გენერალური კონფერენცია
იაზროვნეთ ცელესტიალურად!
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


იაზროვნეთ ცელესტიალურად!

თქვენი არჩევანი განაპირობებს იმას, სად იცხოვრებთ მარადისობაში, რა ტიპის სხეულს მიიღებთ აღდგომის შემდეგ და ვისთან ერთად იცხოვრებთ მარადჟამს.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მე ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, სიტყვით მოგმართოთ. ჩემს ასაკში ყოველ დღეს მოაქვს როგორც საოცარი ისე გამოწვევებით სავსე სიურპრიზები. სამი კვირის წინ ზურგის კუნთები დავიზიანე. 100-ზე მეტი გამოსვლა გენერალურ კონფერენციაზე ფეხზე დგომით ჩავატარე, დღეს კი ვზივარ და ისე მოგმართავთ. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ სულიწმინდამ ჩემი სიტყვები თქვენს გულამდე მიიტანოს.

მე ახლახან ჩემი 99 წლის იუბილე აღვნიშნე და ამით დავიწყე ჩემი ცხოვრების მე-100 წელი. ხშირად მეკითხებიან ასეთი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს. უფრო კარგი იქნებოდა ეკითხათ, რა ვისწავლე თითქმის ერთსაუკუნოვანი ცხოვრების განმავლობაში?

დღეს არ მექნება საკმარისი დრო იმისთვის, რომ სრული პასუხი გაგცეთ ამ კითხვაზე, მაგრამ მსურს გაგიზიაროთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ვისწავლე.

მე ვისწავლე, რომ მამაზეციერის გეგმა საოცარია, რომ რასაც ამ ცხოვრებაში ვაკეთებთ ნამდვილად აქვს მნიშვნელობა და რომ მხსნელის გამოსყიდვა არის ის, რაც ჩვენი მამის გეგმას შესაძლებელს ხდის.1

როდესაც ახლახანს მიღებული ტრავმით გამოწვეულ ძლიერ ტკივილს ვებრძოდი, ვიგრძენი კიდევ უფრო ღრმა მადლიერება იესო ქრისტეს და მისი გამოსყიდვის ძღვენის მიმართ, რომელსაც გონებით ვერ ჩასწვდები. დაფიქრდით ამაზე! მხსნელმა აიტანა „ყველანაირ[ი] ტკივილ[ი] და ტანჯვ[ა] და ცდუნებ[ა],2 რათა შეძლებოდა ჩვენი ნუგეშისცემა, განკურნება და საჭირო დროს გადარჩენა.3 იესო ქრისტემ აღწერა თავისი გამოცდილება გეთსიმანიაში და გოლგოთაზე: „ტანჯვ[ამ], რომელმაც მე, თავად ღმერთი, ყველაზე დიადი, მაიძულა ტკივილისგან მეკანკალა, სისხლი წამომსვლოდა ყოველი ფორიდან“.4 ტრავმამ მაიძულა, კვლავ და კვლავ მეფიქრა „ისრაელის წმინდის სიდიადეზე“.5 ჩემი განკურნების დროს უფალმა გამოავლინა თავისი ღვთიური ძალა თავისი მშვიდობიანი, უტყუარი გზით.

იესო ქრისტეს უსაზღვრო გამოსყიდვის გამო ჩვენი მამაზეციერის გეგმა სრულყოფილი გეგმაა! ღმერთის საოცარი გეგმის წვდომა ცხოვრებას საიდუმლოს აშორებს, მომავალს კი - გაურკვევლობას. ეს ყოველ ჩვენგანს აძლევს საშუალებას ავირჩიოთ, როგორ ვიცხოვროთ დედამიწაზე და სად ვიცხოვრებთ მარადის. უსაფუძვლო მოსაზრება - „ჭამეთ, სვით და იმხიარულეთ, რადგან ხვალ მოვკვდებით; და ჩვენ კარგად ვიქნებით“6 არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული ტყუილი სამყაროში.

ღვთის გეგმის დიდებული სიახლე კი შემდეგია: ის, რაც თქვენს მოკვდავ ცხოვრებას საუკეთესოს ხდის, ზუსტად ისაა, რაც თქვენს ცხოვრებას მთელი მარადიულობის მანძილზე საუკეთესოს გახდის! დღეს, იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ღირსნი იმ მდიდარი კურთხევებისა, რომლებიც მამაზეციერს აქვს თქვენთვის, მე გიწვევთ „ცელესტიალური აზროვნების“7 პრაქტიკისკენ. ცელესტიალურად აზროვნება ნიშნავს სულიერად აზროვნებას. წინასწარმეტყველი იაკობი მორმონის წიგნიდან გვასწავლის, რომ „სულიერი აზროვნება არის მარადიული სიცოცხლე“.8

მოკვდავობა არის უდიდესი მარადიული მნიშვნელობის საკითხების არჩევის მასტერკლასი. უამრავი ადამიანი ცხოვრობს ისე, თითქოს ამ ცხოვრების იქით არაფერი არ არის. მაგრამ თქვენი დღევანდელი არჩევანი განაპირობებს იმას, სად იცხოვრებთ მარადისობაში, რა ტიპის სხეულს მიიღებთ აღდგომის შემდეგ და ვისთან ერთად იცხოვრებთ მარადჟამს. ასე რომ, იაზროვნეთ ცელესტიალურად!

ჩემს პირველ გზავნილში ეკლესიის ახალი პრეზიდენტის როლში მე მოგიწოდებდით, გონებაში ჯერ საბოლოო შედეგი გაგეაზრებინათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბოლოო მიზნად ცელესტიალური სასუფეველი უნდა დაისახოთ და შემდეგ ფრთხილად განიხილოთ მომავალი ცხოვრების პერსპექტივით, სად მიგიყვანთ დედამიწაზე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება.9

უფალმა ნათლად გვასწავლა, რომ მხოლოდ კაცები და ქალები, რომლებიც ჩაიბეჭდნენ ტაძარში როგორც ცოლ-ქმარი და რომლებიც იცავენ თავიანთ აღთქმებს, ერთად იქნებიან მარადისობაში. მან თქვა: „ყოველი აღთქმა, ხელშეკრულება, ვალდებულება, მოვალეობა, ფიცი, ღვთის წინაშე დაპირება, აღსრულება, შეთანხმება, კავშირი, ურთიერთობა ან მოლოდინი, რომელიც არ არის შედგენილი და არ არის შეთანხმებული და ჩაბეჭდილი აღთქმის წმინდა სულით, შეწყდება ადამიანის გარდაცვალებასთან ერთად“.10

ამიტომ, თუ ჩვენ ახლა უგუნურად ვირჩევთ ტელესტიალური კანონების მიხედვით ცხოვრებას, ჩვენ ვირჩევთ აღდგომას ტელესტიალური სხეულით. ამით ჩვენ ვირჩევთ, არ ვიცხოვროთ ოჯახებთან ერთად მარადისობაში.

ასე რომ, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, როგორ სად და ვისთან გსურთ ცხოვრება მარადისობაში? არჩევანი თქვენზეა.11

და არჩევისას გიწვევთ, გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროთ - მარადისობის თვალსაზრისით. პირველ ადგილზე დააყენეთ იესო ქრისტე, რადგან თქვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია თქვენს რწმენაზე მასში და მის გამოსყიდვაში.12 ეს ასევე დამოკიდებულია თქვენ მიერ მისი კანონების მორჩილებაზე. მორჩილება დღეს გიხსნით გზას მხიარული ცხოვრებისკენ, ხვალ კი - დიდებული, მარადიული ჯილდოსკენ.

როდესაც დილემის წინაშე აღმოჩნდებით, ცელესტიალურად იაზროვნეთ! როცა ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით - ცელესტიალურად იაზროვნეთ! როცა ცხოვრება ან საყვარელი ადამიანები გაწყენინებენ - ცელესტიალურად იაზროვნეთ! როცა ვინმე ნაადრევად გარდაიცვლება - ცელესტიალურად იაზროვნეთ. როცა ვინმე მძიმე სენით არის დაავადებული - ცელესტიალურად იაზროვნეთ. როცა ცხოვრების წნეხის ქვეშ აღმოჩნდებით - ცელესტიალურად იაზროვნეთ! როცა ჩემს მსგავსად უბედური შემთხვევისგან ან ტრავმისგან იკურნებით - ცელესტიალურად იაზროვნეთ!

და როცა ცელესტიალურ აზროვნებაზე ხართ ფოკუსირებულნი ელოდეთ წინააღმდეგობას.13 რამდენიმე ათწლეულის წინ კოლეგამ გამაკრიტიკა, რადგან ჩემში „მეტისმეტი ტაძარი“ იყო და არაერთმა ზედამხედველმა დამსაჯა ჩემი რწმენის გამო. მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ცელესტიალურმა აზროვნებამ ჩემი კარიერული ზრდა მოახდინა.

ცელესტიალური აზროვნება თანდათან გულს შეგიცვლით. გაგიჩნდებათ სურვილი, უფრო ხშირად და უფრო გულწრფელად ილოცოთ. თუმცა გთხოვთ, არ დაამსგავსოთ ლოცვა საყიდლების სიას. უფლის ხედვა იმდენად აღემატება თქვენს მიწიერ სიბრძნეს. თქვენს ლოცვებზე მისმა პასუხებმა შეიძლება გაგაოცონ და დაგეხმარონ ცელესტიალურ აზროვნებაში.

განვიხილოთ უფლის პასუხი ჯოზეფ სმითს, როდესაც ის ლიბერთის ციხეში შვებას ითხოვდა. უფალმა ასწავლა წინასწარმეტყველს, რომ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გამოცდილებას შესძენდა და მის სასარგებლოდ იქნებოდა.14 „და თუ მას კარგად გაუძლებ“, - დაპირდა უფალი, „ღმერთი აგამაღლებს.“15 უფალი ასწავლიდა ჯოზეფს, ეაზროვნა ცელესტიალურად, მარადიული ჯილდოს პერსპექტივით და არა იმ დღის მტანჯველ სირთულეებზე. ჩვენი ლოცვები შეიძლება და უნდა იყოს კიდეც ცოცხალი საუბარი მამაზეციერთან.

ცელესტიალური აზროვნებით თქვენ აღმოაჩენთ, რომ თავს არიდებთ ყველაფერს , რაც გართმევთ თავისუფალ არჩევანს. ნებისმიერი მავნე ჩვევა - აზარტული თამაშები, ვალები, ნარკოტიკები, ალკოჰოლი, წყრომა, პორნოგრაფია, სექსი და საკვებიც კი - შეურაცხყოფს ღმერთს. რატომ? იმიტომ, რომ თქვენი აკვიატება თქვენი ღმერთი ხდება. თქვენ ნუგეშისთვის მას შესცქერით და არა ღმერთს . თუ მავნე ჩვევას ებრძვით, ეძიეთ საჭირო სულიერი და პროფესიონალური დახმარება. გთხოვთ, ნუ მისცემთ აკვიატებას უფლებას, მოგპაროთ თავისუფლება - მიჰყვეთ ღვთის საოცარ გეგმას.

ცელესტიალური აზროვნება ასევე დაგეხმარებათ უბიწოების კანონის დამორჩილებაში. ცოტა რამ თუ გაართულებს თქვენს ცხოვრებას იმაზე სწრაფად, ვიდრე ამ ღვთაებრივი კანონის დარღვევა. მათთვის, ვინც ღმერთთან აღთქმა დადო, უზნეობა არის მოწმობის დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა.

მოწინააღმდეგის მრავალი ყველაზე დაუნდობელი ცდუნება გულისხმობს მორალური სიწმინდის დარღვევას. სიცოცხლის შექმნის ძალა არის ღვთიურობის ერთადერთი პრივილეგია , რომლის განხორციელების ნებას მამაზეციერი აძლევს თავის მოკვდავ შვილებს. ამრიგად, ღმერთმა დაადგინა ნათელი წესები ამ ცოცხალი, ღვთიური ძალის გამოყენებისთვის. ინტიმური ურთიერთობა დასაშვებია მხოლოდ შეუღლებულ მამაკაცსა და ქალს შორის.

მსოფლიოს დიდ ნაწილს ეს არ სწამს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი არ არის სიმართლის არბიტრი. უფალმა განაცხადა, რომ არცერთი უწმინდური არ შევა ცელესტიალურ სასუფეველში. ასე რომ, როცა მორალთან დაკავშირებულ არჩევანს აკეთებთ, გთხოვთ: ცელესტიალურად იაზროვნეთ. და თუ შესცოდეთ გევედრებით: მოინანიეთ. მოდით ქრისტესთან და მიიღეთ მისი სრული მიტევების დაპირება, თუკი ბოლომდე მოინანიებთ ცოდვებს.16

ცელესტიალური აზროვნებით თქვენ განსაცდელს და დაპირისპირებას სულ სხვა კუთხით დაინახავთ. როდესაც თქვენი საყვარელი ადამიანი ჭეშმარიტებას თავს ესხმის, იაზროვნეთ ცელესტიალურად და არ დააყენოთ ეჭვის ქვეშ თქვენი მოწმობა. პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს“.17

მოწინააღდეგის ტყუილებს საზღვარი არ აქვს. იყავით მზად. არასოდეს დაუჯეროთ ურწუნო ადამიანების რჩევას. ეძიეთ მითითება მათგან, ვისიც გწამთ - წინასწარმეტყველებისგან, წინასწარმჭვრეტებისგან და განმცხადებლებისგან, სულიწმინდის ჩურჩულისგან, რომელიც „დაგანახებთ ყველაფერს , რაც თქვენ უნდა გააკეთოთ“.18 გთხოვთ, ჩაატაროთ სულიერი სამუშაო, რათა გაზარდოთ პირადი გამოცხადების მიღების უნარი.19

ცელესტიალური აზროვნება გაზრდის თქვენს რწმენას. როცა ახალგაზრდა სტაჟიორი ვიყავი, ჩემი შემოსავალი თვეში 15 დოლარს შეადგენდა. ერთხელ საღამოს ჩემმა მეუღლემ, დენზელმა, მკითხა, ვიხდიდი თუ არა მეათედს ამ მწირი სტიპენდიიდან. არ ვიხდიდი. მალევე მოვინანიე და დავიწყე ყოველთვიურად დამატებითი $1.50 მეათედის გადახდა.

შეიცვალა ეკლესია იმის გამო, რომ ჩვენ მეათედის თანხა გავზარდეთ? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მეათედის სრულმა გადახდამ მეშემცვალა. აი როდის ვისწავლე, რომ მეათედის გადახდა რწმენას ეხებოდა და არა ფულს. სრული მეათედის გადამხდელი რომ გავხდი, ცის საქანელნი გაიხსნა ჩემთვის. მე ვუკავშირებ რამდენიმე შემდგომ პროფესიულ შესაძლებლობას მეათედის ერთგულ გადახდას.20

მეათედის გადახდა მოითხოვს რწმენას, ამის გარდა აძლიერებს ღმერთისა და მისი საყვარელი ძის რწმენას.

სექსუალურ, პოლიტიზებულ სამყაროში კეთილშობილური ცხოვრების არჩევა ზრდის რწმენას.

ტაძრისთვის მეტი დროის დათმობა ქმნის რწმენას. ტაძარში მსახურება და ღვთისთაყვანისცემა დაგეხმარებათ ცელესტიალურ აზროვნებაში. ტაძარი გამოცხადების ადგილია. იქ გიჩვენებენ, როგორ მიაღწიოთ წინსვლას ცელესტიალური ცხოვრების მიმართულებით. იქ თქვენ უფრო ახლოს მიდიხართ მხსნელთან და მეტი წვდომა გაქვთ მის ძალაზე. იქ მიჰყავხართ თქვენს ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრისკენ, თუნდაც ყველაზე რთული პრობლემების.

სატაძრო წეს-ჩვეულებებსა და აღთქმებს მარადიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ტაძრების მშენებლობას, რათა ეს წმინდა შესაძლებლობები ყოველი თქვენგანის ცხოვრებაში რეალობად იქცეს. დღეს მადლიერებით ვაცხადებ ჩვენი გეგმების შესახებ ახალი ტაძრების აშენებასთან დაკავშირებით შემდეგ 20 ადგილას:

  • სავაი, სამოა

  • კანკუნი, მექსიკა

  • პიურა, პერუ

  • უანკაიო, პერუ

  • ვინა დელ მარი, ჩილე

  • გოიანია, ბრაზილია

  • ჟუან პესოა, ბრაზილია

  • კალაბარი, ნიგერია

  • კეიპ კოსტი, განა

  • ლუანდა, ანგოლა

  • მბუჟი-მაი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

  • ლაოაგი, ფილიპინები

  • ოსაკა, იაპონია

  • კაჰულუი, მაუი, ჰავაი

  • ფერბენკსი, ალასკა

  • ვანკუვერი, ვაშინგტონი

  • კოლორადო სპრინგზი, კოლორადო

  • ტულსა, ოკლაჰომა

  • როანოკი, ვირჯინია

  • ულანბატორი, მონღოლეთი

უფალი მიგვითითებს ამ ტაძრების მშენებლობაზე რათა დაგვეხმაროს ცელესტიალურ აზროვნებაში. ღმერთი ცოცხალია. იესო არის ქრისტე. მისი ეკლესია აღდგა, რათა აკურთხოს ღვთის ყველა შვილი. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. იოანე 6:38.

  2. ალმა 7:11

  3. იხ. ალმა 7:12

  4. მოძღვრება და აღთქმები 19:18.

  5. 2 ნეფი 9:40.

  6. იხ.2 ნეფი 28:7.

  7. შეიძლება მონანიება და სულიერი წინსვლა უფრო ადვილი აღმოჩნდეს აქ, სადაც ჩვენი სული სხეულთან არის გაერთიანებული, ვიდრე მომავალში, გარდაცვალებასა და აღდგომის შორის დროის მონაკვეთში. როგორც ამულეკი ასწავლიდა განდგომილ ზორამიელებს რომ „ეს ცხოვრება არის დრო ადამიანისათვის, მოემზადოს ღმერთთან შესახვედრად“ (იხ. ალმა 34:32–35).

  8. 2 ნეფი 9:39.

  9. იხილეთ მოსია 4:30, სადაც მეფე ბენიამინი აფრთხილებს თავის ხალხს: „თუ არ მიხედავთ საკუთარ თავს და საკუთარ ფიქრებს და საკუთარ სიტყვებს და საკუთარ ქმედებებს და არ დაიცავთ ღმერთის მცნებებს და არ გააგრძელებთ იმის რწმენით … მაშინ უნდა დაიღუპოთ“.

  10. მოძღვრება და აღთქმები 132:7.

  11. რა თქმა უნდა, თქვენს თავისუფალ არჩევანს არ შეუძლია სხვისი თავისუფალი არჩევნისა და შესაბამისი შედეგების გადაფარვა. ძალიან მინდოდა მშობლებთან ჩაბეჭდვა. თუმცა, მიწევდა ლოდინი, სანამ ისინი შეიმოსებოდნენ, როცა უკვე 80 წელს გადასცდნენ. მაშინ ჩაიბეჭდნენ ისინი როგორც ცოლი და ქმარი და შვილებიც მათთან ერთად.

  12. წმინდა წერილები არაერთხელ მოწმობს, რომ მარადიული სიცოცხლის ძღვენი შესაძლებელია მხოლოდ მხსნელი იესო ქრისტეს ღვაწლის, წყალობისა და მადლის მეშვეობით (იხილეთ, მაგალითად, მორონი 7:41; იხილეთ ასევე 2 ნეფი 2:6–8, 27).

  13. იხ. 2 ნეფი 2:11.

  14. იხ. მოძღვრება და აღთქმები 122:7.

  15. მოძღვრება და აღთქმები 121:8.

  16. იხ. ესაია 1:16-18; მოძღვრება და აღთქმები 58:42-43.

  17. 1 ტიმოთე 4:1. შემდეგ სტრიქონში ვკითხულობთ: „თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია“ (მუხლი 2). პავლე მოციქულმა ასევე განაცხადა, რომ „ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“.(2 ტიმოთე 3:12).

  18. 2 ნეფი 32:5; „თუ მოითხოვ, მიიღებ გამოცხადებას გამოცხადებაზე, ცოდნას ცოდნაზე“ (მოძღვრება და აღთქმები 42;61).

  19. იხ. რასელ მ. ნელსონი, “გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის,” Liahona, მაისი 2018, 96.

  20. ეს არ ნიშნავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. ზოგი არასდროს იხდის მეათედს და იღებს პროფესიულ შესაძლებლობებს, ზოგი კი მეათედს იხდის და არ ეძლევა ასეთი შესაძლებლობა. დაპირების თანახმად ცის საქანელნი გაიხსნება მათთვის, ვინც მეათედს იხდის. დალოცვები სხვადასხვა ტიპის იქნება.

ამობეჭდვა