გენერალური კონფერენცია
თავმდაბალი იმისთვის, რომ მიიღოს და გაჰყვეს
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


თავმდაბალი იმისთვის, რომ მიიღოს და გაჰყვეს

ეს კითხვა გულისხმობს, რომ თავმდაბლობა სავალდებულო მოთხოვნაა იმისათვის, რომ მზად ვიყოთ ღვთის გარემოცვაში დასაბრუნებლად.

ალმას მეხუთე თავშიდამაფიქრებელი კითხვა ისმის: „ამჟამად თქვენ რომ სიკვდილისკენ მოგიწოდონ, გულში იმის თქმას თუ შეძლებდით, რომ იყავით სათანადოდ თავმდაბალნი?“1 ეს კითხვა გულისხმობს, რომ თავმდაბლობა სავალდებულო მოთხოვნაა იმისათვის, რომ მზად ვიყოთ ღვთის გარემოცვაში დასაბრუნებლად.

ჩვენ ყველას მოგვწონს ვფიქრობდეთ, რომ საკმარისად თავმდაბალნი ვართ, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვხედავთ, რომ ბუნებრივი ამაყი ადამიანი ხშირად ძალიან ძლიერია ჩვენში.

წლების წინ, როცა ჩვენი ორი ქალიშვილი ჯერ კიდევ ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, მე გადავწყვიტე მეჩვენებინა მათთვის და ჩემი მეუღლისთვის იმ კომპანიის განყოფილება, რომელშიც ვმუშაობდი და ვმართავდი.

სინამდვილეში მინდოდა მეჩვენებინა მათთვის, რომ ეს იყო ადგილი, სადაც სახლისგან განსხვავებით ყველა, ზედმეტი შეკითხვების გარეშე, ჩემს დავალებებს ასრულებდა. როცა შესასვლელთან მივედით კარი, რომელიც ყოველთვის ავტომატურად იღებოდა, როცა ჩემი მანქანა უახლოვდებოდა მას, ამჟამად არ გაიღო. დაცვის თანამშრომელი მომიახლოვდა, რომელიც ადრე არასოდეს მინახავს, და კომპანიის საიდენტიფიკაციო ბარათი მთხოვა.

მე ვუპასუხე, რომ არასოდეს დამჭირვებია საიდენტიფიკაციო ბარათი, როცა მანქანით კომპანიის ეზოში შევდიოდი და შემდეგ კლასიკური ამაყი შეკითხვა დავუსვი: „იცი, ვის ელაპარაკები“?

მან კი მიპასუხა: „რადგან კომპანიის საიდენტიფიკაციო ბარათი არ გაქვთ მე არ ვიცი, ვინ ხართ და სანამ კარში ვდგავარ თქვენ საიდენტიფიკაციო ბარათის გარეშე შიგნით ვერ შემოხვალთ“.

მინდოდა უკანა სარკეში გამეხედა, მაგრამ ისედაც ვიცოდი, რომ ჩემი ქალიშვილები ამ მომენტის ყოველი წამით ტკბებოდნენ! ჩემი მეუღლე თავს იქნევდა - ის ჩემს საქციელს არ იწონებდა. ბოლოს მხოლოდ ბოდიშის მოხდა დამრჩენია. ვუთხარი დაცვის თნამშრომელს, რომ ძალიან ვწუხდი, ასე რომ მოვექეცი. „გაპატიეთ“ - მიპასუხა მან, „მაგრამ კომპანიის საიდენტიფიკაციო ბარათის გარეშე ვერ შემოგიშვებთ“!

მომიწია შინ დაბრუნება საიდენტიფიკაციო ბარათის ასაღებად. მე ძალიან კარგი გაკვეთილი მივიღე: როცა თავმდაბლობაზე უარს ვამბობთ, დასაცინი ვხდებით.

იგავებში ვკითხულობთ: „ქედმაღლობა დაამდაბლებს კაცს, და თავმდაბლობა მოუტანს დიდებას“.2 თავმდაბლობის მისაღებად საჭიროა, სახარების კონტექსტში გვესმოდეს მისი არსი.

ზოგიერთებს თავმდაბლობა სხვა რამე ჰგონიათ, მაგალითად, სიღარიბე. მაგრამ სინამდვილეში უამრავი ღარიბი ადამიანი ამპარტავანია, მრავალი მდიდარი კი - თავმდაბალი. შესაძლოა ვიღაც იყოს ძალიან მორცხვი ან დაბალი თვითშეფასება ჰქონდეს, გარეგნულად თავმდაბალი ჩანდეს, მაგრამ შინაგანად ამპარტავნობით სავსეა.

მაშ რა ყოფილა თავმდაბლობა? იქადაგე ჩემი სახარება-ს მიხედვით ეს არის „მზაობა, დაემორჩილო უფლის ნებას. … ამის სწავლა შესაძლებელია. … ეს ჩვენი სულიერი ზრდის მთავარი შემადგენელი ნაწილია“.3

ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, გავაუმჯობესოთ ეს ქრისტეს მსგავსი თვისება. პირველ რიგში მსურს დავადგინო, რამდენად თავმდაბლები ვიყავით ან უნდა ვიყოთ ჩვენი წინასწარმეტყველის რჩევის მიღებაში. ჩვენი პირადი კითხვარი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

  • ყველა შემთხვევაში ვიყენებთ ეკლესიის სრულ სახელწოდებას? პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „სატანას ძირითადი გამარჯვებაა ის, რომ უფლის ეკლესიას, უფლის სახელი ჩამოაშორა“.4

  • ვანდობთ ღმერთს პირველობას ცხოვრებაში, წინასწარმეტყველის ძალიან კონკრეტული მოწვევის მიღებით? „დღეს მე მოვუწოდებ ჩვენს წევრებს ყველგან, წინ გაუძღვნენ ცრურწმენის განწყობებისა და მოქმედებების უგულებელყოფის საქმეში“5.

  • ვმარცხებთ ამაქვეყნიურს და ვენდობით ქრისტეს მოძღვრებას იმაზე მეტად, ვიდრე ადამიანთა ფილოსოფიას, როგორც ამას ჩვენი წინასწარმეტყველი გვასწავლიდა?6

  • გავხდით მშვიდობისმყოფლები, ადამიანებზე და მოვლენებზე პოზიტიურად საუბრით? პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა ბოლო გენერალურ კონფერენციაზე: „თუ არსებობს რაიმე კეთილი, მშვენიერი და ღირსეული რაც შეიძლება ვთქვათ პიროვნების შესახებ (მისი დასწრებით ან მის ზურგს უკან) - ეს უნდა იყოს ჩვენი კომუნიკაციის სტანდარტი“.7

ეს უბრალო, მაგრამ ძალიან ძლიერი მითითებებია. გახსოვდეთ, რომ მოსეს ხალხს გამოჯანმრთელებისთვის უბრალოდ სპილენძის გველისთვის უნდა შეეხედა, რომელიც მას ხელში ეკავა.8 მაგრამ „ამ გზის სიმარტივის ან სიადვილის გამო მრავალნი დაიღუპნენ“.9

ამ კონფერენციის დროს ჩვენ მოვისმინეთ და კიდევაც მოვისმენთ ჩვენი წინასწარმეტყველებისა და მოციქულების უცვლელ რჩევას. ეს შესანიშნავი საშუალებაა, განვავითაროთ თავმდაბლობა და რომ ჩვენი მტკიცე მოსაზრებები შთაინთქას კიდევ უფრო ძლიერი დარწმუნებით, რომ უფალი ლაპარაკობს ამ არჩეული ხელმძღვანელების მეშვეობით.

უპირველეს ყოვლისა, თავმდაბლობის განვითარებისას ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს და მივიღოთ, რომ ჩვენი გამოწვევების გადალახვა ან სრული პოტენციალის მიღწევა მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით არ გვძალუძს. მოტივაციური მომხსენებლები, მწერლები, მწვრთნელები და ადამიანები, რომლებიც მთელ მსოფლიოში გავლენას ახდენენ სხვებზე, განსაკუთრებით ციფრულ პლატფორმებზე, იტყვიან, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს ქმედებებზე. მსოფლიოს სჯერა ხორციელი ძალის.

მაგრამ აღდგენილი სახარებიდან შევიტყვეთ, რომ ჩვენ დიდად ვართ დამოკიდებულნი მამაზეციერის კეთილგანწყობაზე და მხსნელი იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე, „რადგან ჩვენ ვიცით, რომ მადლით გადავრჩებით, მას შემდეგ, რაც გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია“.10 ამიტომაც ასე მნიშვნელოვანია ღმერთთან აღთქმის დადება და დაცვა, რადგან ამ შემთხვევაში იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით მოგვეცემა სრული წვდომა მის მკურნალ, გამაძლიერებელ და სრულმყოფელ ძალაზე.

ზიარების შეკრებების ყოველკვირეული დასწრება და ტაძარში რეგულარული ღვთისთაყვანისცემა წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის, აღთქმების მიღებისა და განახლების მიზნით არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს დამოკიდებულებას მამაზეციერზე და მხსნელზე - იესო ქრისტეზე. ეს მოიწვევს მათ ძალას ჩვენს ცხოვრებაში, რათა დაგვეხმაროს ყველა პრობლემაში და საბოლოო ჯამში აღვასრულოთ ჩვენი შექმნის დანიშნულება.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩემი თავდაბლობისა და უფალზე დამოკიდებულების დონე კვლავ შემოწმდა. აეროპორტში ტაქსით მივდიოდი, დროში ვიწვებოდი - რეისზე უნდა მომესწრო. იქ, სადაც მივფრინავდი რთული სიტუაცია იყო მოსაგვარებელი. ტაქსის მძღოლმა, რომელიც ეკლესიის წევრი არ იყო, სარკეს გახედა და მითხრა: „ეტყობა დღეს კარგად არ ხართ“!

„მეტყობა“? ვკითხე მას.

„რა თქმა უნდა“ - მიპასუხა მძღოლმა. შემდეგ თქვა: „ძალიან ნეგატიური ენერგია მოდის თქვენგან“!

მე ავუხსენი, რომ ძალიან მძიმე სიტუაციასთან მქონდა საქმე, როცა მან მკითხა: „თქვენი მხრიდან მის მოსაგვარებლად ყველაფერი გააკეთეთ?“

მე ვუპასუხე, რომ ყველაფერი მოვიმოქმედე, რაც კი შესაძლებელი იყო.

შემდეგ მან მითხრა: „მაშინ ღმერთს მიანდეთ ეს საქმე და ყველაფერი საუკეთესოდ მოგვარდება“.

ვაღიარებ, რომ გამიჩნდა ცდუნება, მეკითხა მისთვის: „იცი, ვის ელაპარაკები?“ მაგრამ მე ეს არ მითქვამს! იცით, რა გავაკეთე? მთელი ამ ერთსაათიანი ფრენის განმავლობაში დავმდაბალ ლოცვაში უფალს ღვთიურ დახმარებას ვთხოვდი. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი შევიტყვე, რომ რთული სიტუაცია უკვე მოგვარებული იყო და ჩემი იქ ყოფნა საჭიროც კი აღარ იყო.

დებო და ძმებო, უფლის ბრძანება, მოწვევა და დაპირება ცხადი და ნუგეშის მომტანია: „იყავი თავმდაბალი; და უფალი, შენი ღმერთი, ხელჩაკიდებული გაგიძღვება წინ და ლოცვებზე გიპასუხებს.“11

ვიყოთ თავმდაბლები, დავუჯეროთ ჩვენი წინასწარმეტყველების რჩევებს და მივიღოთ ის ფაქტი, რომ მხოლოდ ღმერთს და იესო ქრისტეს შეუძლიათ ჩვენი გარდაქმნა (მის ეკლესიაში მიღებული წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით) ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიად ამ ცხოვრებაში და ერთ დღეს გაგვხადონ სრულყოფილნი ქრისტეში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა