გენერალური კონფერენცია
ჩვენი მუდმივი თანამგზავრი
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ჩვენი მუდმივი თანამგზავრი

მე და თქვენ გვაქვს შესაძლებლობა - მუდამ ვიყოლიოთ სულიწმინდა თანამგზავრის როლში.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ამ კონფერენციაზე ჩვენ დაგვლოცეს ზღვა გამოცხადებებით. უფალი იესო ქრისტეს მსახურებისგან გავიგონეთ და მომავალშიც გავიგონებთ ჭეშმარიტების, გამხნევებისა და მითითებების სიტყვებს.

გულის ამაჩუყებელი იყო ამ კონფერენციაზე გაზიარებული მოწმობების მოსმენა, რომ უფალი პირადად და სულიწმინდის მეშვეობით გვესაუბრება. როცა ვლოცულობთ და შემდეგ ყურს ვუგდებთ სულიწმინდის კარნახს, ჩვენ უფრო მეტ შთაგონებასა და დალოცვებს ვიძენთ, რაც მომავალში მძიმე დღეების დროს მიგვითითებს გზას.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „მომავალში შეუძლებელი იქნება სულიერი გადარჩენა სულიწმინდის მუდმივი გაძღოლის, მითითების, ნუგეშისა და მუდმივი გავლენის გარეშე“.1

ამ წინასწარმეტყველურმა გაფრთხილებამ დამაფიქრა იმაზე, რა შემიძლია ვასწავლო ჩემს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს იმის შესახებ, თუ როგორ ვიქონიოთ ეს გადამწყვეტი ხელმძღვანელობა მომავლის რთულ დღეებში.

ასე რომ ჩემი დღევანდელი გზავნილი იქნება მოკლე წერილი ჩემს შთამომავლებს, რომელიც ალბათ დაეხმარება მათ, როცა მე აღარ ვეყოლები გვერდში. მსურს, იცოდნენ, რა ვისწავლე, რაც მათ დაეხმარება.

მე უკეთ გავიგე, რა დასჭირდებათ მათ იმისთვის, რომ სულიწმინდას მათზე მუდმივი გავლენა ჰქონდეს მომავალში. მივიღე შთაგონება, ჩემს პირად გამოცდილებაზე მესაუბრა დღეს, კერძოდ თუ როგორ ვიწვევდი სულიწმინდას - როგორც ეს შემეძლო, ჩემი მუდმივი თანამგზავრი ყოფილიყო. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ შევძლო მათი გამხნევება.

მე ვთხოვდი, დაფიქრებულიყვნენ და ელოცათ ჰელამანის შვილების ვაჟებზე - ნეფიზე და ლეხიზე და უფლის სხვა მსახურებზე, რომლებიც მათთან ერთად შრომობდნენ. ისინი ძალიან ძლიერი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი ბოროტ ადგილას მსახურობდნენ და შემზარავი ტყუილების მოწმენი ხდებოდნენ. ჰელამანის ჩანაწერიდან ეს ერთი მუხლი გამბედაობას მგვგვრის და თქვენთვისაც იგივეა შესაძლებელი.

„და სამოცდამეცხრამეტე წელი დაიწყო დიდი დაპირისპირებით. მაგრამ, იყო ასე, რომ ნეფი, ლეხი და მრავალი მათი ძმა, რომლებმაც იცოდნენ მოძღვრების ჭეშმარიტი დედაარსი, ჰქონდათ რა ყოველდღიურად მრავალი გამოცხადება, უქადაგებდნენ ხალხს, ისე რომ მათ, იმავე წელს, შეწყვიტეს დაპირისპირება“.2

ეს ჩანაწერი მე მამხნევებს და ვიცი, რომ თქვენც შეიძლება გაგამხნეოთ. ჰელამანის შვილებს სულიწმინდის სწავლისა და ხელმძღვანელობის რამდენიმე გამოცდილება ჰქონდათ. ეს მარწმუნებს იმაში, რომ სულიწმინდა გვასწავლის სტრიქონს სტრიქონზე და ვიღებთ იმას, რაც გვჭირდება და როცა მზად ვიქნებით უფრო მეტს მივიღებთ.

ზუსტად ასე ნეფის ჩანაწერმა გამამხნევა, როცა მას იერუსალიმში დაბრუნება და ლაბანის ფირფიტების წამოღება სთხოვეს. თქვენ გახსოვთ, რა არჩევანი გააკეთა. მან თქვა: „წავალ და გავაკეთებ იმას, რაც უფალმა მიბრძანა“.3

სულიწმინდასთან უთიერთობის გამოცდილებამ, რომელიც ნეფიმ ამ დავალების შესრულების დროს მიიღო, ბევრჯერ გამამხნევა, როცა მაძლევდნენ დავალებებს, რომლებიც ვიცოდი, უფლისგან მოდიოდა, მაგრამ ჩემს გამოცდილებას და ჩემი წარმოდგენით, ჩემს უნარსაც, სცდებოდა.

თქვენ გახსოვთ, რა თქვა ნეფიმ ამ გამოცდილების შესახებ: „და იყო ეს ღამით და მე დავმალე [ჩემი ძმები] კედლების მიღმა; და მას შემდეგ, რაც ისინი დაიმალნენ, მე, ნეფი, შევიპარე ქალაქში და გავემართე ლაბანის სახლისაკენ“.

შემდეგ აგრძელებს: „და წინ მიმიძღვოდა სული და წინასწარ არ ვიცოდი, რა უნდა მეღონა“.4

მე გამამხნევა იმის ცოდნამ, რომ ნეფის ყოველ წუთს სულიწმინდა მიუძღვოდა წინ, როცა ის ღამით უფლის დავალებას ასრულებდა.

ჩვენ გვჭირდება (და თქვენც დაგჭირდებათ) სულიწმინდის მუდმივი თანხლება. ჩვენ ეს გვსურს, მაგრამ გამოცდილებიდან ვიცით, რომ ამის შენარჩუნება არ არის ადვილი. თითოეული ჩვენგანი ფიქრორბს, ლაპარაკობს და აკეთებს ისეთ რამეს დღის განმავლობაში, რამაც შეიძლება სულიწმინდა შეურაცხყოს.

როცა ასე ხდება, ჩვენ შეიძლება უფლის წყენა ვიგრძნოთ. და შესაძლებელია ვიგრძნოთ, რომ მარტონი ვართ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს დაპირება, რომელსაც ყოველ კვირას ვიღებთ, როცა ვინანიებთ და ზიარებას ვიღებთ: „რათა მისი სული მარადჟამს იყოს მათთან“.5

თუ დღეს იგრძენით სულიწმინდის გავლენა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოსყიდვის ძალა ამუშავდა.

როგორც უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა თქვა: „როცა უკიდურესობამდე მივალთ, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ან არ ესმის ჩვენი ლოცვები. მას ესმის ჩვენი. ის გვხედავს . მას ვუყვარვართ “.6

ეს ცოდნა დამეხმარა. როცა უფლისგან შორს ვგრძნობ თავს, როცა ჩემს ლოცვებზე პასუხების მიღება გვიანდება, მე პრეზიდენტ ნელსონის რჩევას ვასრულებ, რათა ჩემს ცხოვრებას გადავხედო და მონანიების შესაძლებლობა დავინახო. ის გვახსენებს: „ყოველდღიური მონანიება სისუფთავისკენ მიმავალი ბილიკია, სისუფთავეს კი ძალა მოაქვს“.7

თუ სულიწმინდის შეგრძნება გიჭირთ უნდა დაფიქრდეთ, რამე ხომ არ უნდა მოინანიოთ მიტევების მისაღებად.8 შეგიძლიათ რწმენით ილოცოთ რათა გაიგოთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ განიწმინდოთ და სულიწმინდის მუდმივი თანხლების ღირსნი იყოთ.

თუ სულიწმინდის მუდმივი თანხლება გსურთ, ამისთვის კარგი მიზეზი უნდა გქონდეთ. თქვენი მიზნები უფლის მიზნები უნდა იყოს. თუ ეგოისტური მოტივი გამოძრავებთ, სულიწმინდის კარნახის გაგონება და შეგრძნება გაგიჭირდებათ.

აზრი იმაშია, რომ მეც და თქვენც უნდა გვსურდეს ის, რაც უფალს სურს. ჩვენი მამოძრავებელი ძალა ქრისტეს წმინდა სიყვარული უნდა იყოს. ჩვენი ლოცვები უნდა იყოს „მე მსურს ის, რაც შენ გსურს. იყოს ნება შენი“.

ვცდილობ, მახსოვდეს მხსნელის მსხვერპლი და მისი სიყვარული ჩემ მიმართ. შემდეგ, როცა ვლოცულობ და მამაზეციერს მადლობას ვუხდი, მე ვგრძნობ სიყვარულსა და დარწმუნებას, რომ ჩემი ლოცვები შეისმინა ღმერთმა და რომ მივიღებ იმას, რაც ჩემთვის და ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის უკეთესია. ეს აძლიერებს ჩემს მოწმობას.

ყველაზე ძვირფასი, რაც სულიწმინდამ შეიძლება დაგიმოწმოთ არის ის, რომ იესო არის ქრისტე, ღმერთის ცოცხალი ძე. მხსნელი დაგვპირდა: „როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან – ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე“.9

წლების წინ ერთმა დამწუხრებულმა დედამ დამირეკა. მითხრა, რომ მისი ქალიშვილი სახლიდან შორს გადავიდა საცხოვრებლად. ქალიშვილთან მცირე კონტაქტიდან გრძნობდა, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა. ის დახმარებას მევედრებოდა.

მე გავიგე, ვინ იყო მისი ქალიშვილის შინა მასწავლებელი. უკვე ამ ტერმინით მიხვდებით, რომ ეს მრავალი წლის წინ იყო. მე მას დავურეკე. ახალგაზრდა მამაკაცი იყო. მიუხედავად ამისა მან მითხრა, რომ მას და მის მეწყვილეს ორივეს ღამე გაეღვიძათ არა მხოლოდ იმ გოგონაზე ზრუნვის გამო, არამედ შთაგონებით, რომ ის აპირებდა ისეთი არჩევნის გაკეთებას, რომელიც სევდასა და უბედურებას მოუტანდა. სულიწმინდის მხოლოდ ამ შთაგონებით ისინი მის სანახავად გაემგზავრნენ.

თავიდან მას არაფრის თქმა არ უნდოდა. შთაგონებულნი, ისინი ევედრებოდნენ მას, მოენანია და აერჩია უფლის მიერ მისთვის მომზადებული გზა. მან მაშინ გააცნობიერა (მჯერა - სულიწმინდის მეშვეობით), რომ ღმერთი იყო ის ერთადერთი წყარო, საიდანაც მათ შეეძლოთ გაეგოთ მისი მდგომარეობის შესახებ. დედამ თავისი მწუხარება მამაზეციერსა და მხსნელს გაანდო. სულიწმინდა მოევლინა იმ შინა მასწავლებლებს, რადგან მზად იყვნენ, უფლისთვის ემსახურათ. მათ შეასრულეს მოძღვრება და აღთქმებში მოცემული რჩევა:

„დაე, შენი წიაღი სავსე იყოს გულმოწყალებით ყოველი ადამიანისადმი და თანამორწმუნეთადმი, დაე, მუდამ სათნოებით იყოს შემკობილი შენი ფიქრები; მაშინ გაძლიერდება შენი ნდობა ღმერთის გარემოცვაში; და მღვდლობის მოძღვრება ჩამოიღვრება შენს სულში, ვითარცა ზეციური ცვარი.

„სულიწმინდა იქნება შენი მუდმივი მეგზური, შენი კვერთხი იქნება სამართლიანობისა და ჭეშმარიტების უცვლელი კვერთხი; შენი ძალაუფლება იქნება მარადიული ძალაუფლება, ლაღად გადმოიღვრება შენზე უკუნითი უკუნისამდე“.10

მე ვმოწმობ, რომ უფალმა შეასრულა თავისი დაპირება. სულიწმინდას უგზავნიან იესო ქრისტეს ეკლესიის ერთგულ აღთქმის წევრებს. თქვენი გამოცდილება იქნება უნიკალური და სულიწმინდა გიხელმძღვანელებთ ისე, რომ თქვენი რწმენისა და შესაძლებლობების მიხედვით მიიღოთ გამოცხადება თქვენთვის და მათთვის, ვინც გიყვართ და ემსახურებით. მთელი გულით ვლოცულობ, რომ თქვენი თავდაჯერებულობა გაიზარდოს.

მე ვმოწმობ, რომ მამა ღმერთი ცოცხალია. თქვენ მას უყვარხართ. მას ესმის თქვენი ყოველი ლოცვა. იესო ქრისტემ ილოცა მამისადმი, რომ გამოეგზავნა სულიწმინდა, რომელიც წინ გაგვიძღვებოდა, გვანუგეშებდა და ჭეშმარიტებას დაგვიმოწმებდა. მამა ღმერთი და მისი საყვარელი ძე გამოეცხადნენ ჯოზეფ სმითს პატარა ტყეში. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა გადათარგმნა მორმონის წიგნი ღმერთის ძღვენით და ძალით.

ღვთიურმა მაცნეებმა აღადგინეს მღვდლობის გასაღებები. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი არის ღმერთის წინასწარმეტყველი მთელ დედამიწაზე.

მე, როგორც იესო ქრისტეს მოწმემ ვიცი, რომ ის ცოცხალია და ხელმძღვანელობს თავის ელესიას. მე და თქვენ გვაქვს შესაძლებლობა - მუდამ ვიყოლიოთ სულიწმინდა თანამგზავრის როლში და მივიღოთ ყოველი ჭეშმარიტების დასტური, თუკი გვეხსომება და გვეყვარება მხსნელი, მოვინანიებთ და ვთხოვთ, რომ მისმა სიყვარულმა დაისადგუროს ჩვენს გულებში. მე ვლოცულობ იმაზე, რომ ვიქონიოთ ეს დალოცვა და სულიწმინდის თანხლება დღეს და ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს. მიყვარხართ! იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა