გენერალური კონფერენცია
იყავით ქრისტეს მშვიდობიანი მიმდევრები
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


იყავით ქრისტეს მშვიდობიანი მიმდევრები

მე ვმოწმობ, რომ „ქრისტეს მშვიდობიანი მიმდევრები“ იპოვიან პირად სიმშვიდეს ამ ცხოვრებაში და მიაღწევენ დიდებულ ზეციურ გაერთიანებას.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა „ქრისტეს მშვიდობიანი მიმდევრები“1 საოცარი გამოწვევების წინაშე დგანან. ისინი, ვისაც სწამდათ იესო ქრისტე, მორჩილად თაყვანს სცემდნენ მას და მოწმობდნენ მასზე, ვერ გაურბოდნენ განსაცდელს, უბედურებას და გასაჭირს.2 არც მე და ჩემი მეუღლე, მარი, არ ვართ გამონაკლისი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი სკოლის მეგობრის, მისიონერი მეწყვილის, მათი ძვირფასი მეუღლისა და ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალების მოწმენი გავხდით ან, როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა, მათ დაამთავრეს მიწიერი ცხოვრება და საბურველის მეორე მხარეს გადავიდნენ. ჩვენ ვიხილეთ, როგორ გადაუხვიეს აღთქმის გზიდან რწმენაში აღზრდილმა ადამიანებმა.

სამწუხაროდ ჩვენი 23 წლის შვილიშვილი ტრაგიკული ავარიის შედეგად დაიღუპა. ზოგიერთი მეგობარი, ოჯახის წევრი და კოლეგაც მნიშვნილოვან ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა.

გასაჭირის ჟამს ჩვენ ვგლოვობთ და ვცდილობთ ერთმანეთის ტვირთის ტარებას.3 ჩვენ დავტირით საქმეებს, რომლებსაც ვერ დავამთავრებთ და სიმღერებს, რომლებსაც ვერ ვიმღერებთ. ამ მიწიერ მოგზაურობისას კარგ ადამიანებსაც ემართება ცუდი რამ. გამანადგურებელი ხანძრები მაუიში, ჰავაიზე, სამხრეთ ჩილესა და კანადაში არის ისეთი საშინელი მოვლენების მაგალითები, რომლების წინაშეც ზოგჯერ კარგი ადამიანები აღმოჩნდებიან.

ძვირფას მარგალიტში ვკითხულობთ, რომ უფალმა გაუმხილა აბრაამს სულების მარადიული ბუნება. აბრაამმა შეიტყო წინამიწიერი ცხოვრების, წინასწარ განსაზღვრის, შექმნის, გამომსყიდველის არჩევისა და ამ მიწიერი ცხოვრების შესახებ, რაც არის ადამიანის მეორე მდგომარეობა.5 გამომსყიდველმა განაცხადა:

„ჩვენ შევქმნით დედამიწას, სადაც ესენი შეძლებენ ცხოვრებას;

„და ამით გამოვცდით მათ, რათა ვიხილოთ, თუ შეასრულებენ ყოველივეს, რასაც უფალი, მათი ღმერთი, უბრძანებს მათ“.6

ყოველი ჩვენგანი არის აქ, ჩვენი წინსვლის მოგზაურობის მეორე მდგომარეობაში, ღვთის ხსნისა და ამაღლების დიადი გეგმის ბრწყინვალების სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ დალოცვილნი ვართ თავისუფალი არჩევნით და მიწიერ განსაცდელებს ვექვემდებარებით. ეს არის ჩვენთვის ბოძებული დრო, რათა ღმერთთან შესახვედრად მოვემზადოთ.7 ჩვენ დალოცვილნი ვართ, რომ ვიცით ამ გეგმაში იესო ქრისტესა და მისი როლის შესახებ. ჩვენ გვაქვს პრივილეგია - გავხდეთ მისი აღდგენილი ეკლესიის - უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები. როგორც ქრისტეს მშვიდობიანი მიმდევრები ჩვენ ვცდილობთ მისი მცნებების დაცვით ცხოვრებას. ეს არასოდეს ყოფილა ადვილი მისი მიმდევრებისთვის. არც მხსნელისთვის არ იყო ადვილი მიწიერი მისიის შესრულება.

წმინდა წერილი ნათელია: „დიახ, და ბევრნი იქნებიან, რომლებიც დაემორჩილებიან სიტყვებს: „ჭამეთ, სვით და იმხიარულეთ, რადგან ხვალ მოვკვდებით“.8 სხვა ურწმუნოები უკან დაიხევენ და მოხვდებიან საშინელ ანკლავებში, რომლებშიც თანამოაზრე მონაწილეები ცხოვრობენ პრინციპით „ახლა ეს სიახლე ვცადოთ“9 და მხარს უჭერენ ადამიანთა ფილოსოფიას.10 მათ არ იციან, სად იპოვონ ჭეშმარიტება.11

ქრისტეს მშვიდობიანი მიმდევრები არ მიჰყვებიან არცერთ ასეთ გზას. ჩვენ ვართ ჩვენი თემის თბილი, გულისხმიერი წევრები. ჩვენ გვიყვარს, ვუზიარებთ და ვიწვევთ ღვთის ყველა შვილს, იცხოვროს ქრისტეს სწავლების მიხედვით.12 ჩვენ ვასრულებთ ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ ნელსონის რჩევას: ჩვენ ვირჩევთ როლს „[მშვიდობისმყოფლობისა], აწ და მარადის“.13 ეს შთაგოებული მიდგომა თანხმობაშია როგორც წმინდა წერილთან, ისევე წინასწარმეტყველურ მითითებებთან .

1829 წელს აღდგენილი ეკლესია ჯერ არ იყო დაარსებული, არც მორმონის წიგნი იყო გამოქვეყნებული. მცირერიცხოვანი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ღვთის სული ამოძრავებდა, წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს მისდევდა. უფალმა გამოცხადებით უბოძა ჯოზეფ სმითს რჩევა მძიმე პერიოდისთვის: „ამიტომ, ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ; აკეთეთ სიკეთე; თუნდაც დედამიწა და ჯოჯოხეთი გაერთიანდეს თქვენ წინააღმდეგ, ვინაიდან თუ აგებულნი ხართ ჩემს კლდეზე, ისინი ვერ დაგამარცხებენ“.14 მან აგრეთვე დამოძღვრა ისინი:

„მე დამეყრდენით ყოველ ფიქრში, ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ.

„… იყავით ერთგულნი, დაიცავით ჩემი მცნებები და მემკვიდრეობით მიიღებთ ცათა სასუფეველს“.15

ცხადია, ჩვენი ზეციური დანიშნულება არ იცვლება უბედურების ჟამს. ებრაელთა წერილში ჩვენ გვირჩევენ: „აბა, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის“.16 იესო ქრისტე არის „საუკუნო ხსნის მიზეზი“.17

მიყვარს მორმონის სიტყვები, რომლებსაც მისი შვილი, მორონი ამბობს და აქებს „ქრისტეს მშვიდობიან მიმდევრებს … ადამიანთა შვილების მიმართ თქვენი მშვიდობისმყოფელი ქცევის გამო“.18

ვინც ვცდილობთ, ვიყოთ ეკლესიაში ქრისტეს მშვიდობისმოყვარე მიმდევრები, უფრო ნათელი დღე გველოდება, როცა ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენს უფალსა და მაცხოვარზე, იესო ქრისტეზე. განსაცდელი მიწიერი ცხოვრების ნაწილია და ვერავინ მთელ მსოფლიოში ვერ გაექცევა მას. ეს ეხება ძირითად კონფლიქტებს ქვეყნებსა და ინდივიდებს შორის.

ეკლესიის ხელმძღვანელებს ხშირად ეკითხებიან; „რატომ უშვებს სამართლიანი ღმერთი ცუდ მოვლენებს, განსაკუთრებით კარგი ადამიანების ცხოვრებაში“? და „რატომ არ არიან დაზღვეულები ასეთი ტრაგედიებისგან მართალნი და უფლის სამსახურში მყოფნი“?

ჩვენ არ ვიცით ყველა პასუხი; თუმცა, ჩვენ ვიცით მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რწმენით გავუმკლავდეთ განსაცდელს, გასაჭირს და უბედურებებს და გვწამდეს ნათელი მომავლის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ელის. წმინდა წერილში არ არსებობს უკეთესი მაგალითი გასაჭირის ატანასთან დაკავშირებით, ვიდრე უფლის სიტყვა ჯოზეფ სმითს, წინასწარმეტყველს, როცა ის ლიბერთის ციხეში იყო დაპატიმრებული.

უფალმა განაცხადა:

„ჯოჯოხეთის ხახა შენ უკან ფართოდ თუ გაიხსნება, იცოდე, ჩემო შვილო, ყოველივე ეს შეგძენს გამოცდილებას და იქნება შენთვის სასარგებლო.

„კაცის ძე ყოველივე ამაზე უფრო მეტად დამდაბლდა. მასზე უფრო დიდი ხარ შენ?

„… არ შეგეშინდეს იმის, რაც ადამიანს შეუძლია, ვინაიდან ღმერთი იქნება შენთან უკუნითი უკუნისამდე“.19

ცხადია, რომ გვყავს მამაზეციერი, რომელიც პირადად გვიცნობს და ვუყვარვართ და რომელსაც სრულყოფილად ესმის ჩვენი ტანჯვა. მისი ძე, იესო ქრისტე, არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა და პრეზიდენტმა მ. რასელ ბალარდმა ორივემ ხაზგასმით აღნიშნეს „იქადაგე ჩემი სახარება“-ს ახალი, მეორე გამოცემის მნიშვნელობა.20 მეც ვიზიარებ მათ ენთუზიაზმს. ეს ახალი გამოცემა, რომელიც აძლიერებს წმინდა წერილს, ძლიერად განაცხადებს:

„იესო ქრისტემ, თავისი გამომსყიდველი მსხვერპლით, აიღო საკუთარ თავზე ყოველი ტკივილი, ტანჯვა და უძლურობა. ამიტომ მან იცის, „ხორციელის შესაბამისად, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურობის შესაბამისად“ (ალმა 7:12; იხ. აგრეთვე მუხლი 11). იგი გვიწვევს: „მოდით ჩემთან“ და როცა მივალთ, ის მოგვცემს მოსვენებას, იმედს, ძალას, მომავლის ხედვასა და განკურნებას (მათე 11:28; იხ. აგრეთვე მუხლები 29-30).

“როცა იესო ქრისტეს და მის გამოსყიდვას ვეყრდნობით, მას შეუძლია დაგვეხმაროს, გავუძლოთ განსაცდელს, ავადმყოფობასა და ტკივილს. ჩვენ შეგვიძლია აღვივსოთ სიხარულით, სიმშვიდითა და ნუგეშით. ყოველივე უსამართლო ცხოვრებაში შეიძლება გამოსწორდეს იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით“.21

ჩვენ სიხარულით შეგვიძლია ვიყოთ ქრისტეს მშვიდობიანი მიმდევრები.

ჩვენი მამის ბედნიერების გეგმა თავისი შვილებისთვის, მოიცავს არა მხოლოდ წინამიწიერ და მოკვდავ ცხოვრებას, არამედ მარადიული სიცოცხლის პოტენციალს, მათ შორის დიდ და დიდებულ გაერთიანებას მათთან, ვინც დავკარგეთ. ყოველი შეცდომა გამოსწორდება და ჩვენ დავინახავთ სრულყოფილი სიცხადით და უნაკლო პერსპექტივითა და გაგებით.

ეკლესიის ხელმძღვანელებმა შეადარეს ეს ხედვა ადამიანს, რომელიც სამ მოქმედებიანი სპექტაკლის მეორე აქტზე შემოვიდა.22 მათ, ვინც არ იცოდნენ მამის გეგმის შესახებ, არ ესმით, რა მოხდა პირველ მოქმედებაში (ანუ წინამიწიერი ცხოვრება) და იქ დასახული მიზნების შესახებ; მათ არ ესმით არც მესამე მოქმედებაში მოცემული განმარტება და გადაწყვეტილება, რაც არის მამის გეგმის დიდებული შესრულება.

ბევრი არ აფასებს, რომ მისი მოსიყვარულე და ყოვლისმომცველი გეგმის თანახმად ისინი, ვინც არახელსაყრელ პირობებში იმყოფებიან და მათ ამაში ბრალი არ მიუძღვით, საბოლოოდ არ განიცდიან გავლენას.23

წმინდა წერილები ნათელია: ქრისტეს მშვიდობიანი მიმდევრები, რომლებიც მართალნი არიან, დადაიან მაცხოვრის კვალზე და იცავენ მის მცნებებს, კურთხეულნი იქნებიან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდა წერილი მათთვის, ვინც მართალია, მიუხედავად მათი ცხოვრებისეული მდგომარეობისა, არის მეფე ბენიამინის მიმართვის ნაწილი თავისი ხალხისადმი. ის გვპირდება, რომ ვინც ერთგულად იცავენ მცნებებს - „კურთხეულნი არიან ყველაფერში“ ამ ცხოვრებაში და „მათ მიიღებენ ზეცაში … რათა ამგვარად იყვნენ ღმერთთან, მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში“.24

ჩვენ გვესმის, რომ თითქმის ყოველ ჩვენგანს მოუწია ფიზიკურ და სულიერ ქარიშხლებში ცხოვრება, ზოგჯერ დამანგრეველში. მოსიყვარულე მამა ზეციერმა და მისმა ძემ, იესო ქრისტემ, რომელიც მისი აღდგენილი ეკლესიის სათავეში დგას, უზრუნველყვეს ჩვენთვის წმინდა წერილები და წინასწარმეტყველები, რათა მოგვამზადონ, გაგვაფრთხილონ საფრთხის შესახებ და მოგვცენ მითითებები, რომლებიც მოგვამზადებს და დაგვიცავს. ზოგიერთი მითითება მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას, ზოგი კი უზრუნველყოფს დაცვას მომავალში მრავალი წლის განმავლობაში. უფლის წინასიტყვაობა მოძღვრება და აღთქმებში, ნაწილი 1, მოგვიწოდებს, „ყური [დავუგდოთ] წინასწარმეტყველთა … სიტყვებს“.25

ნაწილი 1 აგრეთვე გვაფრთხილებს: „მოემზადეთ, მოემზადეთ იმისთვის, რაც მოვა, ვინაიდან უფალი ახლოსაა“.26 უფალი მისცემს თავის ხალხს იმის შესაძლებლობას, რომ მოემზადონ გამოწვევებისთვის.

უფალმა ძლიერი გამოცხადება მისცა პრეზიდენტ ბრიგამ იანგს 1847 წლის 14 იანვარს უინტერ ქუორტერსში.27 ეს გამოცხადება არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ უფალი ამზადებს ხალხს იმისთვის, რაც უნდა მოხდეს. ერთგულმა წმინდანებმა დაიწყეს გამოსვლა სოლთ-ლეიქ ველის მთის საყდრისკენ. მათ წარმატებით ააშენეს ნავუს ტაძარი და მიიღეს ხსნის წმინდა წეს-ჩვეულებები. ისინი გააძევეს მისურიდან, შემდეგ მდევნელებმა ისინი ნავუდან გააძევეს საშინელი ზამთრის სეზონში. ბრიგამისთვის მიცემული გამოცხადება მოიცავდა პრაქტიკულ რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ მოემზადონ გამოსვლისთვის. უფალმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღარიბებზე, ქვრივებზე, ობლებზე და მორმონთა ბატალიონში მსახურთა ოჯახებზე ზრუნვაზე, როცა წმინდანთა მთავარმა ნაწილმა განაგრძო საშიში მოგზაურობა.

სამართლიანად ცხოვრების შესახებ სხვა რჩევების მიცემის გარდა, უფალმა ხაზი გაუსვა ორ პრინციპს, რომლებიც დღესაც გამოიყენება.

პირველი: ის მოუწოდებდა მათ: „ადიდე უფალი სიმღერით, მუსიკით, ცეკვით, ქებისა და მადლიერების ლოცვით“.28

მეორე: უფალმა ურჩია: „თუ ხარ დაღონებული, შეჰღაღადე უფალს, შენს ღმერთს, ვედრებით, რათა გაიხაროს შენმა სულმა“.29

ეს ორი შეგონება შესანიშნავი რჩევაა ჩვენი დროისთვის. ქება-დიდებით, მუსიკითა და მადლიერებით სავსე ცხოვრება ცალსახად დალოცვილია. მხიარულება და ლოცვით ზეციურ დახმარებაზე დაყრდნობა, ქრისტეს მშვიდობიანი მიმდევრების ძლიერი ხერხია. მუდამ ხალისიანობისკენ სწრაფვა დაგეხმარებათ, არ დაითრგუნოთ სულიერად.

სულში ჩამწვდომი ჰიმნის ბოლო სტრიქონი ლამაზად გადმოსცემს საბოლოო პასუხს: „დედამიწაze არ არსებობს ისეთი მწუხარება, რომლის განკურნებაც ზეცას არ შეეძლოს“.30

მე, როგორც უფალი იესო ქრისტეს მოციქული ვმოწმობ, რომ „ქრისტეს მშვიდობიანი მიმდევრები“ იპოვიან პირად სიმშვიდეს ამ ცხოვრებაში და მიაღწევენ დიდებულ ზეციურ გაერთიანებას. მე დაჯერებით ვმოწმობ მხსნელის ღვთიური ბუნებისა და მისი გამოსყიდვის რეალობის შესახებ. იგი ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველია. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა