გენერალური კონფერენცია
ჩაბეჭდვის ძალა
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ჩაბეჭდვის ძალა

ჩაბეჭდვის ძალა, ინდივიდუალურ ხსნასა და ოჯახურ ამაღლებას ღვთის ყოველი შვილისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

ნაწინასწარმეტყველები იყო, ყოველ შემთხვევაში, ესაიას დღეებიდან მაინც,1 რომ უკანასკნელ დღეებში უფლის აღთქმის უძველესი ხალხი, ისრაელის სახლი, უნდა „შეიკრიბ[ოს] ზღვის კუნძულებიდან და დედამიწის ოთხივე კუთხიდან;“2 და აღდგებიან „თავიანთი მემკვიდრეობის მიწაზე“.3 პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ხშირად და შთამბეჭდავად საუბრობდა ამ შეკრებაზე, ამბობდა რა, რომ ეს არის „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს დედამიწაზე ხდება“.4

რა მიზანი აქვს ამ შეკრებას?

ჯოზეფ სმითისადმი მიცემულ გამოცხადებაში უფალმა განსაზღვრა ერთ-ერთი მიზანი, როგორც აღთქმის ხალხის დაცვა. მან თქვა: „ერთად შეკრება სიონის მიწაზე და პალოებში იყოს თავდასაცავად და თავშესაფრად ქარიშხლისა და რისხვისგან, როდესაც ის გაუზავებლად გადმოიღვრება მთელ დედამიწაზე“.5 „რისხვა“ ამ კონტექსტში შეიძლება გავიგოთ როგორც ღვთის კანონებისა და მცნებებისადმი დაუმორჩილებლობის ბუნებრივი შედეგები.

და რაც ყველაზე მთავარია, შეკრების მიზანია ხსნისა და ამაღლების დალოცვების მიტანა ყველასთან, ვინც მიიღებს მათ. ასე მოხდება აბრაამისადმი მიცემული აღთქმის დაპირებების შესრულება. უფალმა უთხრა აბრაამს, რომ მისი შთამომავლობისა და მღვდლობის მეშვეობით „კურთხეულ იქნება დედამიწის ყოველი ოჯახი, სახარების კურთხევითაც კი, რაც არის ხსნის კურთხევები – მარადიული სიცოცხლის“.6 პრეზიდენტმა ნელსონმა ასე გამოხატა ეს: „როცა სახარებას ვიღებთ და ვინათლებით, ჩვენ იესო ქრისტეს წმინდა სახელს ვიღებთ საკუთარ თავზე. ნათლობა არის ის კარიბჭე, რომელსაც მივყავართ იქამდე, რომ გავხდეთ უფლის მიერ ძველი დროიდან აბრაამის, ისააკის, იაკობისა და მათი შთამომავლობისთვის მიცემული დაპირებების თანამემკვიდრენი“.7

1836 წელს მოსე გამოეცხადა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს კირტლანდის ტაძარში და „[გადასცა] გასაღებები დედამიწის ოთხი კიდიდან ისრაელის შესაკრებად“.8 იმავე დღეს ელიასი გამოეცხადა და „აბრაამის სახარების წყობა გადმოგვცა, გვითხრა რა, რომ ჩვენში და ჩვენს შთამომავლობაში ყველა თაობა ჩვენს შემდეგ იქნება კურთხეული“.9 ამ უფლებამოსილებით ახლა შეგვიძლია გავავრცელოთ იესო ქრისტეს სახარება - გამოსყიდვის სასიხარულო ამბავი, დედამიწის ყველა კუთხეში და ხალხში და შევკრიბოთ ყველა, ვისაც სახარების აღთქმის დადება სურს. ისინი იქცევიან „აბრაამის შთამომავლებად; ღმერთის ეკლესიად და სამეფოდ და რჩეულებად“.10

ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის იმავე დღეს კირტლანდის ტაძარში მესამე ღვთიური მაცნეც მოევლინათ. მე ვგულისხმობ წინასწარმეტყველ ელიას და ზუსტად მის მიერ აღდგენილ უფლებამოსილებაზე და გასაღებებზე მინდა ვისაუბრო დღეს.11 მღვდლობის ყველა წეს-ჩვეულების დამტკიცების ძალას, ჩაბეჭდვის ძალას ანუ დედამიწაზე და ზეცაში შეკვრის ძალას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აღთქმის ხალხის შეკრებისა და მომზადებისთვის საბურველის ორივე მხარეს.

ჯერ კიდევ წლების წინ მორონიმ განუმარტა ჯოზეფ სმითს, რომ ელია მოიტანდა მღვდლობის აუცილებელ უფლებამოსილებას: „გაგანდობთ მღვდლობას, წინასწარმეტყველ ელიას ხელით“. ჯოზეფ სმითმა მოგვიანებით აგვიხსნა, „რატომ უნდა გამოეგზავნათ ელია? იმიტომ, რომ მას აქვს მღვდლობის ყველა წეს-ჩვეულების ჩატარების უფლებამოსილება და გასაღებები; და უფლებამოსილების გარეშე წეს-ჩვეულებების სამართლიანი ჩატარება შეუძლებელია“13ანუ ასეთი წეს-ჩვეულება არ შეკრავდა ამ ჟამსა და მარადისობაში.14

მოძღვრება და აღთქმები, რომელიც ამჟამად წმინდა წერილად განიხილება, წინასწარმეტყველმა თქვა: “ზოგიერთისთვის ეს ძალიან თამამი დოქტრინაა მოსასმენად, რადგან ვსაუბრობთ ძალაზე, რომელიც ჩაიწერს ანუ შეკრავს დედამიწაზე და შეკრავს ზეცაშიც. თუმცა ამაქვეყნის ყველა საუკუნეში, როდესაც უფალი ჭეშმარიტი გამოცხადებით სამღვდელოების წყობას უბოძებდა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, ეს ძალა ყოველთვის ეძლეოდათ. ამიტომ, რასაც ის ადამიანები აკეთებდნენ უფლებამოსილებით, უფლის სახელით, აკეთებდნენ რა ჭეშმარიტად და ერთგულად და ამის შესახებ აწარმოებდნენ სწორ და სანდო ჩანაწერს, იქცა კანონად დედამიწაზე და ზეცაში და დიდი იეღოვას ბრძანებების თანახმად ვერ გაუქმდება“.15

ჩვენ მიდრეკილება გვაქვს ვიფიქროთ, რომ ჩაბეჭდვის უფლებამოსილება ეხება მხოლოდ ტაძრის გარკვეულ წეს-ჩვეულებებს, მაგრამ ეს უფლებამოსილება აუცილებელია იმისათვის, რომ ნებისმიერი წეს-ჩვეულება იყოს ძალაში და სიკვდილის შემდეგაც კი ჰქონდეს შეკვრის ძალა.16 ჩაბეჭდვის ძალა მოქმედებს როგორც თქვენი ნათლობის დამადასტურებელი ბეჭედი, რათა ის აღიარებული იყოს აქაც და ზეცაშიც. საბოლოო ჯამში, მღვდლობის ყველა წეს-ჩვეულება სრულდება ეკლესიის პრეზიდენტის გასაღებებით და როგორც პრეზიდენტმა ჯოზეფ ფილდინგ სმითმა განმარტა: „მან [ეკლესიის პრეზიდენტმა] მოგვცა უფლებამოსილება, მან ჩვენს მღვდლობას ჩაბეჭდვის ძალა მიანიჭა, რადგან ის ამ გასაღებებს ფლობს“.17

ისრაელის შეკრებას აქვს კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზანი. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როცა ვსაუბრობთ დედამიწაზე და ზეცაში ჩაბეჭდვაზე ანუ ტაძრების აშენებასა და ფუნქციონირებაზე. როგორც წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა აგვიხსნა: „რა მიზნით იკრიბებოდა … ღვთის ხალხი ყველა დროში? … მთავარი მიზანი იყო ისეთი სახლის აშენება უფლისთვის, სადაც იგი შეძლებდა თავისი სახლის წეს-ჩვეულებებისა და საკუთარი სასუფევლის დიდების გამოცხადებას და სადაც ასწავლიდა თავის ხალხს ხსნის გზას; რამეთუ არსებობს გარკვეული წეს-ჩვეულებები და პრინციპები, რომლებიც უნდა ისწავლებოდეს და გამოყენებულ იქნეს ამ მიზნისთვის აშენებულ ადგილებში ან სახლებში“.18

მოქმედების ძალა, რომელსაც ჩაბეჭდვის ძალა ანიჭებს მღვდლობის წეს-ჩვეულებებს, მოიცავს, რა თქმა უნდა, ჩანაცვლებით წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ტარდება უფლის მიერ განსაზღვრულ ადგილებში - მის ტაძრებში. აქ ჩვენ ვხედავთ ჩაბეჭდვის ძალის სიდიადესა და სიწმინდეს - მისი წყალობით ინდივიდუალური ხსნა და ოჯახური ამაღლება ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება ღვთის შვილებისთვის ყველგან და ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი. ვერცერთი სხვა თეოლოგია, ფილოსოფია ან უფლებამოსილება ვერ შეედრება ასეთ ყოვლისმომცველ შესაძლებლობას. ეს ჩაბეჭდვის ძალა არის ღმერთის სამართლიანობის, წყალობისა და სიყვარულის სრულყოფილი გამოვლინება.

ჩაბეჭდვის ძალაზე წვდომით, ჩვენი გული ბუნებრივად მიიწევს წასულებისკენ. უკანასკნელი დღეების აღთქმაში შეკრება, საბურველის მიღმა მყოფებზეც ვრცელდება. ღმერთის მიერ დაარსებულ სრულყოფილ წესრიგში, ცოცხლები ვერ მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს მის სისრულეში, თუ არ გაამყარებენ კავშირებს „მამებთან“, ჩვენს წინაპრებთან. ანალოგიურად, საბურველის მიღმა მყოფთა წინსვლა ან მათი, ვისაც კიდევ მოუწევს სიკვდილის საბურველის მიღმა გადასვლა ჩაბეჭდვის სარგებლის გარეშე, არ იქნება სრული, სანამ ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებები არ შეკრავს ღვთიური წესრიგით მათ - ჩვენთან, ჩვენ კი - მათთან.19 ერთმანეთის დახმარების ვალდებულება საბურველის მიღმა შეიძლება განისაზღვროს როგორც აღთქმის დაპირება ანუ ახალი და მარადიული აღთქმის ნაწილი. ჯოზეფ სმითის სიტყვებით, ჩვენ გვსურს, „ჩავიბეჭდოთ გარდაცვლილებთან, რათა მათ [ჩვენთან ერთად] შეძლონ გახდნენ პირველი აღდგომის მონაწილენი“.20

ჩაბეჭდვის ძალის უმაღლესი და უწმინდესი გამოვლინება არის ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინების მარადიული კავშირი და მათ ყველა შთამომავალთან დაკავშირება. იმის გამო, რომ ამ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის უფლებამოსილება ძალიან წმინდაა, ეკლესიის პრეზიდენტი პირადად აკონტროლებს მის სხვებისთვის გადაცემას. პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ თქვა: „არაერთხელ მითქვამს, რომ აღდგენას, ამდენი მწუხარების, ტკივილისა და მძიმე შრომის გარდა, მხოლოდ წმინდა მღვდლობის ჩაბეჭდვის ძალა რომ მოეტანა, რომლითაც ოჯახების სამარადისოდ ერთად შეკვრა გახდებოდა შესაძლებელი, ეს ამად მაინც ღირდა“.21

ჩაბეჭდვის გარეშე, რომელიც მარადიულ ოჯახებს ქმნის და თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს ამ ქვეყნად და იმ ქვეყნად, ჩვენ მარადისობაში დავრჩებოდით უძიროდ, ტოტების გარეშე ანუ წინაპრებისა და შთამომავლობის გარეშე. ეს არის, ერთი მხრივ, ინდივიდების თავისუფლად მცურავი, გათიშული მდგომარეობა ანუ კავშირები, რომლებიც ეწინააღმდეგება ღმერთის მიერ დანიშნულ ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობებს;22 მეორე მხრივ - რაც ხელს უშლის დედამიწის შექმნის მიზანს. ეს რომ ნორმად ქცეულიყო, უფლის მოსვლისას დედამიწას წყევლა ეწვეოდა ანუ „მთელი დედამიწა გაპარტახდებ[ოდა]“.23

ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რატომ არის „ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ღმერთის მიერ დაწესებული და რომ ოჯახი არის შემქნმელის გეგმის ცენტრალური ნაწილი, მისი შვილების მარადიული დანიშნულებისთვის“.24 იმავე დროს ჩვენ ვხვდებით, რომ ამ არასრულყოფილ აწმყოში ზოგიერთისთვის ეს არ არის რეალისტური. მაგრამ ჩვენ გვაქვს ქრისტეს იმედი. სანამ უფლის იმედად ვართ პრეზიდენტი მ. რასელ ბალარდი გვახსენებს, რომ „წმინდა წერილი და უკანასკნელ დღეთა წმინდანები ადასტურებენ, რომ ყველანი, ვინც ერთგულად იცავს სახარების აღთქმებს, ამაღლების საშუალებას მიიღებენ.“25

ზოგიერთებს უბედური და არაჯანსაღი ოჯახური გარემოება შეექმნა და ამიტომ მარადიული ოჯახის პერსპექტივა მათ დიდად არ ხიბლავთ. უხუცესმა ბედნარმა თქვა: „თქვენ, ვინც განქორწინების ტკივილი ან დაკარგული ნდობის აგონია განიცადეთ, გთხოვთ გახსოვდეთ, [რომ ღვთის ნიმუში ოჯახებისთვის] კვლავ თქვენით იწყება! თქვენი თაობის ჯაჭვის ერთი რგოლი შეიძლება გაწყვეტილი იყოს, მაგრამ სხვა მართალი რგოლები და ჯაჭვის დანარჩენი ნაწილი მაინც მარადიულად მნიშვნელოვანია. თქვენ შეგიძლიათ გაამაგროთ თქვენი ჯაჭვი ან საერთოდ დაეხმაროთ გაწყვეტილი რგოლების აღდგენაში. ეს საქმე პატარ-პატარა ნაბიჯებით შესრულდება“.26

გასული წლის ივლისში უხუცეს ჯეფრი რ. ჰოლანდის მეუღლის, და პატ ჰოლანდის, დაკრძალვისას, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „დროთა განმავლობაში, პატრიცია და ჯეფრი კვლავ გაერთიანდებიან. მოგვიანებით მათ შვილები შეუერთდებიან და ის შთამომავლები, რომლებიც აღთქმებს იცავენ, რათა განიცადონ სიხარულის სისრულე, რომელიც ღმერთმა თავისი ერთგული შვილებისთვის მოამზადა. ეს რომ ვიცით გვესმის, რომ პატრიციას ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი არ იყო მისი დაბადების ან გარდაცვალების თარიღი. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი 1963 წლის 7 ივნისი იყო, როცა იგი ჯეფრისთან ერთად სეინტ ჯორჯის ტაძარში ჩაიბეჭდა. … რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ დედამიწის შექმნის მიზეზი ოჯახების შექმნა და ერთმანეთთან ჩაბეჭდვა იყო. ხსნა პირადი საქმეა, ამაღლება კი უკვე ოჯახს ეხება. მარტო ვერავინ ამაღლდება“.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ მე და ჩემი მეუღლე ჩვენს ძვირფას მეგობართან ერთად იუტას ბაუნტიფულის ტაძრის ჩაბეჭდვის ოთახში ვიმყოფებოდით. მე პირველად ამ მეგობარს კორდობაში, არგენტინაში, შევხვდი. ის მაშინ ბავშვი იყო. მე და ჩემი ამხანაგი მისიის ოფისის მახლობლად კარდაკარ დავდიოდით საქადაგებლად. ამ გოგონამ კარი გაგვიღო, როცა დავაკაკუნეთ. დადგა დრო, როცა ის დედასთან და დედმამიშვილებთან ერთად ეკლესიას შეუერთდა და ისინი დღესაც ერთგული წევრები არიან. ახლა ის უკვე მშვენიერი ქალბატონია. იმ დღეს ჩვენ ტაძარში მისი გარდაცვლილი მშობლების ერთმანეთთან და მასთან ჩასაბეჭდად ვიმყოფებოდით.

წყვილი, რომელიც წლების განმავლობაში მათ დაუმეგობრდა, მისი მშობლების ნაცვლად იმყოფებოდა საკურთხეველთან. ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო, განსაკუთრებით კი როცა ჩვენი არგენტინელი მეგობარი მშობლებთან ჩაიბეჭდა. იმ დღეს ჩვენ ექვსნი ამ სამყაროს გამოვერიდეთ და ტაძარს შევაფარეთ თავი. იქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა, რაც კი შეიძლება მოხდეს დედამიწაზე. მოხარული ვიყავი, რომ ჩემმა როლმა და ურთიერთობამ სრული წრე შეასრულა - დაწყებული მის კარზე დაკაკუნებიდან, როცა მისიონერი ვიყავი, დასრულებული დღევანდელი დღით, როცა ამდენი წლის შემდეგ მისთვის ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებებს ვასრულებდი, რომლებიც მას მშობლებთან და წინა თაობებთან დააკავშირებდა.

ეს მსოფლიოს ყველა ტაძარში ხდება. ეს არის აღთქმის ხალხის შეკრების საბოლოო ნაბიჯი. ეს არის იესო ქრისტეს ეკლესიაში წევრობის ყველაზე დიდი პრივილეგია. მე გპირდებით, რომ როცა ერთგულად ეძიებთ ამ პრივილეგიას, ამ ჟამსა თუ მარადისობაში, ის აუცილებლად მოგეცემათ.

მე ვმოწმობ, რომ ჩაბეჭდვის ძალა და უფლებამოსილება აღდგა დედამიწაზე ჯოზეფ სმითის მეშვეობით და ის რეალურია და რაც შეიკვრება დედამიწაზე, ზეცაშიც ჭეშმარიტად შეკრული იქნება. მე ვმოწმობ, რომ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, ეკლესიის პრეზიდენტი, არის ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელიც თავისი გასაღებებით დღეს მართავს ამ ზებუნებრივი ძალის გამოყენებას. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვამ უკვდავება ჭეშმარიტებად აქცია, ამაღლებული ოჯახური ურთიერთობების შესაძლებლობა კი - რეალობად. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ, მაგ, ესაია 49.

  2. 2 ნეფი 10:8.

  3. 2 ნეფი 10:7.

  4. Russell M. Nelson and Wendy W. Nelson, “Hope of Israel” (worldwide youth devotional, June 3, 2018), Gospel Library.

  5. მოძღვრება და აღთქმები 115:6.

  6. აბრაამი 2:11.

  7. Russell M. Nelson, “The Everlasting Covenant,” Liahona, Oct. 2022, 4; see also Russell M. Nelson, “Children of the Covenant,” Ensign, May 1995, 34. „ახალი და მარადიული აღთქმა“ (მოძღვრება და აღთქმები 132:6) და აბრაამის აღთქმა ძირითადად იგივეა - უბრალოდ სხვადასხვა დროს მიწიერ ადამიანებთან დადებული აღთქმების ორი ინტერპრეტაცია“ (რასელ მ. ნელსონი, „The Everlasting Covenant“, 4).

  8. მოძღვრება და აღთქმები 110:11.

  9. მოძღვრება და აღთქმები 110:12.

  10. მოძღვრება და აღთქმები 84:34.

  11. იხ. მოძღვრება და აღთქმები 110:13-16.

  12. მოძღვრება და აღთქმები 2:1.

  13. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 310.

  14. „ელიას სული, ძალა და მოწოდება არის ის, რომ თქვენ შეგწევთ ძალა, იყოთ მელქიცედეკის მღვდლობისა და ღვთის დედამიწაზე სასუფევლის სისრულესთან დაკავშირებით, გამოცხადების, წეს-ჩვეულებების, წინასწარმეტყველებების, ძალებისა და ძღვენების გასაღების მფლობელნი; ასევე მიიღოთ და შეასრულოთ ღვთის სასუფეველთან დაკავშირებული ყველა წეს-ჩვეულება, იმისთვისაც კი, რომ მოაბრუნოთ მამების გულები შვილებისადმი, შვილების კი - მამებისადმი, მათდამიც კი, ვინც ზეცაში არიან“ (Teachings: Joseph Smith, 311).

  15. მოძღვრება და აღთქმები 128:9.

  16. იხ. მოძღვრება და აღთქმები 132:7.

  17. Joseph Fielding Smith, in Henry B. Eyring, “Families under Covenant,” Liahona, May 2012, 63; see also endnote 5 on page 65.

  18. Teachings: Joseph Smith, 416–17.

  19. მამებსა და შვილებს შორის ამ „დამაკავშირებელი რგოლების“ (იხ. Doctrine and Covenants 128:18)გარეშე, რომლებიც სატაძრო წეს-ჩვეულებების მეშვეობით შეიქმნა, უფალი აცხადებს: „იქნებით უარყოფილნი თქვენს გარდაცვლილებთან ერთად“ (მოძღვრება და აღთქები 124:32) არ არის საკვირველი, რომ წინასწარმეტყველი გვასწავლიდა: „ნება მიბოძეთ, დაგიმტკიცოთ, რომ ეს არის წესი გარდაცვლილთა და ცოცხალთა მიმართებაში, რომელსაც შეუძლებელია, გვერდი აუაროთ დაუდევრად, რადგან ის ჩვენს ხსნას ეხება. ვინაიდან მათი ხსნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩვენი ხსნისთვის, როგორც პავლე ამბობს მამებზე- ისინი ჩვენ გარეშე ვერ გახდებიან სრულყოფილნი - ვერც ჩვენ ვერ გავხდებით სრულყოფილნი ჩვენს გარდაცვლილთა გარეშე“ (მოძღვრება და აღთქმები 128:15.).

  20. Teachings: Joseph Smith, 312.

  21. Teachings of Gordon B. Hinckley (1997), 475–76.

  22. იხ. მოძღვრება და აღთქმები 132:8-12.

  23. იხ. მალაქია 4:6; მოძღვრება და აღთქმები 2:3.

  24. ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, სახარების ბიბლიოთეკა.

  25. მ. რასელ ბალარდი, “Hope in Christ,” Liahona, May 2021, 55.

  26. დევიდ ა. ბედნარი, ““A Welding Link” (გლობალური სულიერების საათი ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულებისთვის, 10 სექტემბერი, 2017 წ.), სახარების ბიბლიოთეკა.

ამობეჭდვა