გენერალური კონფერენცია
ლოცვა-დიდება ადამიანს
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ლოცვა-დიდება ადამიანს

რაოდენ უხვად ვართ დალოცვილნი, რომ ვიცით ის, რაც ვიცით, რადგან გვყავს ჯოზეფ სმითი, ამ ბოლო ჟამთა წყობის წინასწარმეტყველი.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩემთვის პატივია, ვიყო თქვენთან ამ დილით. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ უფალმა დამლოცოს.

მე ის თვალები აღარ მაქვს, ადრე რომ მქონდა. თვალის ექიმთან ვიყავი და ვუთხარი: „ტელეპრომპტერს ვერ ვხედავ“.

მან კი მიპასუხა: „თვალები დაგიბერდათ. ამას აღარაფერი ეშველება“.

ამიტომ, ძალიან ვეცდები.

მსურს გაგიზიაროთ რამდენიმე რამ, რაზეც ბოლო ხანებში ვფიქრობდი. წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი რამდენიმე თვეა არ ამომდის გონებიდან. მე ვიჯექი და ვფიქრობდი მის დიდებულ პასუხისმგებლობაზე - გამხდარიყო ამ ჟამთა სისრულის წყობის წინასწარმეტყველი.

ვფიქრობ იმაზე, რაოდენ მადლიერნი ვართ ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, რომ ჯოზეფ სმითს - ბიჭს, რომელმაც მოისურვა გაეგო, რა უნდა გაეკეთებინა ცოდვების მისატევებლად, ეყო გამბედაობა, სახლის მახლობლად, პალმირაში, ნიუ-იორკში, ტყეში წასულიყო, იქ ლოცვაში მუხლი მოეყარა და მისივე თქმით, პირველად ცხოვრებაში ხმამაღლა ელოცა (იხ. ჯოზეფ სმით - ისტორია 1:14).

იმ დროს ჯოზეფისთვის, რომელიც ე.წ. წმინდა ტყეში დაჩოქილი იდგა, ზეცა გაიხსნა. მას გამოეცხადა ორი პიროვნება - შუადღის მზეზე უფრო კაშკაშა. ერთ-ერთმა მათგანმა მას მიმართა: „[ჯოზეფ], ეს არის ჩემი საყვარელი ძე. მოუსმინე მას!” (ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:17). ასე დაიწყო იესო ქრისტეს მარადიული სახარების სისრულის აღდგენა.

ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის, იესოს, წყალობით, რომელიც დაელაპარაკა ბიჭს, ჯოზეფს, და ამ ჟამთა სისრულის კარი შემოაღო, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, ჩვენ ვმღერით: „ლოცვა-დიდება ადამიანს, რომელიც იეჰოვას ესაუბრებოდა“! („ლოცვა-დიდება ადამიანს“, ჰიმნები, no. 50). ჩვენ მადლობას ვუხდით უფალს ჯოზეფ სმითისთვის და მისი გამბედაობისთვის, რომ 1820 წ. წავიდა მის სახლთან ახლოს მდებარე ტყეში, პალმირაში, ნიუ-იორკში.

მე ვფიქრობდი იმ ყოველივე საოცარზე, რაც ვიცით და რაც გვაქვს. ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, დღეს მე ვმოწმობ იმაზედ, რაოდენ უხვად ვართ დალოცვილნი, რომ ვიცით ის, რაც ვიცით, რადგან გვყავს ჯოზეფ სმითი, ამ ბოლო ჟამთა წყობის წინასწარმეტყველი.

ჩვენ გვესმის ცხოვრების მიზანი, ვინ ვართ ჩვენ.

ჩვენ ვიცით, ვინ არის ღმერთი; ვიცით, ვინ არის მხსნელი, რადგან ჯოზეფი გვყავს, რომელიც მოზარდის ასაკში ტყეში წავიდა, რადგან ცოდვების მიტევებას ეძიებდა.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და შესანიშნავი რამ, რისი ცოდნაც შესაძლებელია ამყვეყნად - რომ მამაზეციერი და უფალი იესო ქრისტე გამოეცხადნენ ჯოზეფს ამ უკანასკნელ დღეებში, რომ იგი აამაღლეს და რომ მან საბოლოო ჯამში აღადგინა იესო ქრისტეს მარადიული სახარების სისრულე.

ჩვენ მორმონის წიგნი გვაქვს. რა საოცარი და შესანიშნავი ძღვენია მორმონის წიგნი ეკლესიის წევრებისთვის. ეს არის კიდევ ერთი მოწმე, კიდევ ერთი დამოწმება იმისა, რომ იესო არის ქრისტე. ჩვენ ის გვაქვს, რადგან ჯოზეფი ღირსი იყო, მიეღო ფირფიტები, მან ზეციური შთაგონებითა და ღვთის ნიჭითა და ძალით გადათარგმნა ისინი და სამყაროს წიგნი აჩუქა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დღევანდელი გზავნილი უბრალოა, ის არის ღრმა და წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისადმი და ყველასადმი სიყვარულით აღვსილი, ვინც მას მხარი დაუჭირა და უჭერდა კიდეც ახალგაზრდობაში, ჩემო დებო და ძმებო.

ამ დილით მსურს, პატივი მივაგო მის დედას. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რა მშვენიერი იყო, როცა ჯოზეფი წმინდა ტყიდან სახლში დაბრუნდა და დედას უთხრა, რაც მოხდა, ლუსი მაკ სმითმა დაუჯერა მას.

მე მადლობელი ვარ მისი მამის, ძმებისა და დებისა და მისი ოჯახისთვის, რომლებიც მხარში დაუდგნენ მას ამ უზარმაზარ პასუხისმგებლობაში, რომელიც უფალმა დააკისრა მას, რათა გამხდარიყო წინასწარმეტყველი და კვლავ აღედგინა იესო ქრისტეს მარადიული სახარების სისრულე დედამიწაზე.

ასე რომ ჩემი დამოწმება ამ დილით არის ის, რომ მე ვიცი: იესო ქრისტე არის ამასოფლის მხსნელი და გამომსყიდველი. მე ასევე ვიცი, რომ ჩვენი ზეციერი მამა და უფალი იესო ქრისტე გამოეცხადნენ ჯოზეფს და ესაუბრნენ მას და მოამზადეს იგი, წინასწარმეტყველი გამხდარიყო.

გაოცებული ვარ და დარწმუნებული, რომ მრავალმა თქვენგანმაც იცის, რაოდენ დალოცვილნი ვართ რომ ვიცით ის, რაც ვიცით ჩვენი ცხოვრების მიზნის შესახებ, რატომ ვართ აქ, რის გაკეთებას და მიღწევას უნდა ვცდილობდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველდღე ვცდილობთ, ვიყოთ ოდნავ მაინც უკეთესი, კეთილი, მეტად მომზადებული ადამიანები იმ დღისთვის, რომელიც აუცილებლად დადგება, როდესაც ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ზეციერი მამისა და უფალი იესო ქრისტეს გარემოცვაში.

მე ეს დღე უფრო მომიახლოვდა. მალე 95 წლის გავხდები. შვილები მეუბნებიან, რომ მათი აზრით, ხანდახან ჩემს ასაკზე ბევრად უფროსი ვარ, მაგრამ არაუშავს. მე ძალიან ვცდილობ.

თითქმის 50 წლის განმავლობაში, ძმებო და დებო, მე მქონდა პრივილეგია, ეკლესიის მთავარი ხელმძღვანელის როლში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მემოგზაურა დავალებების შესასრულებლად. ეს შესანიშნავი დალოცვაა. მგონი მსოფლიოს ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით შევხვდი წევრებს.

როგორ მიყვარხართ! რა დიდებული გამოცდილება იყო ეს - გიყუროთ სახეში, ვიყო თქვენს გარემოცვაში და ვგრძნობდე თქვენს სიყვარულს უფლის მიმართ და იესო ქრისტეს აღდგენილი სახარებისთვის.

დაე, გვფარავდეს მამაზეციერი და დალოცოს ეს კონფერენცია. დაე, უფლის სული სუფევდეს ჩვენს გულებში და იესო ქრისტეს, ჩვენი საყვარელი მხსნელის, უფალი იესო ქრისტეს სახარების სიყვარული - მატულობდეს ჩვენში, როცა ვცდილობთ ვემსახუროთ მას და დავიცვათ მისი მცნებები და უფრო დავემსგავსოთ მას, რაც იქნება გენერალური კონფერენციის დასწრების შედეგი. ღმერთმა დაგლოცოთ, სადაც არ უნდა იყოთ. დაე, უფლის სული იყოს თქვენთან. დაე, ვიგრძნოთ ზეცის ძალა, კონფერენციის ამ სესიაზე ერთობლივი ღვთისმსახურებისას.

მე გიტოვებთ ჩემს დამოწმებას და ვამბობ, რომ მე ვიცი: იესო არის ქრისტე. იგი ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველია. იგი ჩვენი საუკეთესო მეგობარია. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა