გენერალური კონფერენცია
მხსნელის მკურნალი ძალა ზღვის კუნძულებზე
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მხსნელის მკურნალი ძალა ზღვის კუნძულებზე

სატაძრო წეს-ჩვეულებების მეშვეობით მხსნელი კურნავს ცალკეულ პირებს, ოჯახებსა და ერებს.

60-იან წლებში მამაჩემი ჰავაიზე, ლაიეში, ეკლესიის კოლეჯში ასწავლიდა და მეც იქ დავიბადე. ჩემი შვიდი უფროსი და დაჟინებით სთხოვდა ჩემს მშობლებს, ჩემთვის „კიმო“, ჰავაიური სახელი დაერქვათ. ჩვენ ჰავაის ლაიეს ტაძრის მახლობლად ვცხოვრობდით, სადაც აზიის წყნარი ოკეანის რეგიონის ეკლესიის წევრების უმეტესობა დადიოდა, მათ შორის იაპონელები.1 იმ დროს იაპონელთა წმინდანთა ჯგუფებმა სატაძრო კურთხევების მისაღებად ჰავაიზე ჩასვლა დაიწყეს.

ერთ-ერთი მათგანი იყო და მშვენიერი ოკინავას კუნძულიდან. ჰავაის ტაძარში მისი მოგზაურობის ისტორია აღსანიშნავია. ოცი წლის წინ ის ბუდისტური ტრადიციული გარიგების წესით დაქორწინდა. სულ რამდენიმე თვის შემდეგ იაპონელები ჰავაიში პერლ ჰარბორს დაესხნენ თავს, რის გამოც შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის კონფლიქტი დაიწყო. მიდუეიში და ივო ჯიმაში გამართული ბრძოლების შედეგად იაპონიის ჯარი იძულებული გახდა, უკან დაეხია და მშობლიური კუნძულის, ოკინავას ნაპირებზე დაბრუნებულიყო, სადაც მოკავშირეთა ძალებისა და იაპონიის ძალებს შორის თავდაცვის ბოლო ხაზი გადიოდა.

1945 წ. სამი თვის განმავლობაში ოკინავას შემაძრწუნებელი ბრძოლა მძვინვარებდა. 1300 ამერიკული სამხედრო ხომალდისგან შემდგარმა ფლოტილიამ ალყა შემოარტყა და ბომბავდა კუნძულს. ამას უამრავი სამხედრო და სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. დღეს ოკინავაში მდებარე ძეგლზე ჩამოთვლილია ამ ბრძოლაში დაღუპული 240 000-ზე მეტი ცნობილი ადამიანის სახელი.2

თავდასხმისგან თავის დაღწევის სასოწარკვეთილი მცდელობისას ამ ოკინაველმა ქალმა, მისმა ქმარმა და ორმა პატარა შვილმა თავი მთის გამოქვაბულს შეაფარეს. მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში მათ ენით აუღწერელი უბედურება გადაიტანეს.

ერთ სასოწარკვეთილ ღამეს, შუა ბრძოლაში, როცა მისი ოჯახი უკვე შიმშილის ზღვარზე იყო, ქმარი კი - უგონო მდგომარეობაში, ის ფიქრობდა მათი ტანჯვის დასრულების შესახებ (ამისთვის მას ხელყუმბარა ჰქონდა, რომელიც ხელისუფლებამ მას და სხვებს ამ მიზნით დაურიგა). თუმცა, როდესაც იგი ამისთვის ემზადებოდა, მან ღრმა სულიერი გამოცდილება მიიღო, რის შედეგად მან ღმერთისა და მისი სიყვარულის რეალობა იგრძნო რამაც ცხოვრების გაგრძელების ძალა მისცა. მომდევნო დღეებში მან ქმარი უგონო მდგომარეობიდან გამოიყვანა, ოჯახი კი სარეველით, ველური სკიდან ამოღებული თაფლითა და მდინარის ნობათით დააპურა. აღსანიშნავია, რომ მათ გამოქვაბულში ექვსი თვე გაატარეს, სანამ ადგილობრივებმა არ შეატყობინეს, რომ ბრძოლა დასრულდა.

როდესაც ოჯახი სახლში დაბრუნდა და ცხოვრების აღდგენა დაიწყო, ამ იაპონელმა ქალმა ღმერთის შესახებ კითხვებზე პასუხების ძიება დაიწყო. თანდათანობით მას იესო ქრისტეს რწმენა და მონათვლის აუცილებლობის გრძნობა გაუჩნდა. თუმცა, ის წუხდა მისი საყვარელი ადამიანების გამო, რომლებიც იესო ქრისტესა და ნათლობის შესახებ ცოდნის გარეშე გარდაიცვალნენ, მათ შორის დედა, რომელიც მისი გაჩენისას მშობიარობის დროს დაიღუპა.

წარმოიდგინეთ მისი სიხარული, როდესაც ერთ დღეს მას უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ორი მისიონერი და ეწვია. მათ ასწავლეს, რომ ადამიანებს შეუძლიათ სულების სამყაროში შეიტყონ იესო ქრისტეს შესახებ. იგი მოხიბლული იყო ამ სწავლებით. მან გაიგო, რომ მის მშობლებს გარდაცვალების შემდეგაც ჰქონდათ შესაძლებლობა, აერჩიათ იესო ქრისტეს კვალზე სიარული და ნათლობის მიღება, რომელიც მათ ნაცვლად წმინდა ადგილებში, ე.წ. ტაძრებში ტარდებოდა. მისი მთელი ოჯახი რწმენაზე მოექცა და მოინათლა.

ოჯახი ბევრს მუშაობდა და აყვავდა, მათ კიდევ სამი შვილი შეეძინათ. ისინი ეკლესიის ერთგული, აქტიური წევრები იყვნენ. შემდეგ მოულოდნელად ქმარი ინსულტით გარდაიცვალა და მას წლების მანძილზე უწევდა რამდენიმე ადგილზე მუშაობა, რათა შვილები ერჩინა.

ზოგი ნათესავი და მეზობელი აკრიტიკებდა მას. ისინი მას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ეს პრობლემები მას ქრისტიანულ ეკლესიაში გაწევრიანების შემდეგ დაეწყო. დიდი ტრაგედიისა და მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მან იესო ქრისტეს რწმენა შეინარჩუნა, წინ მიისწრაფოდა, სწამდა რა, რომ ღმერთმა იცოდა მის შესახებ და რომ წინ უფრო ნათელი დღეები ელოდებოდა.3

ამ დის მეუღლის ნაადრევი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, იაპონიის მისიის პრეზიდენტმა შთაგონებით წაახალისა იაპონელი წევრები, ტაძარში წასვლაზე ეფიქრათ. მისიის პრეზიდენტი ოკინავას ბრძოლის ამერიკელი ვეტერანი იყო, ანუ იმ ბრძოლის, რომლის გამოც მან ოჯახთან ერთად ამდენი ტანჯვა გამოიარა.4 მიუხედავად ამისა, ამ თავმდაბალმა დამ თქვა: „ის მაშინ ჩვენი მტერი იყო, რომელიც გვძულდა, ახლა კი ის აქ სიყვარულისა და მშვიდობის სახარებით იმყოფებოდა. და ეს ჩემთვის სასწაული იყო“.5

მას შემდეგ, რაც ამ ქვრივმა დამ მისიის პრეზიდენტის გზავნილი მოისმინა, მან ოჯახთან ერთად ტაძარში ჩაბეჭდვა მოინდომა. თუმცა ეს მისთვის შეუძლებელი იყო ფინანსური და ენობრივი ბარიერის გამო.

შემდეგ რამდენიმე გამოსავალი მოიძებნა. ბილეთის ფასი განახევრდებოდა, თუ იაპონელი წევრები ჩარტერული რეისით სეზონის დამთავრების შემდეგ გაფრინდებოდნენ.6 წევრები იწერდნენ და ყიდიდნენ პლასტინკებს, სახელად იაპონელი წმინდანები მღერიან. ზოგმა წევრმა სახლიც კი გაყიდა. ზოგი სამსახურიდან წამოვიდა ამ მოგზაურობის გამო.7

კიდევ ერთი გამოწვევა იყო ის, რომ ტაძრის პრეზენტაცია იაპონურ ენაზე არ იყო. ეკლესიის ხელმძღვანელებმა მოუწოდეს იაპონელ ძმას, რომ ჰავაის ტაძარში ჩასულიყო და შემოსვის ცერემონიალი ეთარგმნა.8 ის ომის შემდეგ პირველი იაპონელი მოქცეული წევრი იყო, რომელსაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ასწავლეს და მონათლეს.9

როცა ჰავაიში მცხოვრებმა შემოსილმა იაპონელმა წევრებმა პირველად მოისმინეს თარგმანი, მათ იტირეს. ერთ-ერთმა წევრმა დაწერა: „ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვართ ნამყოფები ტაძარში. ჩვენ ცერემონიალები ინგლისურად გვქონდა მოსმენილი. მაგრამ არასოდეს არ გვიგრძვნია სატაძრო სამუშაოს სული იმდენად ძლიერად, როგორც მას ახლა ვგრძნობთ, როცა ჩვენს მშობლიურ ენაზე ვისმენთ მას“.10

იმავე წელს, მოგვიანებით, 161 ზრდასრული და ბავშვი ტოკიოდან ჰავაის ტაძრისკენ გაემგზავრა. ერთ-ერთი იაპონელი ძმა იხსენებდა ამ მოგზაურობას: „როცა თვითმფრინავიდან გადმოვიხედე და პერლ ჰარბორი დავინახე, მე გამახსენდა, რა გაუკეთა ჩემმა ქვეყანამ ამ ხალხს 1941 წლის 7 დეკემბერს და გულში შიში ვიგრძენი. მიგვიღებენ ამ მიწაზე? ჩემდა გასაკვირად, მათ ისეთი სიყვარული და სიკეთე გვიჩვენეს, რაც არასოდეს მინახავს ცხოვრებაში“.11

გამოსახულება
იაპონელ წმინდანებს ყვავილების გირლანდებით ხვდებოდნენ.

იაპონელი წმინდანების ჩასვლისთანავე, ჰავაიელი წევრები მათ ყვავილების გირლანდებით, კოცნითა და ჩახუტებით დახვდნენ, რაც იაპონური კულტურისთვის უცხო იყო. ჰავაიში გატარებული 10 გარდამტეხი დღის შემდეგ, იაპონელი წმინდანები დაემშვიდობნენ ჰავაიელ წმინდანებს მათ მიერ შესრულებული მელოდიის „Aloha Oe“-ს ჰანგებზე.12

იაპონელი წევრებისთვის ორგანიზებულ მეორე სატაძრო მოგზაურობაში ჩვენი ქვრივი ოკინაველი და მოხვდა. მან მისიონერების უხვი ძღვენის მადლით 10 000 მილი (16 000 კმ) გამოიარა. ეს მისიონერები მის მრევლში მსახურობდნენ და მისი ხშირი სტუმრები იყვნენ. ტაძარში მან სიხარულის ცრემლი დაღვარა, როცა დედის ნაცვლად მოინათლა და გარდაცვლილ მეუღლესთან ჩაიბეჭდა.

სატაძრო მოგზაურობა იაპონიიდან ჰავაიში რეგულარულად ტარდებოდა, სანამ 1980 წელს ტოკიოს იაპონიის ტაძარი არ აშენდა. ის მე-18 მოქმედი ტაძარი გახდა. ამ წლის ნოემბერში იაპონიაში, ოკინავაში, ჩატარდება 186-ე ტაძრის მიძღვნა. ის ცენტრალური ოკინავას გამოქვაბულთან ახლოს მდებარეობს, რომელსაც ის ქალბატონი და მისი ოჯახი აფარებდნენ თავს.13

მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს შევხვედრივარ ამ მშვენიერ დას ოკინავადან, მისი მემკვიდრეობა გრძელდება მის ერთგულ შთამომავლობაში. მრავალ მათგანს პირადად ვიცნობ და მიყვარს.14

მამაჩემი, წყნარ ოკეანეში II მსოფლიო ომის ვეტერანი, გახარებული იყო, როცა ახალგაზრდა მისიონერად იაპონიაში მომიხმეს. იაპონიაში ტოკიოს ტაძრის მიძღვნის შემდეგ მალევე ჩავედი და უშუალოდ დავინახე მათი სიყვარული ტაძრის მიმართ.

სატაძრო წეს-ჩვეულებები არის მამაზეციერის ძღვენი მისი ძის, იესო ქრისტეს, ერთგული მიმდევრებისთვის. ტაძრის მეშვეობით მამაზეციერი აკავშირებს ინდივიდებსა და ოჯახებს მხსნელთან და ერთმანეთთან.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა შარშან განაცხადა:

„ყოველ ადამიანს, რომელიც დებს აღთქმას ნათლობის ემბაზში და ტაძარში და იცავს მას, აქვს უფრო მეტი წვდომა იესო ქრისტეს ძალაზე. …

„ღმერთთან აღთქმის დადების ჯილდო არის ზეციური ძალა - ძალა, რომელიც გვეხმარება, უკეთ გავუძლოთ განსაცდელს, ცდუნებასა და გულისტკივილს. ეს ძალა გვიადვილებს გზას“.15

სატაძრო წეს-ჩვეულებების მეშვეობით მხსნელი კურნავს ცალკეულ პირებს, ოჯახებსა და ერებს, მათაც კი, რომლებიც ოდესღაც მტრები იყვნენ. აღმდგარმა უფალმა განუცხადა კონფლიქტებით გაჩეხილ საზოგადოებას მორმონის წიგნში: „ჩემი სახელის მოშიშნო, აღზევდება ძე სამართლიანობისა, კურნება იქნება მის ფრთებზე“.16

მადლობელი ვარ ვიყო უფლის აღთქმის შესრულების მოწმე: „მოვა დრო, როდესაც ცოდნა მხსნელის შესახებ გავრცელდება ყველა ერს, ტომს, ენასა და ხალხს შორის“17 მათ შორის „ზღვის კუნძულებზე“.18

მე ვმოწმობ მხსნელ იესო ქრისტეზე, მის წინასწარმეტყველზე და მოციქულებზე ამ უკანასკნელ დღეებში. მე საზეიმოდ ვმოწმობ ზეციურ ძალაზე, რომელიც შეკრავს ზეცაში ყოველივეს, რაც მიწაზე შეიკრა.

ეს არის მხსნელის საქმე, ტაძარი კი მისი წმინდა სახლია.

ურყევი დარწმუნებით ვაცხადებ ამ ჭეშმარიტებას იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ლაიეს ჰავაის ტაძრის მიძღვნის ცერემონიალი 1919 წ. პრეზიდენტმა ჰიბერ ჯ. გრანტმა ჩაატარა. მან, როგორც მოციქულმა, 1901 წ. გახსნა ეკლესია იაპონიაში. ეს იყო მეხუთე მოქმედი ტაძარი და პირველი ტაძარი, რომელიც აშშ-ს ფარგლებს მიღმა აშენდა.

  2. 2023 წ. 2 მარტს ამ მონუმენტზე 241, 281 სახელი იყო ამოტვიფრული.

  3. იხ. გორდონ ბ. ჰინკლი, “Keep the Chain Unbroken” (ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის სულიერების საათი, 30 ნოემბერი, 1999 წ.), 4, speeches.byu.edu.

  4. დვეინ ნ. ანდერსენი ოკინავას ბრძოლაში დაიჭრა. ის 1962-1965 წწ მისიის პრეზიდენტად მსახურობდა იაპონიაში. ის 1980-1982 წწ ტოკიოს იაპონიის ტაძრის პირველი პრეზიდენტი იყო.

  5. მე შევხვდი მისი ოჯახის წევრებს, როცა მეუღლესთან ერთად ტოკიო მისიის ხელმძღვანელი ვიყავი. მათ მომაწოდეს ეს ინფორმაცია მისი პირადი ოჯახური ჩანაწერიდან.

  6. See Dwayne N. Andersen: An Autobiography for His Posterity, 102–5, Church History Library, Salt Lake City.

  7. See Dwayne N. Andersen, 104.

  8. See Edward L. Clissold, “Translating the Endowment into Japanese,” in Stories of the Temple in Lā‘ie, Hawai‘i, comp. Clinton D. Christensen (2019), 110–13.

  9. თარჯიმანი, ტატსუი სატო, 1946 წ. 7 ივლისს მოინათლა. ის ამერიკელმა სამხედრომ, ც. ელიოტ რიჩარდსმა მონათლა. ტატსუის მეუღლე, ჩიო სატო, იმავე დღეს ბოიდ კ. პაკერმა მონათლა. ამის გარდა, ნილ ა. მაქსველი ოკინავას ბრძოლაში იბრძოდა და ლ. ტომ პერი საზღვაო ქვეითთა პირველ ნაკადში იყო, რომელიც სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ იაპონიის ნაპირზე გავიდა. უხუცესები პაკერი, მაქსველი და პერი თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრები გახდნენ.

  10. In Clissold, “Translating the Endowment into Japanese,” 112.

  11. In Dwayne N. Andersen, “1965 Japanese Excursion,” Stories of the Temple in Lā‘ie, Hawai‘i, 114.

  12. See Andersen, “1965 Japanese Excursion,” 114, 117.

  13. მოგვიანებით, 2023 წლის ოქტომბრის გენერალური კონფერენციის ამ სესიაზე, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გამოაცხადა 20 ახალი ტაძარი, მათ შორის იაპონიის ოსაკას ტაძარი, რომელიც იქნება მეხუთე ტაძარი იაპონიაში.

  14. 2018 - 2021 წწ ტოკიოში ჩვენი მისიის დროს, COVID პანდემიის გამოწვევების ფონზე, მისმა ოჯახმა გამოავლინა სიყვარული და ზრუნვა ჩემი და ჩემი ოჯახისადმი, რისთვისაც ჩვენ მუდამ მადლობელნი ვიქნებით.

  15. რასელ მ. ნელსონი, “სძლიეთ სოფელს და შეისვენეთ,” Liahona, ნოემბერი 2022, 96.

  16. 3 ნეფი 25:2.

  17. მოსია 3:20.

  18. იხ.2 ნეფი 29:7.

ამობეჭდვა