გენერალური კონფერენცია
მარადიული ჭეშმარიტება
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მარადიული ჭეშმარიტება

ჭეშმარიტების ამოცნობის საჭიროება არასოდეს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის!

დებო და ძმებო, მადლობას გიხდით მამა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტესადმი ერთგულებისთვის, აგრეთვე ერთმანეთის სიყვარულისა და მსახურებისთვის. თქვენ მართლაც გამორჩეულები ხართ!

შესავალი

მას შემდეგ, რაც მე და ჩემმა მეუღლემ, ანემ, მივიღეთ მოწოდება, გვემსახურა სრული დროის მისიის ხელმძღვანელებად, ჩვენმა ოჯახმა გადაწყვიტა, მისიის ველში ჩასვლამდე თითოეული მისიონერის სახელი გაგვეგო. ჩვენ მოვიპოვეთ ფოტოები, შევქმენით ბარათები და დავიწყეთ სახელებისა და სახეების შესწავლა.

ჩამოსვლისთანავე ჩვენ მისიონერებთან გაცნობითი ხასიათის კონფერენციები ჩავატარეთ. ერთ-ერთი კონფერენციის დასრულების შემდეგ გავიგონე ჩვენი ცხრა წლის ვაჟის საუბარი:

„სასიამოვნოა, სემ“!

„რეიჩელ, საიდან ხარ“?

„ვა, დევიდ, რა მაღალი ხარ“!

აღელვებული მივედი ჩვენს შვილთან და ჩავჩურჩულე: „მოდი ნუ დავივიწყებთ, რომ მისიონერებს უნდა მიმართო როგორც უხუცესი ან და“.

მან გაკვირვებულად შემომხედა და თქვა: „მამა, მეგონა, რომ ჩვენ მათი სახელებიუნდა დაგვემახსოვრებინა“. ჩვენმა ვაჟმა გააკეთა ის, რაც მისი გაგებით სწორი იყო.

როგორ გვესმის ჭეშმარიტება დღევანდელ სამყაროში? ჩვენ გამუდმებით გვბომბავენ ძლიერი მოსაზრებებით, მიკერძოებული მოხსენებებითა და არასრული მონაცემებით. ამავდროულად, ამ ინფორმაციის მოცულობა და წყარო მატულობს. ჭეშმარიტების ამოცნობის საჭიროება არასოდეს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის!

ჭეშმარიტება ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღმერთთან ურთიერთობის დასამყარებლად და გასაძლიერებლად, სიმშვიდისა და სიხარულის მოსაპოვებლად და ჩვენი ღვთიური პოტენციალის მისაღწევად. მოდით დღეს განვიხილოთ შემდეგი შეკითხვები:

  • რა არის ჭეშმარიტება და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

  • როგორ ვპოულობთ ჭეშმარიტებას?

  • როგორ ვაზიარებთ ჭეშმარიტებას მას შემდეგ, რაც ვიპოვით მას?

ჭეშმარიტება მარადიულია!

უფალმა გვასწავლა წმინდა წერილში, რომ „ჭეშმარიტება არის ცოდნა არსისა, როგორიც ის არის და როგორიც იყო და როგორიც იქნება“ (მოძღვრება და აღთქმები 93:24). ის „არ იყო არც შექმნილი და არც გაკეთებული“ (მოძღვრება და აღთქმები 93:29) და „არ აქვს დასასრული“ (მოძღვრება და აღთქმები 88:66).1 ჭეშმარიტება აბსოლუტური, უცვლელი და ურყევია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტება მარადიულია.2

ჭეშმარიტება გვეხმარება, არ გავებათ ტყუილის მახეში,3 განვასხვაოთ კეთილი და ბოროტი,4 მივიღოთ დაცვა,5 და ვიპოვოთ ნუგეში და განკურნება.6 ჭეშმარიტებას შეუძლია წინ წარუძღვეს ჩვენს მოქმედებებს,7 გაგვანთავისუფლოს,8 განგვწმინდოს,9 და მარადისობისკენ წაგვიყვანოს.10

ღმერთი გვიმხელს მარადიულ ჭეშმარიტებას

ღმერთი გვიმხელს მარადიულ ჭეშმარიტებას გამოცხადებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ქსელის მეშვეობით, რომელიც მოიცავს მას, იესო ქრისტეს, სულიწმინდას, წინასწარმეტყველებსა და ჩვენ. მოდით განვიხილოთ ცალკეული, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული როლები, რომლებსაც თითოეული მონაწილე ასრულებს ამ პროცესში.

პირველი: ღმერთი არის მარადიული ჭეშმარიტების წყარო.11 მას და მის ძეს, იესო ქრისტეს,12 აქვთ ჭეშმარიტების სრულყოფილი წვდომა და ისინი ყოველთვის მოქმედებენ ჭეშმარიტ პრინციპებთან და კანონებთან ჰარმონიაში.13 ეს ძალა აძლევს მათ სამყაროების შექმნისა და მართვის საშუალებას,14 ასევე, თითოეული ჩვენგანისადმი სრულყოფილი სიყვარულის, ხელმძღვანელობისა და აღზრდის საშუალებას.15 მათ სურთ, რომ ჩვენ გვესმოდეს ეს ჭეშმარიტება და ვიყენებდეთ მას, რათა დავტკბეთ დალოცვებით, რითაც ისინი ტკბებიან.16 მათ შეუძლიათ პირადად გადმოსცენ ჭეშმარიტება ან, უფრო ხშირად, მაცნეების მეშვეობით, როგორიცაა სულიწმინდა, ანგელოზები ან ცოცხალი წინასწარმეტყველები.

მეორე: სულიწმინდა მოწმობს ყოველივე ჭეშმარიტების შესახებ.17 ის პირდაპირ გვამცნობს ჭეშმარიტებას და მოწმობს სხვების მიერ ნასწავლი ჭეშმარიტების შესახებ. სულიწმინდის კარნახი, როგორც წესი, მოდის ჩვენს გონებაში აზრების, გულში კი - გრძნობების ფორმით.18

მესამე: წინასწარმეტყველები ჭეშმარიტებას ღმერთისგან იღებენ და ჩვენ გვიზიარებენ.19 ჩვენ ვსწავლობთ ჭეშმარიტებას ძველი დროის წინასწარმეტყველებისგან წმინდა წერილებში20 და ცოცხალი წინასწარმეტყველებისგან გენერალურ კონფერენციაზე და სხვა ოფიციალური არხებიდან.

და ბოლოს, მე და თქვენ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი გვიკავია. ღმერთი ელის ჩვენგან, რომ ვეძიებთ ჭეშმარიტებას, ამოვიცნობთ მას და ვიმოქმედებთ ამ ჭეშმარიტების საფუძველზე. ჭეშმარიტების მიღებისა და გამოყენების უნარი დამოკიდებულია მამასთან და ძესთან ჩვენი ურთიერთობის სიძლიერეზე, სულიწმინდის გავლენისადმი ჩვენს რეაგირებაზე და უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველებზე ჩვენს სწორებაზე.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სატანა ძლიერ ცდილობს, აგვარიდოს ჭეშმარიტება. მან იცის, რომ ჭეშმარიტების გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ მარადიულ სიცოცხლეს. მან ჭეშმარიტების ძაფები ამქვეყნიურ ფილოსოფიებში ჩააქსოვა, რათა დაგვაბნიოს და არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რასაც ღმერთი გვეუბნება.21

მარადიული ჭეშმარიტების ძიება, ამოცნობა და გამოყენება

მარადიული ჭეშმარიტების ძიებისას22 ეს ორი შეკითხვა დაგვეხმარება იმის ამოცნობაში, ღმერთის არის ესა თუ ის კონცეფცია თუ სხვა წყაროდან მოდის:

  • ისწავლება ეს კონცეფცია თანმიმდევრულად წმინდა წერილში ან ცოცხალი წინასწარმეტყველების მიერ?

  • დაგიდასტურათ სულიწმინდამ ეს კონცეფცია?

ღმერთი გვიცხადებს მოძღვრების ჭეშმარიტებას წინასწარმეტყველების მეშვეობით და სულიწმინდა გვიდასტურებს ამ ჭეშმარიტებას და გვეხმარება მის გამოყენებაში.23 ჩვენ უნდა ვეძიოთ ეს სულიერი კარნახები და ვიყოთ მზად მათ მისაღებად.24 ჩვენ ყველაზე კარგად ვგრძნობთ სულიწმინდას როდესაც თავს ვიმდაბლებთ,25 გულწრფელად ვლოცულობთ, ვსწავლობთ ღვთის სიტყვას,26 და ვიცავთ მის მცნებებს.27

მას შემდეგ რაც სულიწმინდა დაგვიდასტურებს კონკრეტულ ჭეშმარიტებას, ჩვენი წვდომა გაღრმავდება, როცა ამ პრინციპს პრაქტიკაში გამოვიყენებთ. დროთა განმავლობაში, თუ თანმიმდევრულად გამოვიყენებთ ცხოვრებაში ამ პრინციპს, ჩვენ მივიღებთ ამ ჭეშმარიტების აშკარა დასტურს.28

მაგალითად, დავუშვი შეცდომები და ვნანობ ცუდი არჩევნის გამო. მაგრამ ლოცვის, სწავლისა და იესო ქრისტეში რწმენის მეშვეობით მე მივიღე დასტური მონანიების პრინციპის შესახებ.29 რაც უფრო მეტს ვინანიებდი მით უფრო მიღრმავდებოდა მონანიების წვდომა. მე უფრო ახლოს მივედი ღმერთთან და მის ძესთან. ახლა ვიცი რომ ცოდვის მიტევება შესაძლებელია იესო ქრისტეს მეშვეობით, რადგან ყოველდღე ვიღებ მონანიების დალოცვებს.30

ენდო ღმერთს, როცა ჭეშმარიტება ჯერ არ გაგიმხილეს

რა უნდა ვქნათ, როცა გულწრფელად ვეძიებთ ჭეშმარიტებას, რომელიც ჯერ არ გამხილულა? თანავუგრძნობ ყველას, ვისაც სწყურია პასუხების მიღება, მაგრამ ისინი არ მოდის.

უფალმა ურჩია ჯოზეფ სმითს: „იყავი ჩუმად, სანამ არ ჩავთვლი საჭიროდ, რომ … ვაცნობო ყოველივე ის, რაც ამ საკითხს ეხება“.მოძღვრება და აღთქმები 10:37).

და მან აუხსნა ემა სმითს: „ნუ ბუზღუნებ იმაზე, რაც არ გინახავს, ვინაიდან ეს დაფარულია შენგან და ამაქვეყნისგან ჩემი სიბრძნით, ჟამისთვის, რომელიც მოვა“ (მოძღვრება და აღთქმები 25:4).

მეც ვეძებდი გულწრფელ კითხვებზე პასუხებს. მრავალი პასუხი მივიღე; ზოგი ჯერ არა.31 როდესაც ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, ვენდობით ღვთის სიბრძნეს და სიყვარულს, ვიცავთ მის მცნებებს და ვეყრდნობით იმას, რაც კარგად ვიცით - ის გვეხმარება, ვიპოვოთ სიმშვიდე, სანამ გაგვიმხელს ჭეშმარიტებას ყოველივეს შესახებ.32

მოძღვრებისა და პოლიტიკის წვდომა

ჭეშმარიტების ძიებისას კარგია გვესმოდეს განსხვავება მოძღვრებასა და პოლიტიკას შორის. მოძღვრება უკავშირდება მარადიულ ჭეშმარიტებას, როგორიცაა ღვთაების ბუნება, ხსნის გეგმა და იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლი. პოლიტიკა არის ამჟამინდელ ვითარებასთან დაკავშირებით მოძღვრების გამოყენება. პოლიტიკა გვეხმარება ეკელესიის მოწესრიგებულად მართვაში.

მოძღვრება არასოდეს არ იცვლება, პოლიტიკა კი დროდადრო ცვლილებებს ექვემდებარება. უფალი მუშაობს თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით, რათა დაიცვას თავისი დოქტრინა და შეცვალოს ეკლესიის პოლიტიკა თავისი შვილების საჭიროებების შესაბამისად.

სამწუხაროდ ჩვენ ზოგჯერ მოძღვრება და პოლიტიკა ერთმანეთში გვერევა. თუ ჩვენ არ გვესმის განსხვავება, პოლიტიკის შეცვლისას შეიძლება იმედგაცრუება ვიგრძნოთ და ეჭვქვეშ დავაყენოთ ღვთის სიბრძნე ან წინასწარმეტყველთა გამოცხადების როლი.33

მარადიული ჭეშმარიტების სწავლება

როცა ღმერთისგან ჭეშმარიტებას ვიღებთ, ის გვაგულიანებს, სხვებსაც გავუზიაროთ იგი.34 ჩვენ ამას ვაკეთებთ, როცა გაკვეთილს ვატარებთ, ბავშვს ვაძლევთ მიმართულებას ან სახარების ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობთ მეგობართან.

ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ჭეშმარიტება ისე, რომ მოვიწვიოთ სულიწმინდის რწმენაზე მოსაქცევი ძალა.36 თქვენი ნებართვით გაგიზიარებთ რამდენიმე უბრალო მოწვევას უფლისგან და მისი წინასწარმეტყველებისგან, რაც შეიძლება დაგეხმაროთ.36

  1. მოახდინეთ კონცენტრაცია მამაზეციერზე, იესო ქრისტეზე და სულიწმინდაზე და მათ ფუნდამენტურ მოძღვრებაზე.37

  2. მყარად დამკვიდრდით წმინდა წერილში და უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველთა ქადაგებებში.38

  3. დაეყრდენით მრავალი ავტორიტეტული მოწმის მეშვეობით დამკვიდრებულ დოქტრინას.39

  4. აარიდეთ თავი ვარაუდს, პირად მოსაზრებებს ან ამქვეყნიურ იდეებს.40

  5. ასწავლეთ მოძღვრების რომელიმე საკითხი სახარების ჭეშმარიტების კონტექსტში.41

  6. გამოიყენეთ სწავლების ისეთი მეთოდები, რომლებიც სულიწმინდის გავლენას იწვევს.42

  7. ისაუბრეთ გასაგებად, რათა გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი.43

სიყვარულით ისაუბრეთ ჭეშმარიტების შესახებ

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ვასწავლით ჭეშმარიტებას. პავლე მოციქული გვამხნევებდა, ვიყოთ „ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვარულით“ (იხ. ეფესელთა 4:14-15). ჭეშმარიტებას აქვს სხვისი დალოცვის საუკეთესო შანსი, როცა ის ქრისტესმიერი სიყვარულით არის გადმოცემული.44

სიყვარულის გარეშე ჭეშმარიტების სწავლებამ შეიძლება გამოიწვიოს განსჯის, იმედგაცრუებისა და მარტოობის გრძნობა. ეს ხშირად იწვევს წყენასა და განხეთქილებას - კონფლიქტსაც კი. მეორე მხრივ, სიყვარული ჭეშმარიტების გარეშე ცარიელი და ზრდის პერსპექტივის გარეშეა.

ჭეშმარიტებაც და სიყვარულიც აუცილებელია ჩვენი სულიერი განვითარებისთვის.45 ჭეშმარიტება უზრუნველყოფს დოქტრინას, პრინციპებსა და კანონებს, რომლებიც აუცილებელია მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად, ხოლო სიყვარული წარმოშობს მოტივაციას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ ჭეშმარიტება და ვიმოქმედოთ მის საფუძველზე.

მე მარად მადლიერი ვარ მათი, ვინც მოთმინებით, სიყვარულით მასწავლა მარადიული ჭეშმარიტება.

დასასრული

და ბოლოს, თქვენი ნებართვით გაგიზიარებთ მარადიულ ჭეშმარიტებას რომელიც ჩემი სულისთვის ღუზად იქცა. მე ეს ჭეშმარიტება ვისწავლე დღეს განხილული პრინციპების მიხედვით ცხოვრებით.

მე ვიცი, რომ ღმერთი ჩვენი ზეციური მამაა.46 ის ყოვლისმცოდნე,47 ყოვლისშემძლე,48 და სრულყოფილად მოსიყვარულეა.49 მან შექმნა ჩვენთვის გეგმა, რათა მოვიპოვოთ მარადიული სიცოცხლე და დავემსგავსოთ უფალს.50

ამ გეგმის ნაწილი იყო ჩვენს დასახმარებლად მისი ძის, იესო ქრისტეს, გამოგზავნა.51 იესომ გვასწავლა მამის ნების შესრულება52 და ერთმანეთის სიყვარული.53 მან გამოისყიდა ჩვენი ცოდვები54 და ჯვარზე აღესრულა.56 სამი დღის შემდეგ კი აღსდგა.56 ქრისტეს მეშვეობითა და მისი მადლით ჩვენც აღვდებით,57 მოგვეტევება58 და ტანჯვაში შევძლებთ ძალის პოვნას.59

მიწიერი მსახურებისას იესომ თავისი ეკლესია დააარსა.60 დროთა განმავლობაში ის ეკლესია შეიცვალა და ჭეშმარიტება დაიკარგა.61 იესო ქრისტემ აღადგინა თავისი ეკლესია და სახარების ჭეშმარიტება წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით.62 ქრისტე დღესაც, წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მეშვეობით, ხელმძღვანელობს თავის ეკლესიას.63

მე ვიცი, რომ ქრისტეს კვალზე სიარულით ჩვენ საბოლოო ჯამში შევძლებთ „[გავხდეთ] მასში სრულყოფილნი“ (მორონი 10:32), მივიღოთ „სიხარულის [სისავსე]“ (მოძღვრება და აღთქმები 93:33) და „ყველაფერი, რაც აქვს [ჩვენს] მამას“ (მოძღვრება და აღთქმები 84:38). ვმოწმობ ამ მარადიულ ჭეშმარიტებაზე იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. See ფსალმუნი 116:2; მოძღვრება და აღთქმები 1:39.

  2. „ზოგიერთების ეჭვის მიუხედავად, ნამდვილად არსებობს სწორი და არასწორი. არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება - მარადიული ჭეშმარიტება. ჩვენი დროის ერთ-ერთი სენია ის, რომ ძალიან ცოტამ იცის, სად ეძებოს ჭეშმარიტება“. (რასელ მ. ნელსონი, “Pure Truth, Pure Doctrine, and Pure Revelation,” Liahona, ნოემბერი 2021, 6).

  3. იხ. ჯოზეფ სმითი - მათე 1:37.

  4. იხ. მორონი 7:19.

  5. იხ. 2 ნეფი 1:9; მოძღვრება და აღთქმები 17:8.

  6. იხილეთ იაკობი 2:8.

  7. იხ. ფსალმუნი 118:105.; 2 ნეფი 32:3.

  8. იხ. იოანე 8:32; მოძღვრება და აღთქმები 98:8..

  9. იხ. იოანე 17:17.

  10. იხ. 2 ნეფი 31:20.

  11. იხ. მოძღვრება და აღთქმები 88:11-13; 93:36.

  12. იხ. იოანე 5:19–20; 7:16; 8:26; 18:37; მოსე 1:6.

  13. იხ. ალმა 42:12–26; მოძღვრება და აღთქმები 88:41.

  14. იხ. მოსე 1:30-39.

  15. იხ. 2 ნეფი 26:24.

  16. იხ. მოძღვრება და აღთქმები 82:8-9.

  17. იხ. იოანე 16:13; იაკობი 4:13; მორონი 10:5; მოძღვრება და აღთქმები 50:14; 75:10; 76:12; 91:4; 124:97.

  18. იხ. მოძღვრება და აღთქმები 6:22–23; 8:2–3.

  19. იხ. იერემია 1:5, 7; ამოსი 3:7; მათე 28:16–20; მორონი 7:31; მოძღვრება და აღთქმები 1:38; 21:1–6; 43:1–7. წინასწარმეტყველი არის ადამიანი, რომელიც ღმერთმა მოიხმო და რომელიც მის ნაცვლად გვესაუბრება. როგორც ღვთის მაცნე, წინასწარმეტყველი იღებს ღმერთისგან მცნებებს, წინასწარმეტყველებებს და გამოცხადებებს. მას ევალება კაცობრიობისთვის ღვთის ნებისა და ჭეშმარიტი ბუნების გაცხადება და ადამიანებისთვის მისი ქმედებების გაცნობა. წინასწარმეტყველი გმობს ცოდვას და გვიწინასწარმეტყველებს მის შედეგებს. იგი არის სიმართლის მქადაგებელი. ზოგჯერ წინასწარმეტყველები შთაგონებით წინასწარმეტყველებენ მომავალს კაცობრიობის საკეთილდღეოდ. თუმცა მათი მთავარი მოვალეობაა ქრისტეს მოწმობის გაზიარება. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტი არის ღვთის წინასწარმეტყველი დედამიწაზე. პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრებს მხარს უჭერენ როგორც წინასწარმეტყველებს, წინასწარმჭვრეტებსა და განმცხადებლებს, (Guide to the Scriptures, „Prophet“, სახარების ბიბლიოთეკა). ამ პრინციპების მაგალითები (იხ. მოსე 6:51–62), ენოქის (იხ. მოსე 6:26–36), ნოეს (იხ. მოსე 8:19, 23–24), აბრაამის (იხ. დაბადება 12:1–3; აბრაამი 2:8–9), მოსეს (იხ. გამოსვლა 3:1–15; მოსე 1:1–6, 25–26), პეტრეს (იხ. მათე 16:13–19), და ჯოზეფ სმითის ცხოვრებაში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 5:6–10; 20:2; 21:4–6).

  20. იხ. 2 ტიმოთე 3:16.

  21. იხ. იოანე 8:44; 2 ნეფი 2:18; მოძღვრება და აღთქმები 93:39; მოსე 4:4.

  22. იხ. 1 ნეფი 10:19. პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა დაგვმოძღვრა: „ღვთის ჭეშმარიტების ძიებისას და ამ ძიების წყაროს არჩევისას სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ საერო გამორჩეულობა ან ავტორიტეტი კვალიფიციურ წყაროდ. … როდესაც ვეძებთ ჭეშმარიტებას რელიგიის შესახებ, უნდა გამოვიყენოთ ამ ძიებისთვის შესაბამისი სულიერი მეთოდები: ლოცვა, სულიწმინდის დამოწმება და წმინდა წერილებისა და თანამედროვე წინასწარმეტყველების სიტყვების შესწავლა“ (“Truth and the Plan,” Liahona, ნოემბერი 2018, 25).

  23. უხუცესი დ. ტოდ კრისტოფერსონი ასწავლიდა: „მოციქულები და წინასწარმეტყველები … აცხადებენ ღვთის სიტყვას, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ მამაკაცებსა და ქალებს, ზოგადად, ბავშვებსაც კი შეუძლიათ ისწავლონ და იხელმძღვანელონ ღვთიური შთაგონებით ლოცვისა და წმინდა წერილების შესწავლის საპასუხოდ. … უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს ეძლევათ სულიწმინდის ძღვენი, რომელიც ეხმარება მათ მამაზეციერთან კომუნიკაციაში. . … ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა წევრი საუბრობს ეკლესიის სახელით ან შეუძლია განსაზღვროს მისი მოძღვრება, მაგრამ თითოეულს შეუძლია მიიღოს ღვთიური ხელმძღვანელობა თავისი ცხოვრების გამოწვევებთან და შესაძლებლობებთან გამკლავებაში” („ქრისტეს მოღვრება“, Liahona, მაისი 2012 წ, 89–90, შენიშვნა 2).

  24. იხ. 2 ნეფი 33:1-2.

  25. იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:28.

  26. იხ. მორონი 10:3–5; მოძღვრება და აღთქმები 9:7–9; 84:85.

  27. იხ. მოძღვრება და აღთქმები 5:35; 63:23; 93:27–28. მიუხედავად ჩვენი გულმოდგინე ძალისხმევისა, ზოგიერთ ჩვენგანს შეიძლება მაინც უჭირდეს სულიწმინდის შეგრძნება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო. დეპრესიამ, შფოთვამ და სხვა ნევროლოგიურმა მდგომარეობამ შეიძლება გაართულოს სულიწმინდის ამოცნობა. ასეთ შემთხვევებში უფალი გვიწვევს, გავაგრძელოთ სახარების მიხედვით ცხოვრება და იგი დაგვლოცავს (იხ. მოსია 2:41). ჩვენ შეგვიძლია ვეძიოთ დამატებითი აქტივობები, როგორიცაა წმინდა მუსიკის მოსმენა, მსახურებაში მონაწილეობა ან ბუნებაში დროის გატარება, რაც დაგვეხმარება ვიგრძნოთ სულიწმინდის ნაყოფი (იხ. გალატელთა 5:22–23) და გავაძლიეროთ ჩვენი კავშირი ღმერთთან.

    უხუცესმა ჯეფრი ჰოლანდმა თქვა: „როდესაც გონებრივი ან ემოციური გამოწვევების წინაშე დადგებით თქვენ ან ისინი, ვინც გიყვართ, საუკეთესოდ როგორ უპასუხოთ ამ გამოწვევას? უპირველეს ყოვლისა, არასოდეს არ დაკარგოთ რწმენა მამაზეციერში, რომელსაც უყვარხართ იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. … ერთგულად განახორციელეთ დროში გამოცდილი ლოცვის პრაქტიკა, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში უფლის სული შემოაქვს. ეძიეთ რჩევა მათგან, ვისაც თქვენი სულიერი კეთილდღეობის გასაღებები აქვთ. ეძიეთ სამღვდელოების დალოცვები და დააფასეთ ისინი. ყოველ კვირას მიიღეთ ზიარება და ჩაეჭიდეთ იესო ქრისტეს გამოსყიდვის სრულყოფილ დაპირებებს. გწამდეთ სასწაულები. მე იმდენი სასწაულის მომსწრე გავხდი მაშინ, როცა ყველაფერი მოწმობდა იმაზე, რომ იმედი აღარ იყო. იმედი ყოველთვის არსებობს“ („Like a Broken Vessel“, Liahona, ნოემბერი 2013, 40–41).

  28. იხ. იოანე 7:17; ალმა 32:26–34. საბოლოო ჯამში, ღმერთს სურს, მივიღოთ ჭეშმარიტება „სტრიქონი სტრიქონზე, სწავლება სწავლებაზე“, სანამ არ გავიგებთ ყველაფერს (იხ. იგავები 28:5; 2 ნეფი 28:30; მოძღვრება და აღთქმები 88:67; 93:28).

  29. იხ. 1 იოანე 1:9–10; 2:1–2.

  30. როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „არაფერია უფრო გამათავისუფლებელი, უფრო გამამხნევებელი და უფრო გადამწყვეტი ჩვენი ინდივიდუალური პროგრესისთვის, ვიდრე მონანიებაზე გაკეთებული რეგულარული, ყოველდღიური აქცენტი. მონანიება არ არის მოვლენა; ეს პროცესია. ეს არის ბედნიერებისა და გონებაში სიმშვიდის გასაღები. რწმენასთან შერწყმული მონანიებით ჩვენ ხელი მიგვიწვდება იესო ქრისტეს გამომსყიდველ ძალაზე“.(“We Can Do Better and Be Better,” Liahona, მაისი 2019, 67).

  31. მე არ ვიცი ყველა მიზეზი, რის გამოც ღმერთი არ გვაძლევს ზოგიერთ მარადიულ ჭეშმარიტებას, მაგრამ უხუცესმა ორსონ ფ. უიტნიმ მოგვაწოდა საინტერესო აზრი: „კურთხეულია რწმენა, როცა არ გინახავს და გწამს, რადგან რწმენის გამოვლენით მოდის სულიერი განვითარება, ადამიანის მიწიერი არსებობის ერთ-ერთი უდიდესი რამ; ხოლო ცოდნა, რწმენის შთანთქმით, ხელს უშლის მის გამოვლენას, რითაც აფერხებს მის განვითარებას. „ცოდნა ძალაა“ და ყოველივე თავის დროს გახდება ცნობილი. მაგრამ ნაადრევი ცოდნა ანუ დროზე ადრე ცოდნის განდობა არის ფატალური წინსვლისთვისაც და ბედნიერებისთვისაც“ („The Divinity of Jesus Christ,” Improvement Era, Jan. 1926, 222; see also Liahona, Dec. 2003, 14–15).

  32. იხ. მოძღვრება და აღთქმები 76:5-10. როგორც უფალმა დამოძღვრა ჰაირამ სმითი: „ნუ ეცდები ჩემი სიტყვის გამოცხადებას, არამედ ეცადე მიიღო ჩემი სიტყვა. … იყავი ჩუმად [და] შეისწავლე ჩემი სიტყვა“ (მოძღვრება და აღთქმები 11:21–22. წინასწარმეტყველი ალმა გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა კითხვებზე პასუხს ვერ ვიღებთ: „ეს საიდუმლოებანი მთლად ბოლომდე არ არის ჩემთვის ცნობილი; ამიტომ, მე თავს შევიკავებ“. (ალმა 37:11). მან ასევე აუხსნა თავის შვილს, კორიანტონს, რომ „არსებობს მრავალი საიდუმლო, რომელიც ინახება, ამიტომ არავინ არ იცის მათზე, თვით ღმერთის გარდა“ (ალმა 40:3). მე ასევე ნეფის პასუხმა მომცა ძალა, როცა მას დაუსვეს კითხვა, რომელზედაც მას პასუხი არ ჰქონდა: „ვიცი, რომ [ღმერთს] უყვარს თავისი შვილები; მიუხედავად ამისა, მე არ ვიცი ყველაფრის არსი“. (1 ნეფი 11:17).

  33. ამის მსგავსად, კულტურის ტრადიციები ასევე არ არის მოძღვრება ან პოლიტიკა. ისინი შეიძლება იყოს სასარგებლო, თუ დაგვეხმარება დოქტრინისა და პოლიტიკის დაცვაში, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ შეაფერხონ ჩვენი სულიერი ზრდა, თუ ისინი არ არის დაფუძნებული ჭეშმარიტ პრინციპებზე. ჩვენ უნდა თავი ავარიდოთ ტრადიციებს, რომლებიც არ აძლიერებენ ჩვენს რწმენას იესო ქრისტეში ან არ გვეხმარებიან მარადიული ცხოვრებისკენ სვლაში.

  34. იხ. მოძღვრება და აღთქმები 15:5; 88:77-78.

  35. იხ. მოძღვრება და აღთქმები 50:21-23.

  36. ადაპტირებულია დოკუმენტიდან “Principles for Ensuring Doctrinal Purity,” პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის მიერ მიღებული 2023 წ. თებერვალში.

  37. იხ. 1 ნეფი 15:14. უფალმა უბრძანა თავის მსახურებს, თავი აერიდებინათ დებულებებისგან და ცნებებისგან, რომლებიც არ არის მთავარი მის სახარებაში: „და საფუძვლებზე არ ილაპარაკო, არამედ აუწყე მონანიება, რწმენა მხსნელში და ცოდვების მიტევება ნათლობითა და ცეცხლით, დიახ, სულიწმინდითაც კი“ (მოძღვრება და აღთქმები 19:31

    უხუცესმა ნილ ლ. ანდერსენმა აგვიხსნა: „მოდით, ყოველთვის ვიქონიოთ ყურადღება მხსნელ იესო ქრისტეზე და მისი გამოსყიდვის მსხვერპლის ძღვენზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების გამოცდილების ან სხვისი აზრების გაზიარება. შეიძლება ჩვენი თემა უკავშირდებოდეს ოჯახებს, მსახურებას, ტაძრებს ან მისიას, მაგრამ ყველაფერი … უნდა მიმართული იყოს უფალ იესო ქრისტეზე“ (“ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე,” Liahona, ნოემბერი 2020, 89–90).

  38. იხ. მოძღვრება და აღთქმები 28:2-3, 8. წინასწარმეტყველმა ალმამ დამოძღვრა ზეთცხებულები სახარების ქადაგებასთან დაკავშირებით: „არ ესწავლებინათ სხვა არაფერი იმის გარდა, რასაც თვითონ ასწავლიდა და რაც ნათქვამი იყო წმინდა წინასწარმეტყველების პირით“ (მოსია 18:19).

    პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა განაცხადა: „ჩვენ უნდა ვასწავლოთ ეკლესიის ფუნდამენტური დოქტრინები, როგორც ეს მოცემულია თვალსაჩინო ნაშრომებში და წინასწარმეტყველთა სწავლებებში, რომელთა პასუხისმგებლობაა მოძღვრების გამოცხადება“.(“The Lord Will Multiply the Harvest” [evening with a General Authority, Feb. 6, 1998], in Teaching Seminary: Preservice Readings [2004], 96).

    უხუცესი დ. ტოდ კრისტოფერსონი მოწმობდა, რომ „დღეს ეკლესიაში, ისევე როგორც ძველად, ქრისტეს მოძღვრების დამკვიდრება ან დოქტრინალური გადახრების გამოსწორება არის ღვთაებრივი გამოცხადების საკითხი მათთვის, ვისაც უფალი ანიჭებს სამოციქულო უფლებამოსილებას“ (“ქრისტეს მოძღვრება,” 86).

  39. იხ. 2 კორინთელთა 13:1; 2 ნეფი 11:3; ეფერი 5:4; მოძღვრება და აღთქმები 6:28. უხუცესმა ნილ ლ. ანდერსენმა თქვა: „ზოგი დააყენებს ეჭვქვეშ თავიანთ რწმენას, როდესაც აღმოაჩენს ეკლესიის ხელმძღვანელის მიერ ათწლეულების წინ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს მოძღვრებას. არსებობს მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც ეკლესიის მოძღვრებას მართავს. მოძღვრებას ასწავლიან პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის 15 წევრი. ის არ არის დამალული ერთი გამოსვლის ბუნდოვან აბზაცში. ჭეშმარიტი პრინციპები ისწავლება ხშირად და მრავალი ადამიანის მიერ. ჩვენი მოძღვრების პოვნა რთული არ არის“ („Trial of Your Faith,” Liahona, Nov. 2012, 41).

    უხუცესი დ. ტოდ კრისტოფერსონი ანალოგიურად ასწავლიდა: „უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის ხელმძღვანელის ყოველი განცხადება - წარსულში თუ აწმყოში, აუცილებლად არ წარმოადგენს მოძღვრებას. ეკლესიაში საყოველთაოდ ესმით, რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე ერთი ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება ხშირად წარმოადგენს პირად, თუმცა კარგად გააზრებულ მოსაზრებას, რომელიც არ არის ოფიციალური ან სავალდებულო მთელი ეკლესიისთვის“ქრისტეს მოძღვრება,” 88).

  40. იხ. 3 ნეფი 11:32, 40. პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ თქვა: „ადრე ვისაუბრე ეკლესიის მოძღვრების სიწმინდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. … მე ეს მაღელვებს. დოქტრინალურ სწავლებაში მცირე გადახრებმა შეიძლება გამოიწვიოს დიდი და ბოროტი სიცრუე“(Teachings of Gordon B. Hinckley [1997], 620).

    პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა გაგვაფრთხილა, რომ არიან ისეთნი, „რომლებიც ირჩევენ რამდენიმე წინადადებას წინასწარმეტყველის სწავლებებიდან და იყენებენ მათ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის ან სხვა პირადი მიზნების მხარდასაჭერად. … წინასწარმეტყველის სიტყვების გაუკუღმართება პირადი დღის წესრიგის მხარდასაჭერად, პოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა, ნიშნავს წინასწარმეტყველის მანიპულირების მცდელობას და არა მისთვის ყურის დაგდებას“ (“Our Strengths Can Become Our Downfall” [Brigham Young University fireside, June 7, 1992], 7, speeches.byu.edu).

    პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა გაგვაფრთხილა: „მოძღვრება აღწევს თავის ძალას მაშინ, როდესაც სულიწმინდა ადასტურებს მის ჭეშმარიტებას. … რადგან ჩვენ გვჭირდება სულიწმინდა, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არ გავცდეთ ჭეშმარიტი მოძღვრების სწავლებას. სულიწმინდა არის ჭეშმარიტების სული. მისი დადასტურება მოდის მაშინ, როდესაც ვერიდებით ჩვენს პირად აზრებს და განმარტებებს. ეს შეიძლება ძნელი გასაკეთებელი იყოს. … არის იმის ცდუნება, რომ ვცადოთ რაიმე ახალი ან სენსაციური. მაგრამ ჩვენ მოვიწვევთ სულიწმინდას როგორც თანამონაწილეს, როდესაც ფრთხილად ვასწავლით მხოლოდ ჭეშმარიტ მოძღვრებას. ყველაზე საიმედო გზა იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ან საერთოდ არ მივუახლოვდეთ მცდარ მოძღვრებას, არის ის, რომ სწავლებისას შევეცადოთ ვიყოთ უბრალონი. ამ უბრალოებით უსაფრთხოებას ვაღწევთ და მწირს ვკარგავთ“ (“The Power of Teaching Doctrine,” Liahona, July 1999, 86).

    უხუცესმა დეილ გ. რენლანდმა გვასწავლა: „უფრო ღრმა წვდომის ძიება ჩვენი სულიერი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ გთხოვთ, იყავით ფრთხილად. მიზეზი ვერ შეცვლის გამოცხადებას. მოსაზრებები არ მიგვიყვანს უფრო დიდ სულიერ ცოდნამდე, მაგრამ შეიძლება მიგვიყვანოს მოტყუებამდე ან გადაიტანოს ჩვენი ყურადღება გამოცხადებულიდან“.(“Your Divine Nature and Eternal Destiny,” Liahona, მაისი 2022, 70).

  41. იხილეთ მათე 23:23. პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ. სმითმა გააფრთხილა: „ძალიან უგუნურია ჭეშმარიტების ფრაგმენტის აღება და მისი განხილვა ისე, თითქოს ეს ყველაფერი იყოს. … ქრისტეს სახარების ყველა გამოცხადებული პრინციპი აუცილებელი და არსებითია ხსნის გეგმაში“. მან შემდგომ განმარტა: „არც კარგი პოლიტიკაა და არც ჯანსაღი დოქტრინა, ავიღოთ რომელიმე მათგანი, გამოვყოთ იგი სახარების ჭეშმარიტების მთელი გეგმიდან, გავხადოთ იგი განსაკუთრებულ ჰობად და მასზე ვიყოთ დამოკიდებული ჩვენი გადარჩენისა და წინსვლისთვის. … ყველა აუცილებელია“, (Gospel Doctrine, 5th ed. [1939], 122).

    უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა აგვიხსნა: „სახარების პრინციპები … მოითხოვს სინქრონიზაციას. როცა ისინი ერთმანეთისგან განცალკევებული ან იზოლირებულია, ადამიანების მიერ ამ დოქტრინების ინტერპრეტაციები და გამოყენება შეიძლება ველური იყოს. სიყვარული, თუ ის არ არის შემოწებული მეშვიდე მცნებაზე, შეიძლება ხორციელი გახდეს. მეხუთე მცნებაში მშობლების პატივისცემაზე გაკეთბულმა აქცენტმა, თუ ის არ შემოწმდა პირველი მცნებით, შეიძლება გამოიწვიოს უპირობო ერთგულება ცოდვილი მშობლების მიმართ და არა ღმერთის მიმართ. … მოთმინებაც კი გაწონასწორებულია „დროულად მკაცრი საყვედურით, როდესაც ეს არის სულიწმინდით შთაგონებული“ [მოძღვრება და აღთქმები 121:43]” (“Behold, the Enemy Is Combined,” Ensign, May 1993, 78–79).

    პრეზიდენტმა მარიონ გ. რომნიმ დაგვმოძღვრა: [წმინდა წერილების] ძიება იმ მიზნით, რომ აღმოვაჩინოთ ის, რასაც ისინი ასწავლის, როგორც იესომ დაგვიტოვა, შორს არის იმისგან, რომ ვეძებოთ ამონარიდები, რომლების გამოყენება შესაძლებელი იქნება წინასწარ განსაზღვრული დასკვნის მხარდასაჭერად. (“Records of Great Worth,” Ensign, Sept. 1980, 3).

  42. იხ. 1 კორინთელთა 2:4; მორონი 6:9. უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა ხაზი გაუსვა იესო ქრისტეს სახარების გადმოცემის აუცილებლობას, რომელიც მიგვიყვანს სულიერ აღზრდამდე სულიწმინდის ძალით: „უფალს არასოდეს მიუცია ეკლესიისთვის იმაზე მტკიცე რჩევა, ვიდრე ის, რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ სახარება „სულის მეშვეობით, თავად ნუგეშისმცემლი, რომელიც მოვლენილ იქნა ჭეშმარიტების სასწავლებლად“. ჩვენ სახარებას „ჭეშმარიტების სულით“ ვასწავლით? გვკითხა მან. თუ „რაიმე სხვაგვარად“ ვასწავლით მას? „და თუ ეს იქნება სხვაგვარად“ იგი გვაფრთხილებს „მაშინ ეს არ არის ღმერთისგან“ [მოძღვრება და აღთქმები 50:14, 17–18]. … არანაირი მარადიული სწავლა არ შეიძლება განხორციელდეს ზეციდან სულის გაცოცხლების გარეშე. … და ეს არის ის, რაც ჩვენს წევრებს სურთ. … მათ სურთ რწმენის განმტკიცება და იმედის განახლება. მათ სურთ, მოკლედ რომ ვთქვათ, საზრდოობდნენ ღვთის კეთილი სიტყვით, ზეციური ძალებით გაძლიერება“ (A Teacher Come from God,” Ensign, May 1998, 26).

  43. იხ. ალმა 13:23. ჩვენს მამაზეციერზე საუბრისას, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა დაამოწმა: „იგი გვესაუბრება უბრალოდ, ჩუმად და ისეთი საკვირველი უბრალოებით, რომ შეუძლებელია ვერ გაუგო მას“ (“უსმინე მას!,” Liahona, მაისი 2020, 89).

  44. იხ. ფსალმუნი 25:3; რომაელთა 13:10; 1 კორინთელთა 13:1–8; 1 იოანე 3:18.

  45. იხ. ფსალმუნი 39:12.

  46. იხ. რომაელთა 8:16.

  47. იხ. 1 მეფეთა 2:3; მათე 6:8; 2 ნეფი 2:24; 9:20.

  48. იხ. დაბადება 17:1; იერემია 32:17; 1 ნეფი 7:12; ალმა 26:35.

  49. იხ. იერემია 31:3; 1 იოანე 4:7–10; ალმა 26:37.

  50. იხ. 2 ნეფი 9; მოძღვრება და აღთქმები 20:17–31; მოსე 6:52–62.

  51. იხ. იოანე 3:16; 1 იოანე 4:9-10.

  52. იხ. იოანე 8:29; 3 ნეფი 27:13.

  53. იხ. იოანე 15:12; 1 იოანე 3:11.

  54. იხ. ლუკა 22:39-46.

  55. იხ. იოანე 19:16-30.

  56. იხ. იოანე 20:1-18.

  57. იხ. 1 კორინთელთა 15:20-22.; მოსია 15:20–24; 16:7–9; მოძღვრება და აღთქმები 76:16–17.

  58. იხ. საქმე 11:17–18; 1 ტიმოთე 1:14–16; ალმა 34:8–10; მორონი 6:2–3, 8; მოძღვრება და აღთქმები 19:13–19.

  59. იხ. მათე 11:28–30; 2 კორინთელთა 12:7–10; ფილიპელთა 4:13; ალმა 26:11–13.

  60. იხ. მათე 16:18-19; ეფესელთა 2:20.

  61. იხ. მათე 24:24; საქმე 20:28-30.

  62. იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:1–4; 21:1–7; 27:12; 110; 135:3; ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:1–20.

  63. იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:14, 38; 43:1–7; 107:91–92.

ამობეჭდვა