გენერალური კონფერენცია
გსურს იყო ბედნიერი?
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


გსურს იყო ბედნიერი?

დარჩით აღთქმის გზაზე. თქვენი ცხოვრება გახდება უფრო ადვილი, ბედნიერი და სიხარულით აღვსილი.

გსურს იყო ბედნიერი? რა გაბედნიერებს? პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „თუ გინდა, უბედური იყო - დაარღვიე მცნებები და არ მოინანიო. თუ სიხარული გინდა - დარჩი აღთქმის გზაზე“.1 განა ადვილი არ არის, იყო ბედნიერი? უბრალოდ დადე აღთქმები და დაიცავი ისინი ცხოვრებაში. მოდით განვიხილოთ, რა დაგვეხმარება აღთქმის გზაზე დარჩენასა და გაბედნიერებაში.

1. რა არის აღთქმის გზა?

უხუცეს დეილ გ. რენლანდის თქმით: „ტერმინი აღთქმის გზა ნიშნავს აღთქმების სერიას, რომელსაც ქრისტემდე მივყავართ და გვაკავშირებს მასთან. ამ აღთქმის კავშირის მეშვეობით ჩვენ მის მარადიულ ძალაზე მიგვიწვდება ხელი. ეს გზა იწყება რწმენით იესო ქრისტეში და მონანიებით, რომელსაც მოჰყვება ნათლობა და სულიწმინდის ძღვენის მიღება“.2 ჩვენ ამ აღთქმებს განვაახლებთ ყოველ ჯერზე, როცა ზიარებას ვიღებთ.

ვიწყებთ ნათლობის აღთქმიდან, შემდეგ ცხოვრების მანძილზე მეტ აღთქმას ვდებთ. და ისევ, როგორც უხუცესმა რენლანდმა თქვა: „აღთქმის გზას მივყავართ სატაძრო წეს-ჩვეულებებისკენ, როგორიცაა სატაძრო შემოსვა. შემოსვა არის წმინდა აღთქმების ღვთის ძღვენი, რომელიც უფრო სრულად გვაკავშირებს მასთან“.3

2. დგახართ აღთქმის გზაზე?

ზოგჯერ აღთქმებს ვდებთ, მაგრამ ვერ ვიცავთ მათ. და როცა ასე ხდება, როგორ შეგიძლიათ დაბრუნდეთ აღთქმის გზაზე? მოდით, აღთქმის გზაზე დაბრუნების რამდენიმე მაგალითს გაგიზიარებთ.

ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ მისიიდან დაბრუნებული მისიონერი შემეხმიანა. ის ჩვენთან ერთად მსახურობდა მისიაში. მან თქვა: „ბოლო დროს გამიჭირდა. შფოთვასთან და დეპრესიასთან ყოველდღიური ბრძოლა მამძიმებს. ეს ძალიან რთულია. თავს მარტოდ და უბედურად ვგრძნობ. მე ვლოცულობდი მამაზეციერის მითითებებისთვის სიმშვიდისა და ნუგეშის მისაღებად, რათა სირთულეებს გავუმკლავდე. … როცა მითითებების მოლოდინში ვლოცულობდი, სულიწმინდისგან ბიძგი ვიგრძენი. ის მკარნახობდა, რომ სრული მეათედი უნდა გადამეხადა. მე იმდენად ძლიერად ვიგრძენი სულიწმინდა, რომ მაშინვე გამიჩნდა ნაკარნახევის შესრულების სურვილი. სურვილთან ერთად ვიგრძენი შეგულიანება: „თუ მეათედს გადაიხდი, ყველაფერი კარგად იქნება“. მე ჯერ კიდევ მიჭირს სიმშვიდის პოვნა, მაგრამ მაქვს დამოწმება მხსნელის შესახებ, რომ მორჩილებით შემიძლია ვიგრძნო და მოვიპოვო სიმშვიდე, რომელსაც ასე ვეძებ ჩემი გულისა და გონებისთვის. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი ეკლესიაში და მეძია სულიწმინდა ყველაფერში, რასაც ვაკეთებდი“.

ახლა ეს ახალგაზრდა კარგად არის. თქვენც შეგიძლიათ, სთხოვოთ მამაზეციერს სიმშვიდე, მაგრამ პასუხი შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რასაც თქვენ ელით. სანამ ცდილობთ შეიცნოთ მხსნელი და ილოცოთ მამაზეციერისადმი, ის თქვენზე მორგებულ პასუხს გაგცემთ.

პრეზიდენტი თომას ს. მონსონი გვასწავლიდა:

„ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც შეიძლება ვისწავლოთ ამ მიწიერ ცხოვრებაში, არის ის, რომ როცა ღმერთი გველაპარაკება და ჩვენ ვემორჩლებით - არასოდეს არ შევცდებით“.4

როცა მცნებებს ვიცავთ, ჩვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი, აზრიანი და ნაკლებად გართულებული ხდება. გამოწვევები და პრობლემები უფრო ადვილად გადასატანი ხდება და ჩვენ ვიღებთ ღვთის დაპირებულ დალოცვებს“.5

ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი, როცა ეპისკოპოსად მომიხმეს. ახალგაზრდა, 30 წელს გადაცილებული მამა ვიყავი. ფინანსური პრობლემები მქონდა ოჯახური გამოწვევების გამო. გამოსავალს ვერ ვპოულობდი და მეგონა, რომ გამოწვევები არასოდეს დასრულდებოდა. ფინანსურადაც და ემოციურადაც გამოფიტული ვიყავი. ჩემს სულიერ ძალაშიც შემომეპარა ეჭვი. და ამ რთულ პერიოდში პალოს პრეზიდენტმა მოწოდებაზე მომიხმო. მე მივიღე ეს მოწოდება, თუმცა ეს ადვილი არ იყო.

ჩემს მეუღლესაც ჰქონდა გასაუბრება პალოს პრეზიდენტთან, მაგრამ თხოვნაზე, მოწოდებაში ჩემთვის მხარი დაეჭირა მან დადებითი პასუხი ვერ გასცა.თუმცა არც უარი უთქვამს - უბრალოდ ცრემლებს ღვრიდა. ის მთელი კვირის განმავლობაში ტიროდა, ეკითხებოდა მამაზეციერს: „რატომ ახლა“? „შენ მართლაც ყველას სათითაოდ გვიცნობ“? მას პასუხი არ მიუღია, მაგრამ მე მომდევნო კვირას ეპისკოპოსის მოწოდებაზე მხარი დამიჭირეს. ის მამაზეციერს აღარ უსვამდა კითხვებს, მაგრამ ჩემს მოწოდებაში ექვსი წლის განმავლობაში მხარში მედგა.

იმ კვირას, როცა მე ამ მოწოდებიდან გამანთავისუფლეს, ჩემმა მეუღლემ ზიარების მიღებისას ხმა გაიგონა: ამ ხმამ ჩასჩურჩულა: „რადგან თქვენ ძალიან გიჭირდათ სიარული, მე ის ეპისკოპოსად მოვიხმე, რათა ხელში ამეყვანეთ და თქვენ ნაცვლად მევლო. როცა მან განვლილ ექვს წელს გადახედა მიხვდა, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც თითქოს უსასრულო იყო, ამ დროის განმავლობაში მოგვარდა.

ჩვენ გავიგეთ, რომ როცა ფიქრობ, რომ ეს არ არის მოწოდების მიღებისთვის შესაფერისი დრო, ეს შეიძლება ზუსტად ის დრო იყოს, როცა ეს მოწოდება ყველაზე მეტად გჭირდებათ. როცა უფალი გვთხოვს მოწოდებაში მსახურებას - არის ეს შედარებით მსუბუქი მოწოდება თუ მძიმე - ის ხედავს ჩვენს საჭიროებებს. იგი უზრუნველყოფს ჩვენთვის საჭირო ძალას და მას მზად აქვს ჩვენთვის კურთხევები, რომლებსაც გადმოღვრის ჩვენზედ, თუ ერთგულად ვიმსახურებთ.

არის მრავალი სხვა რამ, რაც აღთქმის გზაზე დარჩენაში ხელს გვივშლის. რაც არ უნდა იყოს ეს, არასოდეს არ არის გვიანი, დახმარებისთვის მამაზეციერისკენ მივმართოთ გული. უხუცესი პოლ ვ. ჯონსონი გვასწავლიდა: „როცა სატანას მივყვებით, ჩვენ მას ძალას ვაძლევთ. როცა ღმერთს მივყვებით - ის ძალას გვაძლევს“.6

მეფე ბენიამინი მორმონის წიგნიდან მოწმობს: „მე მსურს, რომ იფიქროთ მათ კურთხეულ და ბედნიერ მდგომარეობაზე, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს. რადგან, აჰა, ისინი კურთხეულნი არიან ყველაფერში – ხორციელშიც და სულიერშიც; და თუ ისინი დარჩებიან ერთგულნი ბოლომდე, მათ მიიღებენ ზეცაში, რათა ამგვარად იყვნენ ღმერთთან, მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში“.7

3. როგორ გვაბედნიერებს ღმერთთან დადებული აღთქმების დაცვა?

ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ჩვენმა ქორწინებამ ერთ უღელში შეგვაბა და ამიტომ მას ახლა იმის კეთება შეუძლია, რასაც ადრე ვერ აკეთებდა. მაგალითად, პატარაობიდან მას სიბნელეში გარეთ გასვლა უჭირდა, მაგრამ დაქორწინების შემდეგ ეს აღარ უჭირს, რადგან მე მივყვები. ის დაბალია და კიბის ან სკამის გარეშე ვერ სწვდება მაღალ თაროებს, მე კი შემიძლია ეს, რადგან მასზე მაღალი ვარ. ასეთია მხსნელის უღელში შებმა. როცა მასთან ერთად ვებმებით უღელში, შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც დამოუკიდებლად ვერ ვაკეთებდით, რადგან მას იმის კეთება შეუძლია, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ.

უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა თქვა: „აღთქმების დადება და მათი დაცვა გვერდიგვერდ გვაყენებს უღელში უფალ იესო ქრისტესთან. ფაქტობრივად, მხსნელი გვიხმობს, მივენდოთ მას და ვზიდოთ ტვირთი მასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საუკეთესო მცდელობები ვერ უტოლდება და ვერც შეედრება უფლის მცდელობას. როცა ჩვენ ვენდობით მას და მიწიერი მოგზაურობის დროს მასთან ერთად ვზიდავთ ჭაპანს, მისი უღელი მართლაც ადვილია და მისი ტვირთი – მსუბუქი.8

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა:

„მხსნელთან ერთად უღელში შებმა ნიშნავს, ხელი მიგიწვდებოდეს მის ძალასა და გამოსყიდვაზე“.9

ღმერთთან აღთქმის დადების ჯილდო არის ზეციური ძალა - ძალა, რომელიც გვეხმარება, უკეთ გავუძლოთ განსაცდელს, ცდუნებასა და გულისტკივილს. ეს ძალა გვიადვილებს გზას. მათ, ვინც ცხოვრობს იესო ქრისტეს უმაღლესი კანონებით, მის უმაღლეს ძალაზე აქვთ წვდომა“.10

აღთქმების დაცვა რეალურად აადვილებს ცხოვრებას! ყოველ ადამიანს, რომელიც ნათლობის ემბაზში და ტაძარში დებს აღთქმას და იცავს მას, აქვს უფრო მეტი წვდომა იესო ქრისტეს ძალაზე“.11

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, გსურთ, იყოთ ბედნიერნი? დარჩით აღთქმის გზაზე. თქვენი ცხოვრება გახდება უფრო ადვილი, ბედნიერი და სიხარულით აღვსილი. მხსნელი გვიწვევს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“.12 ის ცოცხალი ქრისტეა. ის ჩვენს ტვირთს ატარებს და ცხოვრებას გვიადვილებს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. Russell M. Nelson, in Sarah Jane Weaver, “In Orlando, President Nelson Shares 7 Truths That Have the Power to Change Lives,” Church News, June 9, 2019, thechurchnews.com.

  2. Dale G. Renlund, “Accessing God’s Power through Covenants,” Liahona, May 2023, 36.

  3. Dale G. Renlund, “Accessing God’s Power through Covenants,” 36.

  4. Thomas S. Monson, “Models to Follow,” Liahona, Nov. 2002, 61

  5. Thomas S. Monson, “Keep the Commandments,” Liahona, Nov. 2015, 83.

  6. Paul V. Johnson, “Be Perfected in Him,” Liahona, Nov. 2022,

  7. მოსია 2:41.

  8. David A. Bednar, “Bear Up Their Burdens with Ease,” Liahona, May 2014, 88.

  9. Russell M. Nelson, “Overcome the World and Find Rest,” Liahona, Nov. 2022, 97.

  10. Russell M. Nelson, “Overcome the World and Find Rest,” 96.

  11. Russell M. Nelson, “Overcome the World and Find Rest,” 96.

  12. მათე 11:28.

ამობეჭდვა