გენერალური კონფერენცია
იესო ქრისტეს ძალა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


იესო ქრისტეს ძალა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

ჩვენი ძალის წყაროა იესო ქრისტეს რწმენა, როცა ყოველდღე ვცდილობთ მასთან მისვლას.

ძვირფასო დებო და ძმებო, ეს არის უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია. რამხელა სიხარულია, რომ მის ეკლესიაში შევიკრიბეთ. მადლიერი ვარ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის, რომელმაც გაგვახსენა უფლის ეკლესიის სახელწოდების სწორად გამოყენება, რათა გვახსოვდეს, ვისი ეკლესიაა ეს და ვისი სწავლების მიმდევრები ვართ.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა განაცხადა: „ახლო მომავალში ჩვენ ვიხილავთ მხსნელის ძალის უდიდეს გამოვლინებას, რაც სამყაროს ოდესმე უნახავს. ის მორწმუნეებს უბოძებს უთვალავ პრივილეგიას, კურთხევასა და სასწაულს“.1

ჩემი და ჩემი მეუღლის, რენეს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრივილეგიაა, შევხვდეთ წმინდანებს იქ, სადაც ვმსახურობთ. ჩვენ ვუსმენთ მათ ისტორიებს, ვხდებით მათი დანაკარგის მოწმენი, ვიზიარებთ მათ მწუხარებას და ვხარობთ მათი წარმატებით. ჩვენ გავხდით მოწმენი მრავალი კურთხევისა და სასწაულისა, რომელიც მაცხოვარმა მორწმუნეებს უბოძა. ჩვენ შევხვდით ადამიანებს, რომლებმაც შეუძლებელი მოახდინეს, წარმოუდგენელი ტანჯვა გამოიარეს.

გამოსახულება
პრეზიდენტი ხოსე ბატალია და მისი მეუღლე, და ვალერია ბატალია.
გამოსახულება
ფლავია კრუსადო მამასთან ერთად.

ჩვენ გავხდით ქვრივ ქალბატონში მხსნელის ძალის გამოვლენის მოწმენი, როცა მან მეუღლე დაკარგა, როცა ისინი ბოლივიაში უფლის დავალებას ასრულებდნენ.2 ჩვენ ეს ვიხილეთ ახალგაზრდა ქალბატონში არგენტინაში, რომელიც მატარებლის ქვეშ მოხვდა და ფეხი დაკარგა, უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცას მისი მობილური ტელეფონის მოპარვა უნდოდა.3 ასევე მის მოხუც მამაში, რომელსაც ახლა უწევს მისი ქალიშვილის ძალის ნაკუწებისგან შეკრება, მას შემდეგ რაც ის ასეთი გაუგებარი სისასტიკის მსხვერპლი გახდა. ჩვენ ეს გვინახავს ოჯახებში, რომლებმაც საცხოვრებელი დაკარგეს და ყველაფერი, რაც გააჩნდათ, როცა 2022 წლის შობამდე ორი დღით ადრე ჩილეში ხანძრები იყო.4 ჩვენ ეს გვინახავს იმ ადამიანებში, რომლებიც მტკივნეული განქორწინების გამო იტანჯებიან და მათში, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა.

გამოსახულება
ხანძრები ჩილეში.

რა აძლევს მათ ასეთი სირთულეების დასაძლევ ძალას? რა გვაძლევს დამატებით ძალას, გავაგრძელოთ, როცა ყველაფერი თითქოს და წყალში ჩაიყარა?

მე აღმოვაჩინე, რომ ამ ძალის წყაროა იესო ქრისტეს რწმენა, როცა ყოველდღე შეგნებულად ვეძიებთ მასთან მისვლას.

წინასწარმეტყველი იაკობი გვასწავლიდა: „და ის მოდის ამქვეყნად, რათა შეძლოს ყოველი ადამიანის გადარჩენა, თუ ისინი მის ხმას დაუგდებენ ყურს; რადგან, აჰა, ის იტანს ყოველი ადამიანის ტკივილს, დიახ, ყოველი ცოცხალი არსების ტკივილს, როგორც კაცების, ასევე ქალებისა და ბავშვების, რომლებიც მიეკუთვნებიან ადამის ოჯახს“.5

ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ქრისტეში რწმენა არის რაღაც შეუძლებელი, მიუღწეველიც კი. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ქრისტესთან მისვლა მოითხოვს ძალასა და სრულყოფილებას, რაც არ გაგვაჩნია და ამისთვის უბრალოდ ენერგია არ გვაქვას. მაგრამ ამ ხალხმა მასწავლა, რომ ზუსტად ქრისტეს რწმენა გვაძლევს მოგზაურობის დაწყების ენერგიას. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ;“სანამ იესოსთან მივალ, ცხოვრება უნდა გამოვასწორო“, მაგრამ ჭეშმარიტება ის არის, რომ ჩვენ მოვდივართ იესოსთან იმისთვის, რომ მისი მეშვეობით გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება.

ჩვენ იმიტომ კი არ მივდივართ იესოსთან, სრულყოფილნი რომ ვართ. ჩვენ მასთან მივდივართ, რადგან ნაკლოვანები გვაქვს, მასში კი შეგვიძლია გავხდეთ „სრულყოფილნი“.6

როგორ დავიწყოთ ყოველდღიურად ცოტაოდენი რწმენის გამოვლენა? ჩემს შემთხვევაში ეს დილითვე იწყება: გაღვიძებისას, იმის ნაცვლად, რომ ტელეფონს დავხედო, მე ლოცვას ვიწყებ. თუნდაც სულ უბრალო ლოცვას ვამბობ. შემდეგ წმინდა წერილს ვკითხულობ. ეს მეხმარება ჩემს ყოველკვირეულ აღთქმაში, რომელსაც ზიარების მიღებისას ვდებ, რომ „ყოველთვის [მემახსოვრება] იგი“.7 როცა ლოცვითა და წმინდა წერილით ვიწყებ დღეს, მე შემიძლია „[მახსოვდეს] იგი“, როცა ტელეფონში ვიხედები. მე შემიძლია „[მახსოვდეს] იგი“, როცა პრობლემებისა და კონფლიქტების წინაშე აღმოვჩნდები და ვცდილობ, გადავჭრა ისინი ისე, როგორც ამას იესო იზამდა.

როცა მე „[მახსოვს] იგი“, მიჩნდება სურვილი შევიცვალო, მოვინანიო. მე ვპოულობ ენერგიის წყაროს ჩემი აღთქმების დასაცავად, ვგრძნობ სულიწმინდის გავლენას ჩემს ცხოვრებაში „და ვიცავ მის მცნებებს, რომლებიც მან მომცა; რომ მისი სული ყოველთვის იყოს ჩემთან“.8 ეს ბოლომდე გაძლებაში მეხმარება.9 სულ მცირე, დღის ბოლომდე მაძლებინებს! და იმ დღეებში, როცა უფალი მთელი დღის განმავლობაში არ მახსოვს, ის მაინც ჩემთან არის, მე მას ვუყვარვარ და მეუბნება: არაუშავს, ხვალ ისევ სცადე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ის ყოველთვის არ გვახსოვს, მამაზეციერს სულ ვახსოვართ.

ერთ-ერთი შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ, არის იფიქროთ, რომ აღთქმების ანუ ღმერთისთვის მიცემული პირობების დაცვა, არის ერთგვარი გარიგება მასთან: მე ვემორჩილები, ის კი ყოველივე ცუდისგან მიცავს. მე ვიხდი მეათედს და ამიტომ არ დავკარგავ სამსახურს და ცეცხლი არ მიეკარება ჩემს სახლს. მაგრამ როცა მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც წარმოგვედგინა, ჩვენ შევღაღადებთ უფალს: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ მე ვიღუპები?“10

ჩვენი აღთქმები სულაც არ არის გარიგება; ისინი ჩვენი გარდაქმნის შაშუალებაა.11 ჩემი აღთქმების მეშვეობით მე ვიღებ იესო ქრისტეს განმწმენდ, გამაძლიერებელ ძალას, რომელიც საშუალებას მაძლევს გავხდე ახალი ადამიანი, ვაპატიო ის, რაც თითქოს მიუტევებელია და დავძლიო შეუძლებელი. იესო ქრისტეს შეგნებულად გახსენება ყოველთვის ძალის მომცემია; ის მაძლევს დამატებით ძალას, „დავიცვა მისი მცნებები, რომლებიც მან მომცა“12. ეს მეხმარება, ვიყო უფრო კეთილი, მიზეზის გარეშე ვუღიმოდე სხვებს, ვიყო მშვიდობისმყოფელი,13 თავიდან ავიცილო კონფლიქტი, დავუთმო ღმერთს პირველობა ჩემს ცხოვრებაში.14

როდესაც ჩვენი ტკივილი ან ჩვენი საყვარელი ადამიანის ტკივილი იმდენად დიდია, რომ მისი ატანა არ შეგვიძლია, იესო ქრისტეს გახსენებით და მასთან მისვლით ჩვენი ტვირთი შეიძლება შემსუბუქდეს, გული მოგვილბეს და ტკივილიც შეგვიმსუბუქდეს. ეს ის ძალაა, რომელმაც მამას მისცა საშუალება, მხარში დადგომოდა თავის ქალიშვილს, როცა მან ფეხი დაკარგა და საშინელ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს განიცდიდა.

გამოსახულება
ფლავია კრუზადო უხუცეს სოარესთან ერთად.

როცა გასული წლის ივნისში უხუცესი სოარესი არგენტინას ეწვია და ფლავიას მისი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ჰკითხა, მან გულწრფელად უპასუხა: „როცა [ეს მოხდა], მე არეულობა, სიმწარე, წყრომა და სიძულვილი განვიცადე. იცით, რა დამეხმარა? მე იმას კი არ ვკითხულობდი „რატომ მე“, არამედ „რა მიზეზით“? … ამაზე ფიქრმა უფალთან და სხვა ადამიანებთან დამაახლოვა. … იმის ნაცვლა, რომ მას დავშორდე, მე მასთან ძალიან ახლოს მივედი“.15

პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლიდა: „ღმერთთან დადებული აღთქმის ჯილდო არის ზეციური ძალა - ძალა, რომელიც გვეხმარება, უკეთ გავუძლოთ განსაცდელს, ცდუნებასა და გულისტკივილს. … ამგვარად მათ, ვინც აღთქმებს იცავს, უფლება აქვთ განსაკუთრებული სახის შესვენება-ზე.16 ასეთი სიმშვიდე ვიხილე იმ ქვრივის თვალებში, მიუხედავად ტკივილისა, რომელსაც ის ყოველდღე განიცდიდა, რადგან მეუღლე ენატრებოდა.

გამოსახულება
ქარიშხალი გალილეის ზღვაში.

ახალი აღთქმა მოგვითხრობს იმ შემთხვევის შესახებ, როცა იესო და მისი მოწაფეები ნავში იმყოფებოდნენ:

„ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა. …

„[მას] კი … სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?“

„წამოდგა იესო, შერისხა ქარი და უთხრა აბობოქრებულ ზღვას: „დადუმდი, ჩადექ. …

და უთხრა მათ: „რატომ ხართ ასე მხდალნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?“17

მე ყოველთვის მაინტერესებდა ეს ამბავი. ელოდა უფალი მათგან, რომ რწმენას გამოიყენებდნენ და ზღვას დაადუმებდნენ? ქარს ჩააწყნარებდა? იესო ქრისტეს რწმენა არის სიმშვიდის შეგრძნება, რომ ქარიშხალს გადაურჩები, იცი რა, რომ არ დავიღუპებით, რადგან ის ნავში ჩვენთან ერთად არის.

ეს არის ის რწმენა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით ოჯახებში ჩილეში, ხანძრის შემდეგ. მათი სახლები მთლიანად ჩაიფერფლა; მათ ყველაფერი დაკაგეს. მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენ მივდიოდით იქ, სადაც ადრე მათი სახლები იყო და ისინი გვიყვებოდნენ თავიანთ გამოცდილებაზე, ჩვენ ვგრძნობდით, რომ წმინდა მიწაზე ვიდექით. ერთმა დამ უთხრა ჩემს მეუღლეს: „როცა ვხედავდი, როგორ იწვებოდა ახლო მდებარე სახლები ვიგრძენი, რომ ჩვენი სახლიც დაიწვებოდა, რომ ყველაფერს დავკარგავდით. სასოწარკვეთილების ნაცვლად, ენით აღუწერელი სიმშვიდის შეგრძნება მქონდა. რატომღაც ვგრძნობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“. ღმერთის ნდობასა და მასთან დადებული აღთქმების დაცვას მოაქვს ჩვენი სისუსტეების დასაძლევი ძალა და ნუგეში - მწუხარების ჟამს.

მე მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მე და რენეს გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ამ არაჩვეულებრივ წმინდანებს, მათი რწმენის მრავალი მაგალითსთვის, ძალისთვის და ამტანიანობისთვის. გულგატეხილობისა და იმედგაცრუების ისტორიებისთვის, რომლებიც, არასოდეს არ დაამშვენებს გაზეთების პირველ გვერდს და არ გახდება ვირუსული. დაღვრილი ცრემლების სურათებისთვის, რომლებიც არ გადაიღეს და ლოცვებისთვის, რომლებიც ითქვა ახლობელი ადამიანის დაკარგვის ან ტრავმატული განქორწინების შემდეგ; პოსტებისთვის, რომლებიც არ დადებულა შიშის, მწუხარებისა და ტკივილის გამო, რისი ასატანაც შესაძლებელი ხდება იესო ქრისტეს რწმენისა და მისი გამოსყიდვის წყალობით ამ ადამიანებმა გააძლიერეს ჩემი რწმენა და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.

მე ვიცი, ეს არის იესო ქრისტეს ეკლესია. მე ვიცი, რომ ის მზად არის, შეგვმოსოს თავისი ძალით, თუკი ყოველდღე მივალთ მასთან. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა