გენერალური კონფერენცია
ბატონო, იესოს ნახვა გვსურს
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ბატონო, იესოს ნახვა გვსურს

ჩვენ გვსურს ვიხილოთ იესო - ისეთი, როგორიც არის და ვიგძნოთ მისი სიყვარული.

სახის სიბრმავე

1945 წლის გაზაფხულის ერთ დღეს ახალგაზრდა მამაკაცმა სამხედრო ჰოსპიტალში გაიღვიძა. ბედმა გაუღიმა - ცოცხალი გადარჩა. ტყვია ყურის უკან მოხვდა. ექიმებმა ოპერაცია ჩაუტარეს და მას ახლა სიარული და ლაპარაკი ჩვეულებრივად შეეძლო.

სამწუხაროდ, ტყვიამ ტვინის ის ნაწილი დაუზიანა, რომელიც სახეებს არჩევს. ახლა ის მეუღლეს უყურებდა და საერთოდ ვერ ცნობდა მას. საკუთარი დედაც კი ვერ იცნო. სახე, რომელსაც იგი სარკეში ხედავდა, ასევე უცხო იყო მისთვის, ის იმასაც კი ვერ არჩევდა, ქალი იყო ეს თუ მამაკაცი.1

მას სახის სიბრმავე დაემართა - დიაგნოზი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ატარებს.2

ადამიანები სახის სიბრმავის მძიმე ფორმით გარკვეული წესების მიხედვით ცდილობენ სხვების იდენტიფიცირებას - მათ შეიძლება ქალიშვილი ჭორფლით ამოიცნონ, მეგობარი კი სიარულით.

ზრდის პროცესი

აი მეორე ამბავი, რომელიც სახლს უკავშირდება: ბავშვობაში ვხედავდი, რომ სახლში წესებს დედა ადგენდა. ის წყვეტდა, როდის შემეძლო მეთამაშა, დამეძინა ან რაც ყველაზე უარესია - ბაღი გამემარგლა.

რა თქმა უნდა, მე მას ვუყვარდი. მაგრამ სამწუხაროდ და ჩემდა სამარცხვინოდ, მე მას ხშირად აღვიქვამდი მხოლოდ როგორც „პიროვნება, რომელსაც უნდა დაემორჩილო“.

მხოლოდ წლების შემდეგ შევძელი მისი რეალური პიროვნების აღქმა. მრცხვენია, რომ არასოდეს არ ვამჩნევდი მის მსხვერპლს და არც კი დავფიქრებულვარ, რატომ ჰქონდა მას წლების განმავლობაში მხოლოდ ორი ძველი ბოლოკაბა (ჩემთვის კი ახალ სასკოლო ტანისამოსს ყიდულობდა) ან რატომ იყო ის დღის ბოლოს ასეთი დაღლილი და უხაროდა ჩემი დაძინება.

შეიძლება ჩვენც სახის სიბრმავე გვჭირს

ალბათ შეამჩნიეთ, რომ ეს ორი ამბავი სინამდვილეში ერთი ამბავია, რადგან მრავალი წლის განმავლობაში მე, ფაქტობრივად, სახის სიბრმავე მჭირდა. მე ვერ აღვიქვამდი დედის რეალურ პიროვნებას. მე მის წესებს ვხედავდი, მაგრამ ამ წესებში მის სიყვარულს ვერ ვამჩნევდი.

მე ამ ორ ამბავს ერთი მიზნით გიყვებით: ეჭვი მაქვს, რომ იცნობთ ვინმეს (შესაძლოა ეს ვინმე თქვენ ხართ ) რომელსაც სულიერი სახის სიბრმავე სჭირს.

შეიძლება თქვენ ვერ ხედავთ, რომ ღმერთი მოსიყვარულე მამაა. შეიძლება ზეცაში იყურებით და ხედავთ არა სიყვარულისა და მოწყალების სახეს, არამედ წესების უღრან ტყეს, რომელშიც გზა უნდა გაიკაფოთ. შეიძლება თქვენ გჯერათ, რომ ღმერთი ზეცაში მეფობს, თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით გესაუბრებათ და მას თქვენი და უყვარს, მაგრამ გულში ფიქრობთ, თქვენ უყვარხართ თუ არა.3 თქვენ რკინის მოაჯირი იგრძენით, მაგრამ ჯერ არ გიგრძვნიათ მხსნელის სიყვარული, რომლისკენაც მოაჯირს მიჰყავხართ.4

ეჭვი მაქვს, რომ ასეთ ადამიანებს იცნობთ, რადგან დიდი ხნის მანძილზე თავად ასეთი ადამიანი ვიყავი - სულიერი სიბრმავით.

ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება უკავშირდებოდა წესების დაცვას და აბსტრაქტული სტანდარტების გაზომვას. ვიცოდი, რომ ღმერთს თქვენ სრულყოფილად უყვარდით, მაგრამ თავად ჩემ მიმართ ამას არ ვგრძნობდი. ვშიშიობ, უფრო მეტად ვფიქრობდი ზეცაში მოხვედრის შესახებ და არა მამამზეციერთან ყოფნაზე.

თუ თქვენ, ჩემ მსგავსად, ხანდახან მხოლოდ უხმოდ, ტუჩებით ასრულებთ გამომსყიდველი სიყვარულის სიმღერას,5 რა უნდა ვქნათ?

პასუხი, როგორც პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვახსენებს, ყოველთვის იესოა.6 და ეს ძალიან კარგი ამბავია.

ბატონო, იესოს ნახვა გვსურს

მიყვარს ერთი მოკლე მუხლი იოანეს სახარებიდან. იგი მოგვითხრობს უცხო პირთა ჯგუფზე, რომელიც მნიშვნელოვანი თხოვნით მიდის უფლის მოწაფესთან. „ბატონო“ - ამბობენ ისინი, „იესოს ნახვა გვსურს“.7

და ეს ყველას გვსურს - ვიხილოთ იესო - ისეთი, როგორიც არის და ვიგძნოთ მისი სიყვარული. ძირითადად ამ მიზნით უნდა დავდიოდეთ ეკლესიაში და რა თქმა უნდა, ზიარების ყოველ შეკრებაზე. თუ ფიქრობთ, რა გაკვეთილი ჩაატაროთ, როგორი შეხვედრა დაგეგმოთ ან უბრალოდ უარი თქვათ დიაკვნთა ქვორუმზე და წრეში ბურთი ითამაშოთ, შეგიძლიათ ეს მუხლი თქვენს მეგზურად აირჩიოთ: დაეხმარება თუ არა ეს ხალხს, დაინახონ და შეიყვარონ იესო ქრისტე? თუ არა და იქნებ სხვა რამე სცადოთ?

როცა გავიაზრე, რომ სულიერი სიბრმავე მჭირდა, რომ ვხედავდი მხოლოდ წესებს და არა მამის წყალობის სახეს, მე ვიცოდი, რომ ეს ეკლესიის ბრალი არ იყო. არც ღმერთის ბრალი იყო და ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ყველაფერი დაკარგული იყო; ეს არის ის, რაც ყველამ უნდა ვისწავლოთ. ადრეული მოწაფეებიც კი ხშირად პირისპირ ხვდებოდნენ აღმდგარ უფალს და ვერ ცნობდნენ მას - ბაღის სამარხიდან გალილეის სანაპირომდე, მისი პირველი მიმდევრები „[ხედავდნენ] მდგომარე იესო[ს]. მაგრამ ვერ [იცნეს], რომ იესო იყო“.8 მათ უნდა ესწავლათ მისი ამოცნობა და ჩვენც იგივე გვმართებს.9

მოწყალება

როცა გავიაზრე, რომ სულიერად ბრმა ვიყავი, დავიწყე მორმონის რჩევის შესრულება - მელოცა „მთელი გულით“, რათა აღვსილიყავი იმ სიყვარულით, რომელიც თავის მოწაფეებს დაჰპირდა - ჩემი სიყვარული მის მიმართ და მისი სიყვარული ჩემ მიმართ - და „[მეხილა ის], როგორიც არის“.10 წლების მანძილზე ვლოცულობდი, შემძლებოდა პირველი დიდი მცნების შესრულება და მეგრძნო, რომ „პირველი დიადი ჭეშმარიტებაა … ის, რომ ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ მთელი გულით, ძალით, გონებითა და ღონით“.11

ოთხი სახარება

ამის გარდა რამდენჯერმე გადავიკითხე ოთხი სახარება - არა იმისთვის, რომ ღვთის წესები ამომეკრიბა, არამედ რომ შემეცნო იგი და ის, რა უყვარს მას. და დადგა დრო, როცა მისი სიყვარულის მდინარის წყალმა წამიღო.

მან თქვა, რომ გამოაგზავნეს „გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად“.12

ეს არ იყო აუცილებელი საქმეების სია ან კარგი პიარი, ეს იყო მისი სიყვარულის ფორმა.

გადაშალეთ სახარება ნებისმიერ ადგილას; თითქმის ყოველ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ის ზრუნავდა ადამიანებზე, რომლებიც სოციალურად, სულიერად ან ფიზიკურად იტანჯებოდნენ. იგი ეხებოდა მათ, ვინც ითვლებოდა ბინძურად და უწმიდურად13 და მშივრებს აპურებდა.14

რომელია თქვენი საყვარელი ამბავი იესოს შესახებ? ჩემი აზრით, ეს იქნება ღვთის ძე, რომელიც გულში იკრობს ან დახმარებას სთავაზობს რომელიმე გარიყულს - კეთროვანს, 15 სამარიელს, რომელიც ყველას სძულს,16 ბრალდებულს და ცოდვილს,17 ან ერის მტერს.18 ასეთი მადლი საოცარია.

ეცადეთ ამოიწეროთ, რამდენჯერ აქებს, კურნავს ან საუზმობს უცნობთან და ლუკას სახარებას არ გაცდებით, კალამში მელანი რომ დაგიმთავრდებათ.

ეს რომ ვიხილე, გული ამიჩქარდა, რადგან სიყვარული ვიგრძენი. დამეწყო იმის განცდა, რომ უფალს ვუყვარდი. როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა: „რაც უფრო მეტს სწავლობთ მხსნელის შესახებ, მით უფრო ადვილად დაიჯერებთ მის მოწყალებას, მის უსასრულო სიყვარულს“.19 და უფრო მეტად შეიყვარებთ მამაზეციერს და მიენდობით მას.

როგორც უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა გვასწავლა: იესო „გვაჩვენებდა, ვინ არის ჩვენი მარადიული მამა და როგორია ის, რაოდენ ერთგულია ის თავისი შვილებისა ყოველ დროში და ყოველ ერში.20

პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთი არის „მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი“.21

თუ თქვენ მას სხვანაირად ხედავთ, გააგრძელეთ ეს პროცესი.

აღთქმები და ღმერთის ჩახუტება

წინასწარმეტყველები გვიწვევენ, ვეძიოთ მისი სახე.22 ჩემთვის ეს არის შეხსენება იმისა, რომ თაყვანს ვცემთ ჩვენს მამას და არა ფორმულას და რომ ეს უნდა გაგრძელდეს, სანამ არ ვიხილავთ იესოს, როგორც ჩვენი მამის სიყვარულის ანარეკლს23 და მივყვებით მას და არა მხოლოდ მის წესებს.24

როცა წინასწარმეტყველები და მოციქულები აღთქმებზე საუბრობენ, ისინი მწვრთნელების მსგავსად არ გვიყვირიან წითელი ხავერდის ტრიბუნიდან: „მეტი ცადე“! მათ სურთ ვიხილოთ, რომ ჩვენი აღთქმები საფუძვლიანად უკავშირდება ურთიერთობებს25 და შეიძლება იყოს ჩვენი სულიერი სახის სიბრმავის წამალი.26 ისინი არ არის მისი სიყვარულის დამსახურების წესები; მას ისედაც სრულყოფილად ვუყვარვართ. ჩვენი გამოწვევაა გავიაზროთ ეს სიყვარული და მოვარგოთ მას ჩვენი ცხოვრება.27

ჩვენ ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩვენი აღთქმები როგორც ფანჯარა, რომელშიც მამაზეციერის მოწყალებას ვხედავთ.

აღთქმებს აქვს ღმერთის ჩახუტების ფორმა.

ღვთის სიყვარულის მდინარე

და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ იგი სხვებისთვის მსახურების დროს. „რადგან როგორ იცნოს ადამიანმა მეუფე, რომელსაც არ ემსახურებოდა“?28

რამდენიმე წლის წინ მე მივიღე მოწოდება, რომელმაც დიდად არ აღმაფრთოვანა. ადრე გავიღვიძე და ვნერვიულობდი - თუმცა გონებაში ფრაზა მქონდა, რომელიც ადრე არ მსმენია: ეკლესიაში მსახურება ღვთის სიყვარულის მდინარეში დგომას ჰგავს. ეს ეკლესია არის სამუშაო წვეულება, სადაც ადამიანები წერაქვებითა და ნიჩბებით ცდილობენ ღვთის სიყვარულის მდინარის არხის გაწმენდას, რათა მან ბოლოში მდგომ ღვთის შვილებამდე მიაღწიოს.

ვინც არ უნდა იყოთ, როგორი წარსულიც არ უნდა გქონდეთ, ამ ეკლესიაში თქვენთვის ადგილი მოიძებნება.29

აიღეთ წერაქვი და ნიჩაბი და შეუერთდით ჯგუფს. დაეხმარეთ უფალს მისი შვილებისთვის სიყვარულის ტარებაში და ეს სიყვარული თქვენც გადმოგესხებათ.30

მოდით ვეძიოთ მისი მოსიყვარულე სახე, მისი აღთქმის ჩახუტება და შემდეგ ხელი ჩავკიდოთ მის შვილებს და ერთად ვიმღეროთ „ისრაელის მხსნელო“.

აღადგინე, ჩემო ძვირფასო მხსნელო,

შენი სახის ნათელი;

შენი სულის ასამაღლებელი ნუგეშიც მიბოძე;

დაე, ტკბილმა ლტოლვამ

შენი სიწმინდისკენ

მოუტანოს იმედი ჩემს ცარიელ გულს.24

დაე, ვეძიოთ მისი მოსიყვარულე სახე და ვიყოთ მისი შვილებისთვის მისი წყალობის ჭურჭელი.32 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. See Hadyn D. Ellis and Melanie Florence, “Bodamer’s (1947) Paper on Prosopagnosia,” Cognitive Neuropsychology, vol. 7, no. 2 (1990), 84–91; Joshua Davis, “Face Blind,” Wired, Nov. 1, 2006, wired.com.

  2. See Dennis Nealon, “How Common Is Face Blindness?,” Harvard Medical School, Feb. 24, 2023, hms.harvard.edu; Oliver Sacks, “Face-Blind,” New Yorker, Aug. 23, 2010, newyorker.com.

  3. „ეკლესიის ზოგიერთი წევრი ჭეშმარიტად აღიარებს დოქტრინას, პრინციპებს და დამოწმებებს, რომლებიც არაერთხელ გამოცხადდა ამ კათედრიდან საკონფერენციო ცენტრში და ადგილობრივ მრევლში მთელ მსოფლიოში, თუმცა მაინც უჭირთ იმის დაჯერება, რომ ეს მარადიული ჭეშმარიტება ეხება კონკრეტულად მათ ცხოვრებასა და ვითარებას“ (David A. Bednar, “Abide in Me, and I in You; Therefore Walk with Me,” Liahona, May 2023, 125).

  4. იხ. 1 ნეფი 8:19; 15:23. „რთულია, იცავდე უფლის მცნებებს მასში რწმენისა და ნდობის გარეშე“ (ჰენრი ბ. აირინგი, „The Faith to Ask and Then to Act“, Liahona, Nov. 2021, 75).

  5. ალმა 5:26

  6. See Russell M. Nelson, „The Answer Is Always Jesus Christ“, Liahona, May 2023, 127–28.

  7. იოანე 12:21.

  8. იოანე 20:14. მატ იხილეს ის ემაუსის გზაზე (იხ. ლუკა 24:16), დაკეტილ ოთახში (იხ. ლუკა 24:37), გალილეის ნაპირზე (იხ. იოანე 21:4) და ბაღში, სამარხთან (იხ. იოანე 20:14).

  9. თუ მას მთელი გულით ვეძიებთ და რწმენას არ ვკარგავთ, ჩვენ ვიპოვით მას.

    „რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე, – ამბობს უფალი, – ზრახვები მშვიდობაზე. …

    მეძიეთ მე და მიპოვნით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით“ (იერემია 29:11, 13).

    „მოვა დღე, როდესაც ჩასწვდებით ღმერთსაც, გაცოცხლდებით მისგან და მასში.

    „მაშინ გეცოდინებათ, რომ მიხილეთ, რომ მე ვარ“.მოძღვრება და აღთქმები 88:49-50).

    „ყოველი სული, რომელიც მიატოვებს ცოდვებს, ჩემთან მოვა და მოუხმობს ჩემს სახელს და დაემორჩილება ჩემს ხმას, დაიცავს ჩემს მცნებებს, იხილავს ჩემს სახეს და ეცოდინება, რომ მე ვარ“ (მოძღვრება და აღთქმები 93:1).

  10. მორონი 7:48. პავლე მოციქული ადარებს მოწყალებას ჩვენს ნათლად დანახვის უნარს. მოწყალების ამ დიადი ქადაგების ბოლოს იგი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად“, მომავალში „პირისპირ“ დავინახავთ: … „მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი“.1 კორინთელთა 13:12).

  11. Jeffrey R. Holland, “Tomorrow the Lord Will Do Wonders among You,” Liahona, May 2016, 127. „ქრისტეს წმინდა სიყვაარულის“… უფრო ვრცელი განმარტებაა არა ის, რასაც ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვცდილობთ, ვაჩვენოთ სხვებს და ხშირად არ გამოგვდის, არამედ ის, რაც ქრისტემ გამოხატა ჩვენ მიმართ. ჭეშმარიტი მოწყალება მხოლოდ ერთხელ იყო ცნობილი. „ეს სრულყოფილად და წმინდად გამოიხატება ქრისტეს ურყევ, საბოლოო და გამომსყიდველ სიყვარულში ჩვენ მიმართ“ (ჯეფრი რ. ჰოლანდი, Christ and the New Covenant: The Messianic Message of the Book of Mormon [1997], 336).

  12. ლუკა 4:18.

  13. იხ. მათე 8:3; 9:25.

  14. იხ. მათე 14:13-21.

  15. იხ. მათე 8:1–3.

  16. იხ. იოანე 4:7–10; მან შეაქო სამარიელი (იხ. ლუკა 10:25–37).

  17. იხილეთ მათე 21:31; ლუკა 7:27-50; 15:1-10; იოანე 8:2-12.

  18. იხ. მათე 8:5-13.

  19. Russell M. Nelson, “Christ Is Risen; Faith in Him Will Move Mountains,” Liahona, May 2021, 103.

  20. Jeffrey R. Holland, “The Grandeur of God,” Liahona, Nov. 2003, 70. „ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა“ (იოანე 14:9).

  21. იხ.2 კორინთელთა 1:3.

  22. იხ. ფსალმუნი 27:8; მოძღვრება და აღთქმები 88:68.

  23. იხ. 2 Corinthians 4:6; Pope Francis, “Misericordiae Vultus: Bull of Indiction of the Extraordinary Jubilee of Mercy,” Apostolic Letters, vatican.va.

  24. ეს მნიშვნელოვანი თემაა. ეს არ არის უბრალოდ ხსნისა და ამაღლების საქმე, ეს მისი საქმეა (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 1.2, სახარების ბიბლიოთეკა). მე უბრალოდ ტაძარში კი არ მივდივარ, მე უფლის სახლში მივდივარ; ეს მორმონთა ეკლესია კი არ არის, ეს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაა (იხ. რასელ მ. ნელსონი, „The Correct Name of the Church“, Liahona, Nov. 2018, 87–89). ჩვენი ხელმძღვანელები მასზე მიგვითითებენ და გვახსენებენ კიდეც, რომ „არ არსებობს ამორფული არსება სახელწოდებით „გამოსყიდვა“, რომელსაც შეიძლება შევღაღადოთ დახმარებისთვის, განკურნებისთვის, პატიებისთვის ან ძალისთვის. Jesus Christ is the source” (Russell M. Nelson, “Drawing the Power of Jesus Christ into Our Lives,” Liahona, May 2017, 40).

  25. „აღთქმის გზა მთლიანად უკავშირდება ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან“, ეს არის „სიყვარულის გზა, … თანაგრძნობით სავსე მზრუნველობისა და ერთმანეთთან ურთიერთობის“ (Russell M. Nelson, “The Everlasting Covenant,” Liahona, Oct. 2022, 11).

    See David A. Bednar, “The Blessed and Happy State” (address given at the seminar for new mission leaders, June 24, 2022); Scott Taylor, “Elder Bednar Shares 7 Lessons on ‘the Blessed and Happy State’ of Obedience,” Church News, June 27, 2022, thechurchnews.com.

    „წმინდა აღთქმებში დადება და მღვდლობის წეს-ჩვეულებების ღირსეულად მიღება გვაკავშირებს და ერთ უღელში გვაყენებს უფალ იესო ქრისტესთან და მამაზეციერთან. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ჩვენ ვენდობით მაცხოვარს, როგორც ჩვენს შუამდგომსა და ქომაგს და ვეყრდნობით მის ღვაწლს, წყალობასა და მადლს ცხოვრებისეული მოგზაურობისას. …

    აღთქმის ვალდებულებების მიხედვით ცხოვრება და მათ მიმართ სიყვარული ქმნის უფალთან ღრმა, პირად კავშირს და სულიერად ძალიან ძლიერია. … და მაშინ იესო ხდება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე წმინდა წერილის ისტორიების ცენტრალური პერსონაჟი; მისი მაგალითი და სწავლება გავლენას ახდენენ ჩვენს ყველა სურვილზე, ფიქრსა და მოქმედებაზე“ (დევიდ ა. ბედნარი, „But We Heeded Them Not“, Liahona, May 2022, 15).

    იხ. დ. ტოდ კრისტოფერსონი,Our Relationship with God,” Liahona, May 2022, 78–80.

  26. „მისი წეს-ჩვეულებებისა და მღვდლობის უფლებამოსილების გარეშე ღვთისმოსაობის ძალა არ გამოვლინდება ხორცში მყოფი ადამიანისთვის;

    ვინაიდან, ამის გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერ იხილავს ღვთის სახეს, თვით მამას და ვერ იცოცხლებს“ (მოძღვრება და აღთქმები 84:21–22).

  27. Patricia Holland, “A Future Filled with Hope” (worldwide devotional for young adults, Jan. 8, 2023), Gospel Library:

    „არ უნდა დასდევდეთ [იმის იმედით, რომ ის დაგეხმარებათ]; თქვენ ის არ გაქვთ და არ შეგიძლიათ მისი შექმნა. ისევე როგორც ბევრი რამ მადლის სფეროში - თქვენ მას ვერ მიიღებთ საკუთარ ან სხვა ადამიანის ძალაზე დაყრდნობით. არ არსებოს საიდუმლო ფორმულები ან ჯადოსნური მანტრები. …

    „ფაქტობრივად ჩვენი როლი მნიშვნელოვანია მაგრამ ძალიან მწირი; ღმერთს ამ დავალების ლომის წილი უკავია. ჩვენი საქმეა მასთან თავმდაბლობითა და უბრალოებით მისვლა, შემდეგ შეგვიძლია აღარ ვიდარდოთ და არაფრის არ გვესინოდეს“.

  28. მოსია 5:13; იხ. ასევე იოანე 17:3.

  29. პრეზიდენტმა ნელსონმა არაერთხელ მოგვიწოდა: „გააფართოვეთ სიყვარულის წრე, რათა მოიცვათ კაცობრიობის მთელი ოჯახი“ („Blessed Are the Peacemakers”, Liahona, Nov. 2002, 41). 2022 წლის მაისში მან უთხრა ახალგაზრდა ზრდასრულებს, რომ „იარლიყების მიწებებას განკითხვამე და მტრობამდე მივყავართ. „ნებისმიერი შეურაცხყოფა ან ცრურწმენა ან სხვის მიმართ ეროვნების, რასის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, განათლების ხარისხის, კულტურის ან სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენბებლების გამო შეურაცხმყოფელია ჩვენი შემქმნელისთვის“! ((“Choices for Eternity” [worldwide devotional for young adults, May 15, 2022], Gospel Library). და მნიშვნელოვანია, რომ მან თქვა: „მე ვწუხვარ, რომ ჩვენს შავკანიან დებსა და ძმებს მთელ მსოფლიოში უწევთ რასიზმისა და ცრურწმენის დისკრიმინაციის ატანა. დღეს მე მოვუწოდებ ჩვენს წევრებს ყველგან, წინ გაუძღვნენ ცრურწმენის განწყობებისა და მოქმედებების უგულებელყოფის საქმეში. გევედრებით, მხარი დაუჭირეთ ღვთის ყოველი შვილის მიმართ პატივისცემის გამოხატვას ((“Let God Prevail,” Liahona, Nov. 2020, 94).

    ცრურწმენა არ შეესაბამება ღვთის გამოცხადებულ სიტყვას. ღმერთის კეთილგანწყობა ან უკმაყოფილება დამოკიდებულია თქვენს ღვთისადმი და მის მცნებებისადმი ერთგულებაზე და არა თქვენი კანის ფერზე. …

    „… ეს მოიცავს რასის, ეთნიკურობის, ეროვნების, ტომის, სქესის, ასაკის, ინვალიდობის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, რელიგიური რწმენის ან ურწმუნოების და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე ცრურწმენას“ (ზოგადი მითიტებების სახელმძღვანელო, 38.6.14, სახარების ბიბბლიოთეკა).

  30. იხ. 1 ნეფი 11:25.

  31. ისრაელის მხსნელოl“, ჰიმნები, გვ.6

  32. იხ. რომანელთა 9:23.

ამობეჭდვა