გენერალური კონფერენცია
იესო ქრისტე საგანძურია
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


იესო ქრისტე საგანძურია

იყავით ფოკუსირებულნი ქრისტეზე იგი არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, ის „მიზანი“, რომელსაც უნდა ვუყუროთ და ჩვენი ყველაზე დიდი საგანძური.

1907 წელს მდიდარი ინგლისელი, კარნარვონის მეხუთე გრაფი1 სახელად ჯორჯ ჰერბერტი, საცხოვრებლად ეგვიპტეში გადავიდა და არქეოლოგიით დაინტერესდა. მან ცნობილ ეგვიპტოლოგს ჰოვარდ კარტერს მიმართა და პარტნიორობა შესთავაზა. კარტერი არქეოლოგიურ გათხრებს ჩაუდგებოდა სათავეში, კარნარვონი კი დაფინანსებას უზრუნველყოფდა.

ერთობლივად მათ წარმატებით შეისწავლეს სხვადასხვა ადგილები. შემდეგ მათ მიიღეს ნებართვა გათხრებზე მეფეთა ველში, რომელიც თანამედროვე ლუქსორის მახლობლად მდებარეობს, სადაც მრავალი ფარაონის სამარხი იყო ნაპოვნი. მათ გადაწყვიტეს მეფე ტუტანხამონის საფლავის ძებნა. ტუტანხამონი ავიდა ეგვიპტის ტახტზე სამი ათას წელზე მეტი ხნის წინ და ათი წლის განმავლობაში მეფობდა, სანამ მოულოდნელად არ გარდაიცვალა.2 ცნობილი იყო, რომ ის მეფეთა ველზე3 დაკრძალეს, მაგრამ მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობი იყო.

კარტერი და კარნარვონი ხუთი წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ ტუტანხამონის სამარხს. საბოლოოდ კარნარვონმა აცნობა კარტერს, რომ უნაყოფო ძებნა დასრულდა. კარტერი ევედრებოდა, კიდევ ერთი სეზონით გაეგრძელებინათ გათხრები, კარნარვონი დათანხმდა და დაფინანსება გააგრელა.

კარტერი მიხვდა, რომ მეფეთა ველის მთელი ტერიტორია მეთოდურად იყო გათხრილი - გარდა მათი საბაზო ბანაკის ადგილისა. იქ გათხრებიდან რამდენიმე დღეში მათ სამარხამდე მიმავალი პირველი საფეხურები იპოვეს.4

როცა კარტერმა ტუტანხამონის საფლავის წინაოთახში შეიხედა, მან ყველგან ოქრო დაინახა. წინაოთახის შიგთავსის თითქმის სამი თვის განმავლობაში აღწერის შემდეგ, მათ 1923 წლის თებერვალში — 100 წლის წინ, დალუქული სამარხი გახსნეს. ეს მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური აღმოჩენა იყო.

იმ უშედეგო ძიების წლების განმავლობაში, კარტერი და კარნარვონი ვერ ხედავდნენ იმას, რაც ფაქტობრივად მათ ფეხქვეშ იყო. წინასწარმეტყველი იაკობი მორმონის წიგნიდან ამბობს, რომ როცა რამეს აღვიქვამთ როგორც ბუნებრივად არსებულს ან სათანადოდ არ ვაფასებთ იმას, რაც ხელთ გვაქვს, ეს „მიზნის მიღმა“ ყურებაა. იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმის ხალხი ვერ ამოიცნობდა აღთქმულ მესიას, როცა ის მოვიდოდა. იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდნენ ადამიანები, „[რომლებსაც] სძულდათ ნათელი სიტყვები … და ეძებდნენ იმას, რაც არ ესმოდათ. ამიტომ, მათი სიბრმავის გამო, იმ სიბრმავის, რომელიც [გაჩნდებოდა], რადგან ისინი იყურებოდნენ მიზნის მიღმა, უნდა დაეცნენ“.5 ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი წაბორძიკდებოდნენ.

იაკობის წინასწარმეტყველება ზუსტი აღმოჩნდა. იესოს მიწიერი მსახურების დროს მრავალი ადამიანი „მიზნის მიღმა“ იყურებოდა, უფლის მიღმა. ისინი სამყაროს მხსნელის მიღმა იყურებოდნენ. იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინათ მისი როლი მამაზეციერის გეგმის შესრულებაში, მათ დაგმეს და ჯვარს აცვეს იგი. ისინი ეძებდნენ და ელოდებოდნენ ვინმე სხვას, ვინც მათ ხსნას მოუტანდა.

შესაძლოა ჩვენც, იერუსალიმის ხალხის, აგერთვე კარტერისა და კარნარვონის მსგავსად, გვახასიათებს მიზნის მიღმა ყურება. ჩვენ უნდა მოვსპოთ ეს ტენდენცია, რათა იესო ქრისტე არ დაგვრჩეს ამოუცნობი ამ ცხოვრებაში და რომ არ გამოგვრჩეს იმ მრავალი კურთხევის აღიარება, რომელსაც ის გვთავაზობს. ჩვენ ის გვჭირდება. ჩვენ გვირჩევენ, გამოვიჩინოთ „სრული ნდობა მისი მადლისადმი, რომელსაც აქვს ხსნის ძალა“.6

იგი ჩვენი მიზანია. თუ ჩვენ არასწორად წარმოვიდგენთ, რომ საჭიროა რაღაც იმის მიღმა, რასაც ის გვთავაზობს - ჩვენ უარვყოფთ ან ვამცირებთ მის მასშტაბსა და ძალას ჩვენს ცხოვრებაში. მან მოითხოვა მოწყალების უფლება და განავრცობს ამ წყალობას ჩვენზე.7 ის არის საბოლოო „[წყარო, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ჩვენი] ცოდვების მისატევებლად“.8 იგი არის ჩვენი ქომაგი მამასთან და იცავს იმას, რაც მამას ყოველთვის სურდა, რომ დავუბრუნდეთ მას, როგორც მისი სასუფევლის მემკვიდრეები. ალმას სიტყვები რომ მოვიშველიოთ საჭიროა, რომ „ [შევხედოთ და ვიწამოთ] ძე ღვთისა, რომ ის მოვა საკუთარი ხალხის გამოსასყიდად, რომ დაიტანჯება და მოკვდება, რათა გამოისყიდოს [ჩვენი] ცოდვები; და რომ კვლავ აღდგება მკვდრეთით, რაც მოიტანს აღდგომას“.9 იესო ქრისტე ჩვენი საგანძურია.

მხსნელმა მოგვცა მრავალი გზა, მათ შორის ყოველდღიური მონანიების საშუალება, რათა განზრახ მოვახდინოთ მასზე ფოკუსირება. ზოგჯერ ჩვენ არასაკმარისად ვაფასებთ ამ შეთავაზებულ დიად კურთხევას. მე რვა წლის ვიყავი, მამამ რომ მომნათლა. ნათლობის შემდეგ გამოვედით და გზა უნდა გადაგვეკვეთა, სადაც უამრავი მანქანა მოძრაობდა. ის იყო რომ უყურადღებოდ ტროტუარიდან გზაზე გადმოვედი, რომ დიდი სატვირთო მანქანა გამოჩნდა. მამამ ქეჩოში წამავლო ხელი და ისევ ტროტუარზე ამომიყვანა. ასე რომ არ მოქცეულიყო, ის სატვირთო მანქანა გამიტანდა. ვიცოდი რა მავნეც ვიყავი, გავიფიქრე: „იქნებ ჯობდა, მანქანას გავეტანე რადგან ასეთი სუფთა, როგორიც ახლა, ნათლობის შემდეგ ვარ, აღარ ვიქნები“.

რვა წლის ასაკში შეცდომით ვფიქრობდი, რომ ნათლობის წყალმა ჩემი ცოდვები ჩამორეცხა. სულაც არა. წლები გავიდა ჩემი ნათლობის შემდეგ და შევიტყვე, რომ ცოდვები იესო ქრისტეს ძალით, მისი გამოსყიდვის მეშვეობით ჩამოგვერეცხება, ნათლობის აღთქმის დადებითა და დაცვით.10 შემდეგ, მონანიების ძღვენის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, სუფტანი დავრჩეთ. მე ასევე შევიტყვე, რომ ზიარებას ძლიერი სიკეთის წრე შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში, რაც ცოდვების მიტევების შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს.11

ისევე როგორც საგანძური კარტერისა და კარნარვონის ფეხქვეშ, ზიარების ძვირფასი კურთხევებიც ხელმისაწვდომია ჩვენთვის ზიარების ყოველ შეკრებაზე. ჩვენ გვპირდებიან, რომ სულიწმინდა ჩვენი მუდმივი თანამგზავრი იქნება, თუ მივუდგებით ზიარებას ისე, როგორც ახალმოქცეული უახლოვდება ნათლობასა და წევრად დამტკიცებას - მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით და გადაწყვეტილებით, იცხოვროს ნათლობის აღთქმის შესაბამისად. სულიწმინდა გვაკურთხებს თავისი განმწმენდი ძალით, რათა კვირიდან კვირამდე შევინარჩუნოთ ცოდვების მიტევება.12

ჩვენი სულიერი საძირკველი ძლიერდება მონანიებით, ზიარებისთვის გააზრებულად მომზადებითა და ღირსეულად მიღებით. მხოლოდ მტკიცე სულიერი საფუძვლით შეგვიძლია გავუმკლავდეთ მეტაფორულ წვიმას, ქარს და წყალდიდობას, რომელიც შემოვა ჩვენს ცხოვრებაში.13 და პირიქით, ჩვენი სულიერი საფუძველი სუსტდება, როდესაც ნებაყოფლობით გამოვტოვებთ ზიარების შეკრებას ან ზიარების დროს არ ვახდენთ ფოკუსირებას მაცხოვარზე. შესაძლოა ჩვენ უნებლიედ „[განუდგებით უფლის სულს] და მისი ადგილი არ იქნება [ჩვენში], რათა გაგ[ვიძღეს] სიბრძნის ბილიკებზე, რათა [ვ]იყოთ კურთხეულნი, აყვავებულნი და გადარჩენილნი“.14

სულიწმინდის თანხლებით ჩვენ მივიღებთ შთაგონებასა და ხელმძღვანელობას, დავდოთ და დავიცვათ სხვა აღთქმები, მაგალითად რომლებსაც ტაძარში ვდებთ. ასე ღრმავდება ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან.15 ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბოლო წლებში მრავალი ახალი ტაძრის მშენებლობა გამოცხადდა და ახლა ტაძრები ისე როგორც არასდროს ახლოსაა წევრებთან.16 თუმცა პარადოქსია: რაც უფრო მისაწვდომი ხდება ტაძარი, მით უფრო ადვილი ხდება ჩვენთვის მისი დასწრების საზეიმო განწყობის დაკარგვა. როცა ტაძარი შორს არის, ჩვენ მოგზაურობის გეგმებს ვაწყობთ დროისა და ფინანსების გათვალისწინებით. ჩვენ პრიორიტეტულს ვხდით ასეთ მოგზაურობებს.

როცა ტაძარი ძალიან ახლოს არის, ისე ადვილია, ნებისმიერმა უმნიშვნელო საქმემ ხელი შეგვიშალოს და ვუთხრათ საკუთარ თავს: „არა უშავს, სხვა დროს წავალ“. ტაძართან ახლოს ცხოვრება მეტ მოქნილობას გვაძლევს ტაძარში დროის დაგეგმვისას, მაგრამ სწორედ ამ მოქნილობას შეუძლია, შეცვალოს ჩვენ მიერ ტაძრის აღქმა და მივიღოთ იგი, როგორც თავისთავად არსებული რამ. როცა ასე ხდება, ჩვენ „მიზნის მიღმა“ ვიყურებით და სათანადოდ არ ვაფასებთ უფლის წმინდა სახლში მხსნელთან დაახლოების საშუალებას. ჩვენი დასწრების ვალდებულება უნდა იყოს ისეთივე ძლიერი ტაძრის სიახლოვეში, როგორიც ის არის იმ შემთხვევაში, როცა ტაძარი შორს მდებარეობს.

მას შემდეგ, რაც კარტერმა და კარნარვონმა ტუტანხამონის სამარხის ძებნისას მეფეთა ველის სხვა ნაწილში დაიწყეს გათხრები მათ გააცნობიერეს დაშვებული შეცდომა. სულაც არ არის საჭირო, რომ ჩვენც მათ მსგავსად უშედეგოდ ვეძებდეთ საგანძურს. არც ეგზოტიკური წყაროებიდან რჩევის მოძიება გვჭირდება იმის იმედით, რომ ეს ახალი წყაროა და რომ მისი რჩევა უფრო ღირებული იქნება, ვიდრე თავმდაბალი ღვთის წინასწარმეტყველის რჩევა.

როგორც ძველი აღთქმიდან ვიცით, როცა ნაამანს კეთრისგან განკურნება სურდა იგი აღშფოთდა, რომ მას ჩვეულებრივ მდინარეში შვიდჯერ ჩასვლა სთხოვეს. მაგრამ ის დაარწმუნეს, ელისესთვის დაეჯერებინა და არა საკუთარი წარმოდგენისთვის იმაზედ, თუ როგორ უნდა ხდებოდეს სასწაული. ხოდა ისიც განიკურნა.17 როცა ჩვენ დღეს ღვთის ცოცხალ წინასწარმეტყველს ვუჯერებთ და მისი რჩევით ვმოქმედებთ, ჩვენ ბედნიერებას ვპოვებთ და განვიკურნებით. განა ამაზე მეტი გვსურს?

დებო და ძმებო, მოგიწოდებთ, გახსოვდეთ იესო ქრისტე და ყოველთვის იყოთ მასზე ფოკუსირებულნი. იგი ჩვენი გამომსყიდველი და მხსნელია, „მიზანი“, რომელზედაც ვიღებთ სწორებას და ჩვენი უდიდესი საგანძური. როდესაც მასთან მიხვალთ, თქვენ დაჯილდოვდებით ძალით, გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, გამბედაობით - გააკეთოთ ის, რაც სწორია და თქვენი მისიის შესრულების უნარით ამ მიწიერ ცხოვრებაში. დააფასეთ მონანიების შესაძლებლობა, ზიარების მიღების პრივილეგია, სატაძრო აღთქმების დადებისა და დაცვის დალოცვა, ტაძარში მსახურების სიამოვნება და ცოცხალი წინასწარმეტყველის ყოლის სიხარული.

მე საზეიმოდ და დარწმუნებით ვმოწმობ, რომ ღმერთი, ჩვენი მარადიული მამა, არის ჩვენი ზეციური მამა და რომ ის ცოცხალია; იესო არის ქრისტე; ის არის ჩვენი კეთილი, ბრძენი მეგობარი,18 და ეს არის მისი აღდგენილი ეკლესია. მადლობას გიხდით თქვენი რწმენისა და ერთგულებისთვის. მე ვლოცულობ, რომ იყოთ დალოცვილნი, აყვავდეთ და უსაფრთხოდ იყოთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. მეხუთ გრაფი კარნარვონის სრული სახელია ჯორჯ ედვარდ სტანჰოუფ მულინეკს ჰერბერტ.

  2. 2005 წ ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მეფე ტუტანჰამონს სავარაუდოდ ერთ-ერთი ფეხის ძვლის რთული მოტეხილობა ჰქონდა, რამას ინფექცია და შემდგომ სიკვდილი გამოიწვია.

  3. ეგვიპტის ფარაონები მეტწილად დამარხულები არიან მეფეთა ველზე. ამ სამარხების უმეტესობა ჯერ ანიკურ დროში იქნა ნაპოვნი და გაძარცული.

  4. ტუტანხამონის საფლავის აღმოჩენის ეს ანგარიში ძირითადად ეფუძნება წყაროს ერიკ ჰ. კლაინს, „მეფე ტუტის საფლავი“, არქეოლოგია: მსოფლიოს უდიდესი ადგილები (2016), 60–66.

    არაერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი კარტერისა და კარნარვონის არჩევანს, თუ სად გაეთხარათ და სად არ გაეთხარათ მეფეთა ველი. საბაზო ბანაკის მიმდებარე ტერიტორია თავიდან არ იყო მიმზიდველი გათხრებისთვის. სამკუთხა ტერიტორია მნახველს რამზეს VI-ის სამარხთან წვდომას აძლევდა, ამიტომ გათხრები იქ განსაკუთრებით ხელისშემშლელი იქნებოდა. ეს ტერიტორია დაფარული იყო, კარტერის სიტყვებით, „მუშების უხეში ქოხებით, რომლებსაც სავარაუდოდ მუშები იყენებდნენ რამზესის სამარხში[,] … [და] სამი ფუტი მიწა, რომელიც მათ ქვეშ ეყარა“. ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ სამარხის შესასვლელის თავზე ქოხები აშენდებოდა (იხ. ჰოვარდ კარტერი და A. C. Mace, The Tomb of Tut-ankh-Amen: Discovered by the Late Earl of Carnarvon and Howard Carter, vol. 1 [1923], 124–28, 132).

    ტუტანხამონის სამარხის სხვა არმოჩენების შესახებ იხ. Zahi Hawass, Tutankhamun and the Golden Age of the Pharaohs (2005); Nicholas Reeves, The Complete Tutankhamun: The King, the Tomb, the Royal Treasure (1990), 80–83; and Nicholas Reeves and Richard H. Wilkinson, The Complete Valley of the Kings: Tombs and Treasures of Egypt’s Greatest Pharaohs (1996), 81–82.

  5. იაკობი 4:14..

  6. 2 ნეფი 31:19.

  7. იხ. მორონი 7:27-28.

  8. 2 ნეფი 25:26.

  9. ალმა 33:22.

  10. იხ. მოძღვრება და აღთქმები 76:52.

  11. იხ. David A. Bednar, “Teach to Build Faith in Jesus Christ” (address given at the seminar for new mission leaders, June 23, 2023); Rachel Sterzer Gibson, “Teach to Build Faith in Jesus Christ, Elder Bednar Instructs,” Church News, June 23, 2023, thechurchnews.com.

  12. თუმცა ზიარება არ იყო დაწესებული, როგორც ცოდვების მიტევების კონკრეტული საშუალება (იხ. James E. Talmage, The Articles of Faith, 12th ed. [1924], 175). ადამიანს არ შეუძლია შაბათს საღამოს განზრახ შესცოდოს და ელოდოს, რომ კვირას ერთი ლუკმა პურის ჭამითა და ერთი ჭიქა წყლის დალევით ის ჯადოსნურად განწმინდება. მაგრამ სულიწმინდის განმწმენდ ძალას შეუძლია განწმინდოს ყველა, ვინც გულწრფელად და მონდომებით მოინანიებს.

  13. იხ. 3 ნეფი 18:12-13.

  14. მოსია 2:36.

  15. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: „ღმერთს ყოველი ადამიანის მიმართ, რომელმაც ნათლობის წყლებში მასთან აღთქმა დადო, კონკრეული ტიპის სიყვარული აქვს. და ეს ღვთიური სიყვარული ღრმავდება, როგორც დამატებით აღთქმა, რომელიც იდება და რომელსაც ერთგულად იცავენ“ („Choices for Eternity“ [worldwide devotional for young adults, May 15, 2022], Gospel Library). აღთქმის გზაზე დადებული მრავალი აღთქმა არის არა მხოლოდ თანმიმდევრული, არამედ დამატებითი და სინერგიულიც კი. ეს აღთქმები გვეხმარება ღმერთთან უფრო ახლო და ძლიერი კავშირის დამყარებაში. ასეთი კავშირი ნებას გვრთავს, გარდავიქმნათ ისე, რომ მისი იერი მივიღოთ და ჩვენი გულები სამუდამოდ და ძლიერეად შეიცვალოს. (see ალმა 5:14).

  16. პრეზიდენტმა ნელსონმა აგვიხსნა, რომ უფალი „თავის ტაძრებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ის ტაძრების მშენებლობას აჩქარებს. იგი ზრდის ჩვენს შესაძლებლობას, დავეხმაროთ ისრაელის შეკრებაში. ის აასევე გვიადვილებს, უფრო მეტად განვიწმინდოთ სულიერად“ (“Focus on the Temple,” Liahona, Nov. 2022, 121).

  17. იხ. 4 მეფეთა 5:9-14.

  18. See “I Know That My Redeemer Lives,” Hymns, no. 136.

ამობეჭდვა