გენერალური კონფერენცია
ძე შეცთომილი და შინ მიმავალი გზა
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ძე შეცთომილი და შინ მიმავალი გზა

გინდაც თქვენმა არჩევანმა დაგაშოროთ მაცხოვარსა და მის ეკლესიას, ოსტატი მკურნალი შინ მიმავალ გზაზე დგას და სიხარულით გელით.

ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა

ზოგიერთი ადამიანი ამას ყველაზე დიდებულ მოკლე ამბავს უწოდებს.1 რადგან იგი მთელ მსოფლიოში ათასობით ენაზე ითარგმნა, სავსებით შესაძლებელია, რომ ბოლო ორი ათასწლეულის განმავლობაში მზე არ ჩასულა ისე, რომ დედამიწის რომელიმე კუთხეში ეს ამბავი არ ეხსენებინათ.

ის ჩვენმა მხსნელმა და გამომსყიდველმა, იესო ქრისტემ, მოგვიყვა, რომელიც მოევლინა დედამიწაზე „ დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად“.2 ის ამ უბრალო სიტყვებით იწყებს: „ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა“.3

და მაშინვე გულსატკენი კონფლიქტის შესახებ შევიტყობთ. ერთი ვაჟი4 ეუბნება მამას, რომ შინ ცხოვრება აღარ სურს. მას თავისუფლება უნდა. მას სურს, უკან მოიტოვოს თავისი მშობლების კულტურა და სწავლება. და ითხოვს თავისი მემკვიდრეობის წილს, თანაც ახლა.5

ხომ წარმოგიდგენიათ მამის გრძნობები, ეს რომ გაიგონა? როცა გაიგო, რომ შვილს ყველაზე მეტად სურდა, ოჯახი დაეტოვებინა და სავარაუდოდ, აღარ დაბრუნებულიყო?

დიდი თავგადასავალი

ალბათ ვაჟი თავგადასავლების მოლოდინისგან და მღელვარებისგან თრთოდა. როგორც იქნა, დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებდა. ახლა, ბავშბობაში შესწავლილი კულტურის პრინციპებისა და წესებისგან თავისუფალს, მას როგორც იქნა, შეეძლო მშობლების გავლენის გარეშე გაეკეთებინა საკუთარი არჩევანი. მორჩა დანაშაულის გრძნობა. მას შეეძლო თანამოაზრეთა მიერ მიღებით ტკბობა და საკუთარი პირობებით ცხოვრება.

უცხო ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე მან უცებ გაიჩინა ახალი მეგობრები და დაიწყო ისეთი ცხოვრებით ცხოვრება, რომელზედაც ყოველთვის ოცნებობდა. ალბათ მრავალმა ადამიანმა შეიყვარა იგი, რადგან ფულს თავისუფლად ხარჯავდა. მისი მეგობრები - „შეცთომილობის“ მიმღებები, არ განიკითხავდნენ მას. ისინი ზეიმობდნენ, ტაშს უკრავდნენ და მხარს უჭერდნენ მის არჩევანს.6

იმ დროს სოც. ქსელები რომ ყოფილიყო მას, რა თქმა უნდა, უამრავი სურათი ექნებოდა დადებული გაცინებულ მეგობრებთან ერთად: #აიცხოვრება! #უბედნიერესივარ! #ესდიდიხნისწინუნდაგამეკეთებინა!

შიმშილობა

მაგრამ წვეულება დიდხანს არ გაგრძელებული - და არც არასოდეს გრძელდება დიდხანს. ორი რამ მოხდა: პირველი - მას ფული გამოელია და მეორე: ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო.7

სიტუაცია რომ გაუარესდა იგი პანიკამ შეიპყრო. ოდესღაც შეუჩერებელ, ხალისიან ბედოვლათს ახლა ერთი სადილის ფული არ ჰქონდა, რომ აღარაფერი ვთქვათ საცხოვრებელზე. როგორ გადარჩებოდა?

ის ისეთი გულუხვი იყო მეგობრებთან, ახლა დაეხმარებოდნენ ისინი? წარმომიდგენია, როგორ სთხოვდა მცირე დახმარებას - ერთჯერადს, სანამ ფეხზე დადგებოდა.

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ „არავინ არაფერს აძლევდა“.8

სასოწარკვეთილი, ის ადგილობრივ ფერმერთან მივიდა, რომელმაც ღორების საძოვებლად დაიქირავა.9

უკიდურესად მშიერი, მიტოვებული და მარტო, ახალგაზრდას ალბათ უკვირდა, როგორ საშინლად, შემაძრწუნებლად უკუღმართად წაუვიდა საქმე.

მას მხოლოდ ცარიელი კუჭი არ აწუხებდა. სულის სიცარიელე ღრღნიდა. ის ხომ დარწმუნებული იყო, რომ ამქვეყნიური სურვილების დაკმაყოფილება გააბედნიერებდა, რომ მორალური კანონები ამ ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენდა. ახლა კი ისწავლა ჭკუა. მაგრამ რის ფასად!10

ფიზიკური და სულიერი შიმშილობის მატებასთან ერთად იგი ფიქრებში მამას უბრუნდებოდა. დაეხმარებოდა ის ახლა, მას შემდეგ, რაც მოხდა? მამამისის ყველაზე ღარიბ მოჯამაგირეს საკვები და თავზე ჭერი ჰქონდა.

მამას დავუბრუნდე?

არა, არასოდეს.

როგორ გამოვუტყდე თანასოფლელებს, რომ მემკვიდრეობა გავფლანგე?

გამორიცხულია.

როგორ შეხედოს მეზობლებს, რომლებიც აფრთხილებდნენ, რომ ის ოჯახს არცხვენდა და მშობლებს გულს უკლავდა? როგორ დაბრუნდეს ძველ მეგობრებთან მას შემდეგ, რაც ტრაბახობდა, რომ თავისუფალი გახდა?

ო, რა აუტანელი იყო ეს.

მაგრამ შიმშილი, მარტოობა და სინანულის გრძნობა არ ტოვებდა მას. სანამ ის „გონს [არ] მოეგო.11

მან იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.

დაბრუნება

მოდით დავუბრუნდეთ მამას, სახლის გულგატეხილ პატრონს. რამდენი ასეული, შესაძლოა ათასობით საათი გაატარა მან შვილზე ფიქრში?

რამდენჯერ გაიხედა იმ გზაზე, რომლითაც მისი შვილი სახლიდან წავიდა და გამოავლინა დანაკარგის ის მწარე გრძნობა, რომელიც განიცადა, როცა მისი შვილი სახლიდან მიდიოდა? რამდენს ლოცულობდა გვიან ღამით, ევედრებოდა ღმერთს, რომ მისი შვილი უსაფრთხოდ ყოფილიყო, რომ აღმოაჩინა ჭეშმარიტება და დაბრუნდებულიყო?

და შენდეგ, ერთხელ მამამ იმ მიტოვებულ გზას გახედა -შინ მიმავალ გზასდა მოშორებით მისკენ მიმავალი ადამიანი დაინახა.

ნუთუ ეს შესაძლებელი იყო?

მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანი ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო, მამა იმწამსვე დარწმუნდა, რომ ეს მისი შვილი იყო.

ის მისკენ მირბის, ეხვევა და კოცნის.12

„მამა“ - წამოიძახა შვილმა. ეს სიტყვები ალბათ ათასჯერ ჰქონდა გამეორებული წარსულში. „შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი“!13

მაგრამ მამამ სიტყვა გააწყეტინა. აცრემლებული თვალებით მან უბრძანა მსახურებს: „მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით. გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. ჩემი ვაჟი დაკარგული იყო და გამოჩნდა“!14

ზეიმი

ჩემს კაბინეტში ჰკიდია გერმანელი მხატვრის, რიჩარდ ბურდეს, სურათი. მე და ჰარიეტს ძალიან გვიყვარს ეს სურათი. იგი ასახავს ერთ ნაზ სცენას მაცხოვრის იგავიდან უფრო ღრმა პერსპექტივით.

გამოსახულება
ძე შეცთომილის დაბრუნება, რიჩარდ ბურდეს სურათი.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველას უხარია შვილის დაბრუნება, არის ერთი, რომელსაც არ უხარია - მის უფროს ძმას.15

მას ემოციური ტვირთი ამძიმებს.

ის ხომ იქ იმყოფებოდა, როცა ძმამ თავისი მემკვიდრეობა მოითხოვა. ის ხომ მამის მწუხარების პირველი შემსწრე იყო.

ძმის წასვლის შემდეგ ის ცდილობდა მამის ტვირთის შემსუბუქებას. ყოველ დღე ის მუშაობდა, რომ გულგატეხილი მამა გაემხნევებინა.

ახლა კი უგუნური შვილი დაბრუნდა და ხალხი მისი მეამბოხე ძმის მიმართ ამდენ ყურადღებას იჩენდა.

„აგერ, რამდენი წელია გემსახურები“ - უთხრა მამას, „არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ. და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარულა“.16

მოსიყვარულე მამა კი პასუხობს: „შვილო, რაც კი მაქვს, შენია. ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჯილდოსთან ან ზეიმთან. ეს განკურნებას ეხება. ეს არის ის მომენტი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ველოდებოდით. შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა! დაკარგული იყო და გამოჩნდა“17.

სადღეისო იგავი

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ძვირფასო მეგობრებო, ეს იგავი, ისევე როგორც მხსნელის ყველა იგავი, არ ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელბიც დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ. ეს მე და თქვენ გვეხება.

რომელი ჩვენგანი არ გადასულა სიწმინდის გზიდან, უგუნურად ფიქრობდა რა, რომ უფრო მეტი ბედნიერების პოვნა შეეძლო მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრის გზით?

ჩვენ შორის ვის არ დაუმდაბლებია თავი, არ ყოფილა გულგატეხილი და სასოწარკვეთილი არ ეძებდა მიტევებასა და წყალობას?

იქნებ გვიფიქრია კიდეც: „შესაძლებელია უკან დაბრუნება? ჩემი ყოფილი მეგობრები სამუდამოდ მიმაწებებენ იარლიყს, უარმყოფენ და თავს ამარიდებენ? იქნებ აჯობებს, დაკარგულად ვითვლებოდე? ღმერთის თვალში როგორია ჩემი დაბრუნება“?

ეს იგავი ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს.

ჩვენი მამაზეციერი ჩვენს შესახვედრად გამოიქცევა, მისი გული სიყვარულითა და მოყალებით აივსება. ის გადაგვეხვევა, სამოსს ჩაგვაცმევს, თითზე ბეჭედს გაგვიკეთებს, ფეხზე სანდლებს ჩაგვაცმევს და წამოიძახებს: „დღეს ვიზეიმებთ“! ჩემი შვილის გამო, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა“!

ზეცა გაიხარებს ჩვენი დაბრუნების გამო.

ენით აღუწერელი სიხარული და დიდებით აღვსილი

ახლა ნება მიბოძეთ, პირადად მოგმართოთ.

რაც არ უნდა მომხდარიყო წარსულში, მე ვიმეორებ და ვაცხადებ ჩემი საყვარელი მეგობრის, მოციქულის, უხუცეს ჯეფრი რ. ჰოლანდის სიტყვებს: „შეუძლებელია ჩაიძიროთ იმაზე ქვემოთ, ვიდრე ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის უსაზღვრო შუქი ანათებს“.18

გინდაც თქვენმა არჩევანმა დაგაშოროთ მაცხოვარსა და მის ეკლესიას, ოსტატი მკურნალი შინ მიმავალ გზაზე დგას და სიხარულით გელით. ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, ვეძიებთ მისი მაგალითის მიბაძვას და თქვენს, როგორც დების, ძმებისა და მეგობრების, მიღებას. ჩვენ ვხარობთ და ვზეიმობთ თქვენთან ერთად.

თქვენი დაბრუნებით სხვებს კურთხევები არ მოაკლდება. რადგან მამის სიუხვე უსასრულოა და ის, რაც ერთს ეძლევა, ოდნავადაც არ ამცირებს სხვების პირმშობის უფლებას.19

მე არ ვიტყვი, რომ დაბრუნება ადვილი საქმეა. შემიძლია დაგიმოწმოთ ეს. ფაქტობრივად, ეს შეიძლება ყველაზე რთული არჩევანი იყოს თქვენს ცხოვრებაში.

მაგრამ მე ვმოწმობ, რომ იმ მომენტში, როცა დაბრუნებას და თქვენი მხსნელისა და გამომსყიდველის კვალზე სიარულს გადაწყვეტთ, მისი ძალა შემოვა თქვენს ცხოვრებაში და თქვენ გარდაიქმნებით.20

ანგელოზები ზეცაში გაიხარებენ.

და ჩვენც, თქვენი ოჯახი ქრისტეში. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, იყო „შეცთომილი“. ჩვენ ყოველდღიურად ვეყრდნობით ქრისტეს გამომსყიდველ ძალას. ჩვენ ვიცით ეს გზა და ჩვენ თქვენთან ერთად ვივლით.

ჩვენი გზა არ იქნება მწუხარების, დარდისა და სევდისგან თავისუფალი. მაგრამ ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით, „რომ არა ქრისტეს სიტყვა, მასში ურყევი რწმენა, სრული ნდობა მისი მადლისადმი, რომელსაც აქვს ხსნის ძალა“. და ერთად ჩვენ „წინ უნდა [მივისწრაფოდეთ], სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სრულყოფილი ნათელით და ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით“.21 ერთად ჩვენ გავიხარებთ „გამოუთქმელი და დიდი სიხარულით“,22 რადგან იესო ქრისტე ჩვენი ძალაა!23

მე ვლოცულობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მოისმინოს, ამ ღრმა იგავში, მამის ხმა, რომელიც მოგვიწოდებს, დავადგეთ შინ მიმავალ გზას, რათა გვქონდეს გამბედაობა მოვინანიოთ, მივიღოთ პატიება და მივყვეთ გზას, რომელიც აგვაბრუნებს ჩვენს მოწყალე, თანაგრძნობით სავსე ღმერთთან. მე ამაზედ ვმოწმობ და გლოცავთ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ლუკა 15მოცემული იგავი არის ერთ-ერთი იმ სამი იგავიდან (დაკარგულ ცხვარზე, დაკარგულ ვერცხლზე და უძღებ შვილზე) რომელიც გვიჩვენებს დაკარგულის ფასს და სიხარულს, რომელიც მის პოვნას მოჰყვება.

  2. ლუკა 19:10.

  3. ლუკა 15:11.

  4. ეს ვაჟი ალბათ ახალგაზრდა იყო. ის დაოჯახებული არ იყო, რაც მის ახალგაზრდა ასაკზე მეტყველებს, მაგრამ არც იმდენად ახალგაზრდა იყო, რომ თავისი მემკვიდრეობა არ მოეთხოვა და სახლიდა არ წასულიყო.

  5. ებრაული კანონისა და ტრადიციისამებრ, უფროს ვაჟს მამის მემკვიდრეობის ორი მესამედი ეკუთვნოდა. უმცროსი შვილი, მაშასადამე, ერთ მესამედს მიიღებდა. იხ. მეორე რჯული 21:17.

  6. იხ. ლუკა 15:13.

  7. იხ. ლუკა 15:14.

  8. ლუკა 15:16.

  9. ებრაელები ღორს უწმიდურ ცხოველად თვლიდნენ (იხ. მეორე რჯული 14:8) და ეს შეურაცმყოფელი იყო. ებრაული მორწმუნე არ იყოლიებდა ღორებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის უცნობი წარმართი იყო. აქედანვე ჩანს, რაოდენ შორს წავიდა ახალგაზრდა ებრაელთა თემიდან.

  10. უხუცესი ნილ ა. მაქსველი გვასწავლიდა: „რა თქმა უნდა, სჯობს, თავი დავიმდაბლოთ, რადგან ისინი უფრო კურთხეულნი არიან, რომლებიც ჭეშმარიტად თავს იმდაბლებენ სიტყვის გამო და არა იძულებით.(იხ. ალმა 32:13-14). სიმშილობას შეუძლია გაზარდოს სულიერება“ (The Tugs and Pulls of the World“, Liahona, Jan. 2001, 45).

  11. ლუკა 15:17.

  12. იხ. ლუკა 15:20.

  13. იხ. მორმონი 15:18-19, 21.

  14. იხ. ლუკა 15:22-24.

  15. გახსოვთ, უმცროსმა შვილმა უკვე მიიღო თავისი მემკვიდრეობა. უფროსისთვის ეს იმას ნიშნავდა, რომ დანარჩენი მას ეკუთვნოდა. უმცროსი შვილისთვის რამის მიცემა ნიშნავდა იმას, რომ შინ დარჩენილი ვაჟისგან უნდა აეღოთ.

  16. იხ. ლუკა 15:29.

  17. იხ. ლუკა 15:31-32.

  18. Jeffrey R. Holland, “The Laborers in the Vineyard,” Liahona, May 2012, 33.

  19. ის, რაც ერთს ეძლევა, ოდნავადაც არ ამცირებს სხვების პირმშოობის უფლებას. მხსნელი ასწავლიდა ამ დოქტრინას, როცა მათ 20:1-16-ში მოგვითხრო იგავი მუშაკების შესახებ.

  20. იხ. ალმა 34:31.

  21. 2 ნეფი 31:19-20

  22. 1 პეტრე 1:8.

  23. იხ. ფსალმუნი 28:7.

ამობეჭდვა