გენერალური კონფერენცია
ბედნიერების ნიშნები
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ბედნიერების ნიშნები

იესო ქრისტეს საძირკველზე შენება აუცილებელია ჩვენი ბედნიერებისთვის.

რამდენიმე წლის წინ საქმიან შეხვედრაზე მივფრინავდი. გვერდით მეჯდა მამაკაცი ნიდერლანდებიდან. ძალიან მიხაროდა მასთან საუბარი, რადგან ჩემი ახალგაზრდობის მისია ბელგიასა და ნიდერლანდებში გავატარე.

ერთმანეთის გაცნობის შემდეგ მან თავისი ბიზნეს ბარათი გამიწოდა, რომელზედაც მისი უნიკალური პროფესია ეწერა - „ბედნიერების პროფესორი“.  მე აღვნიშნე, რომ მას საოცარი პროფესია ჰქონდა და ვკითხე, რა ევალებოდა ბედნიერების პროფესორს. მან მიპასუხა, რომ ის ასწავლიდა ადამიანებს, როგორ გამხდარიყვნენ ბედნიერნი მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებისა და მიზნების დასახვის მეშვეობით. მე ვუპასუხე: „მშვენიერია, მაგრამ ამასთან ერთად რომ გესწავლებინათ, როგორ გააგრძელოთ ეს ურთიერთობები საფლავის მიღმა და სულის სხვა კითხვებზეც გაგეცათ პასუხი, მაგალითად, რა არის ცხოვრების მიზანი, როგორ დავძლიოთ სისუსტეები და სად წავალთ სიკვდილის შემდეგ“? მან აღიარა, რომ საოცარი იქნებოდა, ამ კითხვებზე პასუხები რომ გვქონოდა და სიამოვნებით ვუთხარი მას, რომ ჩვენ ეს პასუხები გვაქვს.

დღეს მსურს გავიმეორო ჭეშმარიტი ბედნიერების რამდენიმე მთავარი პრინციპი, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრს ხელიდან უსხლტება ამ დამაბნეველ სამყაროში, სადაც ამდენი რამ არის საინტერესო, მაგრამ არცთუ ისე ბევრი - მნიშვნელოვანი.

ალმა ასწავლიდა თავისი დროის ადამიანებს: „რადგან, აჰა, მე გეუბნებით, მოსასვლელია მრავალი რამ; და აჰა, არის ერთი რამ, რაც ყველაფერ დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან, აჰა, არ არის შორს ის დრო, სადაც გამომსყიდველი ცხოვრობს და მოდის თავის ხალხთან“.1

ეს განცხადება დღესაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ვემზადებით ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის.

ამიტომ, პირველი, რასაც დავაკვირდი არის ის, რომ იესო ქრისტეს საძირკველზე შენება აუცილებელია ჩვენი ბედნიერებისთვის. ეს არის მყარი საძირკველი, „რომელზეც, თუ ადამიანი ააგებს, არ წაიქცევა“.2 ასეთი საქციელი გვამზადებს ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის, როგორიც არ უნდა იყოს ისინი.

მრავალი წლის წინ მე ჩემს ვაჟს, ჯასტინს, სკაუტების საზაფხულო ბანაკში გავყევი. ღონისძიებების დაწყებისას მან აღელვებულმა გამომიცხადა, რომ მას და მის მეგობრებს მშვილდოსნობაში დამსახურების სამკერდე ნიშნის მოპოვება სურდათ. ამისთვის ბავშვებს მოკლე წერილობითი ტესტი და ისრების მიზანში ტყორცნა მოეთხოვებოდათ.

გული გამიჩერდა. იმ დროს ჯასტინი საკმაოდ სუსტი იყო კისტოზური ფიბროზის გამო, რომელსაც დაბადებიდან ებრძოდა. ისიც კი არ ვიცოდი, შეეძლო თუ არა მშვილდი მოზიდვას ისე, რომ ისარი მიზანს მოხვედროდა.

როცა ის მეგობრებთან ერთად მშვილდოსნობის გაკვეთილზე წავიდა, მე ჩუმად ვლოცულობდი იმაზედ, რომ ეს მისთვის დამამცირებელი გამოცდილება არ ყოფილიყო. რამდენიმე საათის შემდეგ დავინახე, რომ ჩემი შვილი გაღიმებული სახით ჩემკენ მოდიოდა. „მამა“! წამოიძახა მან. „მე დამსახურების ნიშანი მივიღე! ათიანში გავარტყი; მართალია, ჩემს გვერდით მყოფ მიზანში, მაგრამ ათიანში გავარტყი“! მან მთელი ძალით მშვილდი მოიზიდა და ისარი სტყორცნა, ისე რომ ტრაექტორიას ვერ აკონტროლებდა. რაოდენ მადლიერი ვარ იმ ინსტრუქტორის, რომელსაც არ უთქვამს: „ბოდიში, ეს სხვისი სამიზნეა“. პირიქით - მან დაინახა, რომ ჯასტინს აშკარა ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ძალიან ცდილობდა და მან კეთილად უთხრა: „ყოჩაღ“!

ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება - თუ ჩვენი შეზღუდვების მიუხედავად ძალიან ვეცდებით იესოსა და მისი წინასწარმეტყველების კვალზე სიარულს. თუ მასთან დაცული აღთქმებითა და მონანიებული ცოდვებით მივალთ, ჩვენ სიხარულით გავიგონებთ მხსნელის სიტყვებს: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ“.3

მე ვმოწმობ სამყაროს მხსნელის ღვთიური ბუნებისა და მისი გამომსყიდველი სიყვარულის შესახებ, ასევე მის მკურნალ და გამაძლიერებელ ძალაზე, რომელიც ფეხზე გვაყენებს, როცა გულწრფელად ვცდილობთ უფალთან მისვლას. და პირიქით - შეუძლებელია, ვიაროთ ბრბოსთან ერთად და იმავდროულად იესოსკენ. მხსნელმა დაამარცხა სიკვდილი, ავადმყოფობა და ცოდვა და უზრუნველყო გზა ჩვენი საბოლოო სრულყოფილებისკენ, თუკი ჩვენ მას მთელი გულით მივყვებით.4

ჩემი მეორე დაკვირვებაა ის, რომ ჩვენი ბედნიერებისთვის აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოსიყვარულე მამაზეციერის ძენი და ასულნი ვართ. ამ რეალობის ცოდნა და ნდობა ყველაფერს ცვლის.

რამდენიმე წლის წინ მე და და საბინი ეკლესიის დავალებიდან შინ თვითმფრინავით ვბრუნდებოდით. ჩვენ ძალიან დიდი ტანის მამაკაცის უკან ვისხედით. მას დიდი, გაბრაზებული სახე ჰქონდა, მელოტი თავის კეფაზე კი სვირინგები და ციფრი 439ჰქონდა გამოსახული.

თვითმფრინავი რომ დაეშვა, მივმართე მას: „უკაცრავად, ბატონო. შეგიძლიათ მითხრათ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ციფრს, კეფაზე რომ გაქვთ? მე ვერ გავბედე მეკითხა, სახე რატომ ჰქონდა გაბრაზებული.

მან მიპასუხა: „ეს მე ვარ. მე ამას წარმოვადგენ. მე ამ ტერიტორიას ვფლობ, 219-ს.

მას კეფაზეოთხას ოცდაცხრამეტი ეწერა, ამიტომ გამიკვირდა, რომ მას რიცხვი შეეშალა, ვინაიდან ეს ასე მნიშვნელოვანი იყო მისთვის.

ვიფიქრე, რა დასანანია, რომ ამ მამაკაცის იდენტობა და თვითშეფასება ბანდას უკავშირდებოდა. ვფიქრობდი ჩემთვის: ეს შემაშინებელი გარეგნობის მამაკაცი ოდესღაც ვიღაცის პატარა ბიჭი იყო, რომელსაც სჭირდებოდა, თავი დაფასებულად და საჭიროდ ეგრძნო. მას რომ სცოდნოდა, ვინ არის სინამდვილეში და ვის ეკუთვნის, რადგან ჩვენ ყველანი „ფასით [ვართ] ნაყიდნი“.5

ფილმში ეგვიპტის პრინცი არის ასეთი სიმღერა სიტყვებით: „შეხედე შენს ცხოვრებას ზეცის თვალით“.6 როდესაც ჩვენი ღვთაებრივი წარმომავლობისა და მარადიული პოტენციალის ცოდნა ღღმად ჩაიღვრება ჩვენს სულებში, ჩვენ შევძლებთ შევხედოთ ცხოვრებას როგორც მიზანმიმართულ თავგადასავალს, რომლისგანაც უნდა ვისწავლოთ და გავიზარდოთ, თუნდაც ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად“.7

ბედნიერების მესამე ნიშანია - ყოველთვის გახსოვდეს სულის ღირებულება. ეს საუკეთესოდ გამოგვდის, როცა მხსნელის რჩევას ვასრულებთ: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“.8

მან ასევე გვასწავლა: „რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“.9

იგავებში ბრძნულ რჩევას გვაძლევენ: „ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც ერგება, როდესაც შენს ხელს ძალუძს ამის გაკეთება“.10

არასოდეს ვინანებთ, რომ მეტისმეტად კეთილი ვართ. ღმერთის თვალში სიკეთე სიდიადის სინონიმია. იყო კეთილი, ნაწილობრივ ნიშნავს იყო მიმტევებელი და არ განისჯიდე.

მრავალი წლის წინ ჩვენმა ახალგაზრდა ოჯახმა ოჯახური საღამოს ჩასატარებლად კინოში წასვლა გადაწყვიტა. ყველანი მანქანაში ვისხედით, ერთი ვაჟისა და ჩემი მეუღლის, ვალერიას, გარდა. გარეთ ბნელოდა და ჩვენმა ვაჟმა, კარი რომ გააღო და მანქანისკენ გამოიქცა, შემთხვევით ფეხი ჰკრა რაღაცას, რაც მას ჩვენი კატა ეგონა. ჩემი შვილისა და მეუღლის დასანანად, რომელიც შვილს მოსდევდა, ეს ჩვენი კატა კი არა სკუნსი იყო. ჰოდა მანაც თავი გააცნო! ჩვენ ყველანი შინ დავბრუნდით, დედა-შვილმა იბანავა და თავი პომიდვრის წვენით დაიბანა - ითვლება რომ ეს სკუნსის სუნის მოსაშორებელი საშუალებაა. იმ დროისთვის, როცა მათ იბანავეს და ტანისამოსი გამოიცვალეს, ჩვენ უკვე სუნებს ვერ ვგრძობდით და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეძლო კინოთეატრში წასვლა. 

როგორც კი კინოთეატრის უკანა რიგში დავსხედით, ჩვენ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა უცებ პოპკორნის საყიდლად მოინდომეს წასვლა. დაბრუნებისას არცერთი მათგანი თავის ადგილას აღარ დაჯდა.

ჩვენ გვეცინებოდა, ამას რომ ვიხსენებდით, მაგრამ რა იქნებოდა, ჩვენს ცოდვებს სუნი რომ ჰქონოდა? რა მოხდება, არაკეთილსინდისიერებას, ვნებას, შურს ან სიამაყეს სუნი რომ ჰქონოდა? ჩვენი საკუთარი სისუსტეების გამოვლენით, იმედია, ცოტა უფრო მეტ ყურადღებასა და სიფრთხილეს გამოვიჩენდით სხვების მიმართ და, ანალოგიურად, ისინიც ჩვენ მიმართ, როდესაც გარკვეულ ცვლილებებს ვახდენთ ჩვენს ცხოვრებაში. მომწონს თამბაქოს სუნი ეკლესიაში, რადგან ეს იმის მაჩვენებელია, რომ ვიღაც ცდილობს შეიცვალოს. მათ ჩვენი ჩახუტება სჭირდებათ.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნესლონმა ბრძნულად აღნიშნა: „იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრის ამოცნობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხია ის, თუ როგორ ექცევა ეს პიროვნება სხვა ადამიანებს“.11.

პავლე მოციქულმა მისწერა ეფესელებს: „მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“.12

ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეებს, გვთხოვენ, ვენდოთ მამაზეციერსა და ჩვენს მხსნელს და არ ვცდილობდეთ მათ ჩანაცვლებას. იესო ქრისტემ სრულყოფილად იცის ყოველი ადამიანის არასრულყოფილება და ის სრულყოფილად განსჯის მათ.

ბედნიერების მეოთხე ნიშანი არის მარადიული ხედვის შენარჩუნება. ჩვენი მამაზეციერის გეგმა მარადისობას გასტანს; ადვილია, იყო ფოკუსირებული ამ მომენტზე და აქაურობაზე, დანარჩენი კი დაივიწყო.

მე ეს გაკვეთილი წლების წინ ჩემმა 16 წლის ქალიშვილმა, ჯენიფერმა, მასწავლა. ის ორივე ფილტვის გადანერგვისთვის ემზადებოდა. მისი დაავადებული ფილტვების ხუთი ნაწილი მთლიანად უნდა შეცვლილიყო ორი ჯანმრთელი, უფრო პატარა ზომის ნაწილით, რომლებიც ჩვენმა ორმა ღვთისნიერმა მეგობარმა მსხვერპლად გაიღო ჩვენთვის. ეს ძალიან სარისკო ოპერაცია იყო, მაგრამ ოპერაციის წინა ღამეს ჯენიფერმა, მთელი თავისი 41 კგ წონით, ქადაგება ჩამიტარა და მითხრა: „არ იდარდო, მამა! ხვალ ან ახალი ფილტვებით ან უფრო უკეთეს ადგილას გავიღვიძებ. ორივე ვარიანტი ძალიან კარგი იქნება“. აი რწმენა! ეს არის მარადისობის ხედვა! ცხოვრების დანახვა მარადისობის პოზიციიდან იძლევა სიცხადეს, ნუგეშს, გამბედაობასა და იმედს.

ოპერაციის შემდეგ, როდესაც დადგა დიდი ხნის ნანატრი დღე - სასუნთქი მილის ამოღება და ფილტვების ვენტილატორის გამორთვა, რომელიც ჯენიფერს სუნთქვაში ეხმარებოდა, ჩვენ მოუთმენლად ველოდებოდით, ამუშავდებოდა თუ არა მისი ფილტვების ორი პატარა ნაწილი. როცა მან პირველი ჩასუნთქვა გააკეთა, მაშინვე ტირილი დაიწყო. დაინახა რა ჩვენი შეშფოთება, უცებ წამოიძახა: „რა ტკბილია სუნთქვა“! 

დაწყებული იმ დღიდან მე ყოველ დილა-საღამოს მადლობას ვუხდი მამაზეციერს იმისთვის, რომ სუნთქვა შემიძლია. ჩვენს ირგვლივ უთვალავი დალოცვაა, რომელსაც თავისთავად ცხადად ჩავთვლით, თუკი არ დავფიქრდებით. და პირიქით, როცა არაფერს ელით და ყველაფერს აფასებთ, ცხოვრება ჯადოსნური ხდება.

პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „ყოველი ახალი დილა ღვთის ძღვენია. ჰაერიც კი, რომლითაც ვსუნთქავთ, მისგან სიყვარულით ბოძებული სესხია. ის ყოველ დღე გვიცავს და ყოველ მომენტში მხარში გვიდგას. ამიტომ, ჩვენი დილის პირველი კეთილშობილური საქმე უნდა იყოს მადლიერების თავმდაბალი ლოცვა“.13

ამას მივყავარ მეხუთე და ბოლო დაკვირვებამდე ანუ რამდენადაც მადლიერი ხარ იმდენად ბედნიერი ხარ.

უფალმა განაცხადა: „და ვინც ყოველივეს იღებს მადლიერებით, გაბრწყინდება“.14 შეიძლება იმიტომ, რომ მადლიერება ბადებს უამრავ სხვა სათნოებას.

როგორ შეიცვლებოდა ჩვენი ცნობიერება, ყოველ დილით რომ გაგვეღვიძა მხოლოდ იმ დალოცვებით, რომლებისთვისაც წინა ღამით ვიყავით მადლიერნი. ჩვენი კურთხევების დაუფასებლობამ შეიძლება გამოიწვიოს უკმაყოფილების გრძნობა, რამაც შესაძლოა, მადლიერებით გამოწვეული სიხარული და ბედნიერება წაგვართვას. ისინი, დიდი და ფართო შენობიდან, გვიბიძგებენ, ნიშნის მიღმა ვიყუროთ ანუ საერთოდ რომ ავცდეთ ნიშანს.

სინამდვილეში, მიწიერი ცხოვრების უდიდეს ბედნიერებასა და კურთხევას მოვიპოვებთ იმაში, რანიც გავხდებით ღვთის მადლის წყალობით, როდესაც დავდებთ და დავიცავთ წმინდა აღთქმებს მასთან. ჩვენი მხსნელი გაგვაპრიალებს და დაგვხვეწს თავისი გამომსყიდველი მსხვერპლის ღვაწლით და მან თქვა, რომ ვინც საკუთარი ნებით მისდევს მას „მათ ჩემიანებად ვცნობ და იქნებიან ჩემიანნი იმ დღეს, როდესაც მოვალ ჩემი ძვირფასეულობების მოსაგროვებლად“.15

მე გპირდებით, რომ თუ ცხოვრებას იესო ქრისტეს საძირკველზე ავაშენებთ, დავაფასებთ ჩვენს ჭეშმარიტ იდენტობას, როგორც ღვთის ძენი და ასულნი, გვემახსოვრება სულის ღირებულება, შევინარჩუნებთ მარადიულ პერსპექტივას და მადლიერნი ვიქნებით ჩვენი მრავალი კურთხევისთვის, განსაკუთრებით ქრისტეს მოწვევისთვის - მივიდეთ მასთან, ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ ჭეშმარიტი ბედნიერება, რომელსაც ვეძებთ ამ მიწიერი თავგადასავლის დროს. ცხოვრებას მაინც ექნება თავისი გამოწვევები, მაგრამ ჩვენ შევძლებთ, უკეთ გავუმკლავდეთ მათ მიზნისა და სიმშვიდის გრძნობით, რადგან გააზრებული გვექნება მარადიული ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც ვცხოვრობთ.

მე ვმოწმობ ღმერთის, ჩვენი მოსიყვარულე მამისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, რეალობის შესახებ. მე ასევე ვმოწმობ ცოცხლაი წინასწარმეტყველების, წინასწარმჭვრეტებისა და განმცხადებლების შესახებ. რა დალოცვაა, მიიღო მათი მეშვეობით ზეციდან რჩევა. როგორც მხსნელმა განაცხადა: „გინდა ჩემი ხმით ითქვას და გინდა ჩემი მსახურების ხმით - ეს ერთი და იგივეა“.16 იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა