გენერალური კონფერენცია
შეიყვარე მოყვასი შენი
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


შეიყვარე მოყვასი შენი

თანაგრძნობა ქრისტეს თვისებაა. ის სხვების მიმართ სიყვარულით იწყება და უსაზღვროა.

ამ დილით გიწვევთ, ჩემთან ერთად აფრიკაში იმოგზაუროთ. თქვენ ვერ ნახავთ ლომებს, ზებრებს ან სპილოებს, მაგრამ სავარაუდოდ მოგზაურობის ბოლოს იხილავთ, როგორ ასრულებს ათასობით უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი ქრისტეს მეორე მცნებას - „შეიყვარე მოყვასი შენი“ (მარკოზი 12:31).

ერთი წამით წარმოიდგინეთ აფრიკის სოფლის წითელი ტალახი. გამომშრალი უნაყოფო მიწა დაგანახებთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში აქ ერთი წვეთი წვიმა არ დაცემულა. გზად რამდენიმე მსხვილფეხა საქონელი დაგხვდებათ, რომელიც უფრო ძვალი და ტყავია, ვიდრე ხორცი და საბურველში გახვეული, კარამოჯონგი მწყემსი, რომელიც ბალახისა და წყლის პოვნის იმედით დაუღალავად გადადგამს სანდლებში ჩაცმულ ფეხებს.

უხეშ, კლდოვან გზაზე სიარულისას თქვენ ლამაზი ბავშვების რამდენიმე ჯგუფს იხილავთ და გაგიკვირდებათ, რატომ არ არიან ისინი სკოლაში. ეს ბავშვები გაგიღიმებენ და ხელს დაგიქნევენ, თქვენც დაუქნევთ ხელს - ღიმილითა და აცრემლებული თვალებით. ამ პატარა ბავშვების ოთხმოცდა თორმეტ პროცენტს საკვები არ აქვს და თქვენ მათი ტანჯვის ყურებით გული გიკვდებათ.

წინ დაინახავთ დედას, რომელსაც თავზე წყლით სავსე ხუთ გალონიანი (19 ლ) ჭურჭელი უდგას, ხელში კი კიდევ ერთი ასეთი უჭირავს და ყოველივე ამას ის ფრთხილად აბალანსებს და ატარებს. იგი ამ მხარეში ყოველი ორი ოჯახიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. ქალები - ახალგაზრდა და მოხუცები, ყოველ დღე ოცდაათ წუთზე მეტ ხანს ფეხით დადიან, რათა ოჯახს წყაროდან წყალი მოუტანონ. თქვენ სიბრალულის გრძნობა მოგიცავთ.

გამოსახულება
აფრიკელ ქალს წყალი მოაქვს.

ორ საათში განცალკევებულ, დაჩრდილულ დაბლობზე აღმოჩნდებით. შეკრების ადგილი არ არის დარბაზი. არც კარავია - უფრო რამდენიმე დიდი ხე, რომელსაც მხურვალე მზისგან თავს აფარებენ. თქვენ შენიშნავთ, რომ იქ არც წყალია, არც ელექტროენერგია და არც კანალიზაცია. თქვენ მიიხედ-მოიხედებით და გეცოდინებათ, რომ იმყოფებით ადამიანებს შორის, რომლებსაც უყვართ ღმერთი და თქვენ მაშინვე იგრძნობთ ღვთის სიყვარულს მათ მიმართ. ისინი შეიკრიბნენ, რათა დახმარება და იმედი მიიღონ, თქვენ კი ჩახვედით, რათა ის გაუზიაროთ.

ასეთი იყო ჩემი და და არდენის მოგზაურობა. ჩვენ მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი - და კამილ ჯონსონი გვახლდა, მეუღლეთურთ, და და შერონ იუბენკი - ეკლესიის ჰუმანიტარული სამსახურის დირექტორი. ასე ვმოგზაურობდით უგანდაში - ეკლესიის ცენტრალური აფრიკის რეგიონში, სადაც 47 მილიონი ადამიანია. იმ დღეს, ხეების ჩრდილში, ჩვენ ვეწვიეთ თემის ჯანდაცვის პროექტს, რომელიც ეკლესიის ჰუმანიტარული სამსახურის, UNICEF-ს და უგანდის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალებით დაფინანსდა. ეს არის სანდო ორგანიზაციები, რომლებიც საგულდაგულოდ შეირჩა, რათა ეკლესიის წევრების მიერ შემოწირული ჰუმანიტარული სახსრები გონივრულად ყოფილიყო გამოყენებული.

გამოსახულება
აფრიკელ ბავშვს დახმარებას უწევენ.

რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო არასრულფასოვანი კვების მსხვერპლი ბავშვების და ტუბერკულოზის, მალარიისა და განუწყვეტელი დიარეის შედეგების ხილვა, თითოეულ ჩვენგანში მატულობდა უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი მათთვის, ვისაც შევხვდით.

გამოსახულება
დედა შვილს აჭმევს

ეს იმედი ნაწილობრივ მოვიდა ეკლესიის წევრების სიკეთით მთელი მსოფლიოდან, რომლებიც დროსა და თანხებს სწირავენ ეკლესიის ჰუმანიტარულ ძალისხმევას. როცა დავინახე, როგორ ეხმარებოდნენ ავადმყოფებს და ტანჯულებს, მადლიერების ნიშნად თავი დავუხარე. იმ მომენტში მე უკეთ გავიგე, რა იგულისხმა მეფეთა მეფემ, როცა თქვა:

„მოდით, მამაჩემის რჩეულნო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის მომზადებული სასუფეველი … .

„ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ“ (მათე 25:34–35).

ჩვენი მხსნელის ვედრებაა: „ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:16; იხ.აგრეთვე მუხლები 14–15). დედამიწის იმ შორეულ კუთხეში, თქვენმა კეთილმა საქმეებმა გაუნათა ცხოვრება და შეუმსუბუქა ტვირთი სასოწარკვეთილ გაჭირვებულ ხალხს და მათ ღმერთი ადიდეს.

ნეტავ იმ ცხელ და მტვრიან დღეს ღმერთისადმი მათი გულწრფელი ლოცვები და მადლიერება მოგესმინათ. ისინი თავიანთ კარამოჯონგზე მათქმევინებდნენ სიტყვას „ალაკარა“ რაც მადლობას ნიშნავს. გმადლობთ!

ჩვენმა მოგზაურობამ გამახსენა იგავი კეთილი სამარიელის შესახებ, რომელიც მტვრიან გზას მიჰყვებოდა. არა ისეთს, როგორიც მე აღვწერე - არა; იერუსალიმიდან იერიხომდე მიმავალი გზა. მზრუნველი სამარიელი გვასწავლის, რას ნიშნავს მოყვასის სიყვარული.

მან იხილა „ერთი კაცი … [რომელსაც] დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს“ (ლუკა 10:30). ვიღაც სამარიელმა „დაინახა და შეიცოდა“ (ლუკა 10:33).

თანაგრძნობა ქრისტეს თვისებაა. ის სხვების მიმართ სიყვარულით იწყება და უსაზღვროა. იესო, სამყაროს მხსნელი, თანაგრძნობის განსახიერებაა. როცა ვკითხულობთ, რომ „აცრემლდა იესო“ (იონე 11:35) ჩვენ მარიამისა და მართას მსგავსად ვხდებით იმ თანაგრძნობის მოწმენი, რომლის გამოც შეიძრა სულით და აღელდა (იხ. იოანე 11:33). მორმონის წიგნში ქრისტეს თანაგრძნობის მაგალითია, როცა ის გამოეცხადა შეკრებილ ხალხს და თქვა:

არიან თქვენ შორის ხეიბარნი, ბრმანი ან კოჭლნი, … დაყრუებულნი ან რაიმეთი დაავადებულნი? აქ მოიყვანეთ, მე განვკურნავ, რადგან მოწყალებას ვგრძნობ თქვენ მიმართ, შიგნეულობა ჩემი წყალობით არის აღვსილი. …

„… და მან განკურნა ყოველი მათგანი“ (3 ნეფი 17:7, 9).

მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა, მე და თქვენ ყველას ვერ განვკურნავთ, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იყოს ის, ვისაც სხვისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ერთმა უბრალო ბიჭმა ხუთი პურითა და ორი თევზით ხუთი ათასი დააპურა. ჩვენც შეგვიძლია, ანდრია მოციქულის მსგავსად ვიკითხოთ ჩვენს შესაწირზე: „ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?“ იოანე 6:9. მე გარწმუნებთ: საკმარისია გასცეთ იმდენი, რამდენიც გაქვთ და დანარჩენი ქრისტეს მიანდეთ.

ამასთან დაკავშირებით უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა მოგვიწვია - მდიდარი … თუ ღარიბი, გავაკეთოთ რაც შეგვიძლია მათთვის, ვინც გასაჭირშია“. შემდეგ მან დაამოწმა და მეც ვუერთდები მას, რომ „ღმერთი დაგეხმარებათ და წინ გაგიძღვებათ მოწაფის თანაგრძნობის საქმეში“ (“Are We Not All Beggars?,” Liahona, Nov. 2014, 41).

მე ვიდექი იმ შორეულ ქვეყანაში, იმ დაუვიწყარ დღეს, და დღესაც ვდგავარ, როგორც ეკლესიის წევრების - მდიდარი თუ ღარიბი, სულისშემძვრელი და სიცოცხლის შემცვლელი თანაგრძნობის მოწმე.

კეთილი სამარიელის იგავი გრძელდება: „ჭრილობები შეუხვია … და იზრუნა მასზე“ (ლუკა 10:34). ჩვენი ეკლესიის ჰუმანიტარული დახმარება გვაძლევს სტიქიურ უბედურებებზე სწრაფად რეაგირებისა და დაავადებების, შიმშილის, ჩვილთა სიკვდილიანობის, არასრულფასოვანი კვების, იძულებით გადაადგილების და ხშირად თვალით უხილავი იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთილების ჭრილობების გადახვევის საშუალებას.

შემდეგ სამარიელმა „ორი დინარი მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე“ (ლუკა 10:35). ჩვენ, როგორც ეკლესია, მადლობელნი ვართ, რომ ვთანამშრომლობთ სხვა „მასპინძლებთან“ ან ორგანიზაციებთან, როგორიცაა კათოლიკური დახმარების მომსახურება, UNICEF-ი და წითელი ჯვარი/წითელი ნახევარმთვარი, რათა დავეხმაროთ ჩვენს ჰუმანიტარულ მცდელობებს. ჩვენ მადლობელნი ვართ თქვენი „ორი დინარის“ ან ორი ევროსი, ორი პესოსი ან ორი შილინგის, რომლებიც მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს ტვირთს უმსუბუქებს. სავარაუდოთ თქვენ ვერ გაიგებთ, ვინ გახდა თქვენი დროის, დოლარების ან ცენტების მიმღები, მაგრამ თანაგრძნობა არ მოითხოვს ჩვენგან მათ ცნობას, ის მხოლოდ მათ მიმართ სიყვარულს მოითხოვს.

მადლობას გიხდით, პრეზიდენტო ნელსონ, რომ შეგვახსენეთ: „როდესაც ღმერთი მთელი გულით გვიყვარს, ის ჩვენს გულებს სხვებისკეთილდღეობისკენ მიმართავს“ (“The Second Great Commandment,” Liahona, Nov. 2019, 97). მე ვმოწმობ, რომ თითოეული ჩვენგანი მიიღებს მეტ სიხარულს, სიმშვიდეს, თავმდაბლობასა და სიყვარულს, როდესაც გამოეხმაურება პრეზიდენტ ნელსონის მოწოდებას და ჯოზეფ სმითის თხოვნას: „დააპურეთ მშიერი, შემოსეთ შიშველი, დაეხმარეთ ქვრივს, ცრემლი შეუმშრალეთ ობოლს [და] ანუგეშეთ ტანჯული - ამ ეკლესიაში თუ ნებისმიერ სხვაში ან საერთოდ ეკლესიის მიღმა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“ (“Editor’s Reply to a Letter from Richard Savary,” Times and Seasons, Mar. 15, 1842, 732).

გამოსახულება
უხუცესი არდერნი და პრეზიდენტი კამილ ნ. ჯონსონი აფრიკელ ბავშვებთან ერთად.

ამდენი თვის წინ ჩვენ მშრალ და მტვრიან ველზე მშივრები და გაჭირვებულები ვიპოვეთ და მათი ვედრებით სავსე მზერის მოწმენი გავხდით. ჩვენ ჩვენებურად შეგვეძრა სული და ავღელვდით (იხ. იოანე 11:33), მაგრამ ეს გრძნობები ჩაგვიწყნარდა, როდესაც ვიხილეთ ეკლესიის წევრების თანაგრძნობა საქმეში, როდესაც მშიერს აპურებდნენ, ქვრივებს ეხმარებოდნენ, გაჭირვებულები ანუგეშეს და მათ ცრემლი შეაშრათ.

დაე, მუდამ ვზრუნავდეთ სხვების კეთილდღეობაზე და ვაჩვენოთ სიტყვითა და საქმით, რომ „მზად ვართ, ვატაროთ ერთმანეთის ტვირთი“ (მოსია 18:8), „განვკურნოთ გულმოდრეკილნი“ (მოძღვრება და აღთქმები 138:42) და დავიცვათ ქრისტეს მეორე დიდი მცნება - „შეიყვარე მოყვასი შენი“ (მარკოზი 12:31). იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა