გენერალური კონფერენცია
გმირზე მეტი
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


გმირზე მეტი

იესო ქრისტე არა მხოლოდ ჩვენი გმირია; ის არის ჩვენი უფალი და მეფე, კაცობრიობის მხსნელი და გამომსყიდველი.

1856 წლიდან 1860 წლამდე ათასობით უკანასკნელ დღეთა წმინდანთა პიონერს, სოლთ-ლეიქის ველისკენ მოგზაურობისას, 1 600 კმ მანძილზე ხელის ურმებით გადაჰქონდა საცხოვრებლად აუცილებელი ნივთები. 167 წლის წინ, ზუსტად ამ კვირას, 1856 წ. 4 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა გაკვირვებით შეიტყო, რომ ორი ხელის ურმის ჯგუფი, ედვარდ მარტინისა და ჯეიმს ვილის ხელმძღვანელობით, ჯერ კიდევ ასობით კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა სოლთ-ლეიქიდან და ზამთარიც ახლოვდებოდა.1 მეორე დღეს, არც თუ ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც ახლა შევიკრიბეთ, პრეზიდენტი იანგი წარსდგა წმინდანების წინაშე და განაცხადა: „მრავალი ჩვენი და და ძმა ახლა მინდორშია ხელის ურმებით და საჭიროა მათი აქ მოყვანა. ახლა წადით და მოიყვანეთ ის ადამიანები“.2

სულ ორი დღის შემდეგ მაშველთა პირველი ჯგუფი გაემგზავრა იმ პიონერების მოსაძებნად.

ვილის ჯგუფის წევრი აღწერს სასოწარკვეთილებას, რომელიც მაშველთა მთავარი გუნდის ჩამოსვლამდე შეიქმნა. ის ყვებოდა: „[ზუსტად] მაშინ, როცა ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი დავკარგეთ … და საარსებოდ სულ მცირედი იყო დარჩენილი, როგორც მეხი მოწმენდილი ციდან მოვიდა ჩვენს ლოცვებზე ღმერთის პასუხი. მაშველთა ჯგუფი გამოჩნდა მოშორებით, საკვებითა და აუცილებელი ნივთებით. როგორი მადლიერები ვიყავით ღმერთს ჩვენი გადარჩენისთვის“.3

ეს მაშველები პიონერებისთვის გმირები იყვნენ, ისინი იმ უამინდობაში საკუთარ ცხოვრებას რისკის ქვეშ აყენებდნენ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი უსაფრთხოდ შინ მიეყვანათ. ერთ-ერთი ასეთი გმირი ეფრაიმ ჰენკსი იყო.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰენკსი მოგზაურობის შემდეგ შინ, სოლთ-ლეიქში ბრუნდებოდა. მან არაფერი იცოდა ხელის ურმებით მგზავრთა მდგომარეობის შესახებ. ღამით ის ვიღაცის ხმამ გააღვიძა: „ხელის ურმებით მგზავრებს უჭირთ, შენი დახმარებაა საჭირო; წახვალ”?

ის სწრაფად დაბრუნდა სოლთ-ლეიქ სითიში. გონებიდან ის შეკითხვა არ ამოსდიოდა. და როგორც კი მან პრეზიდენტ ჰიბერ სი კიმბალის მოწოდება გაიგონა, მეორე დღესვე მარტო გაემგზავრა დასახმარებლად. ის სწრაფად მოძრაობდა, ამიტომ სხვა მაშველებს გადაუსწრო და მარტინის ჯგუფს რომ მიაგნო, ასეთი რამ გვიამბო: „ის, რაც მათ ბანაკში შესვლისას ვიხილე, არასოდეს ამოიშლება მეხსიერებიდან … გულქვაც კი ვერ დარჩებოდა გულგრილი“.4

ეფრაიმ ჰენკსი ერთი კარვიდან მეორეში გადადიოდა, აკურთხებდა ავადმყოფებს. ის იხსენებდა: „უამრავ შემთხვევაში, როცა ავადმყოფებს ვემსახურებოდით და უფალი იესო ქრისტეს სახელით განვდევნიდით ავადმყოფობას, ისინი მაშინვე ფეხზე დგებოდნენ; ისინი თითქმის იმწუთას განიკურნებოდნენ.5 იმ პიონერებისთვის ხელის ურმებით, ეფრაიმ ჰენკსი მუდამ გმირი იქნება.

ამ შესანიშნავი გადარჩენის მსგავსად, მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და ისტორიის მსვლელობაზეც კი, ხშირად ცალკეული მამაკაცებისა და ქალების გადაწყვეტილებებისა და მიღწევების შედეგია - დიდი ხელოვანების, მეცნიერების, ბიზნეს ლიდერებისა და პოლიტიკოსების. ამ არაჩვეულებრივ პიროვნებებს ხშირად პატივს სცემენ როგორც გმირებს. მათ ძეგლებსა და მემორიალებს უძღვნიან მათი საქმეების აღსანიშნავად.

ბავშვობაში ჩემი ყველაზე დიდი გმირები ათლეტები იყვნენ. ჩემი პირველი მოგონებები უკავშირდება ბეისბოლის ბარათების შეგროვებას, რომლებზეც გამოსახული იყო მთავარი ლიგის ბეისბოლის მოთამაშეები და სტატისტიკა. „გმირთა თაყვანისცემა“ ბავშვობაში შეიძლება სახალისო და უდანაშაულო იყოს, როგორც მაშინ, როცა ბავშვები თავიანთი საყვარელი სუპერგმირების კოსტუმებს იცვამენ ჰელოუინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ და პატივს ვცემთ ბევრ ნიჭიერ და ცნობილ მამაკაცსა და ქალს მათი შესაძლებლობებისა და ღვაწლის გამო, თუ ეს პატივი გადაჭარბებულია, ეს შეიძლება დაემსგავსოს სინაის უდაბნოში ისრაელის შვილების მიერ ოქროს ხბოს თაყვანისცემას.

ის, რაც ოდესღაც ბავშვობაში უდანაშაულო გართობა იყო, ზრდასრულ ასაკში შეიძლება დაბრკოლებად იქცეს, თუ პოლიტიკოსების, ბლოგერების, გავლენიანი პირების, სპორტსმენების ან მუსიკოსების როგორც „გმირების თაყვანისცემა“ გვაიძულებს „ნიშნის მიღმა“6 ყურებას და იმის დაკარგვას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ისრაელის შვილებისთვის გამოწვევა ოქრო კი არ იყო, რომელიც მათ აღთქმულ მიწაზე მოგზაურობისას გაიყოლეს, არამედ ის, რა გახდა მათთვის ოქრო: კერპი, რომელიც მათი თაყვანისცემის ობიექტად იქცა და რომელზეც მათ, იეღოვას ნაცვლდ, ყურადღება გადაიტანეს - იმ იეღოვას ნაცვლად, რომელმაც გაყო წითელი ზღვა და იხსნა ისინი მონობისგან. ოქროს ხბოზე ფოკუსირებამ გავლენა მოახდინა ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის უნარზე.7

გმირი - ჩვენი გმირი, ამჟამინდელი და მარადიული - იესო ქრისტეა და ნებისმიერი რამ, რაც გვაშორებს მის სწავლებას - როგორც ეს წმინდა წერილებიდან და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებიდან ჩანს, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს პროგრესზე აღთქმის გზაზე. ამ სამყაროს შექმნამდე ჩვენ იესო ქრისტეს შევცქეროდით რადგან გაირკვა, რომ ზეციერი მამის მიერ შემოთავაზებული გეგმა, რომელიც ჩვენი წინსვლისა და მისი დამსგავსების შესაძლებლობას მოიცავდა, ეჭვქვეშ დადგა.

იესო ქრისტე არ იყო მხოლოდ ჩვენი მამის გეგმის დაცვის წინამძღოლი, ის მის განხორციელებაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა. მან უპასუხა მამას და ნებაყოფლობით შესთავაზა საკუთარი „თავი [გაეწირა] ყველას გამოსახსნელად“,8 რათა გადაეხადა ვალი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ცოდვის გამო დაეკისრებოდა, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ გადაიხდიდა.

პრეზიდენტმა დალინ ოუქსმა გვასწავლა, რომ „[იესო ქრისტემ] ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რაც აუცილებელია ჩვენი მოგზაურობისთვის მიწიერი ცხოვრებიდან დანიშნულების ადგილისკენ, რომელიც მამაზეციერის გეგმაშია მონიშნული“.9

გეთსიმანიის ბაღში, როცა ასეთი მძიმე ამოცანის წინაშე დადგა, მაცხოვარმა გაბედულად განაცხადა: „ჩემი ნება კი არა, შენი იყოს“ და აიღო თავის თავზე საერთო ტკივილი, ავადმყოფობა და ყოველი ადამიანის ტანჯვა, რომელსაც ოდესმე უცხოვრია.10 მორჩილებისა და ერთგულების სრულყოფილი აქტით, იესო ქრისტემ ჩაიდინა უზენაესი გმირობა მთელი კაცობრიობისთვის, რაც მისი დიდებული აღდგომით დასრულდა.

ბოლო გენერალურ კონფერენციაზე პრეზიდენტმა ნელსონმა შეგვახსენა: „რა შეკითხვები და პრობლემები არ უნდა გქონდეთ, პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეს სწავლებაში და ცხოვრებაშია. შეიტყვეთ მეტი მისი გამოსყიდვის, სიყვარულის, მოწყალების, სწავლებისა და განკურნებისა და წინსვლის აღდგენილი სახარების შესახებ. მიბრუნდით მისკენ! იარეთ მის კვალზე!”11 და მე დავამატებდი: „აირჩიეთ იგი“.

ჩვენს რთულ სამყაროში შეიძლება ვერ გავუძლოთ ცდუნებას და მივმართოთ საზოგადოების გმირებს, რათა სიცხადე შევიტანოთ ცხოვრებაში, როდესაც ის დამაბნეველი ან დამთრგუნველი გვეჩვენება. ჩვენ ვყიდულობთ ტანსაცმელს, რომელსაც ისინი აფინანსებენ, ვემხრობით მათ პოლიტიკას და ვიღებთ სოც. ქსელებში მათ მიერ გაზიარებულ წინადადებებს. თუ ეს მხოლოდ დროებითი გაფანტულობაა - არაუშავს, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა გმირის თაყვანისცემის ეს ფორმა არ იქცეს ჩვენთვის ოქროს ხბოდ. სწორი გმირის არჩევას მარადიული შედეგი მოჰყვება.

როდესაც ჩვენი ოჯახი მისიის ხელმძღვანელების მსახურების დასაწყებად ესპანეთში ჩავიდა, ჩვენ აღმოვაჩინეთ უხუცეს ნილ ა. მაქსველის ჩარჩოში ჩასმული ციტატა, რომელიც ჩვენ მიერ არჩეულ გმირებს უკავშირდება. მან განაცხადა: „თუ ღვთის სასუფეველი პირველ ადგილას არ დააყენეთ, ბოლოს არ ექნება მნიშვნელობა იმას, რა აირჩიეთ მის ნაცვლად“.12 დებო და ძმებო, მეფეთა მეფის, იესო ქრისტეს, არჩევით ჩვენ ღვთის სასუფეველს ვირჩევთ. ნებისმიერი სხვა არჩევანი ხორციელი ძალაა ანუ ოქროს ხბო და საბოლოო ჯამში მარცხამდე მიგვიყვანს.

ძველ აღთქმაში დანიელის წიგნში ვკითხულობთ შადრაქის, მეშაქის და აბედ-ნეგოს ცნობას, რომლებმაც ნათლად იცოდნენ, რომელი გმირი აერჩიათ - და ეს არ იყო მეფე ნაბუქოდონოსორის არცერთი ღმერთი. მათ მტკიცედ განაცხადეს:

„ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს. …

თუ არა და, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე.“13

როგორც პავლე მოციქული გვასწავლიდა: „არის მრავალი ღმერთი“14 და დავამატებდი - მრავალი გმირი, რომელსაც გვთავაზობენ, თავი დავუხაროთ, თაყვანი ვცეთ და ჩავიხუტოთ. მაგრამ როგორც დანიელის სამმა მეგობარმა იცოდა, არის მხოლოდ ერთი, რომელიც გვიხსნის, რადგან მან უკვე გვიხსნა და ყოველთვის გვიხსნის.

ჩვენთვის, ღვთის გარემოცვაში დასაბრუნებელ გზაზე, ჩვენს აღთქმულ მიწაზე, პრობლემას პოლიტიკოსი, მუსიკოსი, სპორტსმენი ან ბლოგერი კი არ წარმოადგენს, არამედ ის, რომ ვირჩევთ მათ, გახდნენ ჩვენი ყურადღების მთავარი ობიექტები და დაიკავონ ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის ადგილი.

ჩვენ ვირჩევთ მას, იესო ქრისტეს, როცა ვაკეთებთ არჩევანს, პატივი ვცეთ მის დღეს, ვიქნებით ამ დროს სახლში თუ მოგზაურობაში. ჩვენ ვირჩევთ მას, როცა ვირჩევთ მის სიტყვებს წმინდა წერილისა და ცოცხალი წინასწარმეტყველების სწავლების არჩევით. ჩვენ ვირჩევთ მას, როცა ვაკეთებთ არჩევანს, მივიღოთ სატაძრო რეკომენდაცია და ვიცხოვროთ ისე, რომ მისი ღირსნი ვიყოთ. ჩვენ ვირჩევთ მას, როცა ვაკეთებთ არჩევანს, ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი და უარს ვამბობთ კამათზე, „განსაკუთრებით მაშინ, როცა აზრთა სხვაობა გვაქვს“.15

არცერთ ხელმძღვანელს არ გამოუჩენია მეტი გამბედაობა, არცერთ პიროვნებას არ გამოუჩენია მეტი სიკეთე, არცერთ ექიმს არ განუკურნავს იმაზე მეტი დაავადება და არცერთი ხელოვანი არ ყოფილა იმაზე უფრო შემოქმედი, ვიდრე იესო ქრისტე.

გმირების სამყაროში, სადაც მოკვდავი მამაკაცებისა და ქალების ღვაწლს მონუმენტები და მუზეუმები ეძღვნება, არის ის ერთადერთი, რომელიც ყველა სხვაზე მაღლა დგას. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არა მხოლოდ ჩვენი გმირია. ის არის ჩვენი უფალი და მეფე; კაცობრიობის მხსნელი და გამომსყიდველი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. Studies devoted to the Willie and Martin handcart companies include LeRoy R. and Ann W. Hafen, Handcarts to Zion: The Story of a Unique Western Migration, 1856–1860 (1960); Rebecca Cornwall and Leonard J. Arrington, Rescue of the 1856 Handcart Companies (1981); Howard K. and Cory W. Bangerter, Tragedy and Triumph: Your Guide to the Rescue of the 1856 Willie and Martin Handcart Companies, 2nd ed. (2006); and Andrew D. Olsen, The Price We Paid: The Extraordinary Story of the Willie and Martin Handcart Pioneers (2006).

  2. Brigham Young, “Remarks,” Deseret News, Oct. 15, 1856, 252.

  3. John Oborn, “Brief History of the Life of John Oborn, Pioneer of 1856,” 2, in John Oborn reminiscences and diary, circa 1862–1901, Church History Library, Salt Lake City.

  4. Ephraim K. Hanks’s narrative, in Andrew Jenson, “Church Emigration,” Contributor, Mar. 1893, 202–3.

  5. Hanks, in Jenson, “Church Emigration,” 204.

  6. იაკობი 4:14..

  7. იხ. გამოსვლა 32.

  8. 1 ტიმოთე 2:6; იხ. ასევე მათე 20:28.

  9. დალინ ჰ. ოუქსი, “What Has Our Savior Done for Us?,” Liahona, მაისი 2021, 75.

  10. იხ. ლუკა 22:39-44.

  11. რასელ მ. ნელსონი, “პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეა,” Liahona, მაისი 2023, 127.

  12. Attributed to 18th-century English clergyman William Law; quoted in Neal A. Maxwell, “Response to a Call,” Ensign, May 1974, 112.

  13. იხ. დანიელი 3:13-18.

  14. იხ.1 კორინთელთა 8:5.

  15. რასელ მ. ნელსონი, “გვესაჭიროება მშვიდობისმყოფელნი,” Liahona, მაისი 2023, 98.

ამობეჭდვა