობთ] მათთან ერთად, ვინც გლოვობს … [და ვანუგეშებთ] მათ, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში“.8.

რელიგია მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობა როდია; რელიგია ჩვენს ერთმანეთთან ურთიერთობასაც ეხება. უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა აგვიხსნა, რომ ინგლისური სიტყვა რელიგია მოდის ლათინური religare-დან, რაც ნიშნავს „შეკვრას“ ანუ უფრო სწორად, „თავიდან შეკვრას“. ასე რომ, „ჭეშმარიტი რელიგია არის ის კვანძი, რომელიც გვაკავშირებს ღმერთთან და ერთმანეთთან“.9

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ვექცევით ერთმანეთს. პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლის: „მხსნელის გზავნილი ცხადია: მისი ჭეშმარიტი მოწაფეები აძლიერებენ, აამაღლებენ, ამხნევებენ, არწმუნებენ და შთააგონებენ“.10 ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა ჩვენი მეგობარი თანამგზავრები თავს დაკარგულად, მარტოდ, დავიწყებულად ან გარიყულად გრძნობენ.

შორს არ გვჭირდება წასვლა იმისთვის, რომ გასაჭირში მყოფი ადამიანები ვიპოვოთ. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ოჯახის წევრით, მრევლით, ადგილობრივი თემით და გავუწიოთ მათ დახმარება. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ვეცადოთ 700 მილიონი ადამიანის ტანჯვის შემსუბუქება, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ11 ან 100 მილიონი დევნილის დახმარება, რომლებიც იძულებით გადაადგილდენენ დევნის, კონფლიქტისა და იდენტობაზე დაფუძნებული ძალადობის გამო.12 იესო ქრისტე არის გასაჭირში მყოფთა - მშივრებზე, უცნობებზე, ავადმყოფებზე, ღარიბებზე, დაპატიმრებულებზე ზრუნვის სრულყოფილი მაგალითი. მისი საქმე ჩვენი საქმეა.

უხუცესი გერიტ ვ. გონგი გვასწავლის, რომ „ღმერთთან ჩვენი მოგზაურობა ხშირად ერთობლივად ხდება“.13 ამიტომ, ჩვენი მეურვეობები უნდა იყოს ღვთის ყველა შვილის თავშესაფარი. ჩვენ პასიურად დავდივართ ეკლესიაში თუ აქტიურად ვქმნით თემებს, რომელთა მიზანია ღვთისმსახურება, ქრისტეს გახსენება და ერთმანეთზე მზრუნველობა?14 ჩვენ შეგვიძლია ყური დავუგდოთ პრეზიდენტ ნელსონის რჩევას - ნაკლებად განვიკითხოთ, მეტი სიყვარული გავცეთ და ჩვენი სიტყვებისა და მოქმედებების მეშვეობით გავაზიაროთ იესო ქრისტეს წმინდა სიყვარული.15

II. იესო ქრისტეს გამომსყიდველი ძალა

იესო ქრისტეს გამოსყიდვა არის მამაზეციერის სიყვარულის უმაღლესი გამოვლენა თავისი შვილების მიმართ.16 სიტყვა გამოსყიდვა აღწერს დაშორებულთა ან განცალკევებულთა „ერთი-ერთზე მდგომარეობას“.

ჩვენი მხსნელის მისია გულისხმობდა როგორც მამაზეციერთან დაბრუნებას ისე მოგზაურობის დროს შვების მიცემას. მხსნელმა თავისი გამოცდილებიდან იცის, როგორ დაგვიდგეს მხარში ცხოვრებისეული სირთულეების ჟამს.17 ნუ შეგეშლებათ: ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და ჩვენი სულების მკურნალი.

როცა ჩვენ რწმენას ვავლენთ ის გვეხმარება სირთულეების გადალახვაში. იგი კვლავაც გვიწვევს:

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს“.18

მეტაფორა „უღელი“ ძალიან ძლიერია. როგორც პრეზიდენტმა ჰოვარდ ვ. ჰანტერმა განმარტა: „უღელი იყო მოწყობილობა… რომელიც ერთი ცხოველის ძალას აკავშირებდა მეორესთან და აორმაგებდა მას, რის ხარჯზეც ხდებოდა მძიმე ტვირთის განაწილება და შემსუბუქება. ტვირთი, რომელიც ერთისთვის საზიდად დიდი ან შესაძლოა, შეუძლებელი იყო, ერთი უღელით თანაბრად ორზე ნაწილდებოდა“.19

პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლიდა: „თქვენ მოდიხართ ქრისტესთან, რათა მასთან და მის ძალასთან უღელში ჩაებათ, რათა ცხოვრების ტვირთი მარტო არ ატაროთ. თქვენ ამ ცხოვრების ტვირთს სამყაროს მხნელთან და გამომსყიდველთან ერთ უღელში ატარებთ“.20

როგორ ვდგებით ერთ უღელში მხსნელთან ანუ როგორ ვუკავშირდებით მას? უხუცესი დევიდ ა. ბედნარი გვიხსნის:

წმინდა აღთქმების დადება და მათი დაცვა გვერდიგვერდ გვაყენებს უღელში უფალ იესო ქრისტესთან. ფაქტობრივად, მხსნელი გვიხმობს, მივენდოთ მას და მასთან ერთად ვზიდოთ ტვირთი. …

„ჩვენ არასოდეს არ ვართ და არც ვიქნებით მარტონი“.21

მივმართავ მათ, ვისაც მძიმე ტვირთი ადევს, დაკარგულად ან დაბნეულად გრძნობს თავს: სულაც არ არის საჭირო, მარტო იყოთ.22 ქრისტეს გამოსყიდვისა და მისი წეს-ჩვეულებების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მასთან ერთად ჩაებათ უღელში ან დაუკავშირდეთ მას. ის სიყვარულით უზრუნველყოფს თქვენთვის საჭირო ძალასა და განკურნებას თქვენი მოგზაურობის გზაზე. ის კვლავაც ქარიშხლებისგან ჩვენი თავშესაფარია“.23

III. მამაზეციერის სიყვარული

ცნობისთვის, ჯასპერი არის გონებამახვილი, მოსიყვარულე, ჭკვიანი და ცელქი. მაგრამ ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ ის ჩემია. ის ჩემი შვილია და ის ვერასდროს გაიგებს, რამდენად ძლიერად მიყვარს იგი. თუ არასრულყოფილ მიწიერ მამას ასეთი გრძნობები აქვს შვილისადმი, წარმოგიდგენიათ, რას გრძნობს სრულყოფილი, განდიდებული, მოსიყვარულე ზეციერი მამა თქვენ მიმართ?

მივმართავ ჩემს ძვირფას ახალი თაობის მეგობრებს: გახსოვდეთ, რომ რწმენა მოქმედებას მოითხოვს.24 ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა მრავალი ადამიანი ცხოვრობს პრინციპით: „სანამ არ დავინახავ არ დავიჯერებ“. რწმენა გამოწვევებით სავსე შეიძლება იყოს და არჩევანსაც მოითხოვს. მაგრამ ლოცვებზე პასუხები მოდის.25 და პასუხები შეიძლება იგრძნოთ.26 ზოგი ყველაზე რეალური რამ ცხოვრებაში უხილავია, მაგრამ მისი შეგრძნება და შეცნობა შეიძლება. ეს ძალები რეალურია.

იესო ქრისტეს სურს, იცნობდეთ მამაზეციერს და გქონდეთ მასთან ურთიერთობა.27 ის გვასწავლიდა: „არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა სთხოვოს: მამა, გამიღე კარი, რათა შევიდე შენს სახლში და ვივახშმოთ და არ უთხრას: შემოდი, შვილო; განა რაც ჩემია შენი არ არის, შენი კი - ჩემი“?28 შეგიძლიათ მოიფიქროთ მარადიული მამა ღმერთის უფრო პირადი, მოსიყვარულე გამოსახულება?

თქვენ მისი შვილი ხართ. თუ თავს დაკარგულად გრძნობთ, თუ გაქვთ შეკითხვები ან გაკლიათ სიბრძნე, თუ ებრძვით თქვენს გარემოებებს ან სულიერ დისონანსს ეჭიდავებით, უფალს მიმართეთ. ილოცეთ ნუგეშისთვის, სიყვარულისთვის, პასუხებისთვისა და მიმართულებისთვის. რა საჭიროებაც არ უნდა გქონდეთ და სადაც არ უნდა იყოთ, გადაუშალეთ გული თქვენს მამაზეციერს. ზოგიერთი ალბათ მოინდომებს, მიიღოს პრეზიდენტ ნელსონის მოწვევა და იკითხოს, თუ „იგი მართლაც აქ არის და თქვენ გიცნობთ. ჰკითხეთ, რას ფიქრობს თქვენზე. და შემდეგ მოუსმინეთ“.29

ძვირფასო დებო და ძმებო:

  • იცნობდეთ თქვენს მამაზეციერს. ის სრულყოფილი და მოსიყვარულეა.

  • იცოდეთ, ვინ არის იესო ქრისტე.30 იგი ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველია. საყვარელ ადამიანებთან ერთად შექმენით მასთან კავშირი.

  • იცოდეთ, ვინ ხართ. იცოდეთ თქვენი ჭეშმარიტი ღვთიური იდენტურობა. ღმერთის ბედნიერების გეგმა თქვენ გეხებათ. თქვენ მისი უძვირფასესი შვილი ხართ. იგი გიცნობთ და თქვენ მას უყვარხართ.

ამ მარტივი, თუმცა ფუნდამენტური ჭეშმარიტების შესახებ, ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. ლუკა 15:4-32.

  2. იხ. იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023), 1.

  3. მ. რასელ ბალარდი, „Children of Heavenly Father“ (ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის სულიერების საათი, 3 მარტი, 2020 წ.), speeches.byu.edu.

  4. იხ. იოანე 3:16; მოსია 15:1; 3 ნეფი 17:6–10.

  5. იხ. იქადაგე ჩემი სახარება, თავი 3.

  6. იხ. მათე 22:36-40.

  7. იხ. General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, 1.2, Gospel Library.

  8. იხ.მოსია 18:8, 9.

  9. ჯეფრი რ. ჰოლანდი, „Religion: Bound by Loving Ties“ (ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის სულიერების საათი, 16 აგვისტო, 2016 წ.), speeches.byu.edu.

  10. იხ. რასელ მ. ნელსონი, „გვესაჭიროება მშვიდობისმყოფელნი,“ Liahona, მაისი 2023, 99.

  11. „უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვი გაიზარდა 70 მილიონით - 700 მილიონზე მეტ ადამიანამდე („სიღარიბე“, 2022 წლის 30 ნოემბერი, მსოფლიო ბანკი, worldbank.org).

  12. „100 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია“ (“Refugee Data Finder,” May 23, 2022, United Nations High Commissioner for Refugees, unhcr.org).

  13. გარიტ ვ. გონგი, „Room in the Inn,“ Liahona, მაისი 2021, 25.

  14. იხ. General Handbook, 1.3.7, Gospel Library.

  15. იხ. რასელ მ. ნელსონი, „გვესაჭიროება მშვიდობისმყოფელნი,“ 98, -101.

  16. იხ. იოანე 3:16.

  17. იხ. ალმა 7:11–12; მოძღვრება და აღთქმები 122:8.

  18. მათე 11:28-29.

  19. ჰოვარდ ვ. ჰანტერი, „Come unto Me,“ Ensign, ნოემბერი 1990, 18.

  20. The Mission and Ministry of the Savior: A Discussion with Elder Russell M. Nelson,“ Ensign, ივნისი 2005, 18.

  21. დევიდ ა. ბედნარი, „ადვილად ატარონ თავიანთი ტვირთი,“ Liahona, მაისი 2014, 88.

  22. პრეზიდენტმა კამილ ნ. ჯონსონმა თქვა: „დებო და ძმებო, მე მარტო ვერ ვიმოქმედებ და ეს არც არის საჭირო და არც ვიზამ ამას. ვირჩევ რა კავშირს ჩემს მხსნელთან, იესო ქრისტესთან, ღმერთთან დადებული აღთქმების მეშვეობით, „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“.[ფილიპელთა 4:13]” (“იესო ქრისტე შვებაა,” Liahona, მაისი 2023, 82).

  23. იხ. ფსალმუნები 61:7-9.

  24. იხ. იაკობი 2:17.

  25. იხ. მათე 7:7–8; იაკობი 1:5.

  26. „ნუგეშისმცემელი კი, სულიწმინდა (იოანე 14:26). როგორც მოსიყვარულე მშობლის ხმას შეუძლია დაამშვიდოს მტირალი ბავშვი, სულის ჩურჩულსაც შეუძლია გაფანტოს ჩვენი შიში, შეარბილოს ჩვენი ცხოვრების მტკივნეული საკითხები და გვანუგეშოს, როცა ვწუხვართ. სულიწმინდას შეუძლია აგვავსოს „იმედითა და სრულყოფილი სიყვარულით“ და „[გვასწავლოს] სასუფევლის მშვიდობისმოყვარე საქმეებ[ი]; (მორონი 8:26; მოძღვრება და აღთქმები 36:2)” (Topics and Questions, “Holy Ghost,” Gospel Library).

    „სულიწმინდა „მოწმობს მამისა და ძის შესახებ“ (2 ნეფი 31:18). მხოლოდ სულიწმინდის ძალით შეგვიძლია მივიღოთ მტკიცე დამოწმება მამა ღმერთსა და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ.

    „სულიწმინდა მოწმობს ჭეშმარიტებაზე და მისი ძალით ჩვენ შეგვიძლია „ჩავწვდ[ეთ] ჭეშმარიტებას ყოველივეს შესახებ“ (მორონი 10:5)” (“The Holy Ghost Testifies of Truth,” Liahona, მარტი 2010, 14, 15).

    „როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან – ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე“. (იოანე 15:26).

  27. იხ. იოანე 14:6–7; 17:3.

  28. ჯოზეფ სმითის თარგმანი, მათე 7:17 (in the Bible appendix).

  29. რასელ მ. ნელსონი, „მოდით და გამომყევი,“ Liahona, მაისი 2019, 90.

  30. იხ. მარკოზი 8:27-29.

ამობეჭდვა