გენერალური კონფერენცია
ფარული ცეცხლის მოძრაობა
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ფარული ცეცხლის მოძრაობა

ღმერთი ისმენს და პასუხობს ყოველ ჩვენს ლოცვას, ჩვენი სრულყოფილებისთვის დასახული გზის თანახმად.

დებო და ძმებო, 2022 წლის ოქტომბერს, როცა ბოლოს ამ კათედრასთან ვიდექი, მტკივნეული გაკვეთილი მივიღე. და აი ეს გაკვეთილი: თუ ამჟამად სათანადო გამოსვლა არ მოვამზადე, შეიძლება მომდევნო რამდენიმე კონფერენციაზე ამიკრძალონ სიტყვით გამოსვლა. როგორც ხედავთ, დღეს დილის სესიაზე დამნიშნეს. თუმცა იმას ვერ ხედავთ, რომ ვდგავარ ლიუკზე ძალიან ნაზი საკეტით. და თუ კარგად არ გამოვედი სიტყვით, კიდევ რამდენიმე კონფერენციის განმავლობაში ვერ მიხილავთ.

სხვათაშორის, მშვენიერი გუნდის მიერ შესრულებული ამ შესანიშნავი ჰიმნის კვალზე მინდა გაგიზიაროთ ის გაკვეთილები, რომლებიც ბოლო ხანს ვისწავლე და რომლებიც უფლის დახმარებით მსურს, გაგიზიაროთ დღეს. ამის გამო ეს გამოსვლა ძალიან პირადი იქნება.

ყველაზე პირადი და მტკივნეული ყველა ამ ბოლოდროინდელი გამოცდილებიდან იყო ჩემი საყვარელი მეუღლის, პეტის გარდაცვალება. ის სრულყოფილი დედა და მეუღე იყო , საუკეთესო ქალი, რომ არაფერი ვთქვათ მის სიწმინდეზე, გადმოცემის უნარსა და სულიერებაზე. ის ერთხელ სიტყვით გამოვიდა თემაზე „თქვენი შექმნის საზრისი“. ვფიქრობ, მან თავისი შექმნის საზრისი იმაზე მეტად წარმატებით შეასრულა, ვიდრე ამას ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა. ის ღვთის სრულქმნილი შვილი იყო, ქრისტეს მიმდევარი სამაგალითო ქალი. მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების 60 წელი მასთან გავატარე. თუ ღირსად ჩავითვლები, ჩვენი ჩაბეჭდვის წყალობით მასთან მარადჟამს ერთად ვიქნები.

სწავლასთან დაკავშირებული მეორე გამოცდილება ჩემი მეუღლის დაკრძალვიდან 48 საათის შემდეგ დაიწყო. იმ დროს მე ძალიან მძიმე მდგომარეობაში სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს. მას შემდეგ, რეანიმაციაში ყოფნის ექვსი კვირიდან ოთხი ხან გონებაზე ვიყავი და ხან უგონოდ.

ფაქტობრივად, საავადმყოფოში ყოფნისას, პირველ პერიოდში მიღებული მთელი ჩემი გამოცდილება მეხსიერებიდან წაიშალა. მაგრამ მეხსიერებიდან არ წამშლია მოგზაურობა საავადმყოფოს მიღმა , რაც მარადისობის ზღვარზე ყოფნას ჰგავდა. მე აქ სრულად ვერ ვისაუბრებ ამ გამოცდილების შესახებ, მაგრამ შემიძლია გაგიმხილოთ მიღებულის მხოლოდ ნაწილი - მითითება: დავუბრუნდე ჩემს მსახურებას მეტი სისწრაფით, მეტი თავდადებით, მეტი ფოკუსირებით მხსნელზე, მეტი რწმენით მისი სიტყვის მიმართ.

ვგრძნობდი, რომ ვიღებდი თორმეტ მოციქულთათვის 200 წლის წინ მიცემული გამოცხადების ჩემს პირად ვერსიას:

„და დაამოწმე ჩემი სახელის შესახებ … და გაავრცელე ჩემი სიტყვა დედამიწის კიდეებამდე. …

„… დილიდან დილამდე და დღითი დღე, ისმოდეს შენი გამაფრთხილებელი ხმა; და როდესაც დადგება ღამე, დაე, არ დაიძინონ დედამიწის მცხოვრებმა შენი სიტყვების გამო. …

„წამოდექით[,] … იტვირთეთ თქვენი ჯვარი [და] გამომყევით“.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, მას შემდეგ, რაც ეს გამოცდილება მივიღე, მე ვცდილობდი, უფრო გულმოდგინედ ამეღო ჩემი ჯვარი, მეტი გამბედაობით მეპოვა, სად შემეძლო ამემაღლებინა მოციქულის თბილი და გამაფრთხილებელი ხმა დილით, დღისითა და ღამით.

ამას მივყავარ მესამე ჭეშმარიტებისკენ, რომელიც იმ დანაკარგის, ავადმყოფობისა და გასაჭირის ჟამს მივიღე. ეს იყო განახლებული მოწმობა და გაუთავებელი მადლიერება ამ ეკლესიის მტკიცე ლოცვებისთვის - თქვენი ლოცვებისთვის, რომლების ბენეფიციარი მე ვიყავი. მარადიულად მადლობელი ვიქნები ათასობით ადამიანის ვედრებისთვის, რომლებიც, ქვრივის მსგავსად, დაჟინებით, განუწყვეტლად ლოცულობდნენ ზეცის ჩარევისთვის ჩემს სახელზე. მე მივიღე მღვდლობის კურთხევები და ვიცოდი, რომ ჩემი სკოლის მეგობრები მარხულობდნენ ჩემთვის, ისევე როგორც რამდენიმე მეურვეობა მთელს ეკლესიაში. ალბათ ჩემი სახელი ეკლესიის ყველა ტაძრის ლოცვებში მოსახსენიებელთა სიაში იყო.

ჩემი ღრმა მადლიერებით ამ ყველაფრისთვის, ვუერთდები გ. კ. ჩესტერტონს, რომელმაც ერთხელ თქვა: „მადლიერება აზროვნების უმაღლესი ფორმაა; და … მადლიერება არის გაოცებით გაორმაგებული ბედნიერება“. ჩემი პირადი „გაორმაგებული ბედნიერებით“ მადლობას გიხდით ყველას და მადლობას ვუხდი ჩემს ზეციერ მამას, რომელმაც შეისმინა თქვენი ლოცვები და ჩემი ცხოვრება დალოცა.

ძმებო და დებო, მე ვმოწმობ, რომ ღმერთი ისმენს ყოველ ჩვენს ლოცვას და პასუხობს თითოეულ მათგანზე ჩვენი სრულყოფილებისთვის დასახული გზის თანახმად. მე მესმის, რომ დაახლოებით იმავე დროს, როცა ამდენი ადამიანი ლოცულობდა ჩემი ჯანმრთელობის აღდგენისთვის, თანაბარი რაოდენობა, მათ შორის მეც, ლოცულობდა ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის აღდგენისთვის. მე ვმოწმობ, რომ ორივე ეს ლოცვა გაიგონა მამაზეციერმა და ღვთიური თანაგრძნობით უპასუხა მათ, თუმცა პეტის შესახებ ლოცვებზე პასუხი არ იყო ისეთი, როგორიც მე მინდოდა. მხოლოდ ღმერთმა იცის, რატომ არ არის ჩვენს ლოცვებზე პასუხი ისეთი, როგორც ჩვენ ვიმედოვნებდით, მაგრამ გპირდებით, რომ ღმერთი ისმენს ლოცვებს და პასუხობს მათ თავისი კოსმიური ცხრილით, ერთგული სიყვარულით.

თუკი „არ მოვთხოვთ ცუდს“, ჩვენ არ გვექნება შეზღუდვა იმაზე, თუ როდის, სად ან რის შესახებ ვილოცოთ. გამოცხადების თანახმად, ჩვენ „ყოველჟამს [უნდა ვილოცოთ]“. და ამულეკის თქმით, უნდა ვილოცოთ „მათი კეთილდღეობისათვის, ვინც თქვენს გარშემოა“, იმის რწმენით, რომ „ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას“. ჩვენი ლოცვები უნდა იყოს ხმოვანი, როდესაც გარემოება ამის საშუალებას გვაძლევს. თუ ამის საშუალება არ გვაქვს, მაშინ ჩუმად, გულში უნდა ვილოცოთ. ჩვენ ვმღერით, რომ ლოცვები „ფარული ცეცხლის მოძრაობაა, „ რომლებიც, თავად მხსნელის სიტყვებით, ყოველთვის უნდა მივმართოთ მამაზეციერს - მარადიულ მამას, მისი მხოლოდშობილი ძის სახელით.

ჩემო საყვარელო მეგობრებო, ჩვენი ლოცვები ჩვენი უტკბილესი მომენტებია, ჩვენი ყველაზე „გულწრფელი სურვილები“, ჩვენი ღვთისმსახურების ყველახე უბრალო, წმინდა ფორმა. ჩვენ უნდა ვილოცოთ ინდივიდუალურად, ოჯახებში და ყველა ზომის მრევლში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლოცვა როგორც ფარი ცდუნების წინააღმდეგ და თუ ოდესმე ვიგრძნობთ, რომ არ გვსურს ლოცვა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოყმანი არ მოდის ღმერთისგან, რომელსაც სურს, ნებისმიერ დროს ესაუბროს თავის შვილებს. მართლაც, ზოგჯერ უშუალოდ მოწინააღმდეგე გვიშლის ლოცვაში ხელს. როდესაც არ ვიცით, როგორ ან ზუსტად რისთვის უნდა ვილოცოთ, უნდა დავიწყოთ და გავაგრძელოთ, სანამ სულიწმინდა არ გაგვიძღვება ლოცვაში. ეს მიდგომა შეიძლება დაგვჭირდეს მაშინ, როცა ვლოცულობთ ჩვენი მტრებისთვის და მათთვის, ვინც ბოროტად გვიყენებს.

ბოლოსდაბოლოს, უნდა მივმართოთ მხსნელის მაგალითს, რომელიც ასე ძალიან ხშირად ლოცულობდა. მაგრამ ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ის, რომ იესო საერთოდ გრძნობდა ლოცვის საჭიროებას. განა ის სრულყოფილი არ იყო? რისთვის უნდა ელოცა? მე მივხვდი, რომ მასაც ჩვენთან ერთად სურდა „ეძია [მამის] სახე, ერწმუნა მისი სიტყვა და მინდობოდა მის მადლს“. დროდადრო ის შორდებოდა საზოგადოებას, რათა მარტოობაში გაემსჭვალა ზეცა ლოცვებით. ზოგჯერ ის რამდენიმე ადამიანთან ერთად ლოცულობდა. შემდეგ ის ზეცას ეძიებდა მოწაფეებთან ერთად, რომლებიც სიმრავლით მთის ფერდობებს ფარავდნენ. ზოგჯერ ლოცვისას მისი სამოსი ბრწყინავდა. ზოგჯერ ლოცვა სახეს უნათებდა. ზოგჯერ ის ფეხზე დგომით ლოცულობდა, ზოგჯერ დაჩოქილი და სულ მცირე ერთხელ ის პირქვე დამხობილი ლოცულობდა.

ლუკა აღწერს იესოს ჩამოსვლას გამოსყიდვაში როგორც „უფრო მხურვალე“ ლოცვის მოთხოვნას“. როგორ უნდა ილოცოს უფრო მხურვალედ მან, ვინც სრულყოფილია? ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მისი ყველა ლოცვა მხურვალე იყო, მაგრამ გამომსყიდველი მსხვერპლის შესრულებისას და უზომო ტკივილის გამო გრძნობდა, რომ უფრო მეტი ვედრებით უნდა ელოცა და მისი მსხვერპლის ტვირთის გამო მას, ბოლოს, ყველა ფორიდან სისხლის წვეთები გამოსდიოდა.

ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებისა და მისი ბოლო ძღვენის ფონზე - რომელმაც კიდევ რამდენიმე კვირა ან თვე მიბოძა დედამიწაზე, მე საზეიმოდ ვმოწმობ მარადიული ცხოვრების რეალობისა და მისთვის სერიოზული მზადებისთვის.

მე ვმოწმობ, რომ როცა ქრისტე მოვა, მან უნდა გვიცნოს არა როგორც გაცვეთილ ნათლობის ჩანაწერში აღნუსხული წევრები, არამედ როგორც ზედმიწევნით თავდადებული, ერთგულად მორწმუნე, აღთქმის დამცავი მოწაფეები. ეს ყველა ჩვენგანისთვის გადაუდებელი საქმეა, რათა არასოდეს გაგვეგოს გამანადგურებელი სინანულით ნათქვამი სიტყვები: „მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ“ ან როგორც ჯოზეფ სმითმა თარგმნა ეს ფრაზა: „[თქვენ] არასოდეს არ მიცნობდით მე“.

საბედნიეროდ, ჩვენ ამ დავალების შესასრულებლად დახმარება გვაქვს - დიდი დახმარება. ჩვენ უნდა გვწამდეს ანგელოზები, სასწაულები და წმინდა მღვდლობის დაპირება. ჩვენ უნდა გვწამდეს სულიწმიდის ძღვენი, კარგი ოჯახებისა და მეგობრების გავლენა და ქრისტეს წმინდა სიყვარულის ძალა. ჩვენ უნდა გვწამდეს წინასწარმეტყველების, წინასწარმჭვრეტებისა და განმცხადებლების, ასევე პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გამოცხადების. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ლოცვით, ვედრებითა და პირადი სიმართლით ჩვენ შეგვიძლია ავმაღლდეთ „სიონის მთასთან, … ცოცხალი უფლის ქალაქთან, ყველაზე წმინდა ზეციურ ადგილთან“.

დებო და ძმებო, როცა მოვინანიებთ ცოდვებს და გაბედულად მივალთ „მადლის ტახტთან“ და იქ დავტოვებთ ჩვენს მუდარას და გულწრფელ ვედრებას, ჩვენ ჩვენი მამამზეციერისა და მისი მორჩილი, სრულყოფილად სუფთა ძის ხელით მივიღებთ მადლს, თანაგრძნობასა და მიტევებას. შემდეგ, იობთან და ყველა განწმენდილ ერთგულ ადამიანთან ერთად ვიხილავთ სამყაროს, ჩვენთვის „საკვირველს“, რომ არ გაგვეგება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა