გენერალური კონფერენცია
თქვენი შთამომავლობის გამო
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


თქვენი შთამომავლობის გამო

ნუ გახდებით თქვენ მიერ დაწყებული, მემკვიდრეობით მიღებული რწმენის ამ ლამაზი ჯაჭვის სუსტი რგოლი. იყავით ძლიერნი.

რამდენიმე წლის წინ, როცა სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთის რეგიონში ვმსახურობდი და პერუში ვცხოვრობდი, შესანიშნავი გამოცდილება მივიღე და მსურს, გაგიზიაროთ იგი.

ეს მოხდა მაშინ, როცა ძალიან დატვირთული შაბათ-კვირის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი. მას შემდეგ, რაც აეროპორტში, როგორც იქნა, საიმიგრაციო პროცედურები დავასრულე, მეგობრულად განწყობილი ტაქსის მძღოლი დამხვდა. ის ჩვენი ტაქსის მომსახურების კომპანიიდან იყო. მან მანქანამდე მიმიყვანა, მე უკან დავჯექი და უკვე მოვემზადე იმისთვის, რომ მოვეშვა და სახლამდე ჩუმად ვიარო. მას შემდეგ, რაც გარკვეული მანძილი გავიარეთ, მას უფროსმა დაურეკა და უთხრა, რომ შეცდომით ამიყვანა. მე სხვა მანქანა მელოდებოდა და უფროსმა სთხოვა მას, უკან წავეყვანე, თუკი იმ მანქანით მოვისურვებდი მგზავრობას. მე ვუპასუხე, რომ ეს საჭირო არ იყო და ვთხოვე, გზა გაგვეგრძელებინა. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მან უკანა ხედვის სარკეში ჩაიხედა და მკითხა: „თქვენ მორმონი ხართ, არა“?

ამ შეკითხვის შემდეგ ვიცოდი, რომ ჩემი სიჩუმე დასრულდა. ძალიან მაინტერესებდა, სად მიგვიყვანდა მისი შეკითხვა.

მე შევიტყვე, რომ მას ომარი ერქვა, მეუღლეს - მარია ტერეზა და მათ ორი შვილი ჰყავდათ - 14 წლის კაროლინა და 10 წლის როდრიგო. ომარი ბავშვობიდან ეკლესიის წევრი იყო. მისი ოჯახი აქტიური იყო, თუმცა რაღაც მომენტში მშობლებმა ეკლესიაში სიარული შეწყვიტეს. ომარი 15 წლის ასაკში სრულიად არააქტიური გახდა. ახლა ის 40 წლის იყო.

იმ მომენტში მივხვდი, რომ იმ ტაქსიში შეცდომით არ დავმჯდარვარ. ეს შემთხვევით არ მოხდა! მე გავეცანი და ვუთხარი, რომ მის ტაქსიში აღვმოჩნდი, რადგან უფალი უკან, თავის ფარაში, უხმობდა.

შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ იმ დროზე, როცა ის ოჯახთან ერთად ეკლესიის აქტიური წევრი იყო. მას ოჯახურ საღამოსთან დაკავშირებით ტკბილი მოგონებები ჰქონდა. დაწყებითი კლასის რამდენიმე სიმღერაც ახსოვდა. მან „მე შვილი ვარ ღვთისა“ -ს რამდენიმე სიტყვა ნაზად იმღერა.1

მას შემდეგ, რაც მისამართი და ტელეფონის ნომერი გამოვართვი ვუთხარი, რომ მისი ნებართვით ამ ინფორმაციას მის ეპისკოპოსს მივაწვდიდი და რომ ეკლესიაში მისი დაბრუნების კვირას მე მის სამლოცველოში მივიდოდი. ასე დასრულდა ჩვენი აეროპორტიდან შინ და მის წარსულში ხანმოკლე მოგზაურობა და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.

რამდენიმე კვირის შემდეგ მისმა ეპისკოპოსმა დამირეკა და მითხრა, რომ ომარი კონკრეტულ კვირას ეკლესიაში მოსვლას აპირებდა. ვუთხარი, რომ მეც მოვიდოდი. იმ კვირას ომარი იქ თავის ვაჟთან ერთად დამხვდა. მის მეუღლესა და ქალიშვილს ჯერ არ გამოუხატავთ ინტერესი. რამდენიმე თვის შემდეგ მისმა ეპიკოპოსმა ისევ დამირეკა. ამჯერად მან მითხრა, რომ ომარი მეუღლესა და ორ შვილს ნათლავდა და მეც მომიწვია ნათლობაზე. აი მათი ეკლესიის წევრად დამტკიცების სურათი, რომელიც იმ კვირას გადავიღეთ.

გამოსახულება
უხუცესი გოდოი ომარის ოჯახთან ერთად კვირას, წევრად დამტკიცების დროს.

იმავე კვირას ვუთხარი ომარსა და მის ოჯახს, რომ თუ ერთი წლის შემდეგ ისინი მზად იქნებოდნენ, ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა ლიმას პერუს ტაძარში მათი ჩაბეჭდვის ცერემონიალის შესრულება. აი ის სურათი დაუვიწყარი მომენტით, რომელიც ერთი წლის შემდეგ გადავიღეთ.

გამოსახულება
უხუცესი გოდოი ომარის ოჯახთან ერთად ტაძარში.

რატომ გიზიარებთ ამ გამოცდილებას? ორი მიზეზის გამო:

პირველი: მივმართო იმ კარგ წევრებს, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო ჩამოშორდნენ იესო ქრისტეს აღდგენილ სახარებას. მეორე: მივმართო იმ მონაწილე წევრებს, რომლებიც, შესაძლოა, არ არიან იმდენად ერთგულნი თავიანთი აღთქმებისა, როგორებიც უნდა იყვნენ. ორივე შემთხვევაში ეს მომავალ თაობაზე ახდენს გავლენას და შთამომავლებისთვის შენახული დალოცვები და დაპირებები რისკის ქვეშ დგება.

მოდით, პირველი სცენარი განვიხილოთ: კარგი წევრები, რომლებმაც აღთქმის გზიდან გადაუხვიეს, როგორც ეს ჩემი მეგობრის, ომარის, შემთხვევაში იყო. როცა ვკითხე, რატომ გადაწყიტა დაბრუნება, მან მითხრა, რომ მან და მისმა მეუღლემ იგრძნეს, რომ შვილები უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, თუ მათ ცხოვრებაში იესო ქრისტეს სახარება იქნებოდა. მან იგრძნო, რომ დადგა დრო, როცა შვილების გამო უნდა დაბრუნებულიყო ეკლესიაში.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხვდებით ეკლესიის არააქტიურ წევრებს ან არაწევრებს, რომლებსაც ერთ დროს ოჯახებში სახარება ჰქონდათ მაგრამ დაკარგეს ის, მშობლების ან პაპა-ბებიის გადაწყვეტილების გამო - წამოსულიყვნენ ეკლესიიდან. ამ გადაწყეტილებას შთამომავლობაზე მარადიული გავლენის მოხდენა შეეძლო.

მათი შვილები და შვილიშვილები მოკლებულნი იყვნენ იესო ქრისტეს სახარების დაცვასა და კურთხევებს ცხოვრებაში. და რაც კიდევ უფრო მტკივნეულია - მათ დაკარგეს დაპირებები მარადიული ოჯახის შესახებ, რომელნიც ოდესღაც ჰქონდათ. ერთი ადამიანის გადაწყვეტილებამ შთამომავლების მთელ ჯაჭვზე მოახდინა გავლენა. რწმენის მემკვიდრეობა დაირღვა.

მაგრამ როგორც ვიცით, იესო ქრისტეს მეშვეობით ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. ამ მიზეზით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის ეს მოწვევა: „ახლა, თუ გზიდან გადახვედით, შეიძლება, დიდი იმედით მოგიწვიოთ და გთხოვოთ, დაბრუნდეთ? რაც არ უნდა გაწუხებდეთ, რა გამოწვევების წინაშეც არ უნდა იდგეთ, თქვენ უფლის ამ ეკლესიაში საკუთარი ადგილი გაქვთ. თქვენც და მომავალი თაობებიც დალოცვილნი იქნებით იმის გამო, რომ თქვენ აღთქმის ბილიკზე დაბრუნდით.2

ახალა მეორე სცენარი განვიხილოთ: დღევანდელი მონაწილე წევრები, რომლებიც, შესაძლოა, არ არიან იმდნად ერთგულნი თავიანთი აღთქმებისა, როგორებიც უნდა იყვნენ. ისევე როგორც გუშინდელი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს დღევანდელ რეალობაზე, დღევანდელი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ჩვენს და ჩვენი ოჯახის წევრების მომავალზე.

პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა გვასწავლა:

„იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება გვამხნევებს, მომავალზე ვიფიქროთ. … ის მომავლის შესახებ იდეებს გვაწვდის, რათა ჩვენი დღევანდელი ქმედებები წარმართოს.

ამის საპირისპიროდ, ჩვენ ყველანი ვიცნობთ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ აწმყო აინტერესებთ: დღეს დახარჯონ, დღეს ისიამოვნონ და არ იფიქროთ მომავალზე.

როდესაც ამჟამინდელ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ყოველთვის უნდა დავსვათ კითხვა: „სად მიგვიყვანს ეს?3 ამჟამინდელი გადაწყვეტილება სიხარულისა და მარადისობისკენ, თუ მწუხარებისა და ცრემლებისკენ წაგვიყვანს?

შეიძლება ვინმემ იფიქროს: „ჩვენ არ გვჭირდება ყოველ კვირას ეკლესიაში სიარული“, ან „ჩვენ გადავიხდით მეათედს, როცა ყველაფერი გამოსწორდება“, ან „მე არ დავუჭერ მხარს ეკლესიის ხელმძღვანელებს ამ საკითხში“.

„მაგრამ“ - ამბობენ ისინი, „ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია ჭეშმარიტია და არასოდეს დავთმობთ იესო ქრისტეს სახარებას“.

ისინი, ვისაც მსგავსი აზრები აქვთ, არ ესმით, თუ რა ნეგატიურ გავლენას მოახდენს ასეთი „ნელთბილი“ წევრობა მათსა და მათი შთამომავლობის ცხოვრებაზე. მშობლები შესაძლოა დარჩნენ აქტიურები, მაგრამ შვილების დაკარგვის რისკი მაღალია - ამ ცხოვრებაში ან მარადისობაში.

მათზე, ვინც ოჯახებთან ერთად არ დაიმკვიდრებს ზეციურ დიდებას, უფალი ამბობს: „ესენი არ არიან მამაცნი ქრისტეს დამოწმებაში; ამიტომ, ვერ მიიღებენ ჩვენი ღმერთის სასუფევლის გვირგვინს“.4 განა ეს გვინდა ჩვენთვის ან ჩვენი შვილებისთვის? განა არ უნდა ვიყოთ უფრო მამაცნი და ნაკლებად ნელთბილნი ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის გამო?

პრეზიდენტმა მ. რასელ ბალარდმაც ისაუბრა ამ თემაზე:

„ზოგიერთისთვის ქრისტეს მოპატიჟება - გვწამდეს და ვიყოთ მიმდევრები, ძნელი მისაღებია. … ზოგიერთ მოწაფეს უჭირს სპეციფიკური საეკლესიო პოლიტიკისა ან სწავლების გაგება. სხვები პოულობენ რაღაც წამოსაკიდს ისტორიაში ან წევრთა და ხელმძღვანელობის ნაკლოვანებებს, წარსულში თუ აწმყოში. …

„…გადაწყვეტილებას - „აღარ იაროთ“ ეკლესიის წევრებთან და უფლის რჩეულ ხელმძღვანელებთან, ხანგრძლივი გავლენა ექნება, რომლის შედეგის დანახვაც ახლა შეუძლებელია“.5

რა სამწუხარო მემკვიდრეობაა და რა მიზეზის გამო? რაც არ უნდა იყოს, საკმარისი არ არის იმ უარყოფითი სულიერი ზემოქმედების იგნორირება, რომელსაც ის მომავალ თაობებზე მოახდენს.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, თუ ამ ორი სიტუაციიდან ერთ-ერთში იმყოფებით, გთხოვთ, გადახედოთ თქვენს ქმედებებს. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ამ ცხოვრებაში გეგმა არსებობს. თქვენ იცით, რომ ოჯახები შეიძლება მარადიული იყოს. რატომ უნდა დააყენოთ თქვენი ოჯახი რისკის ქვეშ? ნუ გახდებით თქვენ მიერ დაწყებული მემკვიდრეობით მიღებული რწმენის ამ ლამაზი ჯაჭვის სუსტი რგოლი. იყავით ძლიერნი. ახლა თქვენი ჯერია და უფალი დაგეხმარებათ.

მე მთელი გულით გიწვევთ, დაფიქრდეთ ამაზე, წინ იყუროთ და შეაფასოთ, „სად მიგვიყვანს ეს?“ და საჭიროების შეთხვევაში, იყოთ საკმაოდ მამაცნი იმისთვის, რომ შთამომავლობის გამო სხვა ბილიკი აირჩიოთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა