გენერალური კონფერენცია
სულიწმინდის კარნახი
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


სულიწმინდის კარნახი

სულიწმინდის მუდმივი თანხლება არის იმ სულიერ ძღვენთა შორის ერთ-ერთი დიადი ძღვენი, რომლითაც უკანასკნელ დღეთა წმინდანები ტკბებიან.

შესავალი

სულ ცოტა ხნის წინ სპორტული სამყაროს მზერა მიპყრობილი იყო 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ავსტრალია და ახალი ზელანდია მასპინძლობდნენ. მსოფლიო დონის სპორტსმენებმა, რომლებიც მთელი მსოფლიოდან 200-ზე მეტ ეროვნულ გუნდს წარადგენდნენ, გამოავლინეს შეუპოვრობა, თავდადება, ნიჭი და ათლეტური ფორმა, როდესაც ისინი საფეხბურთო სამყაროს უმაღლესი ჯილდოსთვის იბრძოდნენ.

ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ სხვადასხვა დარგის მრავალი სპორტსმენით, რომელიც ხელოვნების უმაღლეს დონეს აღწევს. ჩვენ მათ ღვთისგან ბოძებულ ნიჭზე ანუ ძღვენზე ვსაუბრობთ. ეს მოიცავს ცეკვის, ტანვარჯიშის, მუსიკის, ხატვის, თეატრალურ, მათემატიკურ, მეცნიერულ და მრავალ სხვა ნიჭს. ყოველი ასეთი ადამიანი ავლენს ღვთისგან ბოძებულ ნიჭს, რომელიც შემდგომ მძიმე მუშაობის, სწავლისა და ვარჯიშის შედეგად იხვეწება. ღმერთისგან დაჯილდოებული ადამიანები ნიჭიერ ადამიანებს წარმოადგენენ.

სულიერ ძღვენთა გამოვლენა

სახარების თვალსაზრისით, ღმერთი თავის შვილებს მრავალი სულიერი ნიჭით აჯილდოებს, რაც მათ სულიერად ნიჭიერ ადამიანებად ხდის. ეკლესიის წევრებს, რომლებიც აღთქმებს იცავენ, ენიჭებათ სულიერი ძღვენნი, რაც მოიცავს იესო ქრისტეს, როგორც ჩვენი მხსნელის, დამოწმების ძღვენს, სულიწმინდის ძღვენს, განკურნებისა და მკურნალობის რწმენის ძღვენს, ამოცნობის ძღვენს, სასწაულების მიღების ძღვენს და სიბრძნისა და ცოდნის ძღვენს.1 უფალი გვიწვევს, გულმოდგინედ ვეძიოთ საუკეთესო ძღვენნი, თუნდაც სულიერი ძღვენი. იგი გვიბოძებს სულიერ ძღვენს, რათა დაგვლოცოს და სხვების დასალოცად გამოვიყენოთ იგი.2

ნიჭიერი შემსრულებლების ანალოგიას რომ დავუბრუნდეთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ნიჭით ოსტატი ვერ გახდები. არაჩვეულებრივი ბუნებრივი ნიჭის გარდა, საჭიროა მტკივნეული, შრომატევადი პრაქტიკა და ძალისხმევა, რის შედეგადაც შემსრულებლები აუმჯობესებენ და ხვეწენ თავიანთ ხელობას, რათა ოსტატობის უმაღლეს დონეს მიაღწიონ. საჩუქრებსაც კი, რომ გავხსნით, ხშირად თან ახლავს საშინელი წარწერა - „საჭიროებს აწყობას“.

ანალოგიურად შევნიშნე სულიერ ძღვენებთან დაკავშირებული სწავლის მრუდი. სულიერი ძღვენის გამოვლენა მოითხოვს სულიერ ვარჯიშს. „სულიწმინდის ხელმძღვანელობა თქვენს ცხოვრებაში მოითხოვს სულიერ სამუშაოს. ეს სამუშაო მოიცავს მხურვალე ლოცვასა და წმინდა წერილის თანმიმდევრულ სწავლას. ეს ასევე მოიცავს თქვენი აღთქმებისა და ღვთის მცნებების დაცვას. … ეს მოითხოვს ყოველ კვირას ზიარების ღირსეულად მიღებას“.3

რა არის სულიერი ძღვენის გამოვლენის ნაყოფი? ის მოიცავს სულიწმინდის კარნახს, რომელიც გვეხმარება ყოველდღიური საჭიროებების გამკლავებაში და გვიჩვენებს, რა უნდა გავაკეთოთ და რა ვთქვათ, აგრეთვე სიმშვიდისა და ნუგეშის კურთხევებს. როცა ამ სულიერ კარნახს ვუსმენთ და შემდეგ ვმოქმედებთ, სულიწმინდა განადიდებს ჩვენს შესაძლებლობებს იმაზე გაცილებით უფრო მეტად, რისი გაკეთებაც დამოუკიდებლად შეგვეძლო. ეს უძვირფასესი სულიერი ძღვენები გვეხმარება ჩვენი ცხოვრების ყოველ ასპექტში.4

სულიწმინდის მუდმივი თანხლება არის იმ სულიერ ძღვენთა შორის ერთ-ერთი დიადი ძღვენი, რომლითაც უკანასკნელ დღეთა წმინდანები ტკბებიან.

რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ძღვენი? პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა კატეგორიულად უპასუხა ამ კითხვას, როდესაც განაცხადა: „მომავალში შეუძლებელი იქნება სულიერი გადარჩენა სულიწმინდის მუდმივი გაძღოლის, მითითებისა, ნუგეშისა და გავლენის გარეშე“.5

როგორ მოვიწვიოთ და ამოვიცნოთ სულიწმინდის კარნახები

მსახურების განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ყველას სურვილი აქვს იცოდეს, როგორ მოიწვიოს სულიწმინდა და როგორ ამოიცნოს მისი კარნახი. სულიწმინდის კარნახი ძალიან პირადი რამ არის და სხვადასხვა ხერხით მოდის. თუმცა, ჩვენ დალოცვილნი ვართ, რომ გვაქვს როგორც უძველესი, ისე თანამედროვე წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც გვაძლევს ღირებულ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ მითითებები სულიწმინდისგან.

თქვენი ნებართვით გაგიზიარებთ ოთხ ძირითად პრინციპს, რომელიც დაგეხმარებათ სულიწმინდის მოწვევაში და მისი კარნახის ამოცნობაში.

იყავით წმინდა ადგილებში

პირველი: იარეთ წმინდა ადგილებში.6 მე იაპონიის (ტოკიოს) ტაძრის ღია კარის დღეში ვიღებდი მონაწილეობას. მედიისთვის და VIP სტუმრებისთვის გაგზავნილმა ოფიციალურმა მოსაწვევებმა მოლოდინს გადააჭარბა. ასობით სტუმარი შემოუერთდა ტაძარში ჩატარებულ ტურს. სტუმრები დიდად მოხიბლულნი იყვნენ ტაძრის სილამაზით, მათ შორის ღრმად ტრადიციული იაპონური ორნამენტებითა და მოტივებით. კიდევ უფრო გულის ამაჩუყებელი იყო სტუმრების მხრიდან პატივისცემისა და მოწიწების რეაქცია, როდესაც აღწერილი იყო წეს-ჩვეულებები წინაპართათვის იმ ოთახებში, სადაც ისინი ჩატარდებოდა. მაგრამ ყველაზე გულის ამაჩუყებელი სულიწმინდის ბიძგები იყო.

ერთ-ერთი ასეთი მომენტი ცნობილ სახელმწიფო მოხელესთან მუდამ დარჩება ჩემს მოგონებებში. ცელესტიალურ ოთახში დამაფიქრებელი დუმილის შემდეგ, ძალიან ემოციურად, მან ყურში ჩამჩურჩულა: „ამ ოთახში ჰაერიც კი განსხვავებულია“. მე მივხვდი, რომ ის ცდილობდა იქ სულიწმინდის ყოფნის აღწერას, რომელიც მართლაც სუფევს ასეთ წმინდა სივრცეებში. თუ გსურთ იგრძნოთ სულიწმინდა, იყავით ისეთ ადგილას, სადაც მას უადვილდება ყოფნა.

ჩვენი ტაძრები და სახლები ასეთ მიძღვნილ ადგილთა შორის ყველაზე წმინდა ადგილებია; იქ ყველაზე ადვილად შეგვიძლია სულიწმინდის მოპატიჟება და ამოცნობა. სხვა წმინდა ადგილებს შორის დავასახელებდი სამლოცველოებს, სემინარიებისა და ინსტიტუტების შენობებს და ეკლესიის ისტორიისა და ვიზიტორთა ცენტრებს. იყავით წმინდა ადგილებში.

იყავით წმინდა ადამიანებთან

მეორე: იყავით წმინდა ადამიანებთან. მეორე ძირითად პრინციპსაც მოგონებით აღვწერ.

არასოდეს დავივიწყებ პოპულარულ სტადიონზე ჩატარებულ სულიერების საათს. როგორც წესი, ეს არენა სავსე იყო აღელვებული ფანებით, რომლებიც მშობლიურ გუნდს გულშემატკივრობდნენ და, შესაძლოა, მეტოქესაც კი აღიზიანებდნენ. იმ საღამოს სულ სხვა განწყობა იყო. სტადიონზე ათასობით ახალგაზრდა იყო. ისინი შეიკრიბნენ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის ცხოვრების პატივის მისაგებად. მათი მოწიწება, დაბალი ტონი, მადლიერება და ლოცვით აღვსილი გულები არენას სულიწმინდის შეგრძნებით ავსებდა. მე ამას მათ სახეზე ვატყობდი. ეს იყო სულიწმინდის ძღვენი მოქმედებაში, რომელიც ადასტურებდა დამოწმებებს ჯოზეფ სმითისა და სახარების აღდგენის შესახებ.

სულიწმინდას ვერ შეზღუდავ წმინდა ადამიანების შეკრებაზე დასწრებისგან. თუ გსურთ იგრძნოთ სულიწმინდა, იყავით ისეთ ადამიანებთან, სადაც მას უადვილდება ყოფნა. თავად მხსნელმა თქვა: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის“.7 რაც შეეხება ახალგაზრდებს: თქვენთვის წმინდა ადამიანების შეკრება არის ქვორუმები და კლასები, „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“ და სემინარია, მეურვეობისა და პალოს ღონისძიებები და მეურვეობის გუნდიც კი. გააკეთეთ არჩევანი იყოთ იმ ადამიანებთან და ისეთ ადგილებში, სადაც სამართალი სუფევს. იპოვეთ ძალა მრავალრიცხოვან ჯგუფებში. იპოვეთ კარგი მეგობრები. იყავით კარგი მეგობრები. მხარში დაუდექით ერთმანეთს, სადაც არ უნდა იყოთ. იყავით წმინდა ადამიანებთან.

დაამოწმეთ წმინდა ჭეშმარიტების შესახებ

მესამე: რაც შეიძლება ხშირად დაამოწმეთ წმინდა ჭეშმარიტების შესახებ. ნუგეშისმცემელი ყოველთვის გვიზიარებს თავის ხმას, როცა ჩვენი ხმით მასზე ვმოწმობთ. სულიწმინდა ერთნაირად მოწმობს მოსაუბრისთვის და მსმენელისთვის.

მახსოვს, ერთხელ ნიუ-იორკში 45 წუთი ვიარე ტაქსით. აეროპორტში მივდიოდი. მთელი გზა მძღოლთან თბილი საუბარი მქონდა სახარების შესახებ. მგზავრობის თანხა გადავიხადე და უკვე უნდა გადმოვსულიყავი ტაქსიდან. უცებ გამახსენდა, რომ მძღოლისთვის ჩემი დამოწმება არ გამიზიარებია იმის შესახებ, რაზედაც ვესაუბრებოდი. პაუზის შემდეგ მე უბრალო, მოკლე დამოწმება გავუზიარე, სულიწმინდა მოვიწვიე და მეც და მძღოლსაც თვალზე ცრემლი დაგვადგა.

როცა სხვებთან დამოწმების გაზიარების საშულებების ძიებას იწყებთ, თქვენ ქმნით ისეთ მომენტებს, როცა თავად უნდა ამოიცნოთ სულიწმინდა.

მოუსმინეთ სულიწმინდას

ბოლო პრინციპი - მოუსმინეთ სულიწმინდას. მას შეუძლია იყოს ჩვენი მარადიული მეგზური, მაგრამ ის გვესაუბრება ჩუმი, ნაზი ხმით. წინასწარმეტყველმა ელიამ ვერც ქარში, ვერც მიწისძვრაში და ვერც ცეცხლში ვერ იპოვა უფლის ხმა, მხოლოდ „ოდნავი ჩქამი“ იყო.8 ეს „არ [არის] ჭექა-ქუხილის ხმა“, არამედ, „წყნარი ხმა, სრულყოფილი სიმშვიდის, ვითარცა ჩურჩული“ მაგრამ „თვით სულში ჩამწვდომი“.9

პრეზიდენტმა ბოიდ კ. პაკერმა განაცხადა: „სულიწმინდა არ ითხოვს ჩვენს ყურადღებას ყვირილით ან შეზანზარებით. უფრო ჩურჩულით გვესაუბრება. ისე ნაზად გვეფერება, რომ თუ ძალიან დაკავებულები ვართ, შეიძლება საერთოდ ვერც კი ვიგრძნოთ ის“.10 მე შევნიშნე, რომ ზოგჯერ მისი ხმა იმდენად ნაზია ან იქნებ მე ვარ იმდენად დაკავებული, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი გრძნობს მას ჩემ ნაცვლად. სულიწმინდის კარნახი არაერთხელ მიმიღია ჩემი მეუღლის, ლესას, მეშვეობით. მართალმა მშობლებმა ან ხელმძღვანელებმა შეიძლება შთაგონებული მითითება მიიღონ თქვენთვის.

ხმაურმა, აურზაურმა და კამათმა, რომელიც ასე ჭარბობს მსოფლიოში, შეიძლება გადაფაროს სულიწმინდის ჩუმი, ნაზი გავლენა. იპოვეთ წყნარი ადგილი, წმინდა სივრცე, სადაც შეგიძლიათ ეძიოთ სულიწმინდის მითითებები.

გაფრთხილება

როდესაც თქვენ განიხილავთ ამ პრინციპებს სულიწმინდის მოწვევისა და ამოცნობისთვის, გაითვალისწინეთ შემდეგი გამაფრთხილებელი რჩევა.11

დაადასტურეთ თქვენი სულიერი შთაბეჭდილებები. მაგალითად, სულიწმინდისგან მიღებული შთაბეჭდილებები უნდა შეესაბამებოდეს წმინდა წერილებს და ცოცხალი წინასწარმეტყველების სწავლებებს.

დარწმუნდით იმაში, რომ გრძნობები, რომლებსაც იღებთ, შეესაბამება თქვენს დავალებას. სულიწმიდის კარნახი არ გეძლევათ სხვებისთვის რჩევის ან შესწორების მისაცემად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაფერისი უფლებამოსილების პირმა მოგიხმოთ.

სულიერ საკითხებში ძალადობა არ შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ განავითაროთ ისეთი გარემო, სადაც მოიწვევთ სულიწმინდას და შეძლებთ მოემზადოთ, მაგრამ თქვენ ვერ განსაზღვრავთ, როგორ ან როდის უნდა მიიღოთ შთაგონება. იქონიეთ მოთმინება და გჯეროდეთ, რომ შესაფერის დროს მიიღებთ იმას, რაც გჭირდებათ.

გამოიყენეთ საღი გონება. ზოგჯერ გვინდა, რომ სულიწმინდა ყველაფერში წინ მიგვიძღოდეს. თუმცა ხშირად უფალს სურს, გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული გონება და ვიმოქმედოთ ისე, როგორც გვესმის. პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი გვასწავლიდა:

„სურვილი - მიიღო უფლისგან ხელმძღვანელობა არის ძალა, მაგრამ მას უნდა ახლდეს იმის გაგება, რომ ჩვენი მამაზეციერი ბევრ გადაწყვეტილებას ტოვებს ჩვენი პირადი არჩევნისთვის. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ყველა გადაწყვეტილება უფალს მიანდონ და ევედრებიან გამოცხადებას ყველა არჩევანში, მალე აღმოაჩენენ შემთხვევას, რომ ლოცულობენ მითითებების მისაღებად მაგრამ არ ღებულობენ მათ.

„ჩვენ ჯერ გონებაში უნდა შევისწავლოთ საკითხი. … შემდეგ უნდა ვილოცოთ მითითებისთვის და ვიმოქმედოთ, როცა მას მივიღებთ. … თუ არ მივიღებთ მითითებებს, საღი გონებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“.12

დასასრული და მოწვევა

და ბოლოს, უკანასკნელ დღეთა წმინდანები უნდა იყვნენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც აღთქმებს იცავენ. მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანი უნდა ეძიებდეს სულიერი ძღვენის გამოყენებას და შემდეგ უნდა მოვიწვიოთ სულიწმინდა და ვისწავლოთ მისი კარნახის ამოცნობა. ოთხი პრინციპი, რომელიც დაგვეხმარება ამ გადამწყვეტ სულიერ მცდელობაში:

  1. იყავით წმინდა ადგილებში.

  2. იყავით წმინდა ადამიანებთან.

  3. დაამოწმეთ წმინდა ჭეშმარიტების შესახებ.

  4. მოუსმინეთ სულიწმინდას.

თქვენი უნარი - მოიწვიოთ სულიწმინდა და ამოიცნოთ მისი კარნახი, თანდათან განვითარდება. „სულიწმინდის ენის გაგება უცხო ენის სწავლას ჰგავს. ეს არის ეტაპობრივი პროცესი, რომელიც მოითხოვს სიბეჯითესა და მოთმინებას“.13

დავუბრუნდეთ იმას, რითაც დავიწყეთ - გახსოვდეთ, რომ თქვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანები, ნიჭით ხართ დაჯილდოებულნი. წარმოიდგინეთ მარხვის კვირის ნაცნობი სცენა, რომელიც ცოტა ხნის წინ მომიყვნენ. პატარა ბავშვი დგას სკამზე ისე, რომ ძლივს ჩანს კათედრიდან. მამა გვერდით დგას და ნაზად ჩასჩურჩულებს ყურში, ის კი ამაყად იმეორებს: „მე ღვთის შვილი ვარ“!

შემდეგი დამოწმება მოვიდა ახალგაზრდა ზრდასრულისაგან, რომელმაც დაიწყო ნერვიული ხუმრობით: „ნეტავ მეც ვინმემ ასე ჩამჩურჩულოს ყურში“. შემდეგ კი შთაგონებით აღივსო და დაამოწმა: „მე მყავს ის, ვინც ასე ჩამჩურჩულებს ყურში - ეს სულიწმინდაა“!

და ბოლოს, მინდა ყველანი მოგიწვიოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდები: მრავალი თქვენგანი იწყებს დღეს იმით, რომ სარკეში იყურება. ხვალ, ამ კვირას, ამ წელს, ყოველთვის, შეჩერდით სარკესთან. იფიქრეთ ან, თუ გსურთ, ხმამაღლა თქვით: „ნახეთ“! რა კარგი ვარ! მე ღვთის შვილი ვარ! იგი მიცნობს! მე მას ვუყვარვარ! სულიწმინდის ძღვენით დაჯილდოებული ვარ, როგორც ჩემი მუდმივი თანამგზავრი“!

ნიჭიერო უკანასკნელ დღეთა წმინდანებო, მე ვმოწმობ თქვენთვის მამა ღმერთის, იესო ქრისტესა და სულიწმინდის შესახებ, რომელიც მოწმობს მათზე. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა