გენერალური კონფერენცია
უფრო მაღალი სიხარული
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


უფრო მაღალი სიხარული

დაე, ყოველი ჩვენგანი ეძიებდეს და ჰპოვებდეს უფრო მაღალ სიყვარულს, რომელიც მოდის მამაზეციერისა და მისი საყვარელი ძესადმი ჩვენი ცხოვრების მიძღვნით.

უკვე მესამე ათწლეულია, რაც გენერალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლით ეს დიდებული პრივილეგია მაქვს. ამ დროის მანძილზე მრავალი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მისვამდა შეკითხვებს ამ გზავნილებთან დაკავშირებით. ბოლო დროს ერთი კონკრეტული შეკითხვა ჟღერს. როგორც წესი, ის იწყება სიტყვებით: უხუცესო უხტდორფ, მე ყურადღებით მოვისმინე თქვენი ბოლო გამოსვლა, მაგრამ [პაუზა] … ავიაციაზე არაფერი გითქვამთ“.

დღეის შემდეგ ალბათ ამ კითხვას დიდი ხნის განმავლობაში არ დამისვამენ.

„მზის სხივებით გაყოფილ მხიარულ ღრუბლებზე“

ძნელი დასაჯერებელია, რომ სულ რაღაც 120 წლის წინ ვილბურ და ორვილ რაითები პირველად ავიდნენ ცაში და ჩრდილოეთ კაროლინას, ქითი ჰოკსის დიუნებს, გადაუფრინეს. ოთხმა მოკლე ფრენამ იმ დეკემბრის დღეს სამყარო შეცვალა და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გამოგონებას გაუღო კარი.

იმ ადრეულ წლებში ფრენა საშიში იყო. ძმებმა ეს იცოდნენ. ეს მათმა მამამ, მილტონმაც, იცოდა. სინამდვილეში, მას იმდენად ეშინოდა, რომ ორივე ვაჟს დაკარგავდა ავიაკატასტროფაში, რომ ისინი დაჰპირდნენ მამას, რომ ერთად არასოდეს იფრენდნენ.

და ასეც იყო - ერთი გამონაკლისის გარდა. ქითი ჰოკში იმ ისტორიაული მოვლენიდან შვიდი წლის შემდეგ, მილტონ რაითი საბოლოოდ დათანხმა იმას, რომ ვილბურს და ორვილს ერთად ეფრინათ და უყურა კიდევაც მათ ფრენას. მიწაზე დაშვების შემდეგ ორვილმა დაარწმუნა მამა, ჩამჯდარიყო თვითმფრინავში, რათა თავად მიეღო ფრენის გამოცდილება (სხვათაშორის, ეს მისი პირველი და უკანასკნელი ფრენა იყო).

როცა თვითმფრინავი მიწას მოსწყდა, 82 წლის მილტონი იმდენად აღფრთოვანდა ფრენით, რომ მას მთლიანად გაუქრა შიში. ორვილს ძალიან გაუხარდა, როცა მამამ სიხარულით წამოიყვირა: უფრო მაღლა, ორვილ, უფრო მაღლა“!

აი, ჩემი ჭკუის კაცი!

ალბათ, მიზეზი, რომლის გამოც ხანდახან ვსაუბრობ ავიაციაზე, არის ის, რომ ვიცი, რას გრძნობდნენ რაითები. მეც „დამიღწევია თავი დედამიწის დაღვრემილი ბორკილებისგან და სიცილით მოვერცხლილ ფრთებზე მიცეკვია ცაში“.

ძმები რაითების პირველმა ფრენამ, რომელსაც ჩემს დაბადებამდე სულ რაღაც 37 წლით ადრე ჰქონდა ადგილი, თავგადასავლების, საოცრებისა და წმინდა სიხარულის კარი გააღო ჩემს ცხოვრებაში.

და მაინც, მიუხედავად ამ საოცარი სიხარულისა, არსებობს კიდევ უფრო მაღალი სიხარული. დღეს,მილტონ რაითის სასიხარულო შეძახილის სულისკვეთებით: „მაღლა, კიდევ უფრო მაღლა, ორვილ“, მსურს ამ უფრო მაღალ სიხარულზე ვისაუბრო - საიდან მოდის ის, როგორ შემოდის ჩვენს გულში და როგორ განვიცადოთ ის უფრო დიდი დოზით.

ადამიანების არსებობის სრული მიზანი

ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ყველას უნდა, ბედნიერი იყოს. ისიც თავისთავად ცხადია, რომ ყველა ბედნიერი არ არის. სამწუხაროდ, მრავალი ადამიანისთვის ბედნიერება ძნელად მოსაპოვებელი რამ არის.

რატომ არის ასე? თუ ბედნიერება არის ის, რაც ადამიანს ყველაზე მეტად სურს, რატომ არ გვიმართლებს მისი პოვნა? ერთ-ერთი ქანთრი სტილის სიმღერის პარაფრაზი რომ მოვახდინოთ, ვიტყვით, რომ იქნებ სულ სხვაგან ვეძებთ ბედნიერებას.

სად შეგვიძლია ბედნიერების პოვნა?

სანამ იმაზე ვიმსჯელებთ, სად ვიპოვოთ ბედნიერება, ნება მიბოძეთ ვაღიარო, რომ დეპრესია და სხვა გონებრივი და ემოციური გამოწვევები რეალურია და პასუხი არ იქნება უბრალოდ „ეცადე, იყო უფრო ბედნიერი“. ჩემი დღევანდელი მიზანი სულაც არ არის მენტალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დაკნინება ან გამარტივება. თუ თქვენ ასეთი გამოწვევის წინ დგახართ, მე თქვენთან ერთად ვწუხვარ და გვერდში გიდგავართ. ზოგი ადამიანისთვის სიხარულის პოვნა მოიცავს დახმარების ძიებას პროფესიონალებისგან, რომლებიც ამ ძალიან მნიშვნელოვან ხელოვნებას საკუთარ ცხოვრებას უძღვნიან. ჩვენ ასეთი დახმარებისთვის მადლიერები უნდა ვიყოთ.

ცხოვრება არ არის ემოციური სიმაღლეების უსასრულო მიმდევრობა. „ვინაიდან საჭიროა, რომ ყველაფერს ჰქონდეს საპირისპირო“. და თუ თავად ღმერთი ტირის, როგორც ამას წმინდა წერილი გვიდასტურებს, მაშინ, რა თქმა უნდა, მეც და თქვენც ვიტირებთ. მოწყენილობის გრძნობა მარცხის ნიშანი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ამ ცხოვრებაში სიხარული და სევდა განუყრელი მეგობრები არიან. ისევე როგორც ყოველ თქვენგანს, მეც მქონია ჩემი წილი გულგატეხილობა, მწუხარება, იმედგაცრუება და სინანული.

თუმცა, მე აგრეთვე მქონია დიდებული განთიადი, რომელიც სულს ისეთი სრული სიხარულით ავსებდა, რომ მისი შინაგანად შეკავება შეუძლებელი იყო. მე ჩემთვის აღმოვაჩინე, რომ ეს მშვიდი დაჯერებულობა მოდის მხსნელის მიბაძვისა და მის გზაზე სიარულით.

მისი სიმშვიდე არ არის ის სიმშვიდე, რომელსაც სამყარო გვთავაზობს. ის მასზე უკეთესია. ის უფრო მაღალი და წმინდაა. იესომ თქვა: „მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ“.

იესო ქრისტეს სახარება ჭეშმარიტად არის „დიდ[ი] სიხარულ[ი]! და ის უბადლო იმედის გზავნილია! გზავნილი მათთვის, ვისაც უღელი და მძიმე ტვირთი ადევს. სინათლის შეკრების გზავნილი. ზეციური დახმარების, უფრო ღრმა წვდომის, უფრო წმინდა აღთქმის, მარადიული უსაფრთხოებისა და დიდების!

სიხარული არის ღვთის მიერ თავისი შვილებისთვის შექმნილი გეგმის უშუალო დანიშნულება. ამისთვის შეგქმნათ მან - „რათა [განიცადოთ] სიხარული“! თქვენ ამისთვის ხართ შექმნილნი!

მამაზეციერს არ დაუმალავს ჩვენთვის ბედნიერებისკენ მიმავალი ბილიკი. ეს არ არის საიდუმლო. ის ყვალასთვის ხელმისაწვდომია!!

ის დაჰპირდნენ მათ, ვინც მოწაფეობის გზაზე დადის, მიჰყვება მხსნელის სწავლებასა და მაგალითს, იცავს მის მცნებებს და პატივს სცემს ღმერთთან დადებულ აღთქმებს. რა შესანიშნავი დაპირებაა!

ღმერთს ამაზე მეტი რამ აქვს ჩვენთვის.

ჩვენ ყველანი ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბედნიერებისთვის არ სჭირდებათ ღმერთი, რომ ისინი რელიგიის გარეშეც კი საკმაოდ ბედნიერები არიან.

მე ვაღიარებ და პატივს ვცებ ამ გრძნობებს. ჩვენს მამაზეციერს სურს, ყოველ მის შვილს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ბედნიერება, ასე რომ მან აავსო ეს სამყარო მშვენიერი, ჯანსაღი სიამოვნებით და აღფრთოვანებით, „თვალის საამებლად და გულის გასახარად“. მე ფრენამ დიდი ბედნიერება მომიტანა. სხვები მას მუსიკაში, ხელოვნებაში, ჰობიში ან ბუნებაში პოულობენ.

ყველას მოწვევითა და მხსნელის დიდი სიხარულის კეთილი ამბის გაზიარებით ჩვენ არ გამოვრიცხავთ სიხარულის ამ არცერთ წყაროს. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ღმერთს ჩვენთვის უფრო მეტი რამ აქვს. უფრო მაღალი და ღრმა სიხარული, სიხარული, რომელიც აღემატება ყველაფერს, რასაც ეს სამყარო გვთავაზობს. ეს არის სიხარული, რომელიც უძლებს გულგატეხილობას, განგმირავს მწუხარებას და ამსუბუქებს მარტოობას.

მიწიერი ბედნიერება კი პირიქით - დიდ ხანს არ გრძელდება. მას ეს არ შეუძლია. ყოველივე მიწიერის ბუნებაა დაბერება, ხრწნა, ცვეთა ან მოძველება. მაგრამ ღვთის სიხარული არის მარადიული, რადგან ღმერთი მარადიულია. იესო ქრისტე მოვიდა, რათა მიწიერზე აგვამაღლოს და ხრწნა უხრწნელით ჩაანაცვლოს. მხოლოდ მას გააჩნია ეს ძალა და მხოლოდ მისი სიხარულია უვადო.

თუ გრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მეტი ასეთი სიხარული იყოს მე გიწვევთ, იესო ქრისტეს მიბაძვისა და მის კვალზე სიხარულის მოგზაურობას შეუდგეთ. ეს არის მოგზაურობა, რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრება და მის მიღმა. ნება მიბოძეთ, შემოგთავაზოთ წმინდა სიხარულის პოვნის ღირსეული მოგზაურობის რამდენიმე საწყისი ნაბიჯი.

მიუახლოვდით ღმერთს

გახსოვთ ქალი ახალი აღთქმიდან, რომელიც 12 წლის განმავლობაში სისხლის დენის გამო იტანჯებოდა? მან მთელი თავისი ქონება დახარჯა ექიმებზე, მაგრამ მდგომარეობა უფრო გაუუარესდა. მას სმენოდა იესოს შესახებ; მისი მკურნალი ძალა კარგად იყო ცნობილი. შეეძლო კი მას მისი განკურება? ან საერთოდ, როგორ შეძლებდა მასთან ახლოს მისვლას? თავისი დაავადების გამო ის, მოსეს კანონის თანახმად, „უწმიდურად“ ითვლებოდა და ამიტომ მას მოეთხოვებოდა, სხვებისგან თავი შორს დაეჭირა.

უფალთან ახლოს მისვლა და ღიად განკურნების თხოვნა გამორიცხული იყო.

მაგრამ მან იფიქრა: „მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნები“.

ბოლოს, მისმა რწმენამ სძლია შიშს: მან სხვების აზრს გადააბიჯა და მხსნელისკენ გაიკვალა გზა.

როგორც იქნა, იგი მიუახლოვდა. მან ხელი გაუწოდა.

და ქალი განიკურნა.

განა ყველანი ამ ქალის მსგავსნი არ ვართ?

შესაძლოა, იყოს მრავალი მიზეზი, რომლის გამოც მხსნელთან ახლოს მისვლას ვერ ვბედავთ. შეიძლება სხვების დაცინვის ან განკითხვის საგანი გავხდეთ. სიამაყის გამო ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ ისეთ მარტივ რამეზე, რასაც ასეთი დიდი ღირებულება აქვს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენი მდგომარეობა რამენაირად მისი განკურნების უღირსად გვხდის, რომ ჩვენ შორის მანძილი ძალიან დიდია ან მეტისმეტად ბევრი ცოდვა გვაქვს.

ამ ქალის მსგავსად, მეც ვისწავლე, რომ თუ ღმერთთან ახლოს მივალთ და ხელს გავუწვდით, რათა შევეხოთ მას, ჩვენც შევძლებთ განკურნების, სიმშვიდისა და სიხარულის პოვნას.

ეძიეთ ეს

იესო გვასწავლიდა: „ეძებეთ და იპოვით“.

მე მჯერა, რომ ეს უბრალო ფრაზა არ არის მხოლოდ სულიერი დაპირება; ის ფაქტის დადასტურებაა.

თუ გაბრაზების, ეჭვის, სიმწრის ან მარტოობის მიზეზს ვეძებთ, ჩვენ მას აუცილებლად ვიპოვით.

მაგრამ თუ სიხარულს ვეძიებთ - თუ ვეძებთ ბედნიერებითა და სიხარულით მხსნელის კვალზე სიარულის მიზეზებს, ჩვენ მათ ვიპოვით.

ჩვენ იშვიათად ვპოულობთ იმას, რასაც არ ვეძებთ.

თქვენ ეძებთ სიხარულს?

ეძებეთ და იპოვით.

ატარეთ ერთმანეთის ტვირთი

იესომ გვასწავლა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.“

თუ ეს ასეა, მაშინ სიხარულის ჩვენს ძიებაში მისი პოვნის საუკეთესო გზა სხვებისთვის სიხარულის მიტანაა.

დებო და ძმებო, თქვენ იცით და მეც ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა! სიხარული უძირო ფქვილის ტომარას ან ზეთის ჭურჭელს ჰგავს. ჭეშმარიტი სიხარული იზრდება, როცა მას სხვებს ვუზიარებთ.

ის არ მოითხოვს რამე დიადს ან რთულს.

ჩვენ შეგვიძლია, მარტივი რამ ვაკეთოთ.

მაგალითად, ვინმესთვის მთელი გულით ვილოცოთ.

გულწრფელი ქათინაური ვუთხრათ.

ვინმეს ვაგრძნობინოთ, რომ მოხარულნი ვართ მისი მოსვლის, პატივს ვცემთ, ვაფასებთ და გვიყვარს.

გავუზიაროთ ჩვენი საყვარელი ნაწყვეტი წმინდა წერილიდან და ვუთხრათ, რას ნიშნავს ის ჩვენთვის.

ან უბრალოდ მოვუსმინოთ ადამიანს.

„როდესაც ემსახურებით მოყვასს, თქვენ ემსახურებით მხოლოდ თქვენს ღმერთს“. და ღმერთი უხვად მოგიზღავთ სიკეთისთვის. სიხარული, რომელიც სხვისთვის გაეცით, დაგიბრუნდებათ, „კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე“.

„შემდეგ რა უნდა ვქნათ“?

ამ მომავალი დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში, მინდა მოგიწვიოთ:

  • დაუთმოთ დრო ღმერთთან დაახლოების გულწრფელ, გულითად მცდელობას.

  • ბეჯითად ეძიოთ იმედის, სიმშვიდისა და სიხარულის მომენტები.

  • მოუტანოთ სიხარული თქვენს ირგვლივ მყოფთ.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ძვირფასო მეგობრებო, მაშინ, როცა ღვთის სიტყვას ეძიებთ, რათა უფრო ღრმად გაიგოთ ღმერთის მარადიული გეგმა, მიიღოთ ეს მოწვევები და ეცადოთ, უფლის გზით იაროთ, თქვენ განიცდით „ღვთის მშვიდობა[ს], რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“, მწუხარების ჟამსაც კი. თქვენ იგრძნობთ ღვთის სწორუპოვარი სიყვარულის გაღვივებას საკუთარ გულში. ცელესტიალური სასუფევლის რიჟრაჟი განგმირავს თქვენი განსაცდელის ჩრდილს და თქვენ შეძლებთ უხილავი, სრულყოფილი ზეციური საბრძანისის ენით აუღწერელი დიდებისა და საოცრების დაგემოვნებას. თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენმა სულმა ამაქვეყნის მიზიდულობის ძალას სძლია.

და თქვენც, მილტონ რაითის მსგავსად, სიხარულით აღიმაღლებთ ხმას და წამოიძახებთ: „მაღლა, მამა, კიდევ უფრო მაღლა“!

დაე, ყოველი ჩვენგანი ეძიებდეს და ჰპოვებდეს უფრო მაღალ სიყვარულს, რომელიც მოდის მამაზეციერისა და მისი საყვარელი ძესადმი ჩვენი ცხოვრების მიძღვნით. ეს არის ჩემი მხურვალე ლოცვა და დალოცვა, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. John Gillespie Magee Jr., “High Flight,” poetryfoundation.org.

  2. იხ. Christopher Klein, “10 Things You May Not Know about the Wright Brothers,” History, Mar. 28, 2023, history.com.

  3. Magee, “High Flight.”

  4. ოცდაოთხი ათასი წლის წინ არისტოტელემ შენიშნა, რომ ბედნიერება არის ის, რაც ყველა ადამიანს ყველაზე მეტად სურს. თავის ტრაქტატში, ნიკომაქეს ეთიკა, ის ასწავლიდა, რომ ყველაზე დიდი სიკეთე ცხოვრებაში არის ის, რისკენაც მივისწრაფვით, როგორც თვით მიზნისკენ (განსხვავებით იმისგან, რასაც მივყვებით, როგორც სხვა მიზნების მიღწევის საშუალებას). ბედნიერება, უპირველეს ყოვლისა, ასეთ რამ არის. „ჩვენ ყოველთვის გვსურს ბედნიერება თვით ბედნიერებისთვის - თქვა მან, „ და არა სხვა რამეს მიზნით“ (არისტოტელეს ნიკომაჰეს ბედნიერება). J. E. C. Weldon [1902], 13–14).

  5. Harry Enten, “American Happiness Hits Record Lows,” CNN, Feb. 2, 2022, cnn.com; see also Tamara Lush, “Americans Are the Unhappiest They’ve Been in 50 Years,” Associated Press, June 16, 2020, apnews.com; “The Great Gloom: In 2023, Employees Are Unhappier Than Ever Ever. რატომ?” BambooHR, bamboohr.com.

  6. იხ. Wanda Mallette, Bob Morrison, and Patti Ryan, “Looking for Love (in All the Wrong Places)” (1980).

  7. 2 ნეფი 2:11.

  8. იხ. იოანე 11:35; მოსე 7:28-37.

  9. იხ. 2 ნეფი 2:11.

  10. იხ. იოანე 14:27.

  11. იოანე 10:10.

  12. ლუკა 2:10, New Revised Standard Version.

  13. იხ. მათე 11:28-30.

  14. 2 ნეფი 2:25.

  15. თუ თქვენ გაქვთ რაიმე წუხილი იმის შესახებ, მიგიღებთ თუ არა თქვენი მამაზეციერი და მოგცემთ თუ არა საშუალებას მიიღოთ მისი სიხარული, გიწვევთ, ლოცვით წაიკითხოთ ქრისტეს იგავი უძღები შვილის შესახებ (იხ. ლუკა 15:11-32). ამ იგავში ჩვენ ვსწავობთ, რას გრძნობს მამაზეციერი საკუთარი შვილების მიმართ და როგორ ელის ის და ზეიმობს ჩვენს დაბრუნებას მას შემდეგ, რაც მას დავშორდით. იმ მომენტიდან, როცა „გონს მო[ვეგებით]“ (იხ. მუხლი 17) და დავიწყებთ სახლისკენ მოგზაურობას, ის დაგვინახავს, რადგან გველის და ჩვენკენ იყურება. და რასელოდები იგი? ჩვენ გველის! როცა ჩვენ მას მივუახლოვდებით, ის იზეიმებს ჩვენს დაბრუნებას და თავის შვილებს გვიწოდებს.

  16. მოძღვრება და აღთქმები 59:18. ეს გამოცხადება ასევე გვიხსნის: „და ეს ახარებს ღმერთს, რომ უბოძა ყოველივე ეს ადამიანს, ვინაიდან ამ მიზნით შეიქმნა“ (მუხლი 20).

  17. მათ, ვინც ღმერთს უახლოვდება, ის აძლევს დაპირებას: „მომიახლოვდით და მოგიახლოვდებით“ (მოძღვრება და აღთქმები 88:63; იხ. ასევე იაკობი 4:8).

  18. იხ. მარკოზი 5:24-34.

  19. იხ. ბიბლიის ლექსიკონი, „სუფთა და უწმიდური“.

  20. მარკოზი 5:28.

  21. მათე 7:7.

  22. By bearing each other’s burdens, we “fulfil the law of Christ” (Galatians 6:2; see also Mosiah 18:8).

  23. საქმეები 20:35.

  24. იხ. 4 მეფეთა 17:8-16.

  25. მოსია 2:17.

  26. ამ წერილში რომაელთა მიმართ პავლე მოციქული აცხადეებს, რომ ღმერთი „ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს (რომაელთა 2:6–7, 10).

  27. ლუკა 6:38. ჩვენი ხსნა და მარადიული ბედნიერება შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩვენს სხვების მიმართ თანაგრძნობასა და სიკეთეზე (იხ. მათ 25:31-46).

  28. ლუკა 3:10.

  29. ფილიპელთა 4:7.

ამობეჭდვა