გენერალური კონფერენცია
ბოლომდე ერთგული
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


ბოლომდე ერთგული

თქვენ შეძლებთ, მისი ხელით დასცეთ ყველა გოლიათი, რომელიც გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო, დღეს მინდა პირდაპირ გესაუბროთ თქვენ — ეკლესიის ახალგაზრდებს.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ახალგაზრდა ქალთა გენერალური პრეზიდენტობა იქნა მოწვეული. რამდენი რამ მოხდა გასულ წელს!

ჩვენ ბევრ თქვენგანს შევხვდით და ერთად შევისწავლეთ ქრისტეს სწავლებები. ჩვენ ვიმღერეთ სიმღერები, შევიძინეთ ახალი მეგობრები და ვმსახურებდით თქვენთან ერთად ჩვენს თემებში. ჩვენ გავძლიერდით ახალგაზრდულ კონფერენციებსა და მსოფლიო ღონისძიებებზე თქვენი მოწმობების მოსმენით. და ჩვენ ერთად ვცემდით თაყვანს ღმერთს უფლის სახლში.

ყოველ ჯერზე ჩვენ ვაზიარებდით გზავნილს ჩვენი უფლისგან, იესო ქრისტესგან. ეს საღამო არ იქნება განსხვავებული; მე მაქვს გზავნილი თქვენთვის, იესო ქრისტეს ეკლესიის ახალგაზრდებო.

დიდი შეკითხვები

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ შეიძლება იყოთ ღმერთის ერთგული, ცოდვილ სამყაროში ცხოვრებისას? საიდან გაქვთ ძალა, რომ წინ იაროთ და გააგრძელოთ სიკეთის კეთება? როგორ განიცდით ნამდვილ სიხარულს?

ვფიქრობ, დავითისა და გოლიათის გამოცდილება დაგეხმარებათ.

დავითი და გოლიათი

ძველ აღთქმაში ფილისტიმელთა ლაშქარი ებრძოდა ისრაელელებს და ყოველ დილით და ყოველ საღამოს გიგანტი ფილისტიმელი, სახელად გოლიათი, ნებისმიერ ისრაელელს იწვევდა თავისთან საბრძოლველად.

გამოსახულება
დავითი და გოლიათი

ისრაელის ხალხში ცხოვრობდა დავითი, ახალგაზრდა მწყემსი, რომელიც გოლიათზე გაცილებით პატარა იყო, მაგრამ იესო ქრისტეს გიგანტური რწმენა გააჩნდა! დავითი ნებაყოფლობით გავიდა საბრძოლველად. მეფეც კი ცდილობდა მის გადარწმუნებას, მაგრამ დავითმა არჩია, იესო ქრისტეს მინდობოდა.

მანამდე დავითს ნაბრძოლი ჰქონდა ლომსა და დათვთან. პირადი გამოცდილებიდან მან იცოდა, რომ ღმერთმა დაიცვა იგი და გაამარჯვებინა. დავითისთვის ღვთის საქმე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. ასე რომ, ღმერთის რწმენით აღსავსემ, რომ ის მას არ მიატოვებდა, მან მოაგროვა ხუთი გლუვი ქვა, აიღო თავისი ჯოხი და წავიდა გიგანტთან დასაპირისპირებლად.

გამოსახულება
დავითის ხუთი ქვა

წმინდა წერილი გვეუბნება, რომ პირველი ქვა, რომელიც დავითმა ისროლა, გოლიათს შუბლში მოხვდა, რითაც ბოლო მოეღო მის სიცოცხლეს.

პასუხის ძიება

მაშინ როცა დავითმა მხოლოდ ერთი ქვა გამოიყენა გოლიათის მოსაკლავად, ის ხუთით იყო მომზადებული. ხუთით! ეს მე მაფიქრებს იმაზე, თუ როგორ მოვემზადო სამყაროსთან შესახვედრად.

რა მოხდება, თუ დავითის თითოეული ქვა წარმოადგენდა ძალას, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ ვიყოთ გამარჯვებული ჩვენს ცხოვრებაში? რა შეიძლება, იყოს ეს ხუთი ქვა? მე მოვიფიქრე შემდეგი ვარიანტები:

  1. ღმერთისადმი ჩემი სიყვარულის ქვა.

  2. ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტესადმი რწმენის ქვა.

  3. ჩემი ნამდვილი ვინაობის ცოდნის ქვა.

  4. ჩემი ყოველდღიური მონანიების ქვა.

  5. ღმერთის ძალაუფლებაზე წვდომის ქვა.

მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვართ კურთხეულნი ამ ძლიერი მხარეებით.

პირველი: ღმერთისადმი ჩემი სიყვარულისქვა. გიყვარდეს ღმერთი არის პირველი დიდი მცნება. გზამკვლევი ახალგაზრდების გასაძლიერებლად გვასწავლის: „ღმერთს უყვარხარ. ის შენი მამაა. მის სრულყოფილ სიყვარულს შეუძლია, შთაგაგონოთ, გიყვარდეთ ის. როდესაც მამაზეციერისადმი სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენაა შენს ცხოვრებაში, ბევრი გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილდება.”

ღმერთისადმი ჩვენი სიყვარული და მასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაძლევს ძალას, რომელიც გვჭირდება ჩვენი გულების გარდასახვისა და ჩვენი გამოწვევების უფრო ადვილად გადასალახად.

მეორე: ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტესადმი რწმენისქვა. როდესაც იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, ის ეწამა ჩვენი ცოდვებისთვის და მან საკუთარ თავზე აიღო ჩვენი მწუხარება, ჩვენი ტკივილი, ჩვენი სისუსტეები და ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებები. ამიტომ მან იცის, როგორ დაგვეხმაროს. იესო ქრისტეს რწმენა ნიშნავს, სრულად ვენდოთ მის სიბრძნეს, მის დროს, მის სიყვარულს და ძალას, რომ გამოისყიდოს ჩვენი ცოდვები. იესო ქრისტესადმი რწმენის ქვა დაამარცხებს ნებისმიერ „გიგანტს“ ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ ეს დაცემული სამყარო, რადგან მან პირველმა დაამარცხა იგი.

მესამე, ჩემი ნამდვილი ვინაობის ცოდნის ქვა. ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი გვასწავლიდა, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ვინაობა არის ის, რომ ვართ ღვთის შვილები, აღთქმის შვილები და იესო ქრისტეს მოწაფეები.

ყველაფერი იცვლება, როცა ვიცი, ვინ ვარ სინამდვილეში. როდესაც ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება, ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს გონებაში ან ხმამაღლა: „მე ვარ ღვთის ქალიშვილი, მე ვარ ღვთის ასული“, რამდენჯერაც მჭირდება, სანამ კვლავ არ დავრწმუნდები, რომ შემიძლია, გავაგრძელო სვლა.

მეოთხე, ჩემი ყოველდღიური მონანიების ქვა. გზამკვლევში ახალგაზრდების გასაძლიერებლად ვკითხულობთ: „მონანიება არ არის სასჯელი ცოდვისთვის; ეს არის გზა, რომლითაც მხსნელი გვათავისუფლებს ცოდვისაგან. მონანიება ნიშნავს შეცვლას – ცოდვისთვის ზურგის შექცევას და ღმერთისკენ მოტრიალებას. ეს ნიშნავს თავის გაუმჯობესებას და პატიების მიღებას. ასეთი ცვლილება არ არის ერთჯერადი მოვლენა; ეს მუდმივი პროცესია.”

არაფერია უფრო გამათავისუფლებელი, ვიდრე ღმერთის პატიების შეგრძნება და იმის ცოდნა, რომ ჩვენ ვართ სუფთა და მას შევურიგდით. პატიება ყველასთვის შესაძლებელია.

მეხუთე ქვა არის უფლის ძალაუფლებაზე ჩემი წვდომის ქვა. ღმერთთან დადებული აღთქმები, როგორიც არის ნათლობის წეს-ჩვეულების დროს დადებული აღთქმები, გვაძლევს წვდომას ღვთიურობაზე. ღვთის ძალა არის რეალური ძალა, რომელიც გვეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში, კარგი გადაწყვეტილებების მიღებასა და რთული სიტუაციების ატანის უნარის გაზრდაში. ეს არის ძალა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ ის სპეციფიკური შესაძლებლობები, რომლებიც გვჭირდება.

გზამკვლევი ახალგაზრდების გასაძლიერებლად განმარტავს: „აღთქმები გაკავშირებთ მამაზეციერთან და მხსნელთან. ისინი ზრდის ღვთის ძალას თქვენს ცხოვრებაში”.

მოდით, ვისაუბროთ ამ კავშირზე. გახსოვთ, როცა ქრისტემ ასწავლა განსხვავება კლდეზე აგებულ სახლსა და ქვიშაზე აშენებულ სახლს შორის? უხუცესმა დიტერ ფ. უხტდორფმა განმარტა: „სახლი ქარიშხალში იმიტომ კი არ გადარჩება, რომ ის ძლიერია. ის ასევე გადარჩება არა იმიტომ, რომ კლდეა მყარი. სახლი გადაურჩება ქარიშხალს, რადგან მტკიცედ არის ჩამაგრებული იმ მყარ კლდეზე. კლდესთან კავშირის სიძლიერეს აქვს მნიშვნელობა“.

გამოსახულება
კლდეზე აშენებული სახლი.

ჩვენი პირადი კავშირი იესო ქრისტესთან მოგვცემს გამბედაობას და თავდაჯერებულობას, წინ ვიაროთ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩვენს რწმენას ან აბუჩად გვიგდებენ. ქრისტე მოგვიწოდებს, რომ მუდმივად შევინარჩუნოთ იგი ჩვენს ფიქრებში; ის გვეუბნება: „მე დამეყრდენით ყოველ ფიქრში“. მხსნელზე ფიქრი გვაძლევს გონების სიცხადეს, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ვიმოქმედოთ შიშის გარეშე და უარი ვთქვათ იმაზე, რაც ეწინააღმდეგება ღვთის სწავლებებს. როცა რთული დღე მაქვს და ვგრძნობ, რომ მეტის ატანა აღარ შემიძლია, ქრისტეზე ფიქრი სიმშვიდეს მმატებს და იმედს მაძლევს.

როგორ შეგვიძლია, იესო ქრისტეს ამ ძალას მივმართოთ? ჩვენი აღთქმების დაცვა და იესო ქრისტესადმი ჩვენი რწმენის გაზრდა არის მთავარი.

ვისურვებდი, რომ დავითს კიდევ ერთი ქვა ჰქონოდა; ეს იქნებოდა ჩემი მოწმობის ქვა. ჩვენი მოწმობა აგებულია პირად სულიერ გამოცდილებებზე, რომლებშიც ჩვენ ვაღიარებთ ღვთაებრივ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. ამ ცოდნას ჩვენგან ვერავინ წაიღებს. იმის ცოდნა, რაც ვიცით ჩვენი სულიერი გამოცდილებიდან, ფასდაუდებელია. ამ ცოდნის ერთგულება გვაძლევს თავისუფლებას. ეს გვაძლევს სიხარულს! თუ ჩვენ გვიყვარს ჭეშმარიტება, ჩვენ მას ვეძიებთ და როგორც კი ვიპოვით, დავიცავთ მას.

მოწვევა

ისევე, როგორც მე ავირჩიე ქვა ნომერი ექვსი, გეპატიჟებით, შეხვდეთ თქვენს კლასს, ქვორუმს ან ოჯახს და დაფიქრდეთ იმაზე, თუ სხვა რა ძლიერი მხარეები გჭირდებათ, რათა დარჩეთ ღმერთის ერთგული და, შესაბამისად, „სძლიოთ სოფელს“.

დაპირება

ძვირფასო მეგობრებო, ქრისტეს ძლიერ სურს, ჩვენთან ერთად იაროს ჩვენი ცხოვრების გზაზე. გპირდებით, როცა რკინის მოაჯირს ჩაეჭიდებით, იესო ქრისტესთან ხელჩაკიდებული ივლით. ის გაგიძღვებათ და ის გასწავლით. თქვენ შეძლებთ, მისი ხელით დასცეთ ყველა გოლიათი, რომელიც გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

მოწმობა

მე ვმოწმობ, რომ ყოველდღიურ ლოცვას, მორმონის წიგნის ყოველდღიურ კითხვას, ყოველ კვირას ზიარების მიღებასა და სემინარიაში სიარულსაც — თუნდაც დილით ადრე, დიდი სიხარული მოაქვს! სიკეთის კეთებაში არის სიხარული.

სიხარულია სამყაროს ღმერთის, სამყაროს მხსნელის, მეფეთა მეფის ერთგულებაში. სიხარულია იესო ქრისტეს მოწაფეობა.

ღმერთი ჩვენი მამაა. მან იცის თქვენი გულის სურვილები და თქვენი შესაძლებლობები და ის გენდობათ.

ძვირფასო ახალგაზრდებო, იესო ქრისტე დაგეხმარებათ, იყოთ ბოლომდე ერთგული. ამ ჭეშმარიტებების შესახებ მე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხილეთ 1 სამუელი 17.

  2. იხილეთ 1 სამუელი 17:40, 45–49.

  3. იხ. მათე 22:36-38.

  4. ახალგაზრდების გასაძლიერებლად: არჩევნის გზამკვლევი (2022 წ.), 11.

  5. იხილეთ ალმა 7:11–14.

  6. იხ. 1 ნეფი 7:12.

  7. იხ. რასელ მ. ნელსონი, „სძლიეთ სოფელს და შეისვენეთt“, Liahona, Nov. 2022, 95–98.

  8. იხილეთ რასელ მ. ნელსონი, „„Choices for Eternity [არჩევანი მარადისობისთვის]““ (მსოფლიო სულიერეის საათი ახალგაზრდებისთვის, 15 მაისი, 2022), სახარების ბიბლიოთეკა.

  9. იხილეთ „ახალგაზრდა ქალების თემა“ და „აარონის სამღვდელოების ქვორუმის თემა“, სახარების ბიბლიოთეკა

  10. ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 7.

  11. იხილეთ რასელ მ. ნელსონი, „სულიერი იმპულსის ძალა,“ ლიახონა, 2022, მაისი, 97–100; იხილეთ აგრეთვე მოძღვრება და აღთქმები 84:19–21.

  12. იხილეთ ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 3.5, სახარების ბიბლიოთეკა.

  13. ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 34; აქცენტი დამატებულია

  14. იხილეთ. 3 ნეფი 14:24–27.

  15. დიტერ ფ. უხტდორფი, „ახალგაზრდების გასაძლიერებლად: მაცხოვრის გზავნილი შენთვის,“ ახალგაზრდების გასაძლიერებლად, მარტი, 2024 წელი, 38.

  16. მოძღვრება და აღთქმები 6:36; აქცენტი დამატებულია.

  17. იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 6:33–34.

  18. იხილეთ დალინ ჰ. ოუქსი, „Testimony,” ლიახონა, 2008 წლის მაისი, 26–29; ასევე იხ. ალმა 5:46.

  19. იხ. ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 32:„სიმართლე ისე გიყვარდეს, რომ არასდროს გინდოდეს, მოიპარო, მოიტყუო, მოატყუო ან შეაცდინო მეორე ადამიანი — სკოლაში, სამსახურში, ინტერნეტ სივრცეში, ყველგან. იყავი იესო ქრისტეს ერთგული მიმდევარი საჯაროდ და პირადად“.

  20. იხილეთ 1 ნეფი 8:19, 30; 15:24–25; ჰელამანი 3:29–30.

  21. იხილეთ 3 ნეფი 22:13.

ამობეჭდვა