გენერალური კონფერენცია
იესოს მოწმობა
2024 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


იესოს მოწმობა

მე გიწვევთ, ახლა იმოქმედოთ, რათა დაიმკვიდროთ ადგილი მათ შორის, ვინც არიან მამაცნი იესოს დამოწმებაში.

1832 წ. ჯოზეფ სმითმა და სიდნი რიგდონმა მიიღეს გასაოცარი ხილვა ღვთის შვილების მარადიული დანიშნულების შესახებ. ამ გამოცხადებაში საუბარი სამ ზეციურ სასუფეველზე იყო. გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა დალინ ჰ.ოუქსმა ამ სამი „ბრწყინვალების სასუფეველზე“ ისაუბრა, აღნიშნა რა, რომ „კრავის გამარჯვებითა და ბრწყინვალებით“, ყველა, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, საბოლოო ჯამში გამოსყიდული იქნება ამ სამიდან რომელიმე ერთი სასუფევლისთვის, „მათი არჩევნით გამოვლენილი სურვილის თანახმად“. ღვთის გამოსყიდვის გეგმა წარმოადგენს უნივერსალურ შესაძლებლობას ყოველი მისი შვილისთვის, რა დროსაც და სადაც არ უნდა ეცხოვრათ მათ დედამიწაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი სასუფევლიდან ყველაზე მცირის, ტელესტიალურის, ბრწყინვალებაც კი „აღემატება ყოველგვარ წარმოდგენას“, ჩვენი მამა იმედოვნებს, რომ ყველანი ავირჩევთ და მისი ძის მადლით, ვიქნებით ღირსნი ამ სამიდან ყველაზე მაღალი და ბრწყინვალე - ცელესტიალური სასუფევლისა, სადაც შევძლებთ დავტკბეთ მარადიული ცხოვრებით როგორც „ქრისტეს თანამემკვიდრენი“. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვიწოდა, „ვიაზროვნოთ ცელესტიალურად“, საბოლოო მიზნად ცელესტიალური სასუფეველი დავისახოთ და შემდეგ „ფრთხილად გან[ვ]იხილოთ მომავალი ცხოვრების პერსპექტივით, სად მიგ[ვიყვანს] დედამიწაზე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება“.

ცელესტიალურ სასუფეველში არიან, “რომლებმაც მიიღეს დამოწმება იესოზე, … რომლებიც არიან მართალნი, გახდნენ რა სრულყოფილნი იესოს, ახალი აღთქმის ქომაგის, მეშვეობით“. მეორე ანუ ტერესტრიალური სასუფევლის მკვიდრნი აღწერილნი არიან როგორც ძირითადად კარგი ადამიანები, მათ შორის, „დედამიწის პატივცემული ადამიანები, რომლებიც დააბრმავა ადამიანთა მზაკვრობამ“. მათი მთავარი შემზღუდველი თვისება არის ის, რომ „არ არიან მამაცნი ქრისტეს დამოწმებაში.” მათგან განსხვავებით მათ, ვინც უფრო დაბალ, ტელესტიალურ სასუფეველში არიან, „არ მიიღეს სახარება“, არც იესოს დამოწმება“.

გაითვალისწინეთ, რომ თითოეული სასუფევლის მცხოვრებთათვის განმასხვავებელი მახასიათებელია ის, თუ როგორ უკავშირდებიან ისინი „იესოს დამოწმებას“, დაწყებული (1) სრული ერთგულებით დამთავრებული იმით, რომ (2) არ იყვნენ საკმარისად მამაცნი (3) პირდაპირ უარყოფაში. ყოველი პიროვნების მარადიული მომავალი დამოკიდებულია მის რეაქციაზე.

I.

რა არის იესოს მოწმობა?

ეს არის სულიწმიდის დამოწმება, რომ უფალი არის ძე ღვთისა, მესია და გამომსყიდველი. ეს არის იოანეს მოწმობა, რომ იესო დასაბამიდანვე იყო ღმერთთან, რომ ის არის ცისა და დედამიწის შემქმნელი და მასში იყო სახარება და სახარება იყო სიცოცხლე, სიცოცხლე კი ადამიანთა ნათელი იყო“. ეს არის „დამოწმება მოციქულებისა და წინასწარმეტყველების, … რომ იგი მოკვდა, დამარხეს და მესამე დღეს კვლავ აღსდგა და ზეცაში ამაღლდა. ეს არის ცოდნა იმისა, რომ „არ არის ბოძებული სხვა სახელი, რომლითაც მოვა ხსნა“. ეს არის „ყველაზე ბოლო დამოწმება“, რომელიც წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა მოგვცა, რომ „იგი ცოცხალია“! რომ იგი არის მამის მხოლოდშობილი და რომ მის მიერ, მისი მეშვეობით და მისგან არის და იყო სამყაროები შექმნილი და მათი მცხოვრებნი არიან ღვთის ძენი და ასულნი“.

II.

ამ დამოწმების უკან დგას კითხვა: „რა უნდა მოვიმოქმედოთ?

ზეციური სასუფევლის მემკვიდრენი „მიიღებენ“ იესოს მოწმობას - სრული გაგებით, ნათლობის, სულიწმინდის მიღებითა და რწმენით ძლევის მეშვეობით. იესო ქრისტეს სახარების პრინციპები და ჭეშმარიტება მართავს მათ პრიორიტეტბსა და არჩევანს. იესოს მოწმობა ვლინდება იმაში, რანი არიან და რანი ხდებიან. მათ ამოძრავებთ მოწყალება - „ქრისტეს წმინდა სიყვარული“. მათ მთლიანი ყურადღება გადატანილი აქვთ „ქრისტეს სისავსის ასაკის ზომა[ზე]“.

სულ მცირე, ზოგიერთი მათგანი, ვინც აღმოჩნდება ტერესტრიალურ სასუფეველში, ასევე მიიღებს იესოს დამოწმებას, მაგრამ ისინი გამოირჩევიან იმით, რასაც არ მოიმოქმედებენ ამასთან მიმართებით. არ იყო მამაცი ქრისტეს დამოწმებაში გულისხმობს აპათიის ან გულგრილობის დონეს - „ნელ-თბილობას“, საპირირსპიროდ ამონის ხალხისა მორმონის წიგნიდან, რომლებიც „გამოირჩეოდნენ ღმერთისადმი … თავიანთი გულმოდგინეობით“.

ტელესტიალური სასუფევლის მკვიდრნი არიან ისინი, ვინც უარყვეს იესოს მოწმობა და მისი სახარება, მისი აღთმები და მისი წინასწარმეტყველები. აბინადი ასე აღწერს მათ: „წავიდნენ საკუთარი ხორციელი ნებისა და სურვილების შესაბამისად; არასდროს არ შესთხოვეს უფალს, როდესაც მოწყალების ხელი გაწვდილი იყო მათკენ; რადგან წყალობის ხელი გაწვდილი იყო მათკენ, მაგრამ მათ უარი თქვეს“.

III.

რას ნიშნავს იყო მამაცი ქრისტეს დამოწმებაში?

ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხის გაცემაა შესაძლებელი. მე მხოლოდ რამდენიმეთი შემოვიფარგლები. იყო მამაცი იესოს დამოწმებაში რა თქმა უნდა, გულისხმობს ამ დამოწმების კვებას და გაძლიერებას. ჭეშმარიტი მოწაფეები არ უგულებელყოფენ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქმედებებს, რომლებიც აძლიერებს მათ დამოწმებას იესოზე, მაგ: ლოცვა, წმინდა წერილების შესწავლა, კვირადღის დაცვა და ზიარების მიღება, მონანიება, მზრუნველობა და უფლის სახლში თაყვანისცემა. პრეზიდენტი ნელსონი გვახსენებს, რომ დამოწმება, რომელსაც ყოველდღიურად არ ვკვებავთ ღმერთის „კეთილი სიტყვით“,დიდი სისწრაფით დაიმსხვრევა“ [მორონი 6;4] ასე რომ, … საჭიროა, ყოველდღიურად თაყვანი ვცეთ უფალს და ვისწავლოთ მისი სახარება. შემდეგ დაამატა: „გევედრებით, მიანდეთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში. დაუთმეთ უფალს თქვენი დროის სამართლიანი ნაწილი. და მაშინ იხილავთ, რა მოუვა თქვენს პოზიტიურ სულიერ იმპულსს“.

იყო მამაცი ასევე მოითხოვს, იყო ღია და აღიარო შენი მოწმობა. ნათლობისას, ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, „ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან, სადაც არ უნდა [ვ]იყოთ, ღმერთის მოწმენი [ვ]იყოთ, სიკვდილამდეც კი“. განსაკუთრებით აღდგომის ამ დროს, ჩვენ სიხარულით, საჯაროდ და თავისუფლად ვაცხადებთ ჩვენს მოწმობას აღმდგარი, ცოცხალი ქრისტეს შესახებ.

ერთ-ერთი ასპექტი იმისა, რომ ვიყოთ მამაცნი იესოს დამოწმებაში არის მისი მოციქულებისთვის ყურის გდება. ღმერთი არ გვაიძულებს უკეთეს გზაზე - აღთქმის გზაზე გადასვლას, მაგრამ ის ავალებს თავის წინასწარმეტყველებს, სრულად გაგვაცნონ ჩვენი არჩევნის შედეგები. და ეს მხოლოდ ეკლესიის წევრებს არ ეხება. ის, თავისი წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მეშვეობით, სიყვარულით ევედრება მთელ მსოფლიოს, ყური დაუგდონ ჭეშმარიტებას, რომელიც მათ თავისუფლებას უბოძებს, აარიდებს ტანჯვას და ხანგრძლივ სიხარულს მოუტანს.

იყო მამაცი იესო ქრისტეს დამოწმებაში ნიშნავს სხვების გამხნევებას სიტყვითა და მაგალითით, განსაკუთრებით ჩვენი ოჯახის წევრებთან. უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა ერთხელ მიმართა „[ეკლესიის] პატივცემულ ადამიანებ[ს], რომლებმას ჩაღრმავების ნაცვლად ზედაპირულად აღიქვეს მოწაფეობა და რომლებიც გულგრილად და არა „მგზნებარედ ჩაერთნენ“ [მოძღვრება და აღთქმები 76:75; 58:27].“ გვახსოვს რა, რომ ყველა თავისუფალია არჩევანში, უხუცესი მაქსველი წუხდა: „სამწუხაროდ, როდესაც ზოგიერთი ირჩევს უმოქმედებას, ის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებს არჩევანს, არამედ მომავალი თაობებისთვისაც. მშობლებში პასუხისმგებლობისგან თავის არიდებამ შეიძლება დიდი გადახრა გამოიწვიოს მათ შვილებში! წინა თაობები ოჯახში შესაძლოა ასახავდნენ თავდადებას, მაშინ როცა ზოგიერთი ახლანდელი თაობა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების დასტურია. სამწუხაროდ, შემდეგში ზოგიერთმა შეიძლება აირჩიოს უთანხმოება, რადგან ეროზია თავის საქმეს აკეთებს“.

წლების წინ, უხუცესმა ჯონ ჰ. გრობერგმა 1900-იანი წლების დასაწყისში ჰავაის პატარა მრევლში მცხოვრები ახალგაზრდა ოჯახის შესახებ მოგვითხრო. ისინი ეკლესიის წევრები იყვნენ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, როდესაც მათი ერთ-ერთი ქალიშვილი გაურკვეველი დაავადებით დასნეულდა და საავადმყოფოში მოათავსეს. მომდევნო კვირას, ეკლესიაში, მამამ და მისმა ვაჟმა მოამზადეს ზიარება, როგორც ამას თითქმის ყოველ კვირას აკეთებდნენ, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა მამა პურის დასალოცად დაიჩოქა, მრევლის პრეზიდენტი უცებ მიხვდა, ვინ იყო ზიარების მაგიდასთან. ის წამოხტა და დაიყვირა: გაჩერდით. თქვენ ვერ შეეხებით ზიარებას. თქვენი ქალიშვილს უცნობი ავადმყოფობა აქვს. ახლავე დაგვტოვეთ, ჩვენ ვინმე სხვა მოგვიმზადებს ზიარების პურს. აქ ვერ დაგტოვებთ. წადით“. გაოგნებულმა მამამ დაბნეული მზერა მიაპყრო მრევლის პრეზიდენტს, შემდეგ მრევლს. მან ყველასგან ღრმა შფოთვა და უხერხულობა იგრძნო, ანიშნა თავის ოჯახს და ისინი ჩუმად გამოვიდნენ სამლოცველოდან.

თავიანთი პატარა სახლისკენ მიმავალ ბილიკზე ოჯახს კრინტი არ დაუძრავს. შინ რომ მივიდნენ, წრეში დასხდნენ. მამამ თქვა: „გთხოვთ, ხმა არ ამოიღოთ, სანამ ლაპარაკისთვის მზად არ ვიქნები“. მცირეწლოვანი ვაჟი ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა ეძიათ შური იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც მათ მიაყენეს: მრევლის პრეზიდენტის ღორებს დახოცავდნენ, სახლს დაუწვავდნენ თუ სხვა ეკლესიას შეუერთდებოდნენ? ხუთი, ათი, თხუთმეტი, ოცდახუთი წუთი გავიდა სიჩუმეში.

მამამ შეკრული მუშტები მოადუნა და თვალზე ცრემლი დაადგა. დედამ ტირილი დაიწყო, სულ მალე ყველა შვილი აქვითინდა. მამა დედისკენ შეტრიალდა და უთხრა: მიყვარხარ“. შემდეგ ეს სიტყვები ყველა შვილს სათითაოდ უთხრა. „ყველანი მიყვარხართ და მინდა, ერთად ვიყოთ, მარადის, როგორც ოჯახი. და ამისთვის ერთადერთი გზა არსებობს - რომ ყველანი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის კარგი წევრები ვიყოთ და წმინდა მღვდლობის მეშვეობით ტაძარში ჩავიბეჭდოთ. ეს მრევლის პრეზიდენტის ეკლესია არ არის. ეს იესო ქრისტეს ეკლესიაა. ჩვენ არ მივცემთ უფლებას არცერთ ადამიანს, წყენას, სირცხვილს ან სიამაყეს, სამუდამოდ ერთად ყოფნაში შეგვიშალოს ხელი. მომავალ კვირას ისევ წავალთ ეკლესიაში. ჩვენ ცალკე ვიქნებით, სანამ ჩვენი ქალიშვილის დიაგნოზი არ გახდება ცნობილი, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით“.

ისინი დაბრუნდნენ ეკლესიაში, მათი ქალიშვილი გამოკეთდა, ოჯახი ლაიეს ჰავაის ტაძარში ჩაიბეჭდა, როცა მისი მშენებლობა დასრულდა. დღეს, 100 სულზე მეტი მადლიერია თავიანთი მამის, პაპისა და დიდი პაპის იმის გამო, რომ მას მზერა მარადისობაზე ჰქონდა მიპყრობილი.

იესო ქრისტეს დამოწმების სიმამაცის ბოლო ასპექტი, რომელზედაც ვისაუბრებ, არის პირადი სიწმინდისკენ ინდივიდუალური ლტოლვა. იესო ჩვენი აუცილებელი მხსნელია, და ის გვევედრება: „მოინანიეთ, თქვენ, დედამიწის ყველა კიდენო, მოდით და ჩემი სახელით მოინათლეთ, რათა სულიწმინდის მიღებით განიწმინდოთ, რომ უკანასკნელ დღეს ჩემ წინაშე უმწიკვლოდ წარსდგეთ“.

წინასწარმეტყველი მორმონი აღწერს წმინდანთა ერთ ჯგუფს, რომელიც ასეთნაირად გადარჩა, მიუხედავად „დიდი დევნისა და მრავალი ტანჯვის“.:

მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად მარხულობდნენ და ლოცულობდნენ და სულ უფრო ძლიერდებოდნენ და ძლიერდებოდნენ თავიანთ თავმდაბლობაში და უფრო და უფრო მტკიცდებოდნენ ქრისტეს რწმენაში, ავსებდნენ რა თავიანთ სულებს სიხარულითა და ნუგეშით, დიახ, გულის განწმენდამდე და კურთხევამდე, იმ კურთხევით, რომელიც მოდის ღმერთისადმი საკუთარი გულის დათმობით“. სწორედ გულის ამ ძლიერ ცვლილებას ვეძიებთ - ღმერთისთვის გულის დათმობას და მხსნელის მადლის წყალობით სულიერად ხელახლა დაბადებას.

მე გიწვევთ, ახლა იმოქმედოთ, რათა დაიმკვიდროთ ადგილი მათ შორის, ვინც არიან მამაცნი იესოს დამოწმებაში. როცა მონანიებაა საჭირო, „არ გადადოთ დასასრულამდე თქვენი მონანიების დღე; თუარადა „იმ ჟამს, როდესაც ფიქრობთ, რომ ზაფხული ჩაივლის, მკა დასრულდება და სული თქვენი ვერ გადარჩება“. გულმოდგინედ დაიცავით თქვენი აღთქმები ღმერთთან. ნუ გექნებათ წყენა „სიტყვის სიმკაცრის გამო“. „მსურს დაიმახსოვროთ, რომ მუდამ შეინარჩუნოთ [ქრისტეს] სახელი, რომელიც ჩაწერილია თქვენს გულებში, რათა … გესმოდეთ და სცნობდეთ ხმას, რომლითაც მოგიწოდებენ, ასევე სახელს, რომლითაც იგი მოგმართავთ“. და ბოლოს, „ჩაინერგეთ გულში, რომ გააკეთებთ იმას, რასაც [იესო] გასწავლით და გიბრძანებთ“.

ჩვენს მამას სურს, ყოველი მისი შვილი დატკბეს მარადიული ცხოვრებით მასთან ცელესტიალურ სასუფეველში. იესო ეწამა,აღესრულა და აღდგა, რათა ეს შესაძლებელი გამხდარიყო. იგი „ზეცაში ამაღლდა და ღმერთის მარჯვენა ხელის მხარეს დაჯდა, რათა მამისგან მოითხოვოს თავისი უფლება წყალობისა, რომელიც აქვს ადამიანთა შვილებისათვის“. მე ვლოცულობ, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ კურთხეულნი უფალი იესო ქრისტეს მხურვალე მოწმობით, ვიხაროთ და ვიყოთ მამაცნი ამ მოწმობაში და მუდმივად ვტკბებოდეთ მისი მადლის ნაყოფით ჩვენს ცხოვრებაში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა