გენერალური კონფერენცია
ყველაფერს ჰქონდეს საპირისპირო
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ყველაფერს ჰქონდეს საპირისპირო

იმისათვის, რომ ჩვენი თავისუფალი ნება განვახორციელოთ, უნდა გვქონდეს საპირისპირო ვარიანტები გასათვალისწინებლად.

ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის უცნობ ქალაქში მანქანით სიარულისას, უნებურად არასწორ მოსახვევში შევუხვიე, რის გამოც მე და ჩემი მეუღლე გზატკეცილზე აღმოვჩნდით და იძულებულები გავხდით, უამრავი კილომეტრი გაგვევლო, ვიდრე მოხვევა იქნებოდა შესაძლებელი. მეგობრის გულღია მოწვევაზე დათანხმებულები, მივდიოდით მის სახლში და ვნერვიულობდით, რომ ახლა გაცილებით გვიან მივიდოდით, ვიდრე გველოდნენ.

როდესაც ჯერ ისევ ამ გზატკეცილზე ვიყავით და უიმედოდ ვეძებდით გამოსავალს, საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, რომ სანავიგაციო სისტემას ყურადღება უკეთესად არ მივაქციე. ამ გამოცდილებამ დამაფიქრა, თუ როგორ ვიღებთ ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებებს ცხოვრებაში და როგორ უნდა ვიცხოვროთ ამის შედეგებით თავმდაბლად და მოთმინებით, სანამ ისევ შევძლებთ კურსის შეცვლას.

ცხოვრება არის არჩევანის გაკეთება. ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგვცა თავისუფალი არჩევნის ღვთაებრივი ძღვენი, რათა ჩვენი არჩევანიდან გვესწავლა— როგორც სწორი, ასევე არასწორი. არასწორ არჩევანს მონანიებისას ვასწორებთ. სწორედ ამ დროს ხდება ზრდა. მამაზეციერის გეგმა ყველა ჩვენგანისთვის არის სწავლა, განვითარება და წინსვლა მარადიული სიცოცხლისკენ.

მას შემდეგ, რაც მრავალი წლის წინ, მე და ჩემს მეუღლეს მისიონერები გვასწავლიდნენ და ჩვენ ეკლესიას შევუერთდით, ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ის ღრმა სწავლება, რომელიც ლეხიმ თავის შვილს, იაკობს, მორმონის წიგნში მისცა. მან ასწავლა შვილს, რომ „უფალმა ღმერთმა უბოძა ადამიანს, ემოქმედა საკუთარი ნების მიხედვით“ და რომ „საჭიროა, რომ ყველაფერს ჰქონდეს საპირისპირო“. იმისათვის, რომ ჩვენი თავისუფალი ნება განვახორციელოთ, უნდა გვქონდეს საპირისპირო ვარიანტები გასათვალისწინებლად. და როცა ასე ვიქცევით, მორმონის წიგნი ასევე გვახსენებს, რომ ჩვენ „საკმარისი დარიგებანი მი[ვიღეთ], და რომ „ქრისტეს სული“ მიეცა თითოეულ ჩვენგანს, „სიკეთისა და ბოროტის შეცნობაში“.

ცხოვრებაში, ჩვენ მუდმივად ვაწყდებით ბევრ მნიშვნელოვან არჩევანს. მაგალითად:

  • ვირჩევთ, შევასრულებთ თუ არა ღვთის მცნებებს.

  • ვირჩევთ რწმენას და ამოვიცნობთ სასწაულებს ან სკეპტიკურად ველოდებით რაიმეს მოხდენას, ვიდრე დავიჯერებთ.

  • ღმერთისადმი ნდობის განვითარების ან მეორე დღეს ახალი გამოწვევის შიშით მოლოდინის არჩევანი.

მსგავსად ამ გზატკეცილზე არასწორი გადახვევისა, ჩვენი ცუდი გადაწყვეტილებების შედეგებით გამოწვეული ტანჯვა შეიძლება ხშირად განსაკუთრებით მტკივნეული იყოს, რადგან ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, ავირჩიოთ ნუგეშის მიღება მონანიების ღვთაებრივი პროცესის მეშვეობით, გამოვასწოროთ არასწორი საქმეები და ამით ვისწავლოთ ცხოვრების შემცვლელი გაკვეთილები.

ზოგჯერ ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ დაპირისპირება და განსაცდელები, რომლების მართვაც ჩვენ არ შეგვიძლია, მაგალითად:

  • ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის შემთხვევები.

  • მშვიდობისა და ომის დრო.

  • დღისა და ღამის საათები და ზაფხულისა და ზამთრის სეზონები.

  • შრომის დრო, რასაც მოჰყვება დასვენების დრო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ვერ ვაკეთებთ არჩევანს ამ ტიპის სიტუაციებს შორის, რადგან ისინი უბრალოდ ხდება, ჩვენ მაინც გვაქვს თავისუფალი ნება ავირჩიოთ, როგორ ვუპასუხოთ მათ. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება პოზიტიური ან პესიმისტური დამოკიდებულებით. ჩვენ შეგვიძლია, ვეცადოთ ვისწავლოთ გამოცდილებიდან და ვითხოვოთ ჩვენი უფლის დახმარება და თანადგომა ან შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჩვენ მარტო ვართ ამ განსაცდელში და რომ მარტო უნდა ვიტანჯოთ. ჩვენ შეგვიძლია, „მოვარგოთ ჩვენი იალქნები“ ახალ რეალობას ან შეგვიძლია გადავწყვიტოთ, არაფერი შევცვალოთ. სიბნელეში შეგვიძლია შუქი ავანთოთ. ცივ ზამთარში უნდა ავირჩიოთ თბილი ტანსაცმლის ტარება. ავადმყოფობის დროს შეგვიძლია ვეძიოთ სამედიცინო და სულიერი დახმარება. ჩვენ ვირჩევთ, როგორ ვუპასუხებთ ამ გარემოებებს.

მორგება, სწავლა, ძიება, არჩევა - მოქმედების ზმნებია. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვართ ის, ვისაც მოქმედება შეუძლია და არა ობიექტები, რომლებზედაც მოქმედებას ახდენენ. არასოდეს დაგვავიწყდეს: იესო დაგვპირდა, რომ „ის აიღებს თავის თავზე საკუთარი ხალხის ტკივილსა და ავადმყოფობას … რომ და[გვეხმაროს]“ როცა მივმართავთ მას. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი საძირკვლის აშენება კლდეზე, რომელიც არის იესო ქრისტე, ისე, რომ როცა გრიგალი მოვა, „მას არ ექნება ძალა [ჩვენზე]“. ის დაგვპირდა, რომ „ვინც მოვა [მასთან], [ის] მიიღებს მას; და ნეტარ არიან [მასთან] მისულნი.”

ახლა — არის კიდევ ერთი პრინციპი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლეხიმ თქვა: „საჭიროა, რომ ყველაფერსჰქონდეს საპირისპირო“. ეს ნიშნავს, რომ საპირისპირო ცნებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობენ. მათ ერთმანეთის შევსებაც კი შეუძლიათ. სიხარულს ვერ ამოვიცნობთ, თუ რაღაც მომენტში მწუხარებაც არ განვიცადეთ. ხანდახან შიმშილის გრძნობა გვეხმარება ვიყოთ განსაკუთრებით მადლიერები, როცა საკმარისი საჭმელი გვაქვს, რომ ისევ ვჭამოთ. ჩვენ ვერ შევძლებდით სიმართლის ამოცნობას, აქა-იქ ტყუილიც რომ არ გვენახა.

ყველა ეს საპირისპირო ცნება ერთი და იგივე მონეტის ორ მხარეს ჰგავს. ორივე მხარე ყოველთვის წარმოდგენილია. ჩარლზ დიკენსმა მოიყვანა ამ იდეის მაგალითი, როდესაც დაწერა, რომ „ეს იყო საუკეთესო დრო, ეს იყო ყველაზე ცუდი დრო“.

მოვიყვან მაგალითს ჩვენივე ცხოვრებიდან. დაქორწინებამ, ოჯახის შექმნამ და შვილების გაჩენამ მოგვიტანა უდიდესი სიხარულის მომენტები ცხოვრებაში, თუმცა იმავდროულად ყველაზე ღრმა ტკივილის, ტანჯვისა და მწუხარების მომენტებიც, როდესაც რაიმე შეემთხვეოდა რომელიმე ჩვენგანს. ჩვენს შვილებთან უსაზღვრო სიხარულსა და ნეტარებას ზოგჯერ მოჰყვებოდა ავადმყოფობის განმეორებითი პერიოდები, საავადმყოფოში დაწოლა და უბედურებით სავსე უძილო ღამეები, ისევე როგორც შვების პოვნა ლოცვებსა და მღვდლობის კურთხევებში. ამ ურთიერთგამომრიცხავმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ჩვენ არასდროს ვართ მარტო ტანჯვის დროს და მათ ასევე გვაჩვენეს, თუ რამდენი რამის ატანა შეგვიძლია უფლის მხარდაჭერითა და დახმარებით. ეს გამოცდილება დაგვეხმარა ჩამოვყალიბებულიყავით მშვენიერი გზებით და ეს ყველაფერი ამად ღირდა. განა ამისთვის არ მოვედით აქ?

წმინდა წერილებში ასევე ვხვდებით რამდენიმე საინტერესო მაგალითს.

  • ლეხიმ ასწავლა თავის ვაჟს, იაკობს, რომ უდაბნოში განსაცდელები დაეხმარებოდა მას, ღვთის სიდიადე შეეცნო და რომ „[ღმერთი] აკურთხებდა [მის] გაჭირვებას [მისავე] სასარგებლოდ“.

  • ჯოზეფ სმითის სასტიკი პატიმრობის დროს ლიბერთის ციხეში, უფალმა უთხრა მას, რომ „ეს ყოველივე შესძენდა [მას] გამოცდილებას და იქნებოდა [მის] სასარგებლოდ“.

  • და ბოლოს, იესო ქრისტეს უსაზღვრო მსხვერპლი, რა თქმა უნდა, იყო ტკივილისა და ტანჯვის უდიდესი მაგალითი, რომელიც ოდესმე მინახავს, მაგრამ მან ასევე მოიტანა მისი გამოსყიდვის შესანიშნავი კურთხევები ღვთის ყველა შვილისთვის.

სადაც მზეა, იქ ჩრდილიც უნდა იყოს. წყალდიდობას შეუძლია განადგურება, მაგრამ მას ჩვეულებრივ სიცოცხლეც მოაქვს. მწუხარების ცრემლები ხშირად იქცევა შვებისა და ბედნიერების ცრემლებად. საყვარელი ადამიანების წასვლით გამოწვეული სევდის გრძნობა მოგვიანებით ხელახლა შეხვედრის სიხარულით ანაზღაურდება. ომისა და ნგრევის პერიოდებში, სიკეთისა და სიყვარულის მრავალი მცირე მოქმედება ასევე ხორციელდება მათთვის, ვისაც „თვალნი [აქვს] სახილველად და ყურნი სასმენელად“.

ჩვენი დღევანდელი სამყარო ხშირად ხასიათდება შიშითა და შფოთვით — იმის შიშით, თუ რა შეიძლება, მოგვიტანოს მომავალმა. მაგრამ იესომ გვასწავლა: „მე დამეყრდენით ყოველ ფიქრში, ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ.”

მოდით, ყველა მუდმივად შეგნებულად ვეცადოთ, რომ დავინახოთ ჩვენი ცხოვრებისთვის გათვალისწინებული თითოეული მონეტის ორივე მხარე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ორივე მხარე ჩვენთვის მაშინვე არ ჩანს, ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ და გვჯეროდეს, რომ ისინი ყოველთვის იქ არის.

ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი სირთულეები, მწუხარება, ტანჯვა და ტკივილი არ განგვსაზღვრავს ჩვენ; რაც განგვსაზღვრავს არის ის, თუ როგორ ვმართავთ მათ, რაც დაგვეხმარება გავიზარდოთ და მივუახლოვდეთ ღმერთს. ჩვენი დამოკიდებულებები და არჩევანი ბევრად უკეთ განგვსაზღვრავს, ვიდრე ჩვენი გამოწვევები.

როდესაც ჯანმრთელი ხართ, დააფასეთ ეს და იყავით მადლიერი ყოველ წამს. ავადმყოფობის დროს შეეცადეთ მოთმინებით ისწავლოთ მისგან და იცოდეთ, რომ ეს შეიძლება, კვლავ შეიცვალოს ღვთის ნების შესაბამისად. როცა მწუხარებაში ხართ გჯეროდეთ, რომ ბედნიერება ახლოსაა; ჩვენ ხშირად უბრალოდ ჯერ ვერ ვხედავთ მას. შეგნებულად გადაიტანეთ ყურადღება და აზრები გამოწვევების პოზიტიურ ასპექტებზე, რადგან ისინიც უდავოდ თან ახლავს მათ! არასდროს დაგავიწყდეთ, იყოთ მადლიერი. აირჩიეთ რწმენა. აირჩიეთ რწმენა იესო ქრისტესადმი. აირჩიეთ, ყოველთვის მიენდოთ ღმერთს. აირჩიეთ „ცელესტიალური აზროვნება“, როგორც ეს ახლახან გვასწავლა პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა!

მოდით, ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენი მამაზეციერის შესანიშნავი გეგმა ჩვენთვის. მას ვუყვარვართ და გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე, რათა დაგვხმარებოდა ჩვენს განსაცდელებში და გაეხსნა ჩვენთვის მასთან დასაბრუნებელი კარი. იესო ქრისტე ცოცხალია, ის ყოველ წუთს დგას და ელოდება, როდის მივმართავთ მას დახმარების, ძალისა და ხსნისთვის. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა