გენერალური კონფერენცია
ყოველივე ერთად ჩვენ სასარგებლოდ
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ყოველივე ერთად ჩვენ სასარგებლოდ

დროსა და მარადისობაში, შექმნის მიზანი და თვით ღმერთის ბუნება არის ყოველივეს ჩვენს სასიკეთოდ ამოქმედება.

დღეს 6 აპრილია — იესო ქრისტეს მიერ თავისი უკანასკნელ დღეთა ეკლესიის აღდგენის იუბილე და აღდგომის პერიოდის ნაწილი, როდესაც ჩვენ სიხარულით ვმოწმობთ იესო ქრისტეს სრულყოფილ ცხოვრებას, გამომსყიდველ მსხვერპლსა და დიდებულ აღდგომას.

ერთ-ერთი ჩინური ამბავი იწყება იმით, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მშვენიერ ცხენს იპოვის.

„რა ბედნიერებაა“, – ამბობენ მეზობლები.

„ვნახოთ“, – ამბობს ახალგაზრდა კაცის მამა.

შემდეგ ვაჟი ცხენიდან გადმოვარდება და სამუდამოდ დასახიჩრდება.

„რა სამწუხაროა“, – ამბობენ მეზობლები.

„ვნახოთ“, – ამბობს მამა.

ჯარში გაწვევის დრო მოვიდა, მაგრამ დაშავებულ შვილს არ წაიყვანენ.

„რა ბედნიერებაა“, – ამბობენ მეზობლები.

„ვნახოთ“, – ამბობს კაცი.

ამ მერყევ სამყაროში ხშირად იგრძნობა ქარიშხალი, გაურკვევლობა, ზოგჯერ ბედნიერება, მეტისმეტად ხშირად კი უიღბლობა. თუმცა, ამ მწუხარებით სავსე სამყაროში1 „ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ“.2 მართლაც, როცა ჩვენ უბიწოდ დავდივართ და გვახსოვს ჩვენი აღთქმები, „ყოველივე ერთად თქვენ სასარგებლოდ იმოქმედებს“.3

ყოველივე ჩვენს სასარგებლოდ.

გასაოცარი დაპირება! მანუგეშებელი გარანტია თავად ღმერთისაგან! სასწაულებრივი გზით, შექმნის მიზანი და ღმერთის ბუნება არის დასაწყისისა და დასასრულის ცოდნა,4 ყოველივეს ჩვენ სასარგებლოდ ამოქმედება და იესო ქრისტეს მადლითა და გამოსყიდვით ჩვენი განწმენდა.

იესო ქრისტეს გამოსყიდვას შეუძლია გვიხსნას და გამოგვისყიდოს ცოდვისაგან. მაგრამ იესო ქრისტეს ასევე კარგად ესმის ჩვენი ყოველი ტკივილი, ტანჯვა, ავადმყოფობა,5 მწუხარება, განშორება. დროსა და მარადისობაში, მის გამარჯვებას სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე შეუძლია ყველაფერი გამოასწოროს.6 ის ეხმარება დამძიმებულთა და დამცირებულთა განკურნებაში, მწყრომარეთა და განხეთქილებაში მყოფთა შერიგებაში, მარტოხელათა და განმარტოებულთა ნუგეშში, მერყევთა და არასრულყოფილთა წახალისებაში და სასწაულების მოხდენაში, რაც შესაძლებელია მხოლოდ ღმერთისგან.

ჩვენ ვმღერით ალილუიას და ვღაღადებთ ოსანას! მარადიული ძალითა და უსაზღვრო სიკეთით, ღვთის ბედნიერების გეგმაში ყოველივე ჩვენ სასიკეთოდ იმოქმედებს. ჩვენ შეგვიძლია მივუდგეთ ცხოვრებას თავდაჯერებულად და არა შიშით.

მარტოდ დარჩენილებმა შეიძლება არ ვიცოდეთ ჩვენივე სიკეთე. როდესაც „მე ვირჩევ საკუთარ თავს“, მე ასევე ვირჩევ ჩემს შეზღუდვებს, სისუსტეებს, ნაკლოვანებებს. საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ მოვიტანოთ დიდი სიკეთე, ჩვენ უნდა ვიყოთ კარგი.7 ვინაიდან ღმერთის გარდა არავინ არის კარგი,8 ჩვენ ვეძებთ სრულყოფილებას იესო ქრისტეში.9 ჩვენ ვხდებით ჩვენი ყველაზე ჭეშმარიტი, საუკეთესო „მე“ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვტოვებთ ხორციელ ბუნებას და ვხდებით ბავშვი იესო ქრისტეს წინაშე.

ღმერთისადმი ჩვენი ნდობითა და რწმენით, განსაცდელები და ტანჯვა შეიძლება მიეძღვნას ჩვენს სიკეთეს. ეგვიპტეში მონად გაყიდულმა იოსებმა მოგვიანებით გადაარჩინა თავისი ოჯახი და ხალხი. წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის პატიმრობამ ლიბერთის ციხეში ასწავლა მას: ყოველივე ეს „შეგძენს გამოცდილებას და იქნება შენთვის სასარგებლო“.10 რწმენით ცხოვრებამ, განსაცდელებმა და მსხვერპლშეწირვამ, რომელსაც არასდროს ავირჩევდით, შეიძლება დაგვლოცოს ჩვენ და სხვები ისე, როგორც ეს ვერასდროს წარმოგვედგინა.11

ჩვენ ვზრდით რწმენას და ნდობას უფლის მიმართ, რომ ყოველივე ჩვენს სასიკეთოდ იმოქმედებს, როდესაც მარადიულ პერსპექტივას ვიხილავთ,12 შევიგნებთ, რომ ჩვენი განსაცდელები გასტანს „მხოლოდ ცოტა ხნით“;13 მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ტანჯვა შეიძლება მიეძღვნას ჩვენს სარგებელს;14 ვაღიარებთ, რომ უბედური შემთხვევები, ნაადრევი სიკვდილი, მძიმე ავადმყოფობა და დაავადება მიწიერი ცხოვრების ნაწილია; და დავიჯერებთ, რომ ჩვენი მოსიყვარულე ზეციური მამა არ უწყობს ადამიანს განსაცდელს დასასჯელად ან გასამართლებლად. ის ქვას არ მისცემს მას, ვინც პურს ითხოვს და არც გველს მას, ვინც თევზს სთხოვს.15

როდესაც განსაცდელი მოდის, ხშირად ყველაზე მეტად გვსურს, რომ ვინმემ მოგვისმინოს და ჩვენთან ერთად იყოს.16 ამ მომენტში, კლიშე პასუხები შეიძლება არასასარგებლო იყოს, როგორი ნუგეშის მომცემიც არ უნდა იყოს მათი განზრახვა. ხანდახან გვწადია ის, ვინც ჩვენთან ერთად იგლოვებს, განიცდის ტკივილს და იტირებს; მოგვცემს საშუალებას, გამოვხატოთ ტკივილი, იმედგაცრუება, გაბრაზებაც კი; და აღიარებს ჩვენთან ერთად, რომ არსებობს რაღაც, რაც არ ვიცით.

როდესაც ჩვენ ვენდობით ღმერთს და მის ჩვენდამი სიყვარულს, ჩვენმა ყველაზე დიდმა გულისტკივილმაც კი, საბოლოოდ, შეიძლება სიკეთე მოგვიტანოს.

მახსოვს ის დღე, როდესაც მივიღე შეტყობინება სერიოზული ავტოავარიის შესახებ, რომელიც ჩემს საყვარელ ადამიანებს ეხებოდა. ასეთ დროს ტანჯვასა და რწმენაში მხოლოდ იობთან ერთად შეგვიძლია ვთქვათ: „უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი“.17

მსოფლიო მასშტაბით, ეკლესიის დაახლოებით 3,500 პალო და ოლქი და დაახლოებით 30,000 მეურვეობა და მრევლი უზრუნველყოფს ქარიშხლებისგან დასაცავ თავშესაფრებსა და უსაფრთხოებას.18 მაგრამ ჩვენს პალოებსა და მეურვეობებში, ბევრი ერთგული ოჯახი და ცალკეული პირი გამოწვევების წინაშე დგება, მაშინაც კი, როცა იციან, რომ (თუმცა, ჯერ არ იციან, როგორ) ყოველივე ჩვენ სასიკეთოდ იმოქმედებს.

ჰადერსფილდში (ინგლისი) ძმა სამუელ ბრიჯსტოკი ახალი პალოს პრეზიდენტად მოიხმეს, როცა მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა. მძიმე დიაგნოზიდან გამომდინარე, მან ჰკითხა თავის მეუღლეს, ანას, საერთოდ რატომ უნდა წასულიყო გასაუბრებაზე.

„იმიტომ, რომ“,თქვა და ბრიჯსტოკმა, „შენ პალოს პრეზიდენტად უნდა მოგიხმონ“.

გამოსახულება
ბრიჯსტოკის ოჯახი.

თავდაპირველად, პრეზიდენტ ბრიჯსტოკს უთხრეს, რომ მას მხოლოდ ერთი ან ორი წელი ჰქონდა დარჩენილი, ის კი ახლა უკვე მეოთხე წელია მსახურებს და დღეს აქ ჩვენთან ერთად იმყოფება. მას აქვს კარგი და მძიმე დღეებიც. მისი პალო ფართოვდება გაზრდილი რწმენით, მსახურებითა და სიკეთით. ეს ადვილი არ არის, მაგრამ მისი ცოლი და ოჯახი ცხოვრობენ რწმენით, მადლიერებითა და გასაგები მწუხარებით, რომელიც, მათ სჯერათ, იესო ქრისტეს აღმდგენი გამოსყიდვის მეშვეობით მარადიულ სიხარულად იქცევა.19

როდესაც ვართ მშვიდი, გახსნილი და მორჩილი, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ უფლის მიერ შეთავაზებული აღთქმის სილამაზე, მიზანი და სიმშვიდე. წმინდა მომენტებში მას შეუძლია ნება დაგვრთოს, თვალი გავუსწოროთ უფრო დიდ მარადიულ რეალობას, რომლის ნაწილია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, სადაც მცირე და მარტივი რამ ერთად მუშაობს გამცემისა და მიმღების სასიკეთოდ.

რებეკამ, ჩემი პირველი მისიის პრეზიდენტის ქალიშვილმა, გვიამბო, თუ როგორ უპასუხა უფალმა მის ნუგეშისთვის ლოცვას მოულოდნელი შესაძლებლობით - სხვებისთვის გამხდარიყო ლოცვაზე პასუხი.

გამოსახულება
მოგვიანებით რებეკამ ქალს თავისი დედის პორტატიული ჟანგბადის აპარატი მისცა.

ერთ გვიან საღამოს, რებეკამ, გლოვობდა რა დედის გარდაცვალებას, აშკარად იგრძნო, რომ უნდა წასულიყო მანქანისთვის საწვავის საყიდლად. როდესაც ის სადგურზე მივიდა, მას ხანშიშესული ქალი შეხვდა, რომელიც სუნთქვისთვის ჟანგბადის დიდ ავზს იყენებდა და ძალიან წვალობდა. მოგვიანებით რებეკამ ქალს დედის პორტატიული ჟანგბადის აპარატი მისცა. ამ დამ მადლიერებით თქვა: „თქვენ თავისუფლება დამიბრუნეთ“. ყველაფერი სასიკეთოდ გვარდება, როდესაც ჩვენ იესო ქრისტეს მსგავსად ვემსახურებით სხვებს.

ერთმა მამამ, რომლის მზრუნველ მეწყვილედ თავისი მასწავლებლის ასაკის ვაჟი დაინიშნა, განმარტა: „მზრუნველობა არის ის, როდესაც ჩვენ მეზობლებიდან, რომელთაც სანდო მეგობრებთან ნამცხვარი მიაქვთ, სულიერ პირველადი რეაგირების მუშაკებად გადავიქცევით“. იესო ქრისტესადმი აღთქმისეული მიკუთვნებულობა ანუგეშებს, აკავშირებს, აკურთხებს.

ტრაგედიის დროსაც კი, სულიერმა მომზადებამ შეიძლება შეგვახსენოს, რომ ზეციურმა მამამ იცოდა, როდის ვგრძნობდით თავს ყველაზე დაუცველად და მარტოდ. მაგალითად, ოჯახმა, რომლის შვილი საავადმყოფოში დააწვინეს, მოგვიანებით ჰპოვა ნუგეში, როდესაც გაახსენდა, რომ სულიწმინდამ წინასწარ ჩასჩურჩულა, თუ რა იყო მოსალოდნელი.

ზოგჯერ უფრო დიდი მარადიული რეალობა, რომელსაც უფალი გვაგრძნობინებს, საბურველის მიღმა მყოფ ოჯახის წევრებს მოიცავს. ერთ-ერთმა დამ ჰპოვა სიხარული იესო ქრისტეს აღდგენილ სახარებაზე მოქცევით. ორმა ტრავმამ ღრმად იმოქმედა მის ცხოვრებაზე — ნავზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ და დედის თვითმკვლელობამ.

გამოსახულება
დამ გადალახა შიში და მოინათლა.

მიუხედავად ამისა, ამ დამ დასძლია წყლის შიში და წყალში სრული ჩაძირვით მოინათლა. და იმ დღეს, რომელიც იქცა ძალიან ბედნიერ დღედ, ის გახდა მომსწრე იმისა, რომ ტაძარში ვიღაც მისი გარდაცვლილი დედის ნაცვლად ინათლებოდა. „ტაძარში ნათლობამ განკურნა დედაჩემი და ამან გამათავისუფლა“, – თქვა ამ დამ. „დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ პირველად ვიგრძენი სიმშვიდე“.

ჩვენი წმინდა მუსიკა ეხმიანება უფლის დარწმუნებას, რომ ყოველივემ შეიძლება ჩვენს სასიკეთოდ იმოქმედოს.

გაჩუმდი, სულო ჩემო: ენდე ღმერთს

წარმართავს მომავალს ისე, როგორც წარსული წარმართა.

შენი იმედი, შენი ნდობა არაფერმა შეარყიოს;

ყველაფერი, რაც ახლა საიდუმლოა, საბოლოოდ ნათელი იქნება.20

რა ძნელი მოსჩანს ეს გზა სავალი,

ჩვენი მომავლის

მაგრამ თუ ვივლით დიდ სიხარულით

დაგვიცავს ღვთის სული. …

გზად თუ დაგვტოვებს სიცოცხლე ჩვენი,

სამოთხე ჩვენ გველის! ჩვენი გზა კარგია!21

მორმონის წიგნი არის მტკიცებულება იმისა, რომ იესო არის ქრისტე და რომ ღმერთი ასრულებს თავის წინასწარმეტყველებებს და ეს არის მტკიცებულება, რომელიც შეგვიძლია ხელში დავიჭიროთ. დაწერილი შთაგონებული წინასწარმეტყველების მიერ, რომლებმაც იხილეს ჩვენი დრო, მორმონის წიგნი იწყება დრამით — ოჯახი ღრმა უთანხმოებით. მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენ ვსწავლობთ და ვფიქრობთ 1 ნეფი 1-დან მორონი 10-მდე, ჩვენ ვგრძნობთ მიზიდულობას იესო ქრისტესადმი მტკიცე დამოწმებით, რომ, რაც მოხდა იქ და მაშინ, შეიძლება გვაკურთხოს ჩვენ აქ და ახლა.

როდესაც უფალი, თავისი ცოცხალი წინასწარმეტყველის მეშვეობით, უფრო მეტ ადგილას გვიშენებს უფლის სახლს, ტაძრის კურთხევები ერთად მუშაობს ჩვენს სასიკეთოდ. ჩვენ აღთქმითა და წეს-ჩვეულებით მივდივართ ღმერთთან, ჩვენს მამასთან და იესო ქრისტესთან და ვიღებთ მარადიულ ხედვას მოკვდაობაზე. სათითაოდ, სახელ-სახელ, ჩვენ ვთავაზობთ ოჯახის საყვარელ წევრებს - წინაპრებს, წმინდა წეს-ჩვეულებებს და უფლის მსგავსად, სიონის მთაზე მხსნელის აღთქმულ კურთხევებს.22

როცა ტაძრები გვიახლოვდება მრავალ ადგილას, ჩვენ მიერ ტაძრისთვის გაღებული მსხვერპლი არის უფლის სახლში სიწმინდის უფრო ხშირად ძიება. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ ვზოგავდით, ვგეგმავდით და მსხვერპლს გავიღებდით ტაძარში მისასვლელად. ახლა, გარემოებების შესაბამისად, გთხოვთ, უფრო ხშირად მობრძანდეთ უფალთან მის წმინდა სახლში. დაე, ტაძარში რეგულარულმა თაყვანისცემამ და მსახურებამ გაკურთხოთ, დაგიცვათ და შთაგაგონოთ თქვენ და თქვენი ოჯახი – ოჯახი, რომელიც გყავთ და ოჯახი, რომელიც გექნებათ და რომელიც ერთ დღეს გახდებით.

გამოსახულება
ბებია ტაძრის გარეთ.

ასევე, სადაც თქვენი გარემოებები იძლევა საშუალებას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენი სატაძრო სამოსის ფლობის კურთხევა.23 ერთ-ერთმა ბებიამ მოკრძალებული ოჯახიდან თქვა, ყველაფერზე მეტად, რაც კი ამქვეყნად არსებობდა, მას საკუთარი სატაძრო სამოსი სურდა. მისმა შვილიშვილმა თქვა: „ბებიამ ჩამჩურჩულა: ‘ჩემს სატაძრო სამოსში ვიმსახურებ და რომ მოვკვდები, მასში დავიმარხები‘“. და როცა დრო მოვიდა, ასეც მოხდა.

როგორც პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლის: „ყველაფერი , რისიც გვჯერა და ყოველი დაპირება, რაც ღმერთმა მისცა თავის აღთქმულ ხალხს, ტაძარში ერთიანდება“.24

დროსა და მარადისობაში, შექმნის მიზანი და თვით ღმერთის ბუნება არის ყოველივეს ჩვენს სასიკეთოდ ამოქმედება.

ეს არის უფლის მარადიული მიზანი. ეს მისი მარადიული ხედვაა. ეს მისი მარადიული დაპირებაა.

როცა ცხოვრება არეულია, როცა მიზანი არ არის ნათელი, როცა გსურთ, უკეთ იცხოვროთ, მაგრამ არ იცით როგორ, მიდით ღმერთთან, ჩვენს მამასთან და იესო ქრისტესთან. გჯეროდეთ, ისინი ცოცხლები არიან, უყვარხართ და სურთ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ. მე ამას ვმოწმობ, უსასრულოდ და მარადიულად, იესო ქრისტეს წმინდა და წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხილეთ იოანე 16:33.

  2. რომაელთა 8:28.

  3. მოძღვრება და აღთქმები 90:24. პოპულარული ფრაზა „ყველაფერი კარგადაა“ ხშირად გულისხმობს, რომ ყველაფერი კარგად და წესრიგშია, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის რეალურად ჩვენს სასიკეთოდ არის.

  4. იხილეთ მოსე 1:3.

  5. იხილეთ ალმა 7:11.

  6. იხილეთ 2 ნეფი 9:10–12. ღმერთი პატივს სცემს მორალურ თვისუფალარჩევანს, ზოგჯერ უშვებს, რომ სხვების უსამართლო საქციელმა გავლენა იქონიოს ჩვენზე. მაგრამ როდესაც ჩვენი ნებით ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, იესო ქრისტეს მადლსა და მის გამაძლიერებელ და გამომსყიდველ ძალას შეუძლია განგვწმინდოს, განგვკურნოს, შეგკვრას, შეგვარიგოს საკუთარ თავთან და ერთმანეთთან, საბურველის ორივე მხარეს.

  7. იხილეთ მორონი 7:6, 10–12. პროფესორი ტერი უორნერი ამ თემაზე გააზრებულად წერს.

  8. იხილეთ რომაელთა 3:10; მორონი 10:25.

  9. იხილეთ მორონი 10:32.

  10. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 122:4, 7.

  11. ჩვენ ვსწავლობთ იმ გამოცდილებებით, რომლებსაც არასდროს ავირჩევდით. ხანდახან უფლის დახმარებით ტვირთის ტარებას შეუძლია, გაზარდოს ჩვენი უნარი ამ ტვირთის ტარებისთვის; მოსია 24:10–15 ასახავს უფლის დაპირებას, რომ „[ეწვევა] [თავის] ხალხს მათი გაჭირვების ჟამს“ და „ძლიერებ[ს] [გახდიდა], რომ მათ ადვილად ეტარებინათ თავიანთი ტვირთი“. ალმა 33:23 გვასწავლის, რომ ჩვენი „ტვირთი [შეიძლება] შემსუბუქდეს, მის ძეში სიხარულით. მოსია 18:8 შეგვახსენებს, რომ როდესაც ჩვენ „მზად ვართ [ვ]ატაროთ ერთმანეთის ტვირთი, ის შეიძლება „შემსუბუქდეს“.

  12. წინასწარმეტყველი ესაია მესიაზე საუბრობს: „უფალი ღმერთის სული ჩემშია; რადგან უფალმა მცხო მე თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის საქადაგებლად; მან გამომგზავნა, რომ გადამეხვია იარა გულგატეხილთათვის, … ყველა მგლოვიარეს სანუგეშებლად; რათა დანიშნოს სიონში მგლოვიარეთათვის, მისცეს მათ მშვენიერება ფერფლის მაგივრად, სიხარულის ზეთი გლოვის სანაცვლოდ, ქების სამოსელი სიმძიმის სულის სანაცვლოდ“ (ესაია 61:1–3). ანალოგიურად, ფსალმუნის მაგალობელი გვთავაზობს უფლის დაპირებულ პერსპექტივას: „შეიძლება, ტირილი იყოს ღამით, მაგრამ სიხარული მოდის დილით“ (ფსალმუნი 30:5). ეს მოიცავს დაპირებებს მართალთათვის პირველი აღდგომის დილით.

  13. მოძღვრება და აღთქმები 122:4. რწმენა იმისა, რომ მარადისობაში განსაცდელები შეიძლება იყოს „მხოლოდ ცოტა ხნით“ არ ნიშნავს, რომ შემცირდება ან ნაკლებად ვიგრძნობთ ტკივილს, რომელსაც შეიძლება, ყოველდღიურად განვიცდიდეთ ამ ცხოვრებაში და არც მტანჯველი, აუტანელი უძილო ღამეები ან ყოველი ახალი დღის მტანჯველი გაურკვევლობა გაქარწყლდება. შესაძლოა, დაპირება, რომ შევძლებთ უკან გავიხედოთ და დავინახოთ ჩვენი მოკვდავი ტანჯვა ღვთის თანაგრძნობისა და მარადიული ხედვის ფონზე, გარკვეულ პერსპექტივას მატებს ჩვენს გაგებას მოკვდაობის შესახებ და იმის იმედს, რომ ბოლომდე გავუძლებთ ყველაფერს მისი რწმენითა და ნდობით. ასევე, როდესაც ჩვენ გვაქვს თვალები, რომ დავინახოთ, ახლანდელ მომენტში ხშირად არის რაღაც კარგი; ჩვენ სულაც არ უნდა დაველოდოთ მომავალს, რომ დავინახოთ სიკეთე.

  14. See 2 Nephi 2:2.

  15. იხილეთ მათე 7:9–10. ღმერთის პირველობა ჩვენს ცხოვრებაში არ ნიშნავს პასიურად მივიღოთ ყველაფერი, რაც მოდის. აქტიურად უნდა გვჯეროდეს, რომ ზეციურ მამასა და ჩვენს მხსნელს იესო ქრისტეს, მხოლოდ და ყოველთვის სურთ ის, რაც ჩვენთვის საუკეთესოა. როდესაც ტრაგედია ხდება, ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ რწმენით არა „რატომ მე?“, არამედ „რა შეიძლება, რომ ვისწავლო?“ და ჩვენ შეგვიძლია, ვიგლოვოთ მოდრეკილი გულებითა და მომნანიებული სულით, რადგან ვიცით, რომ უფლის დროსა და მისი გზით მოვა კურთხევები და შესაძლებლობები.

  16. ჩვენ აღთქმა დავდეთ, რომ ვიგლოვებთ მგლოვიარეებთან ერთად და ვანუგეშებთ მათ, ვისაც ნუგეში სჭირდება. (იხ. მოსია 18:9).

  17. იობი 1:21.

  18. იხ. მოძღვრება და აღთქმები 115:6.

  19. რწმენა სიძნელეების წინაშე არის ეგზისტენციალური ტანჯვისა და სასოწარკვეთის საპირისპირო. მორმონის წიგნი აღწერს მათ, ვინც „წყევლის ღმერთს და სურს სიკვდილი“, მაგრამ ვინც „მიუხედავად ამისა … იბრძოლებდა მახვილით თავისი სიცოცხლისთვის“ (მორმონი 2:14).

  20. “Be Still, My Soul,” საგალობლები, N. 124.

  21. „Come, Come, Ye Saints [მოდით, მოდით, წმინდანებო]“, საგალობლები, N. 30. ასევე გაითვალისწინეთ:

    რა დიდია სიბრძნე და სიყვარული. …

    გამოსყიდვის დიადი ჩანაფიქრი,

    სადაც ერთად იყრის თავს სამართალი, სიყვარული და მოწყალება

    ღვთიურ ჰარმონიაში!

    („How Great the Wisdom and the Love [რა დიდია სიბრძნე და სიყვარული]“, საგალობლები, N. 195.)

    ცხოვრების გაურკვევლობის ფონზე, ჩვენ ვიცით, რომ ხსნის გრანდიოზული ჩანაფიქრი მოიტანს სამართლიანობას, სიყვარულს და წყალობას ჩვენს სასიკეთოდ.

  22. იხილეთ აბდია 1:21. წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი ასწავლიდა: „როგორ უნდა გახდნენ ისინი [უკანასკნელ დღეთა წმინდანები] მხსნელები სიონის მთაზე? მათი ტაძრების აშენებით, მათი ნათლობის ემბაზის აღმართვით და ყველა წეს-ჩვეულებების მიღებით … ყველა მათი წინამორბედის სახელით, ვინც გარდაცვლილია“ (Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [2007], 473).

  23. წევრებს, რომლებიც პირველად ესწრებიან ტაძარს, შეუძლიათ, შეიძინონ სატაძრო ტანსაცმელი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

  24. Russell M. Nelson, “The Temple and Your Spiritual Foundation,” Liahona, Nov. 2021, 94.

ამობეჭდვა