გენერალური კონფერენცია
ბრწყინვალების სასუფევლები
2023 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


ბრწყინვალების სასუფევლები

ჩვენ გვყავს მოსიყვარულე მამაზეციერი, რომელიც აუცილებლად მიგვაღებინებს ყოველ კურთხევასა და სიკეთეს, რის საშუალებასაც ჩვენი სურვილები და არჩევანი გვაძლევს.

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს ხშირად ეკითხებიან: „რითი განსხვავდება თქვენი ეკლესია სხვა ქრისტიანული ეკლესიებისგან? გაცემულ პასუხებს შორის არის იესო ქრისტეს მოძღვრების სისრულე. ამ მოძღვრების მთავარი ნაწილია ის ფაქტი, რომ ჩვენს ზეციერ მამას იმდენად უყვარს ყველა თავისი შვილი, რომ მას სურს, ჩვენ ყველანი მარადის ვცხოვრობდეთ ბრწყინვალების სასუფეველში. ამაზე მეტიც: მას სურს, რომ ჩვენ მარადჟამს ვცოვრობდეთ მისი და მისი ძის, იესო ქრისტეს, გარემოცვაში. მისი გეგმა გვაძლევს სწავლებას და არჩევნის გაკეთების საშუალებას, რაც ჩვენს დანიშნულებასა და არჩეულ ცხოვრებას განაპირობებს.

I.

თანამედროვე გამოცხადებიდან ვიცით, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანის საბოლოო დანიშნულებაა არა ის არაადეკვატური იდეა, რომ ზეცა მხოლოდ მართალთათვის არის, დანარჩენებისთვის კი ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვა. ღვთის მოსიყვარულე გეგმა მოიცავს იესო ქრისტეს მიერ მოცემულ რეალობას: „ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა“.1

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესიის გამოცხადებული მოძღვრება გვასწავლის, რომ ღვთის ყოველი შვილი— იმდენად მცირე გამონაკლისის გარდა, რომ ამის აქ განხილვა არც ღირს, საბოლოოდ დაიმკვიდრებს ბრწყინვალების ერთ-ერთ სასუფეველს და მათ შორის ყველაზე დაბალიც კი „აღემატება ყოველგვარ წარმოდგენას“.2 ურჩები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იტანჯებიან თავიანთი ცოდვებისთვის. ეს ტანჯვა ამზადებს მათ შემდგომი მოვლენისთვის: როცა ყველა აღდგება და უფალი იესო ქრისტეს საბოლოო განკითხვაზე წარდგება. იქ ჩვენი მოსიყვარულე მხსნელი, რომელიც „ადიდებს მამას და გადაარჩენს ყოველს, მისი ხელით შექმნილს“,3 ღვთის ყოველ შვილს გააგზავნის ბრწყინვალების ერთ-ერთ სასუფეველში, მათი არჩევნის მეშვეობით გამოვლენილი სურვილების მიხედვით.

აღდგენილი ეკლესიის კიდევ ერთი უნიკალური მოძღვრება და პრაქტიკა არის გამოცხადებული მცნებები და აღთქმები, რომლებიც ღვთის ყველა შვილს სთავაზობს წმინდა პრივილეგიას - მიიღონ უმაღლესი ხარისხის ბრწყინვალება ცელესტიალურ სასუფეველში. ეს ყველაზე მაღალი დანიშნულება - ცელესტიალურ სასუფეველში ამაღლება, გახლავთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მთავარი მიზანი.

უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა თანამედროვე გამოცხადებიდან მიიღეს ღვთის შვილების ბედნიერების გეგმის ეს უნიკალური წვდომა. ეს გეგმა იწყება ჩვენი, როგორც სულების, ცხოვრებით, სანამ დედამიწაზე დავიბადებოდით და ის ცხადყოფს ჩვენი არჩეული მოგზაურობის მიზანს და პირობებს მიწიერ ცხოვრებაში და შემდგომ ჩვენთვის სასურველ დანიშნულებას .

II.

ჩვენ ვიცით თანამედროვე გამოცხადებიდან, რომ „ყოველ სასუფეველს ნაბოძები აქვს კანონი“4 და რომ ბრწყინვალების სასუფეველი, რომელსაც მოგვანიჭებენ ბოლო სამსჯავროზე, განისაზღვრება იმ კანონებით, რომლების დაცვასაც ვირჩევთ ჩვენი მიწიერი მოგზაურობისას. ამ სიყვარულით სავსე გეგმაში მრავალი სასუფეველია - მრავალი სავანე, რათა ღვთის ყველა შვილმა დაიმკვიდროს ბრწყინვალების სასუფეველი, რომლის კანონების „ატანას“ ისინი ადვილად შეძლებენ.

როდესაც მამის გეგმაში სამი სასუფევლის ბუნებასა და მოთხოვნებს აღვწერთ, ჩვენ ვიწყებთ ყველაზე მაღალით, რომელიც არის ღვთაებრივი მცნებებისა და წეს-ჩვეულებების ბირთვი, რომელიც ღმერთმა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით გამოავლინა. „ცელესტიალური“ ბრწყინვალება5 სამი საფეხურიდან შედგება,6 მათ შორის ყველაზე მაღალია ცელესტიალურ სამყაროში ამაღლება. იქ იმყოფებიან ისინი, „რომლებმაც მიიღეს მისი სისავსიდან და მისი ბრწყინვალებიდან“, ამიტომ „ისინი არიან ღმერთები, თვით ძენი [და ასულნი] ღმერთისა“7 და „ესენი იცხოვრებენ ღვთისა და მისი ქრისტეს გარემოცვაში, უკუნითი უკუნისამდე“.8 გამოცხადების მეშვეობით ღმერთმა გამოავლინა მარადიული კანონები, წეს-ჩვეულებები და აღთქმები, რომლებიც უნდა დაიცვან, რათა განვითარდეს ამ ღვთაებრივი პოტენციალის რეალიზაციისთვის აუცილებელი ღვთიური თვისებები. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ამაზე აკეთებს აქცენტს, რადგან ამ აღდგენილი ეკლესიის მიზანია - მოამზადოს ღვთის შვილები ხსნისთვის ცელესტიალურ სასუფეველში, კონკრეტულად კი - ამაღლებისთვის მის უმაღლეს ხარისხში.

მარადიულ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ღვთის გეგმა მოითხოვს, რომ ამაღლების მიღწევა შესაძლებელი ხდებოდეს მხოლოდ წმინდა ტაძარში მამაკაცსა და ქალს შორის მარადიული ქორწინების აღთქმების ერთგულებით,9 და ეს ქორწინება საბოლოოდ ყველა ერთგულისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომაც ვასწავლით, რომ „სქესი არის აუცილებელი თვისება პიროვნების წინამიწიერი, მიწიერი და მარადიული იდენტურობისთვისა და დანიშნულებისათვის.“10

უნიკალურად ღირებული სწავლება, რომელიც გვამზადებს ამაღლებისთვის, არის 1995 წლის მოწოდება მსოფლიოს.11 ის განმარტავს მოთხოვნებს, რომლებიც გვამზადებს მამა ღმერთთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან, საცხოვრებლად. ისინი, ვისაც სრულად არ ესმით მამის სიყვარულით სავსე გეგმა და ამაღლების მოძღვრება, შეიძლება განიხილავდნენ ამ მოწოდებას როგორც უბრალოდ ცვლად განცხადებას ან პოლიტიკას. პირიქით, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს, რომელიც დაფუძნებულია შეუქცევად მოძღვრებაზე, განსაზღვრავს ოჯახური ურთიერთობების ტიპს, სადაც შეიძლება მოხდეს ჩვენი მარადიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.

პავლე მოციქული აღწერს ბრწყინვალების სამ ხარისხს და ადარებს მათ მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ბრწყინვალებას.12 ის მოიხსენიებს ყველაზე მაღალს როგორც „ცელესტიალურ“, მომდევნოს კი ტერესტრიალურს“.13 მას არ აქვს ნახსენები მესამე, მაგრამ ჯოზეფ სმითის გამოცხადებიდან ვიცით, რომ მას „ტელესტრიალური“ ეწოდება.14 სხვა გამოცხადება ასევე აღწერს იმ პირთა ბუნებას, რომლებიც ბრწყინვალების ამ სასუფევლებში უნდა გაამწესონ. ვისაც არ უნდა „ცელესტიალური სასუფევლის კანონის დაცვა“,15 ბრწყინვალების სხვა სასუფეველს დაიმკვიდრებს, ცელესტიალურზე ნაკლებს, რომელიც შეეფერება მათ მიერ არჩეულ კანონებს და რომლის „ატანაც“ მათ კომფორტულად შეუძლიათ. სიტყვა ატანა, ასე ჩვეულებრივი წმინდა წერილისთვის, ნიშნავს გაძლებას.16 მაგალითად, ტერესტრიალურ სამყაროში მყოფნი - ზეცის პოპულარული კონცეფციის თანახმად, „არიან, რომლებიც იღებენ ძის გარემოცვაში ყოფნიდან, მაგრამ არა მამის სისავსიდან“.17 ესენი იყვნენ „დედამიწის პატივცემული ადამიანები, რომლებიც დააბრმავა ადამიანთა მზაკვრობამ“,18 და „არ [იყვნენ] მამაცნი ქრისტეს დამოწმებაში“.19

ბრწყინვალების სასუფევლებიდან ყველაზე დაბალი, ტელესტიალური, არის მათთვის, ვინც „ვერ აიტანს ტერესტრიალურ ბრწყინვალებას“.20 ანუ ესენი არიან, ვინც უარყეს მხსნელი და არ იცავდნენ ღვთიური კანონების შეზღუდვებს თავიანთ საქციელში. ეს არის სასუფეველი, სადაც ბოროტები განთავსდებიან, მას შემდეგ, რაც დაიტანჯებიან თავიანთი ცოდვებისთვის. თანამედროვე წმინდა წერილის თანახმად „ესენი არიან, რომლებმაც არ მიიღეს არც ქრისტეს სახარება და არც იესოს დამოწმება. …

„ესენი არიან, რომლებიც არიან მატყუარები და ჯადოქრები, მრუშნი და არაკაცნი და ნებისმიერი სიცრუის კეთების მოყვარულნი“.21

სამ სასუფეველზე საუბრისას, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, თავისი წინასწარმეტყველური ხედვით, ცოტა ხნის წინ დაწერა: „მიწიერი ცხოვრება მარადისობის განზომილებაში ნანოწამს უდრის. მაგრამ რა გადამწყვეტი ნანოწამია! დაუკვირდით: ამ მიწიერ ცხოვრებაში თქვენ ირჩევთ, რა კანონებს ემორჩილებით - ცელესტიალური, ტერესტრიალური თუ ტელესტიალური სასუფევლის და შესაბამისად, ბრწყინვალების სასუფეველს, რომელშიც მარადჟამს იცხოვრებთ. რა საოცარი გეგმაა! ეს არის გეგმა, რომელიც სრულად პატივს სცემს თქვენს თავისუფალ არჩევანს“.22

III.

პავლე მოციქული გვასწავლიდა, რომ უფლის სწავლებანი და მცნებები მოცემულ იქნა, რათა ჩვენ შეგვძლებოდა „ქრისტეს სისავსის ასაკის [ზომამდე]“ მისვლა.23 ეს პროცესი გაცილებით მეტს მოიცავს, ვიდრე ცოდნის მიღებას. საკმარისი არ არის, უბრალოდ გწამდეს სახარება; ჩვენ უნდა ისე ვმოქმედებდეთ, რომ მოვიქცეთ მასზედ. სხვა სწავლებებისგან განსხვავებით, სადაც ასწავლიან რაღაცის ცოდნას, იესო ქრისტეს სახარება გვკარნახობს, რანი უნდა გავხდეთ.

ასეთი სწავლებიდან ჩვენ ვასკვნით, რომ საბოლოო განკითხვა არ არის მხოლოდ კარგი და ბოროტი ქმედებების ჯამი ანუ ჩადენილისშეფასება. მას განაპირობებს ჩვენი ქმედებებისა და აზრების საბოლოო შედეგი - ის, რანი გავხდით. ჩვენ მოქცევისპროცესში ვხდებით მარადიული ცხოვრების ღირსნი. ამ სიტყვას მრავალი მნიშვნელობა აქვს მაგრამ აქ ის ბუნების ძირფესვიანი შეცვლის კონტექსტში გამოიყენება. არავისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ მექანიკური მოქმედებები. მცნებები, წეს-ჩვეულებები და სახარების აღთქმები არ არის სია, რომელიც საჭიროა ზეციურ ანგარიშზე დეპოზიტის სახით დასადებად. იესო ქრისტეს სახარება არის გეგმა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ გავხდეთ ისეთნი, როგორც მამაზეციერს სურს, რომ ვიყოთ.24

IV.

იესო ქრისტეს და მისი გამოსყიდვის გამო, როცა ამ ცხოვრებაში რამეს დავაშავებთ, შეგვიძლია მოვინანიოთ და ხელახლა დავდგეთ აღთქმის გზაზე, რომელსაც მივყავართ იქამდე, რაც მამაზეციერს სურს ჩვენთვის.

მორმონის წიგნი გვასწავლის, რომ „ეს ცხოვრება არის დრო [მოვემზადოთ] ღმერთთან შესახვედრად“.25 მაგრამ „ამ ცხოვრების“ იმ რთულ შეზღუდვას იმედისმომცემი კონტექსტი მიეცა (ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი ადამიანისთვის), რაც უფალმა გამოუცხადა პრეზიდენტ ჯოზეფ ფ. სმითს. ამჟამად ეს მოიპოვება მოძღვრება და აღთქმები 138-ში. „ვიხილე“ - წერს წინასწარმეტყველი, რომ „ამ წყობის ერთგული უხუცესები, როდესაც მიდიან მოკვდავი ცხოვრებიდან, აგრძელებენ თავიანთ შრომას, ქადაგებენ რა მონანიების სახარებასა და გამოსყიდვას ღვთის მხოლოდშობილი ძის მსხვერპლშეწირვის მეშვეობით მათ შორის, რომლებიც იმყოფებიან ბნელეთში და ცოდვის ტყვეობაში, გარდაცვლილთა სულების დიად სამყაროში.

გარდაცვლილნი, რომელნიც მოინანიებენ, გამოსყიდულნი იქნებიან ღვთის სახლის წეს-ჩვეულებების მიმართ მორჩილებით.

და მას შემდეგ, რაც მოიხდიან თავიანთი შეცოდების სასჯელს და განიბანებიან, მიიღებენ ჯილდოს თავიანთი საქმეებისამებრ, ვინაიდან ისინი არიან ხსნის მემკვიდრენი“.26

გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ათასწლეული, ათასი წელი, რომელიც მოჰყვება მაცხოვრის მეორედ მოსვლას, არის დრო, როცა უნდა შესრულდეს საჭირო წეს-ჩვეულებები მათთვის, ვისაც არ მიუღია ისინი თავიანთ მოკვდავ ცხოვრებაში.27

ბევრი რამ არ ვიცით ხსნის გეგმის სამი ძირითადი პერიოდისა და მათი ერთმანეთთან კავშირის შესახებ: (1) სულების წინამიწიერი სამყარო, (2) მოკვდავება და (3) შემდეგი ცხოვრება. თუმცა ვიცით ეს მარადიული ჭეშმარიტება: „ხსნა პირადი საქმეა, ამაღლება კი - ოჯახური“.28 ჩვენ გვყავს მოსიყვარულე მამაზეციერი, რომელიც აუცილებლად მიგვაღებინებს ყოველ კურთხევასა და სიკეთეს, რის საშუალებასაც ჩვენი სურვილები და არჩევანი გვაძლევს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ იგი არავის არ დააძალებს ჩაბეჭდვის ურთიერთობას. ჩაბეჭდვის ურთიერთობის დალოცვებს იღებენ ისინი, ვინც იცავენ აღთქმებს, მაგრამ მას არასოდეს არ აიძულებენ პიროვნებას, რომელიც არ არის ამის ღირსი ან არ აქვს ამის სურვილი.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მე ვმოწმობ ყოველივე ამის ჭეშმარიტებაზე. მე ვმოწმობ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, შესახებ, რომელიც არის „[ჩვენი] რწმენის შემქმნელი და სრულმყოფი“,29 ვისი გამოსყიდვა, მამაზეციერის გეგმის მიხედვით, ყოველივე ამას შესაძლებელს ხდის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა